nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#26013933 · 16 Jun 2011, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო ლინკები დავდე უკვე. ამაზე საინტერესოდ კი ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე ჯერ არვის უსაუბრია:
აღსარებანი (ნე)ტარიელ ღვთისმეტყველისა, აღნუსხულნი თედო იაშვილისა მიერ
(ციკლიდან ,,ჭანტუროლოგიური შტუდიები'')
1. პროლოგი მთაზე
ცოტაც და, 75 წლისა შევსრულდები.
რამდენ რამეს მოვესწარი! რამდენ რამეს შევესწარი! რამდენ ვინმეს გავასწარი! რამდენს რამდენთან მივასწარი! . . . მწვერვალზე რამდენს ავასწარი!
ვზივარ ახლა ამ მწვერვალზე და ვიცქირები დაბლა. რამდენი ცდილობს აქ ამოღწევას, რამდენი შემომნატრის, რომ ხედავს, ამ სიმაღლეზე როგორ
ვცხოვრობ უფლის ნებით, ვცხოვრობ ჩემი ვნებით. ძველ და ახალ აღთქმით. ძველ და ახალ ნეპით.
ქართული ზღაპარია ერთი, ობოლი მიდის და გზადაგზა ხახვის ფურცლებს ყრის, არ დავიკარგოო. ასეა ჩემს ნავალზეც დაფურცლული ჩემი წიგნები, ასე, ოცდაათამდე. დავყვები აწი ამ ფურცლებს ზევით-ქვევით, მე რა დამკარგავს!
პანთეონსაც ვესტუმრები - ხან - აკაკი, ხან - ვაჟა ვარ! ვარ დამწყები მთაწმინდელი - ავალ-ჩავალ! ავალ-ჩავალ!
ოცდაათ წიგნში ხუთასამდე ლექსი მაქვს, ღმერთს, ბიბლიას, ასე ვსთქვათ, რწმენას რომ ეძღვნება. ეჰ, რა უჭირს რუსთაველს! დაჯდა ვიქტორ ნოზაძე და მიაყოლა ერთმანეთს ~ვეფხისტყაოსნის~ მზისმეტყველება, ფერთამეტყველება, მიჯნურთმეტყველება, ღვთისმეტყველება... ვინაა ჩემი - ~რუსთაველის შვილის შვილის შვილის შვილის~ - თუნდაც ღვთისმეტყველების დამწერი? სცალია ამისთვის ქართულ კრიტიკას, ბრმა ისააკივით ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია ესავი და იაკობი? ვინ ამცნობს ~ყველაზე დიდ მსაჯულს - ქართველ მკითხველს~, რომ თუ რუსთაველმა ~ესე ამბავი სპარსული~ გალექსა, არც მე დამიზოგავს თავი, ფრანგულიდან რუსულად და მერე ქართულად ნათარგმანები ~სახალისო ბიბლიისა~ და ~სახალისო სახარების~ გასალექსად. მაგრამ გალექსვაც ხომ არის და გალექსვაც! რამდენი რამ შევმატე ლეო ტაქსილის ~ამბად ნათქვამს~, როგორ გავამდიდრე! ორმოცი წელი შევალიე ამ საშვილიშვილო საქმეს და ახლა, სანამ დაისმება ბოლო წერტილი, კაცი-სპონსორი არ ჩანს, ერთ წიგნად გამომაცემინოს ამხელა ნაამაგარი. სათაურის ვარიანტებიც კი მაქვს მოფიქრებული: ~სახალისო ბიბლია, აპოკრიფებითურთ~ ან ~ღმერთი და უკუღმერთი~. ისე, არც ~სუპერმატჩი~ ან ~სუპერკაზინო~ იქნება ურიგო. დახედავს ყდას მკითხველი, წამსვე გაახსენდება როკ-ოპერა ~სუპერ სთარი~ და ანოტაციაში ჩაუხედავადაც მიხვდება, რა ძღვენიც მოვუმზადე... ასეთი წიგნი დიდი ტირაჟით უნდა გამოიცეს, - აი, კომუნისტების დროს რომ გამოდიოდა ჩემი კრებულები, ისეთით; ყველა ქართველის ოჯახში უნდა დაიდოს ბინა! ასე და მხოლოდ ასე შევძლებ სამარადისო სამსახური გავუწიო ერსა და სარწმუნოებას, ჩემებურად, ტარიელურად! რამდენი კაცია საქართველოში, დღემდე რომ ვერ გაურკვევია, რას ნიშნავს ქრისტიანობა ჩვენთვის! ამათგან ნაწილმაც რომ წაიკითხოს ჩემი წიგნი და აღშფოთებულმა ენის, მამულის და სარწმუნოების მგმობელად, მკრეხელად გამომაცხადოს, ხომ აღშფოთდება მათი მსმენელიც და ხომ მოინდომებს, არამც და არამც არ იყოს ჩემნაირი?! ჰოდა, თუ აღარ შეეხება ღმერთსა და წმინდა წერილს ჩემნაირად, ხომ უფრო განმტკიცდება სარწმუნოებაში?! აი, ამაშია საქმე!
2. გაორ-გაოთხებული...
რანაირ მეტამორფოზებს არ გადის ადამიანი ცხოვრების მანძილზე! აი, მე, მაგალითად, ვიყავი ერთი პოეტი, ტკბილ ხმათათვის გამოგზავნილი ამქვეყნად; ვწერდი ხან ამის, ხან იმის მიბაძვით. რა გვქონდა გასაყოფი - ქვეყანა იყო ერთიანი, მონოლითური და საბჭოურად მონოლითური ვიყავი მეც. კი მაწუხებდა პატარ-პატარა შინაგანი წინააღმდეგობები, მარა ეტეოდა ეს ყველაფერი მონოლითურობის ფარგლებში. თავიდან ათეისტივით ვიყავი, მაინც ხათრიანად ვახსენებდი ღმერთს, მერე, სამოცდაათიანი წლებიდან მედგრად, პრინციპულად ჩავდექი უღმერთობის სამსახურში! ათი წელიც არ იყო გასული და - თითქოს ჩემს ჯინაზე! - ეკლესიისკენ დაიძრა ხალხი, დაიწყო საყოველთაო პირჯვრისწერა და ლიტანიობა. შევატყვე, მარტო ვრჩებოდი, სრულიად მარტო და ე, მაშინ ვინატრე სწორედ:
მარტოობამ მომკლა - ვყოფილიყავ ნეტა... ორი! - ან ეს ძილი რაა, ან ამდენი შუაღამე! ღმერთო, დარდი ჩემი სიხარულებს შეუხამე!
მისმინა ღმერთმა! გავიღვიძე ერთ დილას და ვგრძნობ:
მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული. მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...
წამება ყოფილა ეს გაორ-გაოთხება, მაგრამ ხომ უნდა მეთქვა მაინც მადლობა შემოქმედისთვის, რომ მისმინა... თან მისი მფარველობის გარანტიაც ხომ უნდა გამენაღდებინა?
ბოლოს მაინც ერთი ვარ - შენგან გაორებული, და შენ - ხსნა და ნუგეში - ისევ გვერდით მეგულვი...
ვერ გავუძელი ამ წამებას. ვისაც არ გამოუცდია, როგორია, შენი მეორე ~მე~ შენზე სინდისიერი რომ გამოდგება, ყველა ნაბიჯზე რომ გიკიჟინებს, ~ერესია მაგი, ერესიო~, ის ვერ გაიგებს, რა ნეტარება განვიცადე შემოდგომის ერთ ღამეს და როგორი მსხვერპლის ფასად მოვიპოვე სანუკვარი თავისუფლება:
მივწვდი იმ ჩემს მეორე მეს ცხრა ნოემბრის ცივი ღამით, გავუჩეხე თავი ორად, ზღვაში მოვისროლე გვამი!
მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა? ირიჟრაჟა და რას ვხედავ! ისევ აქ არ არის ჩემი მეორე ~მე~?! თურმე სიბნელეში ნომრები ვერ გამირჩევია და მესამე ~მესთვის~ გამიჩეხავს თავი, საღსალამათი #2 ~მე~ კი ისევ თავზე არ მადგას?! არის ამის მერე ღმერთი ქვეყანაზე?!
3. ,,ტოგუ-ბოგუ'' ანუ ცარიელ-ტარიელი
არ თქვას ვინმემ, რომ საკუთარ სახელზე ძვირფასი და ახლობელი სიტყვა ეგულებოდეს ადამიანს. ასეა ჩემთვის ჩემი სახელიც. ტარიელი, ტარია, ტარიკუნა, ტია-ტია... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა: დავიწყე ~სახალისო ბიბლიის~ კითხვა და... პირველსავე გვერდზე, თანაც ორჯერ(!) საკუთარი სახელი შემომეგება! იცით, რას ნიშნავს ძველებრაულად ~ტოგუ-ბოგუ~? ჩემი რუსულით, ჩემებურად მე ასე ვთარგმნე: მოსასხამი (ანუ ტოგა) - ღმერთს! არადა, რა ყოფილა, თუ იცით? - ~უთავბოლო, ცარიელ-ტარიელი~. ასე რქმევია ჯერაც უფორმო მატერიას - ქაოსს. უფრო სრულად: ~ცარიელ-ტარიელი, უთავბოლო, უსაძირკვლო და უსახურავო, ცივი და სველი~... (ლ. ტაქსილი, სახალისო ბიბლია, თბ., 1973, გვ. 25). მთლად ჩემი და ჩემი შემოქმედების მოკლე დახასიათებასავით არ გამოდის?! თვითირონია კაცს არ კლავს. მეც რამდენჯერ გამირითმავს ,,ტარიელი'' ,,ცარიელთან'':
და ხელს უფლისაკენ სამათხოვროდ გაწვდილს - საღამოხანს ისევ ხედავ ცარიელს... ის ბორკილი - გაცვდა! მაგრამ შენც ხომ გაცვდი? გახსოვს? - შეცვლილხარო, ჩემო ტარიელ...
მოკლედ, მივხვდი, ეს წიგნი ჩემთვის და ჩემზე რომ იყო დაწერილი და სამაგიდოდ კი არა, სულის წიგნად მექცა. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდებისო... - დააჩნდების და მორჩა! ასე დამაჩნდა ადამისა და ევას - ჩემი წინაპრების - სახალისო ამბავი. ასე ვიქეცი ევას მარადიულ ტრფიალს რომ იტყვიან, სწორედ იმად. თითქმის ორი დუჟინი ლექსი ვუძღვენი ნეკნს, მაგრამ ყველას კვინტესენცია აქ არის, ამ ერთში:
ერთ მშვენიერ დღეს ევამ ადამი შექმნა ნეკნიდან! (რომ არ შეექმნა ევას, ალბათ ადამი შექმნიდა!) ... გამოაძევა ღმერთმა, სუ კეტით გამოეკიდა და ტყვიაგაუმტარი ედემს კარები შეკიდა!
ევას, ალბათ, ადამი შექმნიდა-მეთქი, კი ვთქვი ლექსში, მარა რისი შემქმნელია, თუ კაცი ხარ!
მოყვარული ღმერთის ნახელავი გახლავთ ადამი! ამიტომ აქვს ბატონ ადამს ამდენი ნაკლი. მთელი უბედურება ღმერთისაგან იღებს სათავეს - მოყვარულმა ღმერთმა მეტი არ იცოდა. ... პროფესიონალ ღმერთზე ასეთი რამ არასოდეს დამცდენია!
მართალია ლეო ტაქსილი, მამაღმერთს რომ უდგას კრიჭაში. ნუ დარგავდა ბაღში იმ ხეს ღმერთი და დავისვენებდით ყველანი. აღარ მოკბეჩდა ევა ვაშლს და აღარც ტაქსილი შეასხამდა სახალისო ხორცს ამ ბიბლიურ სცენას: ~ - ჰაი, ჰაი, ჰაი, რა გემრიელია! რა წვნიანი ყოფილა! აჰ, იმ ბებერმა უფალმა როგორ აგვიკრძალა ამისთანა ვაშლის ჭამა!~ (სახალისო ბიბლია, გვ. 43). უტაქსილოდ ჰაი,ჰაი, რომ ვერც მე წამოვგორდებოდი ვენახის ბოლოს გულაღმა, ვეღარ დავტკბებოდი ამ მიწიერი სამოთხით:
ჩახუტებია მტევანი მტევანს. ბაჯაღლო მტევნის არ არის ტევა! სხვა ნაყოფისთვის აქეზებს ადამს სხვა სამოთხეში შესული ევა. ... მიფარავს მზისგან ვერხვი წახრილი. თივის ბულულზე გულაღმა ვწევარ და სიზმრებიდან მესმის ძახილი: - ევაა! ევაა! ჰაი, ევაა!
ნეტარი ძილბურანიდან გამოფხიზლება რომ არ მეზარებოდეს, ღირსეულ აპლოდისმენტს არ დავიშურებდი იმ ერთი პერსონაჟისთვის, უხსენებლად რომ მოიხსენიებენ ჩვენში, მე კი ჩემი ერთი ლექსით - ~ბალადა ასიათას ნაკბენზე~ - საუკუნოვანი ტაბუც ავხსენი და მისი უთვალავი სახელიც შევაგებე საყვარელ მკითხველს. დიდება გველს! მის უმისოდ არც ღმერთს, არც ევასა და ადამს არაფერი გამოსვლიათ, და ლეო ტაქსილს ხომ, მით უმეტეს:
ტაში-ტაშ - ტაში-ტაშ! ტაში-ტაშ - ტაში-ტაშ! გველს - ადამის მეუღლის უპირველეს იპოსტასს!
სულ ამ იპოსტასის დამსახურება არაა, კაცობრიობამ ბოლოს და ბოლოს სანუკვარ მიზანს რომ მიაღწია? რომ, როგორც იქნა, ,,სხვა დრო დადგა და აბელმა იქეთ მოსდო კაენს შარი''?
განა მარტო კაენი კლავს, თუ დასჭირდა, აბელიც კლავს! კარგად იცი, რად მივსტირით ერთ შეცდომას ადამისას, ხილს ღვთაებრივს და შორეულ გაელვებას ედემისას...
აბელ-კაენზე ნაკლები, როგორც მე ნატაქსილარზე გამოვარკვიე, არც მათი შთამომავალი ნოე გამოდგა. ერთხელ წამომცდა ლექსში, ნოეს შვილის შვილის შვილის შვილის შვილი ვარ-მეთქი და მას შემდეგ, სადაც წამასწრებს, სულ ნოე-ნოეს ძახილით ~მომდევს კამეჩი: სად მე... სად ნოე...~ ახსოვს ალბათ მასაც - იმ ბიბლიური კამეჩის შვილის შვილის შვილის .... და ასე შემდეგ, შვილს, - მალ-მალე რომ ავალებდა ნოე ყველას:
- გადაიხედეთ ბრმა კიდობნიდან, თეთრი ფრინველი ხომ არ მოფრინდა.
რა იცოდა ან კამეჩმა ან ძველი აღთქმის დამწერმა ნოე-პატრიარქის მოუთმენლობისა და წუხილის ნამდვილი მიზეზი. ეკითხათ და ვეტყოდი:
შიშხინებს ცეცხლზე ტრედი, რომელმაც შტო ზეთისხილის მოიტანა: წითელ ღვინოსთან ბატონ ნოეს ფრინველის ხორცი ჰყვარებია!..
ეს რაა, მარტო ,,ნეო-ნოე'' კი არა, მთელი ნეო-ბიბლია მაქვს ჩემი უფლის კარნახით დაწერილი. ტყუილად კი არ მეძახიან ტარიელა-მახარობელს! სხვას ვის მოლანდებია ,,სახე გაღიმებულ უფლის''?!
4. ,,მაინც რა ჰქვია ჩემს ღმერთს სახელად''?
რამდენი ვიჯახირე, რამდენი ვიჩალიჩე და რომ ვუფიქრდები ახლა, ჩემი ღმერთის ძიებაში მაქვს გალეული წუთისოფელი. სად არ ვიხეტიალე მის მისაგნებად! მინდოდა გამეგო -
ნეტა ვინ კერავს, ანდა სად კერავს ამ ცას, ამ დილას, ამ ცისარტყელას! ეს გათენება ვინ გაიღიმა, ანდა რა ჰქვია იმ ღმერთს სახელად!
ერთხანობას ისიც ვიფიქრე, ჩემს ღმერთს თვალიფშვნეტია ერქვა, როცა დავლანდე, რომ
ვარსკვლავების თათბირის წინ ღრუბლის ღმერთი იფშვნეტს თვალებს!
მერე ვნახე, ფშვნეტა სხვა ღმერთსაც ნაყვარება, ოღონდ - ხელების:
გაზაფხულდა. მამაღმერთი ხელებს იფშვნეტს: ,,ესეც ასე!''
მარტო ცაში კი არა, ~შავ ზღვაში - ღმერთების აბაზანაშიც~ დიდხანს ვყვინთე და ლამის გაშმაგებული ტალღა-ბიზონის წერა შევიქენი ჩემი ღმერთის ძებნაში. ამოვაღწიე გაჭირვებით ნაპირზე, შევედი იქვე, ბარში და რას ვხედავ, აქ არ ყოფილა ყველა ღმერთი?!
ისმის ქუხილი: მიუჯდა ზევსი დასარტყმელ ინსტრუმენტს. შვიდის დათვლაში წამოხტა ქრისტე გამსკდარი წარბით... . . . ღვინისმოძულე ალლაჰი შეშინებული გარბის.
ამ ღვთაებრივი ბაკქანალიის შემხედვარენი -
ისხდნენ ქრისტიანები - სასოწარკვეთილები! ისხდნენ მუსულმანები - ასოწარკვეთილები!
ბოდიში, ~წინადაცვეთილები~ უნდა მეთქვა მუსულმანებზე, მაგრამ რითმამ მოითხოვა ასეთი მსხვერპლი. ვიცი, არაა საპატიებელი ეს რელიგიური ტოლერანტობის ეპოქაში - განსხვავებული კონფესიის ხალხს ფრთხილად უნდა მიდგომა დღეს... ევროპაში ისე ვინ შეგვიშვებს! პირადად მე აღარც მუსულმანურ აზიაში უნდა შემესვლებოდეს ამის დამწერს, მაგრამ ჩემიანი მკითხველის იმედი მაქვს ისევ - არ გამამხელს უცხოებთან, გამიგებს და მაპატიებს ყველაფერს. ისე, საბოლოოდ ყველა ჩემიან-ჩვენიანი არაა ამქვეყანაზე? რამ გაგვყო ჩვენ და მუსულმანები?
კარგად იცით, რომ ამქვეყნად ღმერთიცა და ალლაჰიც ზელენ ერთი, ერთადერთი, ერთნაირი ტალახით!
არ დამიწყოს ახლა ვინმემ, ალაჰი ღმერთია, ოღონდ მაჰმადიანების და ჯობდა დაგეწერა ~იაჰვეც და ალაჰიცო~... იმდენი სახელი აქვს მოყვარულ ღმერთს, სად ვდიო ყველას! მე პროფესიონალი, ანუ ჩემი ღმერთის სახელს ვეძებდი და ვეძებ, თორემ სულ თავზე არ მედგა მოყვარული ~ღმერთი - ყველაზე დიდი პროვოკატორი~? ამ ძებნაში გონება გამინათდა უცებ: ~რას ნიშნავს ეტიმოლოგიურად სიტყვა უფალი? უფალი, ესე იგი ის, ვინც არ იფლება, ვისი დაფლაც არ შეიძლება, ვისაც არ ფლავენ! ამ თვალსაზრისით არსებობს ერთი მხრივ საფლავი, საფლავში ჩასაფლობი, ის, ვისაც ფლავენ და მეორე მხრივ ის, ვინც უფალია, დაუფვლელია, ვისაც არ ან ვერ ფლავენ! ღმერთი ცაშია, იგი არ კვდება, ამიტომ მას არ ფლავენ მიწაში, ის უფალია!~ თვალი გადავავლე ახლა ~დინოზავრდიზაინიანის~ ამ ადგილს და დამცხა. გონება გამინათდა კი არა, ეტიმოლოგიაშიც და ღვთისმეტყველებაშიც მაგრად ჩავფლავდი. აბა, რას დარბის ეს ხალხი შობა-აღდგომას იერუსალიმში ქრისტეს საფლავის მოსალოცად?! თვითონვე მაინც არ მეთქვა:
ქრისტეა თუ ბარაბა - მიწას მიებარება! მიწას თუ მიებარა, თვალსაც მიეფარება...
რა გამოდის აქედან, ქრისტე არ ყოფილა უფალი? რაღაზე მოვიკალი თავი, რამდენჯერ დავიჩემე ლექსებში, მაინცა და მაინც ჯვარცმული ღმერთი ვარ-მეთქი: აი ასე - ~უფალი _ კრედიტ-კარტა~ ყალბი გამომადგა! მკრეხელობაა ასე ფიქრი? მკრეხელობა თქვენ ქართულ ~მითოლოგიურ ლექსიკონში~ ნახეთ, უფალი უფალოსოს ნიშნავსო, რომ წერია! საცოდაობა არ იქნება, მე მაჰმადიანების დასაჭურისება-ასოწარკვეთა მომეკითხოს და ზოგს ღმერთის დასაჭურისება შერჩეს? ვინ წყვეტს ამ ამბავს ნეტა ცაში? არა, მაინც ,,რა ჰქვია ჩემს ღმერთს სახელად?''
5. ,,უფალსა და ეშმაკს შუა''
რაც კაცობრიობას დღემდე სჭირდა, სულ იმ მიზეზით იყო, საერთო ენა რომ ვერაფრით გამონახეს ღმერთმა და სატანამ უჩემოდ. მერედა, რა ჰქონდათ გასაყოფი? - ადრევე ვიფიქრე ამაზე მე. ვზივარ ერთხელ ბიბლიური ფიქრებით გართული ჩემთვის, ტყემალზე, და შევცქერი სიმწიფეში შესულ ბლებს. შემშურდა, ცოტა არ იყოს, მათი:
თქვენმა წვერომ იცის ღმერთი და ფესვებმა - უკუ ღმერთი! თქვენ არ იცით, რაა შური და ღალატი უკუღმართი! ... თქვენს ცხოვრებას ვენაცვალე უხინჯოს და უპრობლემოს!
აბა, სად ბლების უპრობლემო ყოფა და სად - ჩემი გაწამებული ცხოვრება: -
უფალსა და ეშმაკს შუა დრო, განვლილი ბოლთის ცემით...
ბოლთისცემით დაღლილ ფეხებს წვეულებაზე ერთი მეორეზე გადავიდებდი თუ არა, მომიჯდებოდა ვინმე კევიღეჭია და გამიმართავდა ტესტირებას:
- რომელის უფრო მეტი გწამთ ქვეყნად: ღმერთის? ეშმაკის? ეშმაკის? ღმერთის?
რა დიდი ტესტირება სჭირია ამის გაგებას - ორივესი მწამდა მუდამ და ეს იყო სწორედ, რომ მიკარგავდა მოსვენებას. გულის წასვლამდე მივსულვარ კაცი, გამიხელია მერე თვალი და რას ვხედავ!
ცალ პულსს - ღმერთი მისინჯავს, ცალს - სატანა ბილწი...
~ბილწი~ კი ვკადრე ახლა-ამწუთას სატანას, მაგრამ ბილწად არ ჩამითვლია არასოდეს. ისევე, ჩემ ჭირად, მისმა მოჩენილმა რითმამ მიყო ეს ამბავი, ~დამხობილ ცის~ და ~ბილწი~ რომ წაუწყო ერთმანეთს. სატანას, ჩვეულებრივ, ბოროტი უფრო ეთქმის, ისიც - პირობითად, რადგან, რომ არ უნდოდეს მამაზეციერს, გააჭაჭანებდა ბოროტს ამ ქვეყანაზე?!
ურჩხულს რომც მოერიო და მოუღო ბოლო, ნანგრევიდან თვით ღმერთი გააპარებს ბოროტს...
გამოცდილი მაქვს მე ეს ამბავი, ვიცი:
...პირობები თუ იქნება სათანადო, შესაძლოა, თვითონ ღმერთიც გადაიქცეს სატანადო.
ყოფილა შემთხვევა, ღმერთ-სატანას ციური თამაშებისთვის მიდევნებია თვალი, აღტაცება ვერ დამიფარავს:
რა ყოჩაღია სატანა, ღმერთი რა უღმერთო არის!
ამან წამახალისა და მათი ~სუპერ-მატჩის~ გამართვა ჩავიფიქრე, მაგრამ ღმერთი გამიძალიანდა რაღაც. ჰოდა, მეც ერთ მზიან დილას
გამოვაბი უფალს ცისარტყელას ტროსი: სატანასთან უნდა მივიყვანო დროზე!
სატანამ - მე აგერ, თადარიგში დავჯდები, ძირითად შემადგენლობაში სულ დარჩეული ეშმაკები მყავსო. დაიწყო, მარა რა დაიწყო! ერთ მხარეს - ეშმაკების გუნდი, მეორე მხარეს ღმერთი - ერთი, განუყოფელი... ერთი ეშმაკი ყოჩაღობდა მაინც ნამეტნავად... ბოლო ტაიმში ვის საით რა გაჰქონდა, აღარ გაირჩეოდა... გამარჯვება ამჯერად ღმერთს ერგო! დაილოცოს, ფეხბურთო, შენი ძალა! მატჩის წინ ხომ იყვნენ სხვადასხვა კამანდაში ეშმაკები და ღმერთი, თამაშის შემდეგ ისე დაახლოვდნენ, -
ეშმაკებმა გამარჯვებული ღმერთი მაღლა შეისროლეს ც ა შ ი
მანამდე ერთი რამ კიდევ მოასწრო უფალმა - იმ ყოჩაღ ეშმაკს, ბომბარდირი რომ იყო, ,,მაიკა'' გაუცვალა ანუ
თამაშის შემდეგ ღმერთმა და ეშმაკმა მაისურები გაცვალეს!
ასე უნდა სატანას, თადარიგში რომ დაჯდა! ხომ ერგო ღმერთის მაისური ცხრა ნომერ ეშმაკს?! მივიდეს და გახადოს, თუ ბიჭია!
ვისაც უნდა, ერთხელ მაინც დაინახოს უფალი - გრანდ-ოპერის ფარდასავით გადასწიოს ღრუბელი...
შეხედეთ, დასტკბით, როგორ შვენის ღმერთს ეშმაკის მაისური და ამ საქმეში ნურც ჩემს პოეტურ ღვაწლს დაივიწყებთ! ისე, ღმერთს ეშმაკის მაისურს ალბათ სატანასი ერჩია, მაგრამ მაცადოს პაწა! შევთავაზებ სატანას მასთან ერთი-ერთზე თამაშს - ჩემი ხელობა სხვა კი აფერია!
6. ,,მამა, ძე და სულიწმინდა''
ერთი ძველი ანეკდოტი თუ იცით? ათეიზმის გაკვეთილის ბოლოა. მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს: გაიგეთ ხომ, ღმერთი რომ არ არსებობს? აიხედეთ ახლა ზემოთ და ყველა ერთად დაეღრიჭეთ! არის ერთი ღრეჭა-კრეჭა. ზის თავისთვის დანიელა-ურია თავჩაქინდრული. - შენ რატომ არაფერს შვრები? - ეკითხება მასწავლებელი. - თუ ღმერთი არ არსებობს, ვის დავეღრიჯო და თუ არსებობს, რატომ დავეღრიჯო? არ ღირს წყენინება.
ჩემზე არანაკლებ იცი, დანიელა, შე ურია, - სისხლი ჩემი, სისხლი შენი ღმერთმა რისთვის შეურია!
შენსავით არ ვარ მეც ამ ბოლო დროს?! ოღონდ - პირიქით. ამ სიბერეში მოვინათლე კიდეც. იმის მერე რამდენი დავინახავ იმ მღვდელს, ერთი სული მაქვს, კაცურად ჩამოვართვა ხელი, გავახსენო:
რომ გეამბორე და მირონი რომ მცხე და ღმერთს რომ ვუსმენდით და თავს რომ გვადგა მცხეთა - მე ის წამი მახსოვს, ის კაშკაშა ცა და სამოსელი უფლის - იმ ცასავით სადა!
არა მგონია, არ გაუხარდეს, რომ გაჭრა იმისმა მირონმა:
დავანებე თავი თრობას. ვისმენ კონდაკს, ვისმენ ტროპარს, ვით ვუძლებდი, ნეტა, დღემდე უსაყდრობას, უსანთლობას... სხვა ცხოვრებას ახლა ვიწყებ - სანთელს ვანთებ; ზეთი ვიცხე...
დავდივარ ასე, ზეთცხებული:
გატენილი მაქვს თავი ხატებით - მეც უფლის სახედ დავიხატები...
თუა სადმე ღმერთი, ხომ დამინახავს, მის სახედ როგორი დახატული ვარ - დამინახავს და დამიფასებს, აბა, რას იზამს!.. და თუ არ არსებობს, ახია მასზე ყველაფერი, რაც მითქვამს და დამიწერია აქამომდე, და ისიც, რასაც აწი დავწერ! არაა მთლად ჩემი ბრალი, გაორ-გაოთხილი კაცი რომ ვარ. აგერ ახლა, ჩემმა მეორე ~მემ~, ჩასაფრებული რომ მყავს ჩაფარივით, ასე დამამუნათა:
უფლის ტაძარს ეწვია? შუბლზე ზეთი იცხო, რო... აბა, რად სურს უღმერთოს, უფლის ხარჯზე იცხოვროს!
ჩემო ძვირფასო და ღრმად პატივცემულო მეორე ~მევ~! უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე საბოლოო ვერდიქტს გამომიტანდეთ, მომისმინოთ ერთხელ, გულდასმით და დაფიქრდეთ, მაქვს თუ არა მე უფლება, ვითხოვო და მოვითხოვო უფლის შემწეობა. დღეს და ყოველთვის, - მთელი ჩემი შეგნებული პოეტური ცხოვრების მანძილზე! - არაფერი მიკეთებია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ღმერთისთვის ღირსეული პროფესიის შერჩევაა. ლეო ტაქსილი რომ წერს ~სახალისო ბიბლიაში~, უფალმა ადამ და ევას შესამოსად ტყავის ტანსაცმელი შეკერა და, ესე იგი პირველი საყასბოც მას გაუხსნიაო, ყასბად და თერძად ხომ არ დავაბერებდი მამაზეციერს! მართალია,
ადამიანის შექმნის წინ დაშვებულ შეცდომას - ფალ-სტარტს, ვეძახი ტიპებს: კაენს, იუდას...
და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი შეცდომა ხომ ეპატიება ღმერთსაც. ამის გამო დაუსაქმებელი დამეტოვებინა უნდა? ჯერ შინაურ სამუშაოებში გამოვცადე, დასაწყისისთვის ~პადსობნიკობა~ ვანდე:
მე ჩემი ჭკუით რაღაცას ვწერდი. მეხმარებოდა, ცხადია, ღმერთი!
მოკარნახეობაშიც არა უშავდა. ერთ დღესაც, ვხედავ,
მორჩილად ვიწერ ყველაფერს, რასაც მკარნახობს ღმერთი.
ბეჭდვასაც უცებ აუღო ალღო, განსაკუთრებით - პუნქტუაციას:
ქართლის მშვენებით გაოცებულმა - ღმერთმა ძახილის დასვა ნიშნები!!!
მერე... დღემდე ვერ გამიგია, რა ეწყინა ჩემგან ისეთი... ა-აა, მგონი, გამახსენდა - პატარაზე საოჯახოდ დავსაქმე: ~არ გვინდა, ღმერთო, მტვერსასრუტი, მოგვეცი, ღმერთო, მტერსასრუტი~-თქო, ეს ვუთხარი მარტო. გაიხურა სახლის კარი და წავიდა, დაიწყო ახალ-ახალი პროფესიების ძიება-ათვისება. ხან ფინანსისტ-ეკონომისტობა სცადა, მარა მალე ნახა ხალხმა, რომ
ღმერთს დავთრები ერევა შემოსავალ-გასავლის...
იფიქრა ალბათ მერე, ამდენ ანგარიშს ფოტოგრაფ-ოპერატორობა მირჩევნია, დავაჭერ ხელს, ~ჩხაკ!~ და მორჩაო და -
ცა, დახაზული მერცხლის კამარით, რაკი შხაპუნამ გადაიღო, მაღალმა ღმერთმა ფარულ კამერით ათასჯერ მაინც გადაიღო!
რაკი ეს ფარული საქმიანობა მოეწონა, წავაშველე ცოტაზე ხელი და საერთაშორისო დაზვერვაში გადაყვანა გავუხერხე. მცირე ხანს წყნარად მუშაობდა, მარა გაიშიფრა:
შავი ღრუბლების ჭუჭრუტანიდან - როგორც მსტოვარი გახვრეტილი გაზეთიდან - გვიყურებს იგი... ეცნო ვიღაცას!
მაშინ იყო სწორედ, სპეცდანიშნულების რაზმში სნაიპერობაზე რომ დავითანხმე, მაგრამ იარაღი გამოადგა ძველი, ჩამოწერილი. არც გაუსროლია იქ, ქვათახევის მონასტრის ,,პოლიგონზე'', ისე დატოვა -
და უცდის უფლის თითის შეხებას ჩაჟანგებული ბოლო სასხლეტი.
მერე ისევ დავეკარგეთ ერთმანეთს პაწახანს. ხდება ასე, თანამდებობაზე რომ გაიჩითება კაცი. შევაღე ერთხელ უთენია მორიდებით ,,ცა - ღმერთების ოფისი'' და აგერ არაა ,,ღმერთი-თავმჯდომარე''?
სიტყვა ეძლევა ბალახს! ... ამით კრება მუშაობას ამთავრებს!
მოსძალებია ღმერთის ხმას ბიუროკრატიული ტონი, გადაკვრია ცას შვიდფერი ცისარტყელა, -
როგორც ღმერთის ხაზგასმა... და უფლის რეზოლუცია.
მერე კი, იცით თქვენც, დრო მოვიდა ისეთი, კაცი არ დატოვეს თანამდებობაზე. ეტყობა, მასაც მისწვდნენ და გუშინდელი ნათავმჯდომარალი უცებ ,,დიდი შუამავალი'', ანუ მარებელი არ გახდა?! მიაწყდა მილეთის ხალხი:
რა იქნება - გაათხოვო, რა იქნება - შერთო! რა იქნება! არა მაინც რა მოხდება, ღმერთო!
ზოგიერთივით მეც ღრეჭას ხომ არ დავუწყებდი, გავახსენე ძველი ამაგი და პირდაპირ ვუთხარი, რაც მედო გულში:
ღმერთო, ჩემს დებს, ღმერთო, ჩემს ძმებს რა უღმერთოდ ჩაგრავ! ამის მერე? - მათ საქმეში უსათუოდ ჩაგრევ.
ასეც მოხდებოდა, მარა მოიწყინა ეს საქმეც. მიწამსვლელი ვგონივარ მე აქ უკვე ზოგიერთს და ავიწყდებათ, ჩემი ადგილი ცაში რომაა სამარადისოდო. დაიწყო ციური ალპინიზმის ხანა. ავაპარე ცისკენ თვალი
და მარადიულ საძილე ტომრებს ურიგებს ბიჭებს ღმერთი-ცამსვლელი.
ბოროტად რომ აღარ ვისარგებლო თქვენი ძვირფასი ყურადღებით, ჩემო პატივცემულო მეორე ~მევ~, მოკლედ შეგახსენებთ, რამდენს ვირჯებოდი, რომ უფლისათვის არა მხოლოდ შრომის, არამედ დასვენების ღირსეული პირობებიც შემექმნა. ძირითადი აქცენტი სპორტის აღმზრდელობით-გამაჯანსაღებელ თვისებებზე მქონდა გაკეთებული თავიდან. ვინ შეიძლება დაივიწყოს ,,სამ გუბეში სამი მთვარე - როგორც უფლის ჰედ-თრიქი'', ან ,,ღმერთი-გროსმაისტერი'':
ატარებს ღმერთი ერთდროული თამაშის სეანსს. სამნახევარ მილიარდ დაფაზე: ,,გროსმაისტერმა გაიმარჯვა ყველა შეხვედრაში!''
სხვა დროს გულაჩვილებული შევხაროდი, როგორ
თამაშობს ღმერთი ცაზე ბილიარდს. ,,ჩააგდებს'' ვარსკვლავს - კმაყოფილია...
ბილიარდი და ჭადრაკი კაი კია მარა, არაა მთლად ადვილი - ფიქრი, მეტიც, კონცენტრაცია სჭირია დიდი და ენერგია. დასასვენებლად ისევ ხელოვნება სჯობს ამას-თქვა, ვიფიქრე. სად მოგება-წაგებაზე დარდი და სად არღნის ტრიალი, და მეც უფალს მეარღნეობა შევასწავლე. მაშინ იყო სწორედ
ღმერთი - მეარღნე ძველ დედამიწას ატრიალებდა - ძველისძველ ,,პესნით''.
ასე, ღმერთზე დაუცხრომელ ზრუნვაში შემომელია წუთისოფელი. დავიღალე, ცოტა არ იყოს, მაგრამ რომ არ მანებებს მაინც მამაზეციერი თავს?
მოზიდა ღმერთმა ჩალა - ხურავს ქვეყანას ჩალით. მეც მატანს ღმერთი ძალას - მეც მამუშავებს ძალით: ... ნუ მამუშავებ ძალით!.. ღმერთო, ნუ მატან ძალას! -
ვეხვეწები ჩემს ,,რაბოტოდატელს'', მაგრამ გააგონებ რამეს? ამაოდ ჟღერს ცათა შინა ჩემი ,,სუპერმობილური ელეგია'':
უფალს ვერაფრით დავუკავშირდი - ან გამორთული აქვს, ან სხვაგან ვხვდები...
არადა, პატარა სახვეწარი მაქვს ასეთი:
იმის საკომპენსაციოდ - ამდენი რომ გაგიძელი - ხომ მეკუთვნის? ჰოდა, ღმერთო, გაიმეტე ასი წელი!
ასი წელი თუ არა, ჩემო პატივცემულო მეორე ,,მევ'', დარჩენილი დღეები რომ გავატარო უფლის ხარჯზე, არ მეკუთვნის? მამაღმერთის დასაქმებაზე და დასვენება-გართობაზე რაც ჯაფა დამადგა, ქვეყანამ თუ არა, თვითონ ხომ იცის.
* * * არც ქრისტეს პატრონობა გამოდგა ადვილი. ეს ხომ დურგალია, მარიამის შვილიო, მის დანახვაზე სინაგოგაში რომ გაიძახოდნენ ქალები, ბოლომდე დურგლობით გაიტანდა თავს? პური ჭირს ახლა, პური! - არსობის კი არა, არსებობის. რანაირად არ გაიზარდა ასორტიმენტი. აგერ, დახლზე დეპოს პურის გვერდით ქვის პურიც გამოჩნდა, მარა ვერა და ვერ დაპურდა დამშეული ერი.
როცა შენი სამშობლო შენზე მათხოვარია, ერთადერთი იმედი - ოდენ მაცხოვარია!
- მივხვდი ამას მე და ვიდრე საქმე-სათხოვარზე გადავიდოდი, მაცხოვარს ჯერ ქება შევასხი:
ვუმზერ გაოცებული შენს ღვთაებრივ აქციებს: წყალი - ღვინოდ, ქვა - პურად, დარდი - ლხინად აქციე... ... რაკი ყოვლისშემძლე ხარ, თუ ამდენი შეძელი, ბარემ ღლონტის ობოლსაც მიე ერთი ღვეზელი...
ამ საქმეზე უარს ნუ მეტყვი და ჩემი მხრით არც მე დაგრჩები ვალში-თქვა, ვუთხარი: შენს პურპროდუქციას რეკლამას გავუკეთებ იმნაირს, სხვისას კაციშვილი აღარ გაეკარება-თქვა, და სახელდახელო ტექსტიც იქვე წავუკითხე:
უფლის გამომცხვარი ჯობს - პური სულის არსობის! - შიში არ აქვს სულის პურს, არც ხავსის და არც ობის...
ფასს რაც შეეხება, ეს პური ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ბრუნვაზე მუშაობა ჯობს, აბაზი დავადოთ-თქვა და ამაზეც დავითანხმე. ასე გავიტანე ბაზარზე რითმის გამოისობით ერთ აბაზად არსობის პური და ქრისტეც აბაზად გავახაბაზე:
- ჭამეთ პური - ხორცი ჩემი! - ბრძანებს ქრისტე-ხაბაზი! ... ერთს რომ მილიონი აქვს და მეორეს - არც აბაზი!
ადვილად კი აუღო ძეღმერთმა ალღო მოდერნიზებულ წარმოებას. ადრე სეფისკვერი რომ ნაწილდებოდა სააღდგომოდ, ზიარებისას, ვისაც უნდა, ისევ სეფისკვერს დასჯერდეს. მე ქრისტე-ხაბაზის მიერ დამუშავებული ახალი რეცეპტურით გამომცხვარი ნაწარმით ხელდამშვენებული მივდივარ ზიარებაზე და ჩემსას გიახლებით:
მუხლს მოვუყრი ღვთისმშობელს - საქართველოს ნაღდ ქომაგს! ... უფლის საამებელად მეც წავატეხ თაფლისკვერს!
,,პრიანიკზე'' დასაყოლებლად სამამულო წარმოების გაზიანი სასმელიც მიმაქვს თან, პატარა ბოთლით. აბა, რა უბედურებაა მარტო სისხლი და ხორცი! შემომცქერიან მოღაღადე სულები და ნერწყვის ყლაპვით ერთმანეთს ეჩურჩულებიან:
საიდუმლო გაშიფრეს საიდუმლო სერობის! საიდუმლო არ ვიცით ჯერ ლაღიძის სიროფის!
არ იციან და მკითხონ! ნახონ ერთი, ქრისტესავით სულ იგავებით რომ ავქადაგდები! სასწაულს მომთხოვენ? მე თვითონ ვარ სასწაული! - ორმოცი წელიწადია, ცას და ქვეყანას ვატრიალებ ჩემი მკრეხელი ენით და ჯერ ბეწვიც არ ჩამომვარდნია თავიდან!
( გაგრძელება შემდეგ პოსტში)
This post has been edited by nino darbaiseli on 16 Jun 2011, 22:10
|