იგავი არის მითებთან ერთად მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი თავდაპირველი ფორმა.
მისი, როგორც ჟანრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ძველ საბერძნეთს.
მეცნიერები თვლიან, რომ პირველი იგავი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეკუთვნის ჰესიოდეს (VIII-VII სს. ძვ. წ-ით),
მაგრამ გადმოცემით იგავის ფუძემდებლად მიიჩნევენ ეზოპეს (VI ს. ძვ. წ-ით).
იმხანად იგავი, ცხადია, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი სახით არსებობდა.
მოგვიანებით, კრებულებს ეზოპეს იგავების ჩანაწერებით სასწავლო მიზნით იყენებდნენ რიტორიკულ სკოლებში.
იგავი მცირე ფორმის დიდაქტიკური შინაარსის თხრობითი ნაწარმოებია.
იგი ყოველთვის ატარებს ალეგორიულ ხასიათს.
ადამიანთა ხასიათები, მათი ქცევები აისახება იგავში ქარაგმულად, დამოკიდებულებები ადამიანებს შორის, ხშირ შემთხვევაში,
შეცვლილია დამოკიდებულებებით ცხოველებსა თუ საგნებს შორის.
ჩვეულებისამებრ, იგავი მთავრდება მორალით - მოკლე შეგონებით,
დასკვნით, რომელშიც ახსნილია იგავის ძირითადი აზრი.
აღიარებული მეიგავეები არიან ლაფონტენი, ლესინგი,
კრილოვი, სულხან-საბა ორბელიანი.
თუ იცით იგავები დაწერეთ
* * *
ხუთი პური
ერთი კაცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა
ერთხელ თავის მეგობარს შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა:
— მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
კაცმა მიუგო:
— ერთს მე შევექცევი, ორს სესხად ვაძლევ, ორით კი ვალს ვიხდიო.
— არ მესმის, — უთხრა მეგობარმა, — ერთი კარგად ამიხსენი, რომ გავერკვიოო.
— აი, რა: ერთ პურს მე თვითონ გეახლებით, ორს შვილებს ვაძლევ, ორს კი — დედ-მამასაო.