„ბონატის” თხილი ამერიკულ ბაზარზე გავიდა
on: ოქტომბერი 10, 2015In: ბანკები
თბილისი (BPI) – თხილის გადამამუშავებელი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი” საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. როგორც „კომერსანტთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, კომპანია უმეტესად ექსპორტზეა ორიენტირებული.
„პროდუქციის ძირითად ნაწილს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში ვტვირთავთ. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის შეძენა ქსელურ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. სხვადასხვა სახის თხილი შეგვაქვს სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეებშიც, სადაც მოთხოვნა საკმაოდ დიდია”, – აცხადებს ბაია სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ საექსპორტო ქვეყნებს შორის არის ჰოლანდია, კანადა, ამერიკა ჩინეთი და სხვა ქვეყნები.
„ამერიკაში ახლახანს გავიტანეთ პროდუქცია. ტრანსპორტირებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, 24 ტონა თხილი უკვე გადავტვირთეთ და ხარისხის თვალსაზრისით, ამ ბაზრის მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილეთ”, – განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.მისივე თქმით, საექსპორტო ბაზრების გაფართოება მომავალშიც იგეგმება და კომპანიის პროდუქციით საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან არის დაინტერესება.
„რამდენიმე დღეში გერმანიაში მივემგზავრებით, სადაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე ჩვენი სტენდი იქნება წარმოდგენილი. ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდეგ ჩვენი მომხმარებლების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება”, – ამბობს ბაია სალუქვაძე.
ამ დროისთვის, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 80% საექსპორტოდ არის განკუთვნილი, 20% კი ადგილობრივ ბაზარზე ნაწილდება.
„საექსპორტო ქვეყნებიდან მოთხოვნა დიდია. აქედან გამომდინარე, უმეტესად ექსორტზე ვართ გადასულები. თვეში მინიმუმ 500-600 ტონა თხილს ვაწარმოებთ და პროდუქცია მასობრივად ექსპორტზე მიდის. ამის მიუხედავად, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ბაზრის მომარაგებაც, თუმცა ექსპორტის მსგავს მასშტაბებზე, ცხადია, საუბარიც ზედმეტია”, – ამბობს ბაია სალუქვაძე.კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსი” ბრენდით „ბონატი” დაფასოებულ თხილს აწარმოებს. „ბონატის” 50 გრამიანი თხილის გული საცალო ბაზარზე 2 ლარი ღირს, 125 გრამიან შეფუთვებში დაფასოებული დამარილებული ნაჭუჭიანი თხილის ფასი კი 4 ლარამდე აღწევს. ბრენდირებული თხილის გარდა, კომპანიას ექსპორტზე სხვადასხვა კალიბრის ნატურალური, ბლანშირებული, დაქუცმაცებული თხილი გააქვს.
კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, თხილის ხარისხი მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადამუშავდება.
„მხოლოდ მაღალი ხარისხის თხილს ვიღებთ, რადგან შემდგომ ბევრი დანაკარგი არ გვქონდეს და კარგი ხარისხის პროდუქცია გამოგვივიდეს. რეგულარული მომწოდებლები გვყავს, რომლებთან ერთადაც მაღალი ხარისხის პროდუქტს ვქმნით”, – აცხადებს ბაია სალუქვაძე.
„ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის” მსგავსი პროდუქცია მხოლოდ თურქეთში იწარმოება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე აღნიშნავს, თურქულ პროდუქტს კომპანია დაბალი ფასებით და მაღალი ხარისხით უწევს კონკურენციას.
„ჩვენთან ნედლეული უფრო იაფი ღირს, ვიდრე თურქეთში. ქართული თხილის ფასი ყოველთვის 70-80 ცენტით უფრო ნაკლებია. ხარისხი კი, ფაქტობრივად, თურქულის თანაბარია. პრიორიტეტი მაინც ხარისხია – გერმანიაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში ვერ გაყიდი პროდუქციას თუ იმ ხარისხს ვერ აკმაყოფილებ, რასაც თურქეთი. აქედან გამომდინარე, კლიენტისთვის ჩვენი ფასიც და ხარისხიც მისაღებია”, – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. განხორციელებული ინვესტიციის მთლიანი ოდენობა მილიონ ნახევარ დოლარს აღწევს. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში 391 166 აშშ დოლარის სეხხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 ათას 932 აშშ დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის, სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები.მომავალი სეზონისთვის კომპანია ბევრ სიახლეს, მათ, შორის, საწარმოს გაფართოებას და თხილის საკუთარი პლანტაციების გაკეთებას გეგმავს.
http://bpi.ge/index.php/bonatis-tkhili-ame...bazarze-gavida/ეს თემა იმათთვის, აქ ძალიან რომ დასცინოდა მთავრობის შეღავათიან აგროკრედიტებს