ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით დაკავშირებით საიამ მტკიცებულებები გამოაქვეყნა
13:17 06-09-2011
ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფათან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მტკიცებულებები გამოაქვეყნა.
პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინა მათი დაკვეთით ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 26 მაისს პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძეა.
ჩუგოშვილის განცხადებით, ექსპერტიზამ 26 მაისის აქციაზე დაკავებული პირის ამსახველი ფოტოები და ~რუსთავი 2~-ის ეთერით გასული ვიდეომასალა შეადარა პროზექტურაში გადაღებულ ნიკა კვინტრაძის ფოტოს, ასევე გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ფოტოს და 7 თანხვედრი ნიშანი აღმოაჩინა.
ამასთან, ჩუგოშვილის განცხადებით, მათ მოიპოვეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ 26 მაისს დილით თავისუფლების მოედანზე იმ სახურავზე იმყოფებოდა, სადაც ნიკა კვინტრაძის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს. მოწმე აცხადებს, რომ ცხედარი 26 მაისს არ უნახავს, რაც ჩუგოშვილის განცხადებით იმაზე მიუთითებს, რომ სახურავზე ცხედარი მერეა მიტანილი.
მისი თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნიკა კვინტრაძე პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ბრიტანულ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარებისთვის პარტნიორი ავტორიტეტული ბრიტანული ორგანიზაციის ~ეჰრაკის~ რეკომენდაციით მიმართეს. საქართველოში ექსპერტიზის ჩატარებაზე თავი იმიტომ შეიკავეს, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე გამორიცხა ნიკა კვინტრაძის დაკავების ფაქტი.
ჩოგოშვილმა გაიხსენა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილმა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში პოლიციელების მიერ დაკავებული პირი ნიკა კვინტრაძე არ იყო და პროზექტურაში გადაღებული, ასევე, კვინტრაძის პირადობის მოწმობის ფოტოები განსხვავდებოდა.
ჩუგოშვილის თქმით, ეს დასკვნა გამოძიებამ ექსპერტიზის გარეშე, ზედაპირულად გააკეთა.
საიას ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას, კონკრეტულად რა მუხლით ხორციელდება საგამოძიებო ქმედებები.
საია აღნიშნულ მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის და რეაგირებას მოითხოვს.
ჩუგოშვილის განცხადებით, 26 მაისის მოვლენებზე უტიაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციელების ბრალეულობით არც ერთი პირი არ გარდაცვლილა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ რამდენიმე სამართალდამცავი მსუბუქად დასაჯა. მათ გაფრთხილება მისცეს ან ჩამოაქვეითეს თანამდებობებიდან, რაც საკმარისი არ არის. მისი თქმით, კვინტრაძის საქმეზე გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს და დამნაშავე სამართალდამცავები უნდა დაისაჯონ.
ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა. პოლიციის მიერ აქციის დაშლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო. 27 მაისს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 მაისს, დილით, პოლიციამ ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის გვამები თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე აღმოაჩინა. შსს-ს მტკიცებით, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან შეხება.
მოგვიანებით, მედიასაშუალებებში გავრცელდა ვიდეო და ფოტო მასალა და მოწმის ახსნა-განმარტება, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე პოლიციას ჰყავდა დაკავებული. ეს ინფორმაცია შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილიმა თავის ოფიციალურ კომენტარში უარყო და მიუთითა, რომ შსს-მ ნიკა კვინტრაძის ფოტოს შეადარა გავრცელებული ფოტოები და ვიდეო მასალა და დაადგინა, რომ ამ ფოტოებზე და ვიდეოში ნიკა კვინტრაძე არ არის გამოსახული.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...amoaqveyna.html