ომბუდსმენს მიაჩნია, რომ საყდრისის მაღაროს ძეგლის სტატუსი კანონდარღვევით მოუხსნეს
საყდრისი,
მიშა მეფარიშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კანონმდებლობის დარღვევით მოუხსნეს.
სახახლო დამცველი განმარტავს, რომ უზრუნველყოფილი არ იქნა ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რის გამოც დაირღვა საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები.
ომბუდსმენს მიაჩნია, რომ არ დაიცვეს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის, ორჰუსის კონვენციის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და ზოგადი ადმინისტარციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კულტურისა სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესწავლა და შესაბამისი აქტების გამოცემა კანონით დადგენილი წესით და გადაწყვეტილება მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიიღონ ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით და მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.
ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდა კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით, სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.
ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/41712/.htmის თემა ვერ ვიპოვნე და ვინ აგებს ამაზე პასუხს,ბიძინა თუ ღარიბაშვილი? ვიხუმრე.
This post has been edited by lasha1997 on 26 Feb 2015, 05:57