ამ განყოფილებაში ბევრი ხალხია და მოდერს ვთხოვ არ გადაიტანოს სხვაგან..................
ეშერიხია კოლი - როგორ დავიცვათ თავი მომაკვდინებელი ბაქტერიისგან
ახალი მიკროორგანიზმის - ეშერიხია კოლის (ე-კოლი) გავრცელებამ ევროპაში განგაში გამოიწვია. დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი, დასნებოვნდა 300-ზე მეტი; რამდენიმე შემთხვევა აღირიცხა საქართველოშიც. ზაფხული ყოველთვის გამოირჩევა ნაწლავური ინფექციების გავრცელების სიხშირით, მაგრამ ისეთი ბაქტერიის გავრცელება, როგორიც ეშერიხია კოლია, დამაფიქრებელია.
როგორ დავიცვათ თავი მომაკვდინებელი ბაქტერიისგან და მისი "ნათესავებისგან"? ამ თემაზე ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ მეგრელიშვილი საუბრობს:
- მიკროორგანიზმი ეშერიხია კოლი ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ იყო ცნობილი. ის აღმოაჩინა ექიმმა პედიატრმა ეშერიხმა და სახელწოდებაც აქედან მიიღო. ეშერიხია კოლი ბუდობს გარემოში, არის ადამიანის ნაწლავში. მისი მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი მძიმე დაავადებას იწვევს, რომელიც ნაწლავთა მწვავე ინფექციით მჟღავნდება.
სამწუხაროდ, ბოლო ხანს გახშირდა ცირკულაცია ეშერიხია კოლის იმ ნაირსახეობისა, რომელიც არა მარტო ნაწლავთა მძიმე დაავადებას იწვევს, არამედ შესწევს უნარი გამოყოს ტოქსინი, თირკმლის სტრუქტურა და ერითროციტები დააზიანოს, ამიტომ პაციენტს, გარდა აშლილობისა, მაღალი ტემპერატურისა, მუცლის ტკივილისა და სისხლიანი განავლისა, შეიძლება ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომიც განუვითარდეს, რაც თირკმლის უკმარისობითა და სისხლის წითელი ბურთულაკების დაშლით ვლინდება.
ეს არის ამ ტოქსინის ზემოქმედების შედეგი. საერთოდ, მიკროორგანიზმები დროთა განმავლობაში სხვადასხვა თვისებას იძენენ, ერთმანეთს გადასცემენ და ამ გადაცემის შედეგად შესაძლოა რომელიმე მანამდე უწყინარი, ნაკლებად აგრესიული მიკრობი სიცოცხლისათვის საშიში გახდეს.
- როგორ იწყება ამ დაავადების გამოვლენა?
- იწყება რიგორც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია - ტემპერატურით, გულისრევით, აშლილობით, შესაძლოა სისხლიანი განავლითაც. თავდაპირველად პაციენტი იწყებს თვითმკურნალობას, იღებს სითხეებს... მესამე და მეოთხე დღეს კი უკვე თირკმლის უკმარისობა ეწყება. სამედიცინო დაწესებულებებს გაუჭირდათ ერთდროულად ამდენი პაციენტის თირკმლის აპარატით დახმარება და ზოგიერთი უკვე გართულებული შემთხვევა, სამწუხაროდ, სიკვდილით დასრულდა. გერმანელმა სპეციალისტებმა ეშერეხია კოლის უკვე მიანიჭეს შტამი, რომელიც 104-ედ იწოდება.
ეშერიხია კოლი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის, რადგან პატარების იმუნური სისტემა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ხანდაზმულებისა კი უკვე დაქვეითებულია.
- რატომ გახდა ე-კოლის გავრცელების მიზეზი სოია?
- ეს მცენარე გამოჰყავდათ რომელიღაც ფერმაში, სადაც ნიადაგს ბიოლოგიური სასუქით - ნაკელით ამდიდრებდნენ. ნაკელი კი ის მასაა, რომელიც უამრავ მიკროორგანიზმს შეიცავს. ამ მიკროორგანიზმებით გაჯერებულ ნიადაგზე დაითესა სოია, ამოვიდა, ყლორტები ამოიყარა და ეს მიკრობიც ამოიტანა. ბოსტნეული თერმულად არ დამუშავდა, მას უმად ჭამენ, რადგან მიიჩნევა, რომ უმი სოია სასარგებლოა. მაგრამ ამჯერად მან უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.
- დაავადება ადამიანისგან ადამიანს თუ გადაედება?
- ასეთი შემთხვევა ჯერ არ არის აღწერილი. არსებობს ეშერიხია კოლის სხვა შტამიც, რომელიც მსგავს გართულებებს იწვევს. დასნებოვნების ერთეული შემთხვევები აღირიცხა ევროპაში, კანადაში, იაპონიაში. ეს შტამი მსხვილფეხა საქონლის ნაწლავშიც შეიძლება იყოს და იქიდან გარემოში გავრცელდეს. თუ ასეთი საქონლის რძე არ ავადუღეთ, შეიძლება ადამიანის ორგანიზმშიც მოხვდეს, ამიტომ აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ხშირად მინახავს, რომ სოფლებში რძეს არ ადუღებენ, ეს დაუშვებელია.
- ითქვა, რომ 2009 წელს საქართველოში ეშერიხია კოლით დასნებოვნებული ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
- ეს სიმართლეა. იყო პირდაპირ სისხლიანი ფაღარათით დაწყებული დიარეის შემთხვევები, რამდენიმე ადამიანს სწრაფად განუვითარდა თირკმლის უკმარისობა... სამწუხაროდ, იმხანად დიაგნოზი ვერ დაისვა. გერმანიაშიც კი, სადაც ასეთი მაღალი დონის ლაბორატორია აქვთ, ერთი თვე დასჭირდათ ამ ბაქტერიის გამოსაყოფად. ეს ადვილი საქმე არ არის, ძალიან რთულ ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება.
- რას გულისხმობს ნაწლავური ინფექციების პრევენცია?
- ისევ და ისევ ჰიგიენას. ძალიან სახიფათოა გარეთ კვება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი ერთგვარი შუალედური მასპინძელია ზოგიერთი მიკროორგანიზმისთვის. ასევე არიან ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა მიკროორგანიზმს ავრცელებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში კულინარიული ტექნოლოგიის, პროდუქტის შენახვის წესების დაცვას, განსაკუთრებით - ზაფხულში.
ზაფხული საშიშია მალფუჭებადი პროდუქტებისთვის. განსაკუთრებით სახიფათოა ძეხვეული, კრემიანი ნამცხვრები, კვერცხი, თევზი. ასეთი პროდუქტები სწრაფად მზადდება და ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას არ საჭიროებს. თუ არასათანადო რეჟიმზე შენახულ პროდუქტში ერთი მიკროორგანიზმი მაინც გაჩნდა, სწრაფად გამრავლდება.
ცნობისათვის
საქართველოში და, საზოგადოდ, ტროპიკული ჰავის ქვეყნებში ნაწლავური ინფექციები საკმაოდ ხშირია, მაგრამ გაირკვა, რომ მათი გავრცელება მხოლოდ კლიმატზე არ ყოფილა დამოკიდებული, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის დაცვას, განსაკუთრებით - ზაფხულში. საკვები კარგად უნდა გაირეცხოს და თერმულად სათანადოდ დამუშავდეს.
ხილ-ბოსტნეულის გულდასმით გარეცხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მას უმად მივირთმევთ. ანალოგიური რამ ითქმის მწვანილზეც. მეტი ყურადღება გვმართებს ბავშვების მიმართ.
ჩვენს ქვეყანაში ხშირია დიზენტერიის შემთხვევები; გვხვდება სალმონელოზი, ვირუსული ენტერიტები, გასტროენტერიტები... ეს ინფექციები უმეტესად ჭუჭყიანი ხელებით გადაეცემა.
ყველა სიახლე
მიმაგრებული სურათი