
ვატიკანში წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოსულმა კარდინალმა ჟან ლუის ტურანმა ახალი პაპის ვინაობა გამოაცხადა. ეს არის რომის პირველი სამხრეთ ამერიკელი პაპი, არგენტინაში დაბადებული, წარმოშობით ქართველი კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო.
"მე დავიბადე შორეულ ხეორხიაში, იქ, საიდანაც წარმოშობით არის ჩემი ულამაზესი დედა ინეზა. ჩემი ხეორხიელი ბაბუა ხორხე, როგორც ქართველები ეძახდნენ გიორგი, იყო უბრალოდ ვაჭარი. დედაჩემი ინეზა მართლმადიდებელი ქრისტიანია, თუმცა ჩემი მშობლების აღმსარებლობა მათ სიყვარულს ხელს არა თუ უშლის, არამედ ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, ჩვენ ხომ ქრისტეს მიმდევრები ვართ" – ესაა ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც ახალარჩეულმა პაპმა შეკრებილ ჟურნალისტებს მისცა.
როგორც ირკვევა, რომის ახალი პაპის, ფრანცისკეს დედა ქართველი ყოფილა, სამგორელი გარემოვაჭრის ქალიშვილი ინეზა, რომელიც 19 წლის ასაკში არგენტინელ ტურისტს გაჰყოლია ცოლად. ფრანცისკე პირველს საქართველოში გარკვეული წლებიც ნაცხოვრები აქვს და თბილისის 55–ე სკოლაშიც დადიოდა სულ რაღაც 2 თვე. მეზობლები იხსენებენ, რომ არაჩვეულებრივი ბავშვი იყო და ყველასგან გამოირჩეოდაო. ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში იცოდა ქართული, რუსული და ესპანური ენებიო. მას მეზობლები კარგად აღზრდილ და განათლებულ, ასაკისთვის შეუდარებლად ბრძენ ბავშვად იხსენებენ: თურმე, ეზოში ბურთის დევნის ნაცვლად, ხორხე სახლის აივანზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და დილიდან დაღამებამდე წიგნებს კითხულობდა. ყველაზე მეტად კი მას ერთი წიგნი იტაცებდა – ბიბლია!
ცნობილია, რომ რომის 266-ე პაპი 76 წლისაა და ახალ პაპს სახელიც ახალი ექნება: ფრანცისი. ვატიკანში შეკრებილი ათასობით კათოლიკე ახალ პაპს აღტაცებული შეძახილებით შეხვდა. მათ ერთად წაიკითხეს "მამაო ჩვენო". შემდეგ პაპმა მრევლს სიტყვით მიმართა და ერთმორწმუნეთ დალოცვა სთხოვა. რომის პაპი მსოფლიოს 1.2 მილიარდი რომაული კათოლიციზმის მიმდევრისთვის ეკლესიის მთავარი წინამძღოლია. კარდინალთა კოლეგიამ კონკლავის სახელწოდებით ცნობილი დახურული არჩევნები სამშაბათს დაიწყო. პირველი დღე შავი კვამლით დასრულდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა საკმარისი ხმები. გამარჯვებულს სულ ცოტა 115-დან ორი მესამედი, მინიმუმ 77 ხმა უნდა მოეგროვებინა. დღეს საღამოს სიქსტის კაპელის სახურავზე თეთრმა კვამლმა მსოფლიოს კათოლიკეებს ახალი პაპის არჩევის შესახებ აუწყა.
მანამდე, ორშაბათ საღამოს, საიდუმლოს შენახვაზე ფიცი დაადებინეს პაპის კონკლავის 90 „ტექნიკურ თანამშრომელს“, მათ შორის მღვდლებს, რომლებიც აღსარებებს იბარებენ, დაცვის თანამშრომლებს, მზარეულებს, დამლაგებლებს ტექნიკოსებს და ექიმებს. ფიცის გატეხვის სასჯელი შეიძლება იყოს ეკლესიისგან განკვეთა.
სიქსტის კაპელაში წინასწარ შეიტანეს არჩევნებისთვის საჭირო ყველა ნივთი, მაგიდები, ბიულეტენები და გამოყენებული ბიულეტენების დასაწვავი ღუმელები. 2005 წელს პაპის არჩევას ორი დღე დასჭირდა. ამჯერად მდგომარეობა უფრო რთულია. პაპის გადადგომა მოულოდნელად მოხდა, ამიტომ ეკლესიის შიგნითაც კი არ არის გამოკვეთილი ფავორიტი, რომელმაც შეიძლება, წმნიდა საყდრის ტახტი დაიკავოს. მით უმეტეს, გაურკვეველ მდგომარეობაში არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც თავის პროგნოზებს დაუდასტურებელ ხმებსა და კონკრეტული პირების ვარაუდებზე აგებენ. ხმის მიცემა დღეში ორჯერ გაიმართება, ხოლო შუადღისას და საღამოს ექვს საათზე გამოყენებული ბიულეტენები დაიწვება. მათ შავი კვამლი ექნებათ მანამდე, სანამ რომელიმე კარდინალი არ მიიღებს 77 ხმას - ხმების ორი მესამედი და კიდევ ერთი ხმა. ამის შემდეგ საკვამურებიდან ამოვა თეთრი კვამლი, რაც ნიშნავს, რომ ახალი პაპი არჩეულია.
გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, საკვამურიდან ამოვიდა შავი კვამლი, რაც ნიშნავს, რომ პაპი ჯერ არჩეული არ არის.
წინა დღეებში მსოფლიო მედია ბევრს წერდა იმის შესახებ, რომ პაპის არჩევა ხდება კათოლიკური ეკლესიისთვის რთულ ვითარებაში - პედოფილიის შესახებ ბრალდებების, აგრეთვე პაპის კამერდინერის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების სკანდალების ფონზე. კარდინალებს ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება მოუწევთ, არის დაპირისპირება რეფორმატორებსა და კონსერვატორებს, ასევე „რომაელებსა“ (ვინც ვატიკანში მუშაობს) და სხვადასხვა სახელმწიფოებში მოქმედი ეპარქიების ხელმძღვანელებს შორის. ზოგი მიიჩნევს, რომ უნდა შეიზღუდოს და უფრო ღია გახდეს პაპის კურიის (ადმინისტრაციის) მუშაობა. კარდინალების ნაწილი ღიად სვამს კითხვას - როგორ შეიძლება ახალი პაპის არჩევა იმ პირობებში, როდესაც კარდინალებისთვისაც უცნობია ეკლესიის სკანდალების გამოძიების შედეგები და ამიტომ არ იციან, „ვინ-ვინ არის“? ზოგი სკანდალების შემდეგ უფრო სერიოზულ წმენდას მოითხოვს. მიმომხილველების აზრით, ამ პირობებში რომის პაპად შეიძლება, გამოცდილი ბიუროკრატიც აირჩიონ, რომელიც ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას შეძლებს, და ქარიზმატული ლიდერიც, რომელიც მორწმუნეთა კეთილგანწყობის მოპოვებას მოახერხებს.
გუშინ მაინც დასახელდა რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი, თუმცა ვერავინ ამტკიცებს, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად გახდება კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი, ესენი არიან: მილანის არქიეპისკოპოსი ანჯელო სკოლა, ბრაზილიელი კარდინალი ოდილო შერერი და ამერიკელი ტიმოტი დოლანი. სხვათა შორის, ბენედიქტ XVI-ს გადადგომის შემდეგ დღეებში სხვა ვარიანტებიც სახელდებოდა.
კარდინალებს დღეს პრინციპულად განსხვავებულ გარემოში უწევთ არჩევანის გაკეთება და ამის გათვალისწინებაც მოუწევთ. დრო, როდესაც საერო პირები სასულიერო პირების მიმართ მხოლოდ მოწიწებას განიცდიდნენ, წავიდა. ჟურნალისტების უმრავლესობა ვატიკანს უყურებს, როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას და სოციალურ ინსტიტუტს და თავისუფლად მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ შეიძლება გახდეს ეკლესიის მეთაური. ზოგი ვატიკანს გარედან მოუწოდებს მეტი გახსნილობისკენ. თავად სასულიერო პირები კი ჩივიან, რომ მედია კონკლავის მუშაობაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ცხადია, რომ ახალი პაპის არჩევნებს ეკლესიის სიდიადის და მსოფლიოში მისი გავლენის წარმოჩენა შეუძლია, მაგრამ თავისთავად არჩევნებს არ შეუძლია მისი მორალური ავტორიტეტის აღდგენა. სკანდალების შემდეგ ისმის კითხვა არა მხოლოდ იმის შესახებ: „რატომ არ იძიებენ ბრალდებებს უფრო გულდასმით?“ არამედ: „პრინციპში, რატომ იყო მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ამდენი შემთხვევა?“
მთავარმა ბრალმდებელმა, რომელიც სექსუალურ სკანდალებს იძიებს - მონსენიორ ჩარლზ სციკლუნამ განაცხადა: „ნაკლმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საზოგადოება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალ ამბებში წინ წამოწეულია ჩვენი ცოდვები. რატომ იწვევს სასულიერო პირთა ცოდვები ამხელა აჟიოოტაჟს?“ იმიტომ, რომ სამღვდელოებას აქვს პრეტეზია, მათი მოწოდების ღვთაებრივ ბუნებას დანარჩენებმა ანგარიში გაუწიონ და ენდონ.
ახალი პაპის ვინაობა და მისი პირველი ნაბიჯები არსებული კითხვებიდან ნაწილს მაინც გასცემს პასუხს.