ვპოსტავ მეგობრის თხოვნით 
ესაა რამდენიმე მცირე ნაწყვეტი რომანიდან "iratta.ru", რომელიც თამაშს საფუძვლად დაედება.
მეგობრებო,
ნება მომეცით წარმოგიდგინოთ მცირე ნაწყვეტი წიგნიდან, რომელიც მზის სინათლეს ა.წ ივლისში იხილავს. წიგნის ავტორები არიან გურამ მეგრელიშვილი და მე, თქვენი მონა-მორჩილი, თამაზ დემეტრაშვილი (
tazo200X). ნაწარმოებში მოყვანილი ყველა ფაქტი წარმოადგენს ავტორების ფანტაზიას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს წიგნი გახდება სარკე, რომელშიც ჩახედვა არც თუ ისე ესიამოვნება...
ამ წიგნის მიხედვით შეიქმნება კომპიუტერული თამაში.
ვისაც გექნებათ პრეზენტაციაზე დასწრების სურვილი, გთხოვთ მომმართოთ PM-ში, მაქსიმალურად ვეცდები დავაკმაყოფილო.
"მანქანასთან მდგომი ორი ავტომატიანი მისკენ დაიძრა. შორი ბიბლიოთეკაში შევიდა. რამდენიმე კარადა იდგა, ერთ-ერთს ამოეფარა. ის ორნი, შენობას რომ მოუახლოვდნენ შეჩერდნენ. წინ რომელიც მიდიოდა, ბიბლიოთეკაში შევიდა, მეორემ კი გზა განაგრძო.
შეამჩნიეს?!
შენობაში შემოსულმა ტელეფონი ამოიღო, თან შარვალს იხსნიდა. მერე იქვე ჩაიცუცქა. როგორც ჩანს ვიღაცას ელაპარაკებოდა ოსურად. შორიმ ცხვირზე ხელი მოიჭირა – კაცი მის თვალწინ ჯვამდა.
ჩანთა შეირხა. ცარიელი შენობის სიჩუმეში შრიალი გუგუნივით გაისმა. ჩაცუცქულმა ლაპარაკი შეწყვიტა და ჩახდილმა კარადას შემოუარა. ეს მისი ბოლო მოძრაობა იყო _ შორიმ კისერი გადაუგრიხა და კარადის უკან მიაგდო, მერე კი სასწრაფოდ ბიბლიოთეკის გასასვლელისკენ გაიქცა და ფანჯრის ქვეშ ჩაიცუცქა. ყველაფერი მარტივად მიდიოდა და უცებ გართულდა. ამათი მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ სამი მოკლული ჯარისკაცი ზედმეტი თავსატეხი იყო.
მეორეც მობრუნდა, სიგარეტს ეწეოდა. მეგობარს რაღაც გასძახა და პასუხი რომ ვერ მიიღო, ალბათ იფიქრა არ ესმისო და კართან დადგა.
_ ალან, ჩავარდი? – პარმაღზე იდგა. ერთი ხელის გაწვდენით შემოათრევდა და გაგუდავდა, მაგრამ მანქანაში მყოფი თუ აქეთ იყურება?!
_ ალან! – ავტომატის გადატენვის ხმა გაისმა და შორიმ ფიზიკის მარტივ წესზე დადო ფსონი – მზით განათებული ხიდიდან ცუდად გამოჩნდებოდა შენობის შიგნით რა ხდებოდა. გაოფლილ პერანგში ხელი სტაცა ჯარისკაცს, პირზე ხელი ააფარა და ქვეშ ამოიდო. ჯარისკაცი ფიზიკურად სუსტი აღმოჩნდა. ძლიერმა ხელმა ისე დაიმორჩილა, რომც გაეშვა, ალბათ შიშით ყვირილსაც კი ვერ გაბედავდა.
_ ეხლა მე შეგეკითხები და შენ თავის დაკვრით მიპასუხებ, გასაგებია? გასაგებია?
ჯარისკაცმა თავი დაუქნია.
_ მანქანაში რომ წევს იმას სძინავს?
ჯარისკაცმა ისევ თავი დაუქნია.
_ კარგი. თქვენს გარდა ახლომახლო ვინმე პატრულირებს?.. ძალიან კარგი. თეძამის ქუჩამდე პატრული შემხვდება?
ჯარისკაცმა უარის ნიშნად მარცხნივ გადაწია თავი და ვეღარც გაასწორა.
შორი ნელა წამოდგა. ფანჯრიდან მანქანას გახედა. როგორც ჩანდა, იმ მესამეს ისევ ეძინა. მოკლულს ქამრიდან დანა შეხსნა და მეორე ჯარისკაცისკენ გადააჩოჩა, კარადის უკან. მერე ჩანთა აიღო და ხიდისკენ წავიდა. 06-ში მწოლიარეს არ გამოუხედავს.
_ მშვიდობა შენდა! – დაადგა თავზე.
მძინარე უცებ წამოდგა. გამოფხიზლება ვერც მოასწრო, იარაღს წაავლო ხელი, თან თვალებს იფშვნეტდა. მღვდლის დანახვაზე დამშვიდდა და თავი დაუხარა. შორიმ თავზე ხელი დაადო და ჯვარი ცხვირთან მიუტანა.
_ დამეხმარე, მეგობარო. მანქანით თეძამის ქუჩამდე მიმიყვანე.
ჯარისკაცმა დანარჩენ ორს დაუწყო თვალებით ძებნა.
_ შენი მეგობრები იქით წავიდნენ, არაყს მოვიტანთო. ალანმა გადმოგცა, არ დაიგვიანო, ათ წუთში დაბრუნდიო.
_ ალანმა?
_ ხო, ალანმა. ალანი არ ქვია იმ...
_ კი მაგრამ მე მანქანის ტარება არ ვიცი და რანა...
დანა ყელში ატაკა შორიმ. თან გარშემო იყურებოდა, ხელისგულივით ადგილი იყო და შეიძლება, ვინმეს დაენახა კიდეც. ფეხებში ხელი მოკიდა, შიგნით შეაგდო, კარი მიუკეტა და საჭესთან თვითონ დაჯდა. "
პროლოგი
თებერვალი
2008 წლის თებერვალში საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს აცნობა, რომ რუსეთი აპირებს ფართომასშთაბიანი აგრესიის განხორციელებას საქართველოს წინააღმდეგ. აგენტურული ქსელიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ უნდა მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება და ომში ჩათრევა, რათა შემდგომში, საერთაშორისო სამართლის წინაშე პასუხი საქართველოს ეგო, როგორც აგრესორ ქვეყანას. შეტევა უნდა წარმართულიყო ორი მიმართულებით: სამხრეთის (სამაჩაბლოს რეგიონიდან) და დასავლეთის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან). ოპერაციაში ჩართული იქნებოდა ავიაცია, არტილერია, საზღვაო ძალების შენაერთები, ჩრდილო კავკასიელი დაქირავებული რაზმები, ადგილობრივი სეპარატისტების ნახევრადსამხედრო ფორმირებები.
მარტი
მარტის შუა რიცხვებში დაზვერვის დეპარტამენტმა დასავლეთისგან მიიღო საიდუმლო შეტყობინება რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით. იმავე დღეს პრეზიდენტთან გაიმართა საგანგებო თათბირი, სადაც განიხილებოდა თუ როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩათრევა სამაჩაბლოს რეგიონის გამოყენებით. ამაში მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო ძალებს უნდა შეესრულებინათ. ცნობილი გახდა, რომ სამშვიდობო ძალები მოახდენდნენ ქართული მხარის პროვოცირებას. რუსები ვარაუდობდნენ, რომ ქართველები ცეცხლით უპასუხებდნენ მათ და ამით რუსეთს საშუალება მიეცემოდა, დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, შემოეყვანა დამატებითი ძალები „სამშვიდობო კონტინგენტის“ მხარდასაჭერად, რადგან დაგომისის ხელშეკრულებაში იდო მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სამშვიდობო ძალებზე თავდასხმის შედეგად მათთვის დახმარების აღმოჩენას, მაგრამ არ იყო განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურეთა ზუსტი ციფრი. როგორც ჩანდა, რუსეთს გადაეწყვიტა გამოეყენებინა ეს შანსი.
აპრილი
აპრილის შუა რიცხვებში რუსეთმა დაიწყო საერთაშორისო დონეზე საქართველოს დისკრედიტაცია. ვრცელდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს იარაღს ფარულად აწვდიდნენ უკრაინა და ისრაელი.
საქართველომ თანდათან დაიწყო საგანგაშო სიგნალების გავრცელება. დიპლომატიური არხებით ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მეგობარი ქვეყნებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჯავის რაიონში ხდებოდა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების თავმოყრა. რუსეთი ამას სამშვიდობოების როტაციას უწოდებდა და ყველანაირ ბრალდებას უარყოფდა.
მაისი
საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოს საზღვრებთან „კავკასია 2008“-ს ჩატარებას. ცნობილი იყო პირადი შემადგენლობის სავარაუდო რაოდენობა. ასევე ისიც, რომ წვრთნებში მონაწილეობას დაქირავებული მებრძოლები მიიღებდნენ.
ამის საპირისპიროდ, მაისში, საქართველომ წვრთნები საკუთარ ტერიტორიაზე დაგეგმა. ორფოლოს პოლიგონზე რიგრიგობით ყველა ბრიგადამ გაიარა სხვადასხვა სახის წვრთნები. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა თავდაცვით და ტანკსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე. წვრთნებში მონაწილეობას იღებდა ავიაცია, არტილერია და სატანკო ქვედანაყოფები.
ივნისი
ივნისის შუა რიცხვებში სამაჩაბლოს რეგიონში გახშირდა ქართულ მოსახლეობაზე თავდასხმები. თავდასხმები გახშირდა ასევე ქართულ სამშვიდობო ბატალიონზე. ცეცხლი იხსნებოდა, როგორც ავტომატური იარაღიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან და 60მმ და 82მმ ნაღმტყორცნებიდან. სროლა მიმდინარეობდა სოფ. ერედვის მიმართულებით. ქართველი სამშვიდობოები პერიოდულად საპასუხო ცეცხლით პასუხობდნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილებს.
დაიწყო ურთიერთბრალდებები საერთაშორისო არენაზე. რუსები ქართველებს პროვოკაციების მოწყობასა და ომის გაჩაღების მცდელობაში სდებდნენ ბრალს. ქართულმა მხარემ კი წარმოადგინა ქართული სოფლების ფოტო და ვიდეომასალა, სადაც კარგად იყო აღბეჭდილი დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლები. გაერო-ს დამკვირვებლები, როგორც ყოველთვის, “ზომიერ” პოლიტიკას ატარებდნენ და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ.
თანდათან იკვეთებოდა საერთაშორისო საზოგადოების განწყობა. ის აშკარად საქართველოს მხარეს იყო. რუსეთის აგრესია დაუფარავ ხასიათს ატარებდა. რუსეთის ოფიციალური პირები საბჭოთა დიპლომატიის ხერხებით ცდილობდნენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, თუმცა ამაოდ. საქმეში პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო. განსაკუთრებით აქტიურობდა გაზპრომ-ის საკუთრებაში არსებული გერმანული გაზეთი “შპიგელი”, რომლის ცნობითაც საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში ძალით ეცდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ივლისი
ივლისის ბოლოს ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ დაწყებული წვრთნა დასრულდა. ბრიგადის მთლიანმა შემადგენლობამ გაიარა მომზადების კურსი და საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. ამერიკულ მხარეს კარგად ესმოდა, რომ 4-ე ბრიგადა ერაყში არ გაემგზავრებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე არავინ საუბრობდა. მეტიც, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ერაყიდან საგანგებოდ ჩამოვიდა 1-ლი ბრიგადის შავნაბადას ბატალიონი. ამის მიზეზად დასახელდა ოპერაცია „თავისუფლება ერაყს“-ში სტრატეგიული ცვლილება, რის შედეგადაც აღნიშნულ ბატალიონს ჩამოერთვა სამოქმედო რაიონი და გადაეცა ერაყულ არმიას. უახლოეს დღეებში შავნაბადას დანარჩენი ბატალიონებიც შეუერთდებოდნენ. 31 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული პირადი შემადგენლობა ნომერ 1 მზადყოფნაზე გადავიდა.
კონფლიქტის ზონაში კი ისევ გახშირდა ორმხრივი სროლები. რუსული სამშვიდობო ძალები სიტუაციას ვერ აკონტროლებდნენ, ხოლო მალე საერთოდ მიატოვეს პოსტები და ჯავაში გადავიდნენ. ქართულ შეიარაღებულ ძალებსა და ოს სეპარატისტებს შორის გამყოფი ხაზი არ არსებობდა. ოსები ვარაუდობდნენ, რომ ქართველები ცხინვალზე მიიტანდნენ იერიშს. ამ მოტივით მათ ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობისგარკვეული ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს.
აგვისტო
6 აგვისტოს გამთენიისას პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა.
დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვარაუდით, რუსეთი ეცდებოდა განეხორციელებინა საქართველოს სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. დაზვერვას გააჩნდა უტყუარი ინფორმაცია მოწინააღმდეგის სამხედრო ძალისა და მოქმედების განვითარების შესაძლო სცენარის შესახებ.
დაზვერვის ანალიტიკური სამსახურის დასკვნით, რუსეთის წარმატების შანსები 60%-ს წარმოადგენდა. ანგარიშში მოყვანილი იყო სავარაუდო დანაკარგების, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების დროის, ინფორმირების, მედიასაშუალებების მუშაობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის მაქსიმალურად გაფილტვრის შესახებ. ერთ-ერთი კრიტიკული როლი სწორედ მასმედიას უნდა შეესრულებინა.
გაერთიანებული შტაბის უფროსს მომზადებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობაც წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას შემდეგი ქვედანაყოფები მიიღებდნენ:
• შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი.
• შსს-ს სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი.
• ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი.
• 1 ქვეითი ბრიგადა სრული შემადგენლობით.
• 2-ე ქვეითი ბრიგადა სრული შემადგენლობით.
• 3-ე ქვეითი ბრიგადა სრული შემადგენლობით.
• 4-ე ქვეითი ბრიგადა სრული შემადგენლობით.
• 5-ე ქვეითი ბრიგადა, ცალკეულ ამოცანებში, სრული შემადგენლობით.
• საჩხერის სამთო მსროლელი ბატალიონი.
• ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების რაზმი.
• ცალკეული საარტილერიო დივიზიონი.
• ტანკსაწინააღმდეგო ცალკეული ბატალიონი.
• საჰაერო ძალების შვეულმფრენთა ესკადრილია.
• საჰაერო ძალების მოიერიშე ესკადრილია, სუ-25 და სუ-25 „სკორპიონი“.
გვარდიის დეპარტამენტი უზრუნველყოფდა რეზერვისტთა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების მობილიზაციას. საბოლოო ჯამში მოხდებოდა 100000-მდე მებრძოლის მობილიზება. გაერთიანებული შტაბის უფროსმა დეტალურად აღწერა, თუ რომელი ქვედანაყოფი რა მიმართულებით იმოქმედებდა. გეგმა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
სამხედრო ოპერაციის დაიწყებოდა 7 აგვისტოს, გვიან ღამით, 8 აგვისტოს გამთენიისას. მოწინააღმდეგეს პირველ დარტყმას ავიაცია მიაყენებდა. მოდიფიცირებული სუ-25 ტიპის მოიერიშეები საავიაციო დარტყმას განახორციელებდნენ ჯავის რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე, ასევე ცხინვალის მახლობლად განლაგებულ ოს ბანდ-ფორმირებების თავშეყრის ადგილებზე. ქართული მხარე ეცდებოდა რუსების შეცდომაში შეყვანას. ცნობილი იყო, რუსული მხარე ფიქრობდა, რომ ქართველები უშუალოდ ცხინვალზე დაიწყებდნენ შეტევას, თუმცა სამხედრო გეგმაში ცხინვალზე იერიში საერთოდ არ იყო ჩადებული. დაიგეგმა ცხინვალის ალყაში მოქცევა. ავიაციის შემდეგ მასირებული ცეცხლით არტილერია დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, განუწყევტლივ დაამუშავებდა მოწინააღმდეგის პოზიციებს. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვებოდნენ ქვეითები.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაარღვიეს საქართველოს საზღვრები და განლაგდნენ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. მათი მხრიდან საომარი მოქმედებები სავარაუდოდ 8 აგვისტოს გვიან ღამით უნდა დაწყებულიყო, როგორც პასუხი ქართულ აგრესიაზე.
ცნობილი იყო, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებდა 40000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 300-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, ამდენივე საარტილერიო დანადგარი და 30-მდე საბრძოლო თვითმფრინავი. რუსულ რეგულარულ არმიასთან ერთად ოპერაციაში იმონაწილევებდნენ დაქირავებული მებრძოლები ჩრდ.კავკასიიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა კუთხეებიდან. 20000 სამხედრო მოსამსახურე იმოქმედებდა ცხინვალის რეგიონში, ხოლო 20000 სამხედრო მოსამსახურე კი აფხაზეთის ფრონტზე. ავიაცია გამოიყენებდა ბომბორას აეროდრომს, ასევე ჩრდ.კავკასიის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო აეროდრომებს.
შტაბის მეთაურის ჩანაფიქრი შემდეგში მდგომარეობდა გამოიყენებდნენ რა ღამის საფარს, ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ წინასწარ გეგმით განსაზღვრულ მიმართულებებზე. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა არ იყო აღჭურვილი ღამის ხედვის ხელსაწყოებით.
ოპერაციის დაწყების საბოლოო დროდ დასახელდა 2008 წლის 7 აგვისტო, 23:50 წთ.
This post has been edited by witcher on 17 Jun 2010, 18:46