ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირი ლოზუნგების მეტს არაფერს გვთავაზობს
15:22 23-05-2014
ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირი ლოზუნგების მეტს არაფერს გვთავაზობს უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში , საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ქაოსი და სამოქალაქო ომი ქვეყანაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.
"საიდან დაიწყო უკრაინის კრიზისი? იმის გამო, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ამას მოჰყვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალება, დაიწყო ქაოსი, ახლა კი სახეზე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი გვაქვს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმის რუსეთისთვის მიერთება სწორი ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, ნახევარკუნძული რუსეთისთვის რომ არ მიეერთებინათ, უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, ვიდრე ოდესაში.
"ჩვენ რომ ყირიმი რუსეთისთვის არ შეგვეერთებინა, იმაზე მეტი ტრაგედია გვექნებოდა, ვიდრე ახლა ვხედავთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში. თუნდაც ოდესაში, სადაც უიარაღო ხალხი დაწვეს. ჩვენ არ დავუშვით მსგავსი ტრაგედია ყირიმში და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცით", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ყოველივე ამის შემდეგ ევროკავშირს არ სურს რუსეთთან თანამშრომლობაზე საუბარი.
"ევროკავშირი ლოზუნგების მეტს, არაფერს გვთავაზობს", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.