უმით ოქური: “ავარიულად რომ არ დამემუხრუჭებინა, სააკაშვილს ალბათ, ვიმსხვერპლებდი”
12 აპრილი 13:35 , 2013
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას ველოსიპედით ვარჯიშის დროს მომხდარ ავარიას თურქული მედიასაშუალება haberturk.com სტატიას უძღვნის. ჟურნალისტი თურქ მძღოლს ესაუბრა.
„კვირის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში მომხდარმა ავარიამ მსოფლიოს სააგენტოების პირველი გვერდები მოიარა. ანტალიაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც რამდენიმე ათეული ნაკერის დადებით დასრულდა. ამ ფაქტს ბევრი თვითმხილველი არ ჰყოლია, რადგან ანტალიის ეს უბანი ხალხმრავალი არ გახლავთ.
სამწუხაროდ, ახლომდებარე შენობებზე არც ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. მართალია, ქართულმა მხარემ ამ ამბის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის კომენტარმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
ამის გამო იყო, რომ ინციდენტის დეტალების დასაზუსტებლად მეორე მხარეს, გადამზიდავი კომპანია "ანადოლუს" მძღოლ უმით ოქურს მივმართეთ, რომლის მოხელთებაც მხოლოდ ტელეფონით მოვახერხეთ. 43 წლის უმითი (რომელიც ქალაქ სივადანაა) იხსენებს, რომ მსგავსი რამ ცხოვრებაში არასოდეს მოსვლია:
"როგორც წესი, ქალაქში მოსიარულე ველოსიპედისტები საათში 35–40 კმ სიჩქარით დადიან, მაგრამ მე აშკარად 60 კმ/სთ–ით მივდიოდი, როცა ჩემგან მარცხნივ ველოსიპედისტმა ჩამიქროლა და გადამასწრო. აღმართი იწყებოდა და მივხვდი, რომ ველოსიპედი მსგავს სიჩქარეს ვეღარ შეინარჩუნებდა. მართლაც, ჩემს მანქანასა და ველოსიპედს შორის მანძილმა სწრაფად იკლო. კიდევ კარგი, მოვასწარი ავარიულად დამუხრუჭება, თორემ საქართველოს პრეზიდენტს ალბათ, ვიმსხვერპლებდი" – ამბობს მძღოლი.
უმით ოქური იხსენებს ასევე, რომ პირველმა გაუწია დახმარება მიხეილ სააკაშვილს და ისიც თქვა, რომ მისი სახე მალევე ამოიცნო, რადგან 2007 წელს ხშირად უწევდა საქართველოში ყოფნა და საქართველოს გზებზე ბევრჯერ ხვდებოდა პრეზიდენტის ბილბორდები.
"მადლობა ღმერთს, რომ გამოცდილებამ არ მიღალატა, თორემ მართლა ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ამბის გადატანა" – ამბობს უმითი, რომელმაც სამსახურიდან ორკვირიანი შვებულება აიღო" – წერს haberturk.com.
http://frontnews.ge/index.php?action=news_...=17641&lang=geo