უკანასკნელი დღეებია, სოციალურ ქსელში სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან "ქართული ოცნების" შეხვედრების კადრები ვრცელდება. ასევე, უკვე სერიების სახით არის "ინფო 9"-ის და "თავისუფალი მედია ჯგუფის" შეხვედრები გადასაღებ მოედანზე.
პირველად ეს კადრები 2-3 დღის წინ ვნახე და მაშინვე ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, ვიდრე დასაწერად დავჯექი, მასალა ყოველწამიერად იზრდებოდა და მდიდრდებოდა. ამას მოჰყვებოდა შეფასებები ასევე სოციალურ ქსელში და გამოხმაურებები. არ ვიცი რომელი მათგანია ყველაზე საზარელი.
რამდენჯერმე მიმუშავია ისეთ ადგილას, სადაც თანამშრომლებს საკუთარი სამუშაო ადგილის მიმართ მძაფრი ემოციები აკავშირებთ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კორპორატიული ინტერესი და მისი დაცვის ვნება. მახსოვს, მაგალითად "რუსთავი 2"-ში რომ ვმუშაობდი, როგორ ნერვიულობდნენ ჟურნალისტები, რომ მაშინდელი "იმედი" ახალი ინფორმაციის გავრცელებას დაასწრებდა. გულწრფელად განიცდიდნენ ამას და მეც გულწრფელად მიკვირდა, ნეტავ რაში ენაღვლებოდათ.
ბუნებრივია, ეს მათ ნაკლოვანებად არ ჩამითვლია, უბრალოდ მივხვდი, რომ ყველაზე რთული რომელიმე ჯგუფის წევრობაა და ამ ჯგუფის ინტერესების დაცვა. ნეტავ როგორ ახერხებენ ამას პარტიის წევრები, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის? მე რომ კორპორაციის წევრი ვერ გავხდებოდი, ამის დასტური ასეთ სამუშაო ადგილებზე ჩემი ხანმოკლე გაელვებები იყო, სადაც ჩემგან "სამშობლოს" დაცვას ითხოვდნენ.
რატომ მოვყევი ეს ამბავი. მას შემდეგ გავიზარდე და მეტ-ნაკლებად გავიგე იმ ადამიანებისa ვინც გულწრფელად შფოთავდა, როდესაც მისი მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყნებას სხვა დაასწრებდა. ერთი სიტყვით, გავუგე მათ ჟურნალისტურ ვნებას. ახლა ვუყურებ "თავისუფალი მედია ჯგუფის" თანამშრომლებს და ისევ არ მესმის და ვერ ვხვდები, რასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ "ინფო 9"-ის ჟურნალისტმაც დაუშვა შეცდომა და მანაც იმავე ტაქტიკით იმოქმედა. "ვინ გაფინანსებთ? სად იღებთ მითითებებს? ვინ გიხდით ხელფასს? რა დაგავალეს?" და ა.შ. ჟურნალისტებს თითქოს სხვა რესპოდენტები აღარ აინტერესებთ და ერთმანეთს დასდევენ, კითხვებს უსვამენ და უთვალთვალებენ. "ინფო 9"-ას დავალებული აქვს მოსახლეობის გასაჭირი აჩვენოს, რაც ნაციონალური ტელეარხების ვარდისფერი ეკრანიდან უკვე მერამდენე წელია გამქრალია, "თავისუფალ მედია ჯგუფს" კი დავალებული აქვს "ინფო 9"-ას სდიოს და გაუმწაროს ცხოვრება. ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვუყურებ ამ "მედია ჯგუფის" (ბუნებრივია უმჯობესია სიტყვა "თავისუფალის" გარეშე მოვიხსენიოთ) თანამშრომელთა სახეებს და ვფიქრობ, რა აიძულებთ, ასე მოიქცნენ. არა მგონია, ეს პარტიის ან თუნდაც მათი პატარა კორპორაციის ინტერესების დაცვა იყოს, არც ვინმეს სიძულვილი მგონია, სამწუხაროდ - უნდა გა#####დე რომ მთავარი კარგად შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების ხიბლია. ძალიან ცუდი შესახედი იყო მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ერთ-ერთ ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ ფულის გულისათვის ყველაფრის კეთება არ შეიძლება. სამწუხაროა, მაგრამ ეს სიტყვები არა იმ ერთ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ მათ უმეტესობას ეხება. გადახედეთ და გაიხსენეთ ნაციონალური არხების წამყვანი ჟურნალსიტები. გაიხსენეთ ნებისმიერი "იმედის" "მზის" თუ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტი.
სამწუხაროდ ის, რაც "თავისუფალი მედია ჯგუფის" სახით უტრირებულად ჩანს, ქართული ჟურნალისტიკის სახეა, რომელიც უმეტეს წილად არა ახალ ამბებზე, არამედ პოლიტიკურ პარტიებზე, მის დამფინანსებელზეა ორიენტირებული. წინასაარჩევნო გარემოში კონტურები კიდევ უფრო მკაფიო ხდება და უიმედობა, რომ მედიაში ოდესმე პროფესიონალები იმუშავებენ უფრო და უფრო ძლიერდება.
ვფიქრობ შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნოდ სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება მისცენ (როგორც ვხედავთ პოლიციის გარეშე უკვე რთულია არსებული მდგომარეობის დარეგულირება), ჟურნალისტებმა ერთმანეთს კი არ შეუშალონ ხელი, არამედ - იმუშავონ. არ მესმის, ნუთუ "თავისუფალი მედია ჯგუფის" უფროსსა და დამფინანსებელს არ ესმის, რომ ასეთი საქციელით "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ნერვებს კი უშლიან, მაგრამ ამავე დროს გმირებად აქცევენ. მიეცით მეგობრებო ერთმანეთს მუშაობის საშუალება და მერწმუნეთ, ყველაზე მეტი ხარვეზი ხელის შეშლაში კი არა, მუშაობაში გამოვლინდება.დაბოლოს, მინაწერის სახით არ შემიძლია უკანასკნელ დღეებში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში დაპირისპირებაზე არ მოგახსენოთ ორი სიტყვა, რომლის ფინალური აკორდი ამ ეტაპზე "კარალეთის ინციდენტი" იყო.
ჩემმა მეგობარმა, 2002 წლის ბოლნისის კადრები მაჩვენა, რომელიც სულ აღარ მახსოვდა. ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე ბოლნისში ჩადის და მას ქვებით და ჯოხებით შეიარაღებული მოსახლეობა ხვდება. დამერწმუნეთ, განსხვავება არ არის, მხოლოდ 10 წლის წინანდელ კადრში "ქართული ოცნების" ნაცვლად "ნაციონალური მოძრაობაა". სამწუხაროდ 10 წლის შემდეგ ჯერ ისევ არ გვაქვს მეტი შეგნება და იმდენად არ განვითარდით, რომ არჩევნები უფრო ცივილიზებულ პირობებში ჩავატაროთ. გამოსავალი ისევ ქვების სროლა, გინება და ჯოხების ქნევაა. დაზარალებულები ორივე მხარეს არიან. ყველაზე შემაშფოთებელი, ცენტრში, თბილად ჩამსხდარი საზოგადოებაა, რომელიც ამ ძალადობრივი სცენების შემხედვარე ხარობს და ხმამაღალ აპლოდისმენტებს არ იშურებს. ვერც ეს გამიგია, ნეტავ რა სახის ტკბობას განიცდიან მაშინ, როდესაც აშკარა ძალადობას, ქვით გახეთქილ თავებს, სისხლს და ღრიალს უყურებენ. ნუთუ ამ რანგში არის შესაძლებელი - ერთი პარტიის სიყვარული და მეორე პარტიის სიძულვილი?!
http://liberali.ge/blog/ninia-kakabadze/tsinasaarch............................................................................
აბსოლუტურად ვეთანხმები, საშინელებები ხდება ქართულ მედიასაშუალებებში ორივე მხრიდან...
ამ ინფო 9-შიც არანაკლებად საშინელი ჟურნალისტები ყავთ, ვინ შეარჩია, სად პოულობენ ამ ხალხს? ნორმალური ადამიანები აღარ არსებობენ ამ ქვეყანაში?
This post has been edited by lamazi gogo on 14 Jul 2012, 15:11