
წელი:2011
ქვეყანა: იაპონია
სტუდია: Madhouse
ჟანრი: სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი, შონენი
გადაღებულია იოშიჰირო ტოგაშის ამავე სახელწოდების მანგის მიხედვით
დაწვრილებითი ინფორმაციამანგა:
მანგა Hunter x Hunter-ის გამოშვება დაიწყო 1998 წელს, ყოველკვირეულ ჟურნალ Weekly Shounen Jump-ში (ნარუტო, ვან პისი, ბლიჩი და მრავალი სხვა), თუმცა მხოლოდ 310 თავს ითვლის, რაც გამოწვეულია ავტორის არასტაბილური გრაფიკით და ხშირი, ხანგრძლივი შვებულებებით. ამის კვალობაზე, მანგა ძალზედ პოპულარულია და გამომცემლობის ბესტსელერებში შედის. ამჟამინდელი ანიმაციური ეკრანაზიცია რიგით მეორეა, პირველი ანიმე სერიალი 1999 წელს დაიწყო და რაღაც მომენტში გაწყდა, ხოლო 2011-ში სხვა სტუდიამ დაიწყო ხელახალი ეკრანიზაცია, რომელიც სიუჟეტურად უკვე გასცდა წინას. ფრენშაიზი იმავე "ტიპისაა", როგორც იგივე ნარუტო და ვან პისი. ცნობილია კიშიმოტოსა და ტოგაშის ახლო ურთიერთობის შესახებ და ზოგან კიშიმოტოს აშკარად ემჩნევა Hunter x Hunter-ის გავლენა (მაგ. პერსონაჟი, რომელიც განსაკუთრებული წითელთვალება კლანის უკანასკნელი წარმომადგენელია და კლანის მკვლელებს ეძებს, სახიფათო მრავალეტაპიანი გამოცდა წოდების მისაღებად და სხვა უფრო წვრილმანი მსგავსებები). Hunter x Hunter-ამდე ტოგაშიმ სახელი გაითქვა სხვა პოპულარული შონენ-მანგით, Yu Yu Hakusho-თი. ტოგაშის ცოლია Sailor Moon-ის ავტორი. გარდა არარეგულარული გრაფიკისა, ტოგაშის ახასიათებს ხოლმე ნახატების დაუმთავრებელ, ნაჯღაბნ მდგომარეობაში გამოშვება, ამიტომაც ისევ ჯობია ანიმეს უყუროთ.
სამყარო:
მონადირეები:

Hunter x Hunter-ის ფანტასტიკურ სამყაროში სიტყვა "მონადირე" არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენთან. აქ მონადირე ეწოდებათ სხვადასხვა მიმართულების ექსტრაკლასის პროფესიონალებს, რომლებიც რაღაცაზე "ნადირობენ" - არქეოლოგიურ არტიფაქტებზე, განძზე, ინფორმაციაზე, ძებნილ დამნაშავეებზე და ა.შ. მონადირეებზე პასუხისმგებელია მონადირეთა ასოციაცია, რომელიც საგულდაგულო ტეტსტირების გავლის შემთხვევაში იძლევა შესაბამის ლიცენზიას. ამ ლიცენზიის წყალობით მონადირე სარგებლობს უზარმაზარი პრივილეგიებით, მათ შორის სრული იმუნიტეტით, დაცულ ინფორმაციაზე წვდომით და დიდი სახსრებით. მონადირეს ფაქტობრივად შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს და რაც უნდა ის აკეთოს.
ნენი:

აქაური მისტიური შინაგანი ენერგიის ფორმა და სუპერშესაძლებლობების სისტემა, როგორც მაგალითად ჩაკრა ნარუტოში. იგი არის ძალიან კომპლექსური და დეტალურად აღწერილი და კოდიფიცირებული, თავისი კატეგორიებით, ეტაპებით, წესებითა და ნიუანსებით, საინტერესოა, რომ სერიალი მის არსებობას მხოლოდ მესამე არკაში გვამცნობს, იქამდე მხოლოდ მიანიშნებს.
მოკლე შინაარსი:
ისტორია მოგვითხრობს გონ ფრიქსზე, პატარა ბიჭზე, რომელიც მონადირე მამამ მცირე ასაკში მიატოვა. იგი გადაწყვეტს თავად გახდეს მონადირე და იპოვოს მამამისი. საკვალიფიკაციო გამოცდაზე იგი გაიცნობს მის ერთგულ ამახანაგებს, კილუას, კურაპიკასა და ლეორიოს.
მთავარი გმირები:
გონ ფრიქსი

პროტაგონისტი.სახელგნთქმული არტიფაქტებზე მონადირის, ჯინ ფრიქსის ვაჟი. ცნობისმოყვარე, მხიარული, ჯიუტი და გულმოდგინე. მას აინტერესებს მონადირეობა და ყველაზე მეტად უნდა მამის ნახვა. აღსანიშნავია, რომ მამამისი უპასუხისმგებლო საქციელის მიუხედავად გონს მის მიმართ ბოღმა არ აქვს, პირიქით, ძალიან აინტერესებს თუ რა არის პროფესია ისეთი საინტერესო, რომ კაცმა მისი გულისთვის საკუთარი შვილი მიატოვო. გონის მიერ მამიძ ძიება არის სიუჟეტი მთავარი მამოძრავებელი. მიუხედავად იმისა, რომ გონი უაღრესად დადებითი და მეგობრული პიროვნებაა, იგი ასევე არის მანიაკალურად თავზე ხელაღებული და სერიალის მსვლელობისას სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ცუდსა და კარგს შორის დიდად არ ანსხვავებს. მისი ყველაზე ახლო მეგობარია კილუა.
კილუა ზოლდიკი

დეუტეროგონისტი. კილუა მოდის დაქირავებული მკვლელების ოჯახიდან. ქილერობა ზოლდიკების ოჯახური ხელობაა, რომელსაც მისდევს დიდი და პატარა. კილუა განსაკუთრებით ნიჭიერი იყო საგვარეულო საქმეში და მას მომავალ ოჯახის თავად ზრდიდნენ, მაგრამ მას ასეთი ყელში ამოუვიდა და სასტიკი უთანხლოების შემდეგ სახლიდან გაიქცა. ცხოვრებაში მიზანს მოკლებული, იგი უბრალოდ დროს გასაყვანად იღებს მონაწილეობას გამოცდაში, სადაც იგ გონს გაიცნობს.
ჩვილობიდან წვრთნიდნენ კაცისკვლაში და წამებით აკაჟებდნენ, რის შედეგადაც მისთვის უკიდურესად ადვილია ადამიანის მოკვლა, როგორც ფიზიკური, ისევე მორალური თვალსაზრისით. მისი გაწაფული მკვლელის ინსტინქტებისა და სისასტიკის მიუხადავად, მასთან დამეგობრება რთული სულაც არაა. იგი გამოირჩევა კეთილგანწყობით, სიცელქითა, სისხარტითა და კადნიერებით. მისი ერთი ჭეშმარიტად მოსაწონი თვისება არის ერთგულება მათთვის, ვისაც თავის მეგობრებად თვლის.
მას აქვს შიში თავისი უფროსი ძმის, ილუმი ზოლდიკის მიმართ. ამ უკანასკნელმა მას ადრეულ ასაკში საგანგებოდ ჩაუნერგა მასზე უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეების ქრონიკული შიში. ეს მძაფრი ფსიქოლოგიური ფატორი კონფლიქტში მოდის სურვილთან, მეგობრებს უერთგულოს.
კურაპიკა კურტა

კურტას კლანის უკანასკნელი წარმომადგენელი. მისი კლანი ხასიათდებოდა უნიკალური თვალებით, რომლებიც მღელვარების დროს წითელს ფერს იღებს. სწორედ ამ თვალების გამო, რომელთაც მაღალი ფასი ჰქონდათ შავ ბაზარე, უსასტიკესად ამოხოცეს მისი კლანი. ეს ჩაიდინა ყაჩაღებისა და ავაზაკების ბანდამ, ე.წ "ფანტომურმა დასმა" (Phantom Troupe), რომლებიც ობობის ტატუებს ატარებენ. კურაპიკას უნდა გახდეს თავებზე მონადირე (Blacklist Hunter), რათა საძულველი მკვლელებს უფრო ადვილად მიაგნოს.
კურაპიკა შურისძიების წყურვილი კლავს, მაგრამ განსხვავებით სხვა წითელთვალება შურისმაძიებელი ჭაბუკისგან, გულჩათხრობილი და ცივი სულაც არ არის. არის გაწონასწორებული და ჭკვიანი, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირად ეკამათება ლეორიოს.
ლეორიო პალადინაითი

ერთი შეხედვით მატერიალისტი და ნარცისისტი, იგი სინამდვილეში კვარტეტის ყველაზე კეთილი წევრია. მისი ჭეშმარიტი მოწოდება ექიმობაა, ხოლო გამოცდაზე იგი იმიტომ გადის, რომ მონადირის ლიცენზიასთან დაკავშირებული სახსრებით დაიფინანსოს სწავლა სამედიცინო ფაკულტეტზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე ცხოვებისეული მიზნები ამოძრავებს.
სხვა:
ჰისოკა:

რეგულარული ანტაგონისტი, რომელიც თითქმის ყველა არკაში მონაწილეობს. იგი არის ძლიერი და უკიდურესად საშიში მანიაკი. მას კაცისკვლა განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რაც უფრო ძლიერია მისი მსხვერპლი, მით უფრო მეტად აღაგზნებს ეს მას. იგი გონით და მისი მეგობრებით არის დაინტერესებული და მათ "მოუმწეფებელ ხილს" ეძახის, ელის რა როდის მიაღწევს გონი თავის სრულ პოტენციალს, რათა მოკლას იგი. ძალზედ ეშმაკია და არავის არ ექვემდებარება, მარტო საკუთარი ავადმყოფური ინტერესებით მოქმედებს. ამ გარემოების გამო იგი სრულიად არაპროგნოზირებადია და ხშირად შეიძლება გმირებს გვერდში დაუდგეს კიდევაც.
არსებული არკები:
Hunter Exam
Zoldyck Mansion (მინი-არკა)
Heaven's Arena
Yorknew
Greed Island
Chimera Ant
Election
ამჟამად ანიმეში ჩვენ ვუახლოვდებით ყველაზე ვრცელი არკის, Chimera Ant arc-ის დასასრულს (135-ეზე მთავრდება, ახლა ვართ 129-ე სერიაზე), ხოლო მანგა ივნისში ბრუნდება.
Madhouse-ის ეკრანიზაცია ხასიათდება მრავალსერიიანი შონენის კვალობაზე საკმაოდ მაღალი ანიმაციის სტანდარტით და ზოგადად კარგი შესრულებით. აგრეთვე
ფილერი არ აქვს. მხოლოდ პირველ 1-2 არკაში არის ზედმეტი ცენზურა, რამაც თავიდან, HxH-ისთვის დამახასიათებელი ფერად დიზაინთან ერთად, შეიძლება ბავშვურობის განცდა შეგიქმნათ, მაგრამ სინამდვილეში ეს შედარებით უფრო ბნელია იმათგან, რაც კი დღესდღეობით შონენ ჯამპში შეიძლება იხილოთ. აქ არის სასტიკი, სახიფათო სამყარო, სადაც სიკდილი საკმაოდ ადვილია, ხოლო კეთილი და ბოროტი ხანდახან შავ-თეთრ ფერებში არაა დახატული. აგრეთვე ბრძოლები აქ ხშირად გონებაზე და ფაქტორებზე (მათ შორის ფსიქოლოგიურზე) უფროა დამოკიდებული ვიდრე ძალაზე და ხშირად სუსტმა შეიძლება ძლიერს მოუგოს, რასაც ზედ ემატება ნენის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა. აგრეთვე ხშირად შონენის კლიშეები უარყოფილი არის ხოლმე ავტორის მიერ და მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც მოელი.
ჩემი აზრით მსგავსი კატეგორიის
ანიმედან ეს საუკეთესოა რაც კი ახლა გადის (ვან პისის ანიმე მისივე მანგამდე ვერ ქაჩავს. მანგის მხრივ ჩემთვის ორივე ერთ დონეზეა).
P.S
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Sander_RX on 14 May 2014, 22:32