MaryBit
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 230943
რეგისტრ.: 10-April 17
|
#52223954 · 21 Feb 2018, 01:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სინას მთის „დალაშქვრის“ დიდი სურვილით გადავწყვიტე, ერთხელ კიდევ მიმემართა საქართველოს საპატრიარქოს ტურისტის დეპარტამენტისთვის, რადგან სინას მთაზე ასასვლელი გზა საქართველოში სხვაგან ვერსად ვიპოვე. ერთხელ ვითომ იყო წასვლის შანსი (როგორც ამბობდნენ, შობის დღეების ტურში სინას ნახევარკუნძულიც შედიოდა). მალე გაირკვა, რომ ეს ობიექტი ტურიდან ამოიღეს, მე მაშინვე ვითხოვე სიიდან ამოღება და წინასწარ დატოვებული 100 US$-ის დაბრუნება, მაგრამ მხოლოდ 80$ დამიბრუნეს, 20$ ვითომ ისრაელის საელჩოში გადაიხადეს, თუმცა წასვლაზე ჩემგან უარის თქმის დროს საბუთები საელჩოში ჯერ კიდევ არ იყო გადაცემული. მეგობრებმა ირონიულად მითხრეს - „დაგაწერეს როგორც გოიმს“. ამის შემდეგ საპატრიარქოს ტურისტის დეპარტამენტი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. იქ, სადაც იყო (თვითონ საპატრიარქოში), შემთხვევით შეხვედრილი უცნობიც და ჩემი ნაცნობების ნაცნობი საპატრიარქოს თანამშრომლებიც კატეგორიულ უარს ამბობდნენ რაიმე ინფორმაციის ქონაზე: „ჩვენ მაგათზე არაფერი არ ვიცით, ჩვენთან არანაირი კონტაქტი არც ჰქონიათ და არც აქვთ!“ მაღალ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ერთი მეგობრის საშუალებით გავიგე, რომ რელიგიურ ტურიზმს ადგილსამყოფელი და „ხაზეინიც“ შეუცვლია. ძლივს მივაგენი (ინტერნეტში მოცემულ მისამართზე მითითებული იყო ჭავჭავაძის გამზირი, თუმცა მის ამ მონაკვეთს ვაკის პარკის შესასვლელიდან ბოლომდე უკვე რამდენიმე წლის წინ შეუცვალეს სახელი). როცა იქ დახვედრილ ქალს (ვუწოდოთ პირობითად m-e G.) მოვახსენე, რისთვის ვეახელი, კატეგორიული ტონით მომახალა: „ჩვენ მხოლოდ ჩვენი სალხი დაგვყავს!!“ რა მეთქმოდა, გამობრუნება დავაპირე. „მაინც დატოვეთ მონაცემები, თუ საშუალება იქნება, ჩაგსვამთ ჯგუფში“. დავუტოვე მონაცემები და შემდეგ რამდენჯერმე მივაკითე. ყოველთვის ამბობდა, რომ წასვლა ვერ მოხერხდა და მიზეზებს ასახელებდა (ხან სიცივე, ხან სიცხე, ხან თვითონ იყო დაკავებული და ა. შ.). ერთი წლის წინ დავურეკე (იმ მისამართზე აღარ ბრძანდებოდა და ახალი არ ვიცოდი), ტელეფონში აკივლდა, რომ არაკორექტულად ვიქცევი, მას დიდი საქმე აქვს, ისრაელში წამსვლელთა სიას ბეჭდავს და ჩემისთანებისთვის არ სცალია. ჩავთვალე, რომ სინას მთაზე მიმავალი გზა ჩემთვის აქ არ გადის, მაგრამ ჩემდა გასაოცრად 1917 წლის 17 თუ 18 იანვარს m-e G.-მ მოულოდნელად დამირეკა და უკვე რბილი ტონით მაცნობა, რომ 22 იანვარს სინას მთაზე ჯგუფი მიდის და ამ ჯგუფში მიწვევდა. ასე მიწურულ ვადაში ტურის საფასურად გადასახდელი თანხის მხოლოდ ნაწილი მომეძევებოდა, დანარჩენის მოპოვების არანაირი შანსი არ მქონდა. დამეხმარა ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც თანხის მთლიანად გადახდა იკისრა, მხოლოდ პირდაპირ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა (სხვა ქალაქში ცხოვრობს). m-e G. ამის დიდი წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ ბოლო საათებში იძულებული გახდა, დათანხმებულიყო, როგორც აღმოჩნდა, მას სწორედ ეს თანხა ჭირდებოდა და არა მე. ჯგუფის წევრების გაცნობისას მათივე ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ ეს ჯგუფი, დიდი ხანია, რაც იკრიბებოდა და ემზადებოდა წასასვლელად. როგორც ნათლად დავინახე. m-e G-მ უკანასკნელ დღეებში იმიტომ დამირეკა, რომ მისი „მრევლის“ ერთ-ერთ წევრი ქალი სასტუმროს ნომერში მეწყვილის გარეშე დარჩა (მოგეხსენებათ,ინტერნეტში ტურების განაცხადში მითითებულია სასტუმროს 2- ან 3-ადგილიანი ნომრები, თუ ვინმეს მარტო ყოფნა უნდა, ორივე ადგილის ფასი უნდა გადაიხადოს). ამ გულღრძო ქალმა ვერ მოინელა, რომ ფული მას პირდაპირ ხელიდან ხელში არ ჩაუდეს და ამის შემდეგ დასაწყისიდანვე ყველა ხერხით ეცადა, მაქსიმუმ - მარშრუტიდან როგორმე მოვეცილებინე (სასტუმროს ფული უკვე გადახდილი იყო, აღარ ვჭირდებოდი!!), მინიმუმ - „წაემწარებინა“ ჩემთვის იქ ყოფნა (ჩემი ფიცხი ხასიათის მიუხედავად ვერცერთს ვერ მიაღწია). განათლების დაბალი დონის მქონე (ვინც ამ ქალს ეს საქმე ჩააბარეთ და მფარველობთ, ჰქენით სიკეთე და ვებ-გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული საიტები ქართული ენისა და კომპიუტერის კლავიატურაზე მუშაობის მცოდნეს შეამოწმებინეთ, სირცხვილია ამგვარი უწიგნური ტექსტების ასე საჯაროდ გამომზეურება და ქართული ენის შეურაცხყოფა), ყოველგვარ ინტელექტს მოკლებული, აშკარად დაუკმაყოფილებლობის კომპლექსით გაბოროტებულ-გაკაპასებული ამ დედაკაცის პრიმიტიულ პროვოკაციებს გაბრაზების გამოწვევაც არ შეეძლო, მხოლოდ ზიზღის გრძნობას აღძრავდნენ. ერთადერთხელ მაშინ გამოვხატე პროტესტი, როცა ღამით მთაზე ასვლისას ჩემთვის განკუთვნილ პროვოკაციებში ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა გოგო დაიამხანაგა: გვერდით დამიყენა და ეს საცოდავიც, რომელსაც ამ „საქმეში“ წვრთვნიდა, წარამარა „შემთხვევით“ იდაყვს მკრავდა, ერთხელ აქლემსაც მიმაგდო, ეს m-e G.-ს დიდი აღშფოთების საბაბს აძლევდა. კატეგორიულად მოვთხოვე, მოეშორებინა ჩემგან ეს უბადრუკი გოგო, ისიც თვითონ მაშინვე უსიტყვოდ გამეცალა. m-e მისთვის ჩვეული მანერით აკივლდა: „შენ და შენისთანები არ უნდა არსებობდნენ, ვის რაში ჭირდება შენი ცოდნა და განათლება!!!“ მაპატიოს ღმერთმა, არც მე ვტოვებდი უპასუხოდ მის ასეთ გამოხტომებს: „სწორია, თქვენისთანებს არ ჭირდებათ ჩემისთანები და საერთოდ ცოდნა და განათლება!“ - ცოტა ხმაამაღლებული და „იაზვური“ ტონი გამომივიდა. ყოველ დროს (ავტობუსში, სადაც წინა ორი რიგი - რვა ადგილი თავის სამუშაო ადგილად გამოაცხადა და დაჯდომა აკრძალა, ყველგან, სადაც ჯგუფი იყო თავშეყრილი) m-e G. გაუჩერებლად ლაპარაკობდა, მხოლოდ საკუთარ პერსონაზე: პირველ რიგში გვამცნო, რომ უფალი მას განსაკუთრებულად მფარველობს და ამით მისი მოქცევა ყოველთვის სწორი და უზადოა; თბილისში მაღალი წრეების ყველა სფერო მისი მეგობრებითაა დაკომპლექტებული; ძალიან ხშირად გადაურჩენია საპატრიარქოსა და საერთოდ ქვეყნის რეპუტაცია (ყვებოდა რაღაც შემთხვევებს); სანამ მან არ აიღო ხელში გადმოსული ცეცხლის ჩამოტანა, ფალსიფიცირება ხდებოდა, ამის გამო 2012 წელს არჩევნები ისეთი შედეგით ვერ ჩატარდა, როგორც საჭირო იყო; იცის ხუთი ენა და საზღვარგარეთ წამსვლელ ყველა პრესტიჟულ ჯგუფებს ყოველთვის (საბჭოთა პერიოდშიც და ახლაც) ის ახლავს, მსოფლიოს ყველა ქვეყანა და საინტერესო ადგილები რამდენჯერმე აქვს მოვლილი, ets. საერთოდ, ე. წ. საბჭოთა წყობის პერიოდში და განსაკუთრებით ხრუშჩოვის оттепель-იდან დაწყებული დღემდე საზღვარგარეთ სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე სასეირნოდ თუ „საქმიანი“ ვიზიტით წასვლა (загранпоездки) და მითუმეტეს თვეობით და წლობით სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასვლა ერთ-ერთი ის პრივილეგიაა, რასაც, ყველამ კარგად იცის, ჰმ..., ვის ანიჭებენ. მაგალითები ბევრია: „1956 წელს "მადგანას ლურჯა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმად დაასახელეს. საქართველოდან საფრანგეთში ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი გასამგზავრებლად ემზადებოდა და ბუნებრივია, მათ შორის დუდუხანაც იყო. თუმცა, ბოლოს იქ სხვა ქართველი მსახიობი გაემგზავრა. თან ისეთი, რომელიც აღნიშნულ ფილმში არც კი მონაწილეობდა“ (ციტატა ინტერნეტის Ambebi-ge-დან). ერთხელ ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე (ამ შეხვედრას ჩემი ძმა ესწრებოდა) ცხონებულმა ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეული ირონიით თქვა, რომ საზღვარგარეთ მისი ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე ისეთებს აგზავნიან, ვისაც ეს ნაწარმოებები წაკითხულიც არ აქვთ. „თქვენ?“ - უკითხავს ერთს. „- მე არა, ვის ვახსენდები“. საბჭოთა კავშირის გმირმა ციციშვილმა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე (იქ მე თვითონ გახლდით) მისთვის ჩვეული პირდაპირობით კრიტიკულად მოიხსენია საზღვარგარეთ ქართული ისტორიული ძეგლების გადაღებაზე მომუშავე „კინოშნიკები“ ერთ-ერთი ცნობილი ოპერატორის მიერ ტაო-კლარჯეთში გადაღებების შემდეგ ართვინის ვილაიეთის მმართველისგან ტბეთის მონასტრის აფეთქების გამო. ასეთი „კინოშნიკები“, „მკვლევარები“, საშუალოზე დაბალი დონის მწერლები მათ, ვისაც საკუთარი ხარჯითაც არავინ გვიშვებდა სსრკ-ს გარეთ, „გვაცნობდნენ“ ეგვიპტისა და მექსიკის პირამიდებს, ვატიკანის და სხვა ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ წყაროებს (ამ ცნობებს აშკარად საიდანღაც, ძირითადად რუსული გამოცემებიდან გადმოღებულის სუნი ასდიოდათ) და სხვ. ამას დიდი დამსახურებად ითვლიდნენ და ამ поездк-ებით ისე ყელყელაობდნენ, თითქოს სხვებს, ვისაც სსრკ-დან გასვლა უბრალოდ აკრძალული ჰქონდათ, „ახარბებდნენ“ (როგორციმერეთში იტყვიან) თავის ამ „გულაობას“. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. m-e G. ყველასთვის, ვინც საბჭოთა სინამდვილეში იცხოვრა, დიდი ხნის ნაცნობი ტიპაჟია: წევრი უაღრესად მდაბიური (ყველა გაგებით) ოჯახისა, რომელსაც „დავერბოვკების“ შემდეგ ამბიციები გაუჩნდა და რომლის წარმომადგენლები ერთ დროს „გულანთებული უანგარო“ კომუნისტები იყვნენ და „კომუნისტურ იდეალებს“ ქადაგებდნენ, ბოლო ათწლეულებში კი ასევე „გულანთებული“ მართლმადიდებლები (თუმცა ამ სიტყვისა და მითუმეტეს „ქრისტიანის“ მნიშვნელობა ხეირიანად არც იციან) გახდნენ. უკვე ცოტად თუ ბევრად მოაზროვნე ადამიანს უარყოფითი გრძნობა უჩნდება ასეთების თვალთმაქცობაზე: წარამარა უფლის ხსენება (იუდეურ-ქრისტიანული 10 მცნებიდან მესამეზე წარმოდგენაც არა აქვთ, თუმცა დანარჩენებიც იციან თუ არა, საეჭვოა), თავისი ნების „უფლის ნებად“ უაპელაციოდ გამოცხადება, ხაზგასმულად თავისი ეკლესიურობით, მოძღვრის ყოლითა და მარხვით თავის მოწონება და ეს ყველაფერი შეხამებული აქვთ ცნობილი ორგანოს сексот-ის ლაპარაკის მენტორულ-მბრძანებლურ, ხშირად მუქარის ტონთან („სასტუმროდან გაგასახლებ!“ - ღვარძლიანად დამემუქრა ერთხელ m-e G. ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის გარეშე). ასეთების შემხედვარეს ძალაუნებურად მახსენდება როკუელ კენტის ავტობიოგრაფიული წიგნიდან “It’s me o Lord” („ეს მე ვარ, უფალო“) ირონიულად დასმული რიტორიკული კითხვა: „როგორ იქცევა არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც მართლა არასრულფასოვანია?“ რაც შეეხება m-e G -ს „მრევლს“, ადვილად შეინიშნებოდა, იქ ჩემს გარდა ყველა მართლაც ის ხალხი იყო, რომელიც უცვლელად დაჰყავს ყველა თავის რელიგიურ ტურში: “მე ცეცხლის გადმოსვლაზე ხუთჯერ ვიყავი!!“ “მე ცეცხლის გადმოსვლაზე ოთხჯერ ვიყავი!“ (ახალგაზრდა გოგოები) „ძალიან კარგი პროფესიონალია!“ - თქვა ერთმა, საკმაოდ განათლებულმა მამაკაცმა. „რა კუთხით? გიდისთვის საჭირო, ინსტრუქციებით მიღებული მაგის საყველპურო ცოდნა პროფესიონალიზმია?“ - „ურცხვად“ ვიკითხე მე. „- ისრაელში მაგის ჯგუფიდან ვერავინ ვერ დარჩა’“. „- მაგას სულ არ ჭირდება პროფესიონალიზმი, მთავარია, კარგად შემსრულებელი „კაგებეშნიცა“ იყო და თუ სათანადოდ დროზე შეატყობინებ, ლეგენდარული მოსადი მოკლე ხანში გამოაპანღურებს დარჩენის მსურველს. თანაც, როგორც ისრაელში საკმაოდ მაღალპროფესიულად გადაღებულ ფილმებში მინახავს, იქ ჩასულ ყველა ტურისტს ისრაელისავე უშიშროების თანამშრომელი ახლავს.“- „ჰო. ასეა, მაგრამ...“. - თითქმის დამეთანხმა თანამოსაუბრე. „წელს აეროპორტიდან ასეულობით ქართველი უკან გამოუბრუნებიათ, მათ შორის სასულიერო პირებიც. იქაურმა ქართველებმა გვითხრეს, რომ გასულ წელს ერთ სასულიერო პირთან ერთად 8 ადამიანი იყო და საქართველოში უკან მარტო სასულიერო პირი დაბრუნდაო“ (ციტატა სტატიიდან „33 წლის ქართველი დეკანოზი, რომელმაც აღდგომის ღამეს მაცხოვრის საფლავზე სახარება ქართულად წაიკითხა“. აღებულია ინტერნეტის Ambebi-ge-დან). „საბერძნეთში რატომ არ წამოხვედით?“ - მკითხა ერთ-ერთმა ცეცხლის გადმოსვლაზე მუდმივად მოსიარულე გოგომ. „მარშრუტი არ მომეწონა და არ მიმიმართავს, ალბათ მაინც არ შემიყვანდა ჯგუფში“ (ყველა კარგად ხედავდა m-e G.-ს ჩემს მიმართ გაასპიტებულ დამოკიდებულებას). „რატომ?“ ამ პრიმიტივს მოკლედ ვუთხარი, აქ კი უფრო ღრმად ავხსნი: საბერძნეთში, რასაკვირველია, მართმადიდებლური საყდრები დომინირებენ, მაგრამ ვიღაცისგან გადმოტანილ (ალბათ რუსებისგან. ესენი რის შემდგენელები არიან) ამათ მარშრუტში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებიდან შეტანილია მხოლოდ თესალონიკეს ადრექრისტიანული ბიზანტიური საყდრები (10 ობიექტიდან ორიოდე), არაა შეტანილი მეტეორას მონასტრები, დაფნის, ოსიოს ლუკასისა და ნეა მონის უმნიშვნელოვანესი ბიზანტიური მონასტრები. ამათ მარშრუტში აღნიშნულია ნეა-მარკა, რომლის შესახებაც ცნობებს ვერც ენციკლოპედიებში, ვერც ვიკიპედიაში ვერ მივაკვლიე, შემთხვევით ეს ნეა-მონი ხომ არ არის დამახინჯებულად გადმოტანილი? მიუხედავად იმისა, რომ „რელიგიური ტურიზმი“ ფართო მნიშვნელობის მომცველი ტერმინია, ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლაპარაკიც ზედმეტია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთ ობიექტზე, ბასეს აპოლონ ეპიკურეელის ტაძარზე. რაც შეეხება მარშრუტზე გადაადგილების ორგანიზაციას, ჩემს ორივე შემთხვევაში ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ორივე შემთხვევაში გაფრენა იყო დილით ადრე (ეს ბევრი რამით გამართლებულია), ასეთ დროს წამსვლელ ადამიანს ღამე ან სულ არ ძინავს, ან ძალიან ხანმოკლედ, რაც არ უნდა კომფორტულად უხდებოდეს აეროპორტამდე მისვლა. უამისოდაც მოწესრიგებული ორგანიზაციის დროს ტურისტი ჯერ სასტუმროში მიყავთ, რომ მგზავრობის შემდეგ 2-3 საათი მაინც დაისვენოს, მოწესრიგდეს, შეიძლება დანაყრდეს კიდეც და შემდეგ გადიან მარშრუტის ობიექტებისკენ. აქ ორივე შემთხვევაში თვითმფრინავიდან პირდაპირ საექსკურსიოდ გაგვაქანეს. იერუსალიმში კიდევ არა უშავდა რა, მაგრამ სინაზე იმავე დღის დაღამებისთანავე იყო მთაზე ასვლა დაგეგმილი. მეორე დღეს ჯგუფმა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცებმაც კი, ზედიზედ ორი ღამისთევით გადაქანცულებმა, უარი თქვეს იმ დღეს დაგეგმილ ექსკურსიებზე, რაც არ გაემტყუნებოდათ.
ქრისტიანული მართლმადიდებელი კონფესიის ქართველ წარმომადგენელთა პრიმიტიულად უტაქტო დამოკიდებულება სხვა ქრისტიანული კონფესიებისა და სხვა რელიგიების მიმართ ძალიან მაგონებს არც თუ შორეულ კომუნისტურ-ბოლშევიკურ იდეოლოგიას, რომელსაც მხოლოდ თავისი მოძღვრება მიაჩნდა ერთადერთ ჭეშმარიტებად და კაცობრიობისთვის მისაღებად. მაგალითები: ჟურნალი „გზა“, № 49, 216: „ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა“ (სათაური) „მართლმადიდებლობა თავისი არსით სამყაროს შექმნის დროიდან არსებობდა. პირველი მართლმადიდებლები არიან უფლის ანგელოზები, რომლებიც სამყაროს შექმნის დღიდან ღმერთს მართლად, სწორად ადიდებდნენ“ . არ გაგონებთ ეს ციტატა შ. ნიშნიანიძის ცნობილ ლექსს კომუნისტებზე? ამის დამწერი და მისნაირნი რა აზრის არიან იმაზე, უფალი ჩვენი იესო თავის მიწიერ ცხოვრებაში მართლმორწმუნე იუდეველი რომ გახლდათ?
„კვირის პალიტრა“, 13-19 აპრილი, 2015: „რა სასწაული იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა“ (სათაური. აქ მოხსენებული ქართველებიდან მე არც ერთის სახელი გაგონილიც არ მაქვს) „ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე: - იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, ჩემი და ჩემი მეგობრების ყოფნა დაემთხვა სამი ქვეყნის მართლმადიდებელი პატრიარქის მობრძანებას. მათ ლოცვა აღავლინეს. მაცხოვრის საფლავის ლოდიდან მირონმა დენა დაიწყო. როდესაც მასთან მიახლების საშუალება მოგვეცა, ნებაც დაგვრთეს, ლოდიდან გადმომდინარე მირონი გვეცხო და თან წამოგვეღო. პატარა ბოთლი აღმომაჩნდა და ამ მადლმოსილი სითხით ავავსე. მერე პალესტინაში (ბეთლემი) შობის ტაძარში წაგვიყვანეს... ჩავედით პალესტინაში, მოვინახულეთ შობის ტაძარი... შემდეგ გვაჩვენეს ის საოცარი ლიმონის ხე, რომლიც ნაყოფიც, როგორც ამბობენ, უშვილოებმა უნდა ჭამონ. ჩვენი იქ ყოფნა ლიმონის მოკრეფის დროს დაემთხვა. მეც, ღვთის მადლით, შემხვდა ეს ჯადოსნური ნაყოფი. საქართველოში რომ ჩამოვიტანე, მეგობარ ქალბატონებს დავურიგე და იმ წელს ყველა დაფეხმძიმდა“. იფ, შენი გულისა! - იტყოდა ალბათ ჩვენი ცხონებული ლუარსაბი. სტატიის ავტორი გახლავთ ლალი ფაცია. ცეცხლის გადმოსვლაზე მეც გახლდით, მეც მივედი მაცხოვრის საფლავის ლოდთან. საყდრის ერთმა მსახურმა ქალმა პლასტმასის ბოთლით მირონი მოიტანა და ლოდზე მთლიანად დაცალა. მე ბოთლი არ მქონდა, არც წყალს და არც არანაირ სასმელს ხელჩანთით არ ვატარებ, თავსაფარი მოვიხსენი და მთლიანად მირონით გავჟღინთე. მის შემდეგ ის თავსაფარი არ გამირეცხავს, თუმცა მირონი მალე აორთქლდა და კეთილსურნელებაც მალევე დაიკარგა. რაც შეეხება „სასწაულმოქმედ“ ლიმონის ხეს, ის ბეთლემში კი არა, ჯვრის მონასტრის ეზოშია. რაკი ყველა შემომსვლელი ლიმონის წაღებას ცდილობს, ჩემთვის მისაწვდომ ტოტებზე ნაყოფი აღარ იყო, ისრაელელი მეგზური დამეხმარა და ორი ცალის მოწყვეტა შეძლო. ასე რომ დასარიგებლად ვერცერთმა ვერ წამოვიღეთ. ამ ლიმონებით მეგობრებს ჩაი და ყავა მივართვი, მაგრამ არა დაფეხმძიმებისთვის, მათგან უშვილო არცერთი არაა, არცერთს არც ამის შემდეგ უთქვამს დაფეხმძიმებაზე რაიმე. საერთოდ ამ საქმისთვის უფალს სხვა საშუალებები აქვს დაწესებული და ვისაც უშვილობის პრობლემა აქვს, ამ ლიმონის ჭამა რომ მართლაც შველოდეს, ახლა ლიმონი კი არა, მთლიანად ხე იქნებოდა ფესვებიანად შეჭმული. დანარჩენი „ცნობილების“ ხილვებიც ასეთ „დაბოლილ“ სტილშია. ვისთვის იწერება ასეთი რამე-რუმეები? ეჭვიც არ მეპარება, ამათი დამწერების უახლოესი წინაპრები „კომუნისტური იდეების“ ის მქადაგებლები არიან, ვინც ახლო წარსულში ან თვითონ იყვნენ უვიცნი, ან სხვისი უვიცობით ბოროტად სარგებლობდნენ. კაცობრიობის ისტორიაში და ცივილიზაციების შექმნაში რელიგიების როლი განუზომლად დიდია. ამიტომ როცა სიტყვა ან საქმე რელიგიას ეხება, ძალიან მოწიწებით უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ. თვალთმაქცობითა და ფარისევლობით (ამ სიტყვის იმ მნიშვნელობით, რაც მან ქრისტიანობაში მიიღო და არა იმით, რაც იუდაიზმში ჰქონდა), იაფფასიანი „სასწაულებითა“ და „ხილვებით“ ტაკიმასხრობამდე არ უნდა მივიდეთ. სასწაულია ღვთის შექმნილი კანონები, - გრავიტაციის, თერმოდინამიკის, ბიოლოგიის თუ სხვა, რომლებითაც საერთოდ სამყარო და დედამიწაზე სიცოცხლე არსებობს. ღმერთი თავის ამ კანონებს მკაცრად იცავს და თუ ძალიან იშვიათად ადამიანები მათთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი კანონებით ამოუხსნელს ხედავენ (აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლა, ტურინის სუდარა....), ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მოვლენის ახსნის ნება ღმერთს კაცობრიობისთვის ჯერ არ მიუცია.
|