„ბიზნესი კომერციული ბანკების წნეხიდან უნდა გათავისუფლდეს" - სპეციალისტები ბანკების არაპროფილური ბიზნესიდან გამოსვლას ითხოვენ 15h ago
+-
საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალული აქვთ, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე. მათი უმეტესობას შექმნილი აქვს ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესში არიან წარმოდგენილები. საბანკო სფეროს სპეციალისტების თქმით, კომერციული ბანკები ფლობენ სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიებს, მათ კუთვნილებაშია სავაჭრო ობიექტები. „ბაზარზე ადგილი არ დარჩა, რომ ცალკეულმა სუბიექტებმა ბიზნეს აქტივობა დაიწყოს" - აცხადებენ სპეციალისტები.
კომერციული ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება ამერიკაში მცხოვრებმა ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან" ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჯანსაღი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების გზაზე.
„ქართულმა ბანკებმა მათ განკარგულებაში არსებული ფინანსური რესურსები (მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები; მოზიდული სახსრები, უცხოური ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები და ა.შ.) დააბანდეს სხვადასხვა ბიზნესებში, არასაბანკო სფეროში, მათ შორის, ნაკლებად მომგებიან ან მაღალ რისკიან ბიზნესებშიც. შეიძინეს ნაკლებად ლიკვიდური ან სულაც არალიკვიდური აქტივები, რის გამოც მათ შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემა. ანუ, რეალურად ბანკებს სესხის გაცემის რესურსი შემცირებული აქვთ, რის გამოც ისინი აწესებენ მაღალ საპროცენტო განაკვეთს", - განაცხადა ბასილიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ბანკებს მხოლოდ საბანკო საქმიანობის უფლება აქვთ - ანუ, შეუძლიათ მოქალაქეებისგან მიიღონ დეპოზიტები და გასცენ სესხები. სხვა კომერციული საქმიანობის უფლება ბანკებს არ გააჩნიათ. ასე იყო საქართველოშიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე. შეიძლება ითქვას, ამ ომმა ბანკებს „სულზე მოუსწრო", რომლებიც არასწორი მენეჯმენტის გამო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. კერძოდ, სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 4 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარებიდან საბანკო სექტორმა 1 მილიარ დოლარამდე დახმარება მიიღო.
„იმ პერიოდში ბანკებს მიეცათ ნებისმიერი სახის ბიზნესის კეთების უფლება. ამან გამოიწვია საბანკო სექტორის ხელოვნურად გაბერვა, საბანკო რესურსების არარაციონალურად გამოყენება და ხშირ შემთხვევებში სარისკო ბიზნესებში ჩადება, კონკურენციის შეზღუდვა, მონოპოლიების ხელშეწყობა და ა.შ. ჩემი აზრით, აუცილებელია ბანკებს კანონმდებლობით და თანაც, რეალურად ჩამოერთვათ არასაბანკო საქმიანობის უფლება; ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, კონკურენციის გაზრდას, საკრედიტო რესურების გაიფებას. გარდა ამისა, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჯანსაღი საბანკო სისტემის ჩამოყალიბების გზაზე", - განაცხადა ბასილიამ.
იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესში არიან, ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც იზიარებს. მისი თქმით, დღეს ეკონომიკას რომ კომერციული ბანკები მართავენ, ფაქტია და აუცილებელია, რომ კანონით მათ შეზღუდვები დაუწესდეთ.
„ბიზნესი კომერციული ბანკების წნეხიდან უნდა გათავისუფლდეს და საშუალება მიეცეს იგივე დეპოზიტარს, რომ საკუთარი სახსრები ბანკის გარდა სხვაგან, ალტერნატიულ ფინანსურ დაწესებულებაში დააბანდოს. მაგრამ ეს ალტერნატივა არ არსებობს, ბანკები ამას ეწინააღმდეგებიან. საფონდო ბირჟა თავიდან ბოლომდე ბანკებმა ჩაიგდეს ხელში და სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი ბანკის წარმომადგენელია. უნდა ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ეკონომიკა როგორც შეიძლება გაიხსნას, თორემ ეკონომიკა როგორ შეიძლება დაინგრეს, ამაზე ადვილი არაფერი არ არის.
„ჩვენ აქცენტი უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ბანკებს ჩამოვაშოროთ არაპროფილური აქტივები და რეალურმა, დარგობრივი ეკონომიკის სეგმენტებმა მოახერხონ კონკურენტუნარიანი გარემოში ახალ-ახალი ბიზნესის განვითარება. თორემ მშენებლობა, სამედიცინო სექტორი, განათლების სექტორი, დაზღვევა ბანკებმა წაიღეს და აღარ დარჩა სფერო, სადაც შეიძლება რამე გააკეთო. დღეს ყველაფერი არის არაპროფილური და არის ბანკების ხელში. ესაა ძალიან ცუდი და ის უქმნის ბიზნესს პრობლემებს", - განუცხადა „კომერსანტს" ჩარგეიშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ ეროვნულმა ბანკმა მოუწოდა კომერციულ ბანკებს, რომ არაპროფილურ ბიზნეში არ შესულიყვნენ, თუმცა ეს რეალურად არ მოხდა.: „ამიტომ აუცილებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა აღადგინოს ის კანონი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს გაუქმდა და რომელიც ბანკებს არაპროფილურ ბიზნესში შესვლას უკრძალავდა", - აცხადებს ჩარგეიშვილი.
პროფესორი, ფინანსისტი დავით ასლანიშვილი თქმით, 2008 წელს გაუქმებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ბანკებს მიეცეთა ყველაფრის უფლება, უნდა აღდგეს. „არ შეიძლება ბანკებმა ფული ყველაფერში ჩადონ. ეს არის დეპოზიტარების ფული და დეპოზიტარებს ნამდვილად არ სურთ, რომ ბანკებმა სარისკო საქმიანობა წამოიწყონ, მაგრამ მათ კანონის ნებართვა აქვთ. იყო აკრძალვა და ეს აკრძალვა მოხსნეს. აუცილებელია, რომ აღადგინოს ძველი კანონი და ბანკებს აეკრძალოთ არასაბანკო, არასაფინანსო სფეროში ფულის ჩადება. არანაირი აკრძალვა არ აქვს და ჰოლდინგური კომპანიებით აკეთებენ საქმეს.
„ჩვენი ბანკები ფლობენ უძრავ ქონებას, სამშენებლო კომპანიებს, სავაჭრო ცენტრებს, სუპერმარკეტების ქსელებს, ისინი არიან ყველა ბიზნესში. აქედან გამომდინარე მათ კისერზე ჩამოიკიდეს პრობლემები და რისკები, რაც მათთვის არ არის დამახასიათებელი. მათ აქვთ აღებული დეპოზიტარების ფული და ის გაშვებული აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. კრიზისის პერიოდში, როდესაც ფასები დაცემულია უძრავ ქონებაზე, როდესაც ფერხდება რეალიზაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ფული უბრალოდ არალიკვიდურია. ამიტომ აუცილებელია, რომ სასწრაფოდ აეკრძალოდ ბანკებს და მათ ჰოლდინგურ კომპანიებს არაპროფილური ბიზნესში შესვლა. თუ არ უნდათ, მაშინ წავიდნენ საბანკო ბაზრიდან", - დასძინა ასლანიშვილმა.
ავტორი: ელზა წიკლაური
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=44062&cat_id=8
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...