რობერტ სტურუას წერილი ნიკა რურუას
18/09/2011 14:36
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე რობერტ სტურუამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას წერილი მისწერა. სტურუა მინისტრს რუსთაველის თეატრის პრობლემების შესახებ აწვდის ინფორმაციას და თეატრის მმართველის ზაალ ჩიქობავას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ტრიბუნა.ge წერილს, რომელსაც სტურუა Facebook-ში აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს
ბატონ ნიკოლოზ რურუას
50 წელია ვმუშაობ რუსთაველის თეატრში და ჩემს თვალწინ ჩაიარა მსახიობთა და დირექტორთა, ანუ მმართველთა სოლიდურმა ჯგუფმა. ამ ხნის მანძილზე ჩამოყალიბდა რუსთაველის თეატრის სახე, ესთეტიკა და ჩვენმა თეატრმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ცხოვრების ურთულეს პერიოდშიც - 90-იან წლებში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა. რა თქმა უნდა, წარმატებას მარცხიც ახლდა, მაგრამ რუსთაველის თეატრი ინარჩუნებდა სათანადო დონეს.
ბოლო სამი წლის მანძილზე თაობების მიერ დღემდე სიმწრით მოტანილი სახელი საფრთხის წინაშე დადგა. რეპერტუარში მომრავლდა უღიმღამო, არაფრისმთქმელი სპექტაკლები. ერთ-ორი ახალგაზრდა რეჟისორის გარდა, ვერავინ შესძლო მიახლოვებოდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც რუსთაველის თეატრი აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თითქოს დაკავებულები არიან, სცენაზე დგანან, თანდათან კარგავენ პროფესიულ ჩვევებს. ძალიან ძნელი ასატანია ჩემთვის ვუყურო, თუ როგორ აივსო თეატრის ადმინისტრაცია, პიარისა და მარკეტინგის სამსახური ადამიანებით, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ ხელოვნებაზე და კონკრეტულად თეატრზე. მთელ ამ უბედურებაში ბრალი მეც მიმიძღვის, მაგრამ რა ვქნა - არ შემიძლია და არც არასდროს შემეძლო ხმალამორებულს მებრძოლა თვითდაჯერებულ უგუნურებსათან, და ამიტომ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ. თეატრში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. მე მარტო, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდები და მინდა მხარში მედგეს გამჭრიახი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის რუსთაველის თეატრის ჭირ-ვარამი და ბოლომდე გააცნობიერებს, რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მმართველს (შეგახსენებთ, რომ მის დანიშნვნაში დიდი წვლილი მიმიძღვის), მისმა მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსახიობი არ შეიძლება თეატრის სათავეში იდგეს. მსახიობობა შესანიშნავი პროფესიაა და ვერაფერს ითავსებს. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა და კარგი არაფერი მოუტანია.
თუ თქვენ არ დამეთანხმეთ და ჩემი თხოვნა სამართლიანად არ მიიჩნიეთ, გამოსავალი აქაც არსებობს. 72 წლის რეჟისორი სევდიანად, მაგრამ მშვიდად დატოვებს რუსთაველის თეატრს.
P.S. თუ თქვენ ჩემს წინადადებას მისაღებად მიიჩნევთ, თანახმა ვარ ვიკისრო მძიმე ტვირთი და შევითავსო მმართველის თანამდებობა (შეგახსენებთ, რომ ერთდროულად სამხატვრო ხელმძღვანელად და დირქეტორად მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს).
პატივისცემით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
რობერტ სტურუა“.
----
ეკაიფება აშკარად