http://iveria.biz/1331--.htmlვის და რას უსმენს საქართველოზურაბ ბახტაძე
232 წლის წინ ერთი კანონზომიერი რამ მოხდა; ირანისა და თურქეთის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო ერთმორწმუნე რუსეთს შეუერთდა. აქედან 12 წლის თავზე კი დაიწყო არაკანონზომიერი ქმედებების სერია. რუსებმა აღა მაჰმად ხანი შეგნებულად შემოუშვეს საქართველოში იმისათვის, რომ მას მაჰმადიანთა შიშით სამეფოს ქონის ამბიცია დაევიწყებინა და მომავალში რუსეთის გუბერნიობას დათანხმებოდა. მითუმეტეს, რომ ამის მაგალითი, სომხეთი, უკვე დიდი ხნის გაგუბერნიებული იყო.
ამას მოჰყვა ამ მდგომარეობასთან საქართველოს ჭირვეული და ხანგრძლივი შეგუება და როდესაც რუსეთი შედარებით ჰუმანური მეფის, ნიკოლოზ მეორის ხელში ნორმალურ ქვეყანას დაემსგავსა და საქართველომ ილია ჭავჭავაძის წინამძღოლობით რუსეთთან ერთად უკეთეს მომავალზე ფიქრი დაიწყო, იმ დროს მოხდა ერთი დღემდე გამოუსწორებელი რამ: დასავლეთმა რუსეთის გაძლიერების შიშით, საერთაშორისო ტერორიზმის მამამთავარი ლენინი დააფინანსა, რასაც 1917 წლის რევოლუცია მოჰყვა და იმპერიის სათვეში მოექცა მისი ბინძური ნალექი- ბოლშევიკები, რომლებმაც, ბუნებრივია, მანამდე ილია მოკლეს. ამის შემდეგ, ამ ყველაფრის მამამთავარი, უზნეო ლენინი მალე მიიცვალა სიფილისით, რის მერეც საბჭოთა იმპერიას ქართველი სტალინი მართავდა, რომელმაც 1924 წელს ქართული არისტოკრატია და ინტელიგენტია მოსპო, დარჩენილმა უწიგნურმა მასამ და წითელმა „ინტელიგენციამ“ კი იგი წარმოშობისა და სულიერი სიახლოვის გამო თავისიანად მიიჩნია და დღემდე ასე მიიჩნევს, მითუმეტეს, რომ მან დიდ მასშტაბებს მიაღწია და სხვა დიდ სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად მსოფლიო ბედს წყვეტდა (თაგვებს ღამურამ გადაუფრინა და „ღმერთო ანგელოზი გამოგვეცხადაო!“).
მერე მისი ურყევი ნებითა და ბუნებრივი რესურსების გაყიდვით ხელოვნურად შენარჩუნებული წყობაც დაინგრა, მაგრამ დღემდე ცოცხალია ის ხალხი, რომელსაც მაშინ მცირე ხელფასი სამსახურში ჯდომასა და არაფრის კეთებაში ეძლეოდა, დიდი ფული კი მხოლოდ მოპარვით იშოვებოდა და იპარავდა კიდეც.
და მოყოლებული 1991 წლიდან დღემდე, ის ხალხი ხედავს, რომ არაფერში ხელფასს არც ერთი მთავრობა აღარ იძლევა, მოპარვა კი, ჩვეულებრივ რამედ აღარ ითვლება - და მშიერი და გაბოროტებული - ისევ საბჭოთა კავშირს ნატრობს, მითუმეტეს, რომ ხალხის ჯიბეს ვერცერთმა მთავრობა დაატყო ხელი და სსრკ რომ აღარ არსებობს, ისევ რუსეთისკენ იყურება. რუსეთს კი, დღეს კომუნისტებისა და მათი „კაგებეს“ ერთსქესიან ოჯახში გაზრდილი პუტინი მართავს, ოღონდ ამ ხალხმა არ იცის, რომ არც რუსეთია საბჭოთა კავშირი და არც პუტინი - სტალინი - და ვერც იმას ამჩნევს, რომ თუ საბჭოთა კავშირი თავის მონებს თავისივე ხელითაც აჭმევდა და მოპარვის საშუალებასაც აძლევდა, დღევანდელი რუსეთი სხვებისგან უკვე „ცალმხრივ სიყვარულს“ ითხოვს.
ანუ, მრუდედ განვითარებული და სისხლიანი ისტორიისა და შიმშილისაგან დაჩლუნგებული, „უკუღმა“ განათლებული და ისედაც დეზორიენტირებული ქართველი ხალხი, რომელსაც ილიამ „მტრის ვერმცნობი, მოყვრის მგმობი“ უწოდა, დღეს ჩვენს მეგობარ ამერიკა-ევროპაზე იმიტომ არის გაბოროტებული, რომ მათ არც უსაქმურები დაგვისაქმეს და კორუფციასაც დანაშაულად მიიჩნევენ - შორს ისედაც ვერ იყურება და პერსპექტივის დანახვის არც უნარი აქვს და არც სურვილი.
დღეს კი, ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ ხალხი საკაბელო არხებით უყურებს რუსეთის დღევანდელი ჩეკისტი იმპერატორის მიერ მართული ტელევიზიების უამრავ ტელეარხს, რომელთაგანაც ისმენს უსინდისო რუსი ჟურნალისტების პირით გადმოცემულ ცრუ ინფორმაციასა და მოვლენების უსირცხვილო ანალიზს, რომელთაგან ყველაზე მეტად გამოსაყოფია ის, რომ თურმე ომი საქართველომ დაიწყო, უკრაინაში კი ყველაფერი კარგად იყო - ამერიკა რომ არ ჩარეულიყო და რუსეთისათვის უკრაინის წართმევა არ მოენდომებინა (ამერიკა და რუსეთი საერთოდ რომ არ არსებობდეს, ნაძირალა იანუკოვიჩის რეჟიმი დასამხობი არ იყო?), რომ თურმე ყირიმი რუსეთის ყოფილა (ასე ხომ სოჭი უფრო იყო საქართველოსი, ხოლო ყირიმიდან სტალინს რომ თათრები არ გაესახლებინა - იქ რუსები უმცირესობაში იყვნენ, ისტორიულად კი ყირიმი რუსებამდე ათას ვინმეს ეკუთვნოდა) - და სხვა „ესე ამბები რუსული ქართულად ნათარგმანები“. და თანაც, ამას ისმენს ის ხალხი, რომელიც მხატვრულად რომ ვთქვათ, ძაღლის ყეფას ხედავს ქარავნის მიმართულებას კი - ვერა; რომელიც იმას ხედავს, რომ რუსი დონეცკში შევარდა, მაგრამ მთელი უკრაინა რომ დაკარგა - იმას ვერა; იმას ხედავს, აფხაზეთსა და ცხინვალში რომ რუსი დგას, მაგრამ დსთ - დან რომ მარტო საქართველო გავიდა და რუსმა პირველი საქართველო დაკარგა - იმას ვერა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, საბჭოთა კკავშირი რომ თავზე დაამხეს რუსს და მისი აღდგენა რომ „ცისფერი ოცნებაა“.
მოკლედ, ჩვენს სრულ ბედნიერებას კიდევ რუსული არხების მატება აკლდა და ესეც მივიღეთ. და ამიტომ, ასევე მოკლედ ვიტყვი იმას, რომ თუ რომელიმე ორგანიზაციებისათვის ეს ბიზნესია, მაშინ მთავრობამ მათ უნდა აუკრძალოს ქართველების ტვინის დაბნელების ხარჯზე ფულის შოვნა, ხოლო თუ ეს (ღმერთმა არ ქნას!) მთავრობის პოლიტიკის შედეგია, მაშინ მთავრობა ამ შედეგის შედეგზე დაფიქრდეს, თორემ ზემოთ ნახსენები ქართველები ახლა თუ ვერ ხედავენ, მერე მართლა ნახავენ როგორი „მართლმადიდებელია“ დღევანდელი რუსეთი, რომელიც მართლმადიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ებრძვის და რომელსაც მართლმადიდებლობის მტერი ლენინი დღემდე მავზოლეუმში უდევს ფარაონივით, რუსეთის პატრიარქად კი რუსეთის მეგობარი ჩეკისტი უზის.
თავის დროზე ბოლშევიკებს მილიონობით მათზე უკეთესის დახოცვა იმისთვის დაჭირდათ, რომ მაშინ ხალხის აზრის შეცვლის სხვა მოკლე გზა არ არსებობდა, დღეს კი ტელევიზიის საშუალებით უსისხლოდ შეიძლება მილონებისთვის ტვინის გადაბრუნება, მით უმეტეს მათი, ვინც ისედაც სიცრუეში გაიზარდა და პუტინის მონათხრობ „სიბრძნე-სიცრუისაში“ სიბრძნეს ხედავს და სიცრუეს ვერა. მაგრამ ასეთი - ჩვეულებრივი ხალხი შეიძლება იყოს, სამთავრობო ორგანიზაციები კი - არაფრით!
პარლამენტის ტრიბუნიდან ხშირად მესმის ის, რომ რუსები თბილისიდან ორმოც კილომეტრში იმყოფებიან, მაგრამ ის ჯერ არ გამიგონია, რუსეთი თავის ტელევიზიების საშუალებით რომ თითქმის ყველა ქართულ ოჯახშია შესული.
მოკლედ: ვისაც პუტინისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეუწყობს მას. და ამიტომ, რუსეთის ტელეარხები - სიანფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების დროს უნდა გაითიშოს!
P.S.
მორის ანდრია მენაბდეაპრილი, 2015 წ. თბილისი
რუსეთის მორიგი „დაჩმორება“ და თავისი 85%-იანი რეიტინგი 15 წლის წინ НТВ- ს დარბევით დაიწყო.
იცის კაცმა ტელევიზიის ფასი...
მიმდინარე წლის 22-23 მარტის ღამეს და 23 დილას (განმეორებით), ხუთი საათის განმავლობაში ტელეარხ „ობიექტივიდან“ პუტინი გველაპრაკებოდა!
(მომეცით მოსკოვის ეთერი ხუთი საათით და მე მოვაწყობ რუსეთში „დათვების რევოლუციას“!); რუსული სატელევიზიო არხების მომრავლებაზე ჩვენთან ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ( თავისი პათოლოგიური ზიზღით გაჟღენთილი სიფათებით - კისილიოვისა, ლეონტიევისა და ვინ მოთვლის კიდევ ერეკლეს ტოტლებენიდან დღემდე..)
შედეგად, სულ უფრო მეტი და მეტი ქართველი ნატრობს, როდის დაიქოქება რუსული ტანკები ცხინვალში... ამოცანა გვეკითხება - ხომ არ გადავცეთ უსაფრთხოების, უშიშროების და კონტრდაზვერვის სახელფასო ფონდები განათლებას? ვინც იტყვის, ასეთი ნაბიჯისთვის მეტი სამხილია საჭიროო, შევადარებდი ქმარს, რომელსაც ურჩევენ მოიშოროს ცოლი, რომელიც, აი, გუშინ ვიღაც კაცთან ერთად შევიდა ამა და ამ სადარბაზოში, სადაც მალე მეორე სართულზე სინათლე აინთო და ფარდებზე ლანდები აისახა; შემდეგ კი სინათლე ჩაქრა.
მერე, მერეო? - იკითხა ქმარმა.
მერე სიბნელეში რაღას დავინახავდითო - უპასუხეს.
აი, ხომ ხედავთ, ისევ ეჭვები, ისევ ეჭვები- აღშფოთებული იყო ქმარი.
კარგად ბრძანდებოდეთ საქართველოს ქამარშემოშვებულო ხელფასიან - დანამატიან - პრემიებიანო ხელისუფალნო.. პუტინი თბილისში კი არა, ჩვენს სახლებშია...
------------------------------