რამდენად ეფექტური იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება? - ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
"საპარლამენტო არჩევნების წინ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ამ დაპირისპირებაში შეიარაღებული ძალების ჩართვის ნიშნებიც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურე ჩვეულებრივი მოქალაქეა და მას არჩევნის გაკეთების სრული უფლება აქვს, თუმცა ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის აშკარად მხარის დაჭერა, ისევე როგორც მისი წევრობა. ეს დემოკრატიული ქვეყნების ძირითადი მოთხოვნაა, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების ჩარევა მიტინგების დაშლაში. არადა, 24 სექტემბერს მესტიაში მოხდა ძალიან საშიში პრეცედენტი - საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფით ხელისუფლება მომიტინგეებს დაუპირისპირდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (28 სექტემბერი - 11 ოქტომბერი, 2012) სტატიაში სათაურით არ გაბედოთ არმიით მომიტინგეების დარბევა! / პოლიტიზებული არმია მტერთან საბრძოლველად აღარ გამოდგება...
"მესტიელები აპროტესტებდნენ ოპოზიციონერ კახა ჟორჟოლიანის მანქანით წაყვანას ზუგდიდში და პოლიციის მანქანას დაძვრას არ ანებებდნენ. საპასუხოდ ხელისუფლებამ მობილიზება გაუკეთა იქვე ტყის მასივში ორიოდე თვით ადრე დაბანაკებულ უცნობ სამხედრო დანაყოფს. შეიარაღებული პირები ინციდენტის ადგილას "ლენდროვერის" ორი პიკაპითა და "კრაზის" ტიპის სატვირთო ავტომობილებით მივიდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების კამუფლირებულ ფორმებში გამოწყობილი სამხედროები მეთაურის ბრძანების თანახმად ცდილობდნენ მომიტინგეების დაშლას. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურის ბრძანებით მათ ფორმიდან მოიხსნეს სამხედრო დანაყოფისა და გვარების აღმნიშვნელი საიდენტიფიკაციო ნიშნები, ზოგიერთს ფორმაზე მაინც დარჩა ნიშანი "შეიარაღებული ძალები", რაც უტყუარად მიანიშნებს მათ კუთვნილებას. ყველაზე საგანგაშო კი ის გახლავთ, რომ ხელისუფლების ბრძანებით მოქალაქეების დასაშლელად გამოყვანილი ამ სამხედრო დანაყოფის ძირითადი ნაწილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირტიტველა ბიჭები იყვნენ", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:
"ეს აძლიერებს ეჭვს, რომ არჩევნების პერიოდში და მის შემდეგაც ხელისუფლებამ შეიძლება უფრო აქტიურად გამოიყენოს შეიარაღებული ძალების დანაყოფები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად და შეიძლება უკვე არა მარტო ცარიელი ხელებით, როგორც მესტიაში. თუკი ხელისუფლება მაინც გაბედავს არმიის დანაყოფებით მიტინგების დაშლას, მაშინ ეს საბოლოოდ დაასამარებს ქართული არმიის იმიჯს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და დაასამარებს ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების იმედსაც კი".
"გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეოფირებმა ძალიან შელახა საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯი. ეს განსაკუთრებით ითქმის საქართველო-NATO-ს ურთიერთობაზე. ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი მარტო სამხედრო გაერთიანება როდია, იგი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელშიც გაწევრებულ ქვეყნებში დემოკრატიის ელემენტარული წესები მაინც უნდა იყოს დაცული. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით ზრდის ქართულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში, და ამას იმით ამართლებს, რომ დაჩქარდება საქართველოს NATO-ში გაწევრება, ფაქტობრივად, ატყუებს ქართველ საზოგადოებას", - წერს "არსენალი" სტატიაში სათაურით პატიმრების წამება NATO-სგან კიდევ უფრო დაგვაშორებს.
"უეჭველია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა მნიშვნელოვნად გადასწია უკან საქართველოს NATO-სთან დაახლოება. ბუქარესტის სამიტზე ნათქვამი და შემდგომში არაერთხელ გამეორებული სიტყვები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებად რჩება. საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში პატიმრების მასობრივად წამების დამამტკიცებელი ფაქტების გამოვლენა 2008 წლის აგვისტოს ომზე არანაკლებ დამბრკოლებელი ფაქტორია NATO-სკენ მიმავალ გზაზე... უფრო მეტიც, არსებობს დიდი ეჭვი, რომ შეურაცხყოფა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური, არც ქართული არმიის ყაზარმებშია იშვიათობა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში შეიარაღებულ ძალებზე აღარ არის სამოქალაქო კონტროლი, ეს ფაქტები იჩქმალება. სანამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ აღდგება სამოქალაქო კონტროლი და ნაწილობრივ მაინც არ გაიღება ქართული არმიის ყაზარმები მასმედიის წარმომადგენლებისთვის, საქართველო ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვის მზად არ იქნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"საქართველოში უკვე იმყოფება ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს ეცნობა. ექსპერტთა ჯგუფის სტუმრობა იმ ექვსპუნქტიანი გეგმის განხორციელების დაწყების შემდეგ შედგა, რომელიც წლის დასაწყისში ვაშინგტონში აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის გაფორმდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური გამოცემა სტატიაში სათაურით "რამდენად ეფექტური იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება?"
"აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ექვსპუნქტიანი გეგმა შემდეგ სფეროებს მოიცავს: - ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; - საბრძოლო თავდაცვითი საინჟინრო წვრთნა და განათლება; - მხარდამჭერი შვეულმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; - სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; - სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; - ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ექვსპუნქტიანი გეგმის თითოეული ნაწილი სამ ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე ამერიკელი ექსპერტები კონკრეტული მიმართულების პოტენციალს შეისწავლიან, დაათვალიერებენ შესაბამის სამხედრო ინფრასტრუქტურას. მეორე ეტაპზე დაიწყებენ დოქტრინების შემუშავებას, რა არის გასაკეთებელი ამა თუ იმ მიმართულებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. მესამე ეტაპზე კი ამერიკული მხარე შემუშავებული დოქტრინის მიხედვით სამოქმედო გეგმის განხორციელებას შეუდგება", - განმარტავს სტატიის ავტორი და განაგრძობს:
"ჩამოთვლილი ექვსივე პუნქტის შესრულება მართლაც რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აღსადგენად... ერთი შეხედვით კარგი პერსპექტივა ჩანს, თუმცა საზოგადოების ნაწილში მაინც გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო კითხვა - ამდენი წელიწადია აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქმება და მხოლოდ 2012 წლის ბოლოს, აგვისტოს ომიდან ოთხი წლის შემდეგღა იწყებს სტრატეგიული პარტნიორი შენს პრობლემაში გარკვევას? ექვსპუნქტიან გეგმაში ყურადღება ძირითადად წვრთნასა და განათლებაზეა გამახვილებული, რაც, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ ითვალისწინებს თუ არა ეს გეგმა ქართული არმიის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას? რა დონით და როდის? კითხვა მართლაც რომ ბევრია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ერთ დღეში ეს მნიშვნელოვანი საქმე არ გაკეთდება. როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!"
ბბ
დაახვედრე მაგათ ვანიები