ეს დღეც დადგა! კავკასიის ფაუნის მშვენება საქართველოში დაბრუნდა!
თანამედროვე სამყაროს ზოოპარკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესწავლა და კონსერვაციაა. არც თბილისის ზოოპარკია გამონაკლისი. საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის მიზნით სისტემატურად ვაწყობთ ექსპედიციებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. ველზე გასვლისას ვამონტაჟებთ ფოტოხაფანგებს როგორც იშვიათი, ისე ფართოდ გავრცელებული სახეობების აღსარიცხად და მათი სივრცობრივი განაწილების შესასწავლად. სწორედ ამ მეთოდით მიმდინარეობს, მაგალითად, ჯიხვებისა და ნიამორების კვლევა.
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ყურადღება ერთი-ერთი ფოტოხაფანგის გადაღებულმა კადრმა მიიპყრო, რომელზეც უჩვეულო არსება დაფიქსირდა. ფოტო ზოოპარკის სამეცნიერო განყოფილებას გადავეცით და შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ფოტოსურათზე გამოსახულია Crasicaudata caucasica tkebuchii Pallas 1772 - კავკასიური ტყებუჩის სახელით ცნობილი სახეობა. ტყებუჩი XII საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ცხოველის რქოვანი საფარველისგან სამეფო კარისთვის სასაფეთქლეები, ღილები და ქინძისთავის თავები მზადდებოდა. ახლო აღმოსავლეთში ტყებუჩის რქოვანი საფარველისგან დამზადებულ ფხვნილს ჭარბთმიანობის ოპტიმიზაციისა და ნაყოფიერების რეგულირებისთვის იყენებდნენ. უმოწყალო ნადირობამ მკვეთრად შეამცირა ტყებუჩის პოპულაცია და XVI საუკუნეში, გადაშენების პირას მისული ეს სახეობა მხოლოდ ირანში, ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციაში გვხვდებოდა. XVIII საუკუნეში პრუსიელმა ზოოლოგმა და ბოტანიკოსმა, პეტერ სიმონ პალასმა ტყებუჩი აღწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობა. თავის ნაშრომში „Unsere Tkebuchii und andere Tieren“ (1782) მკვლევარი შესავალშივე აღნიშნავდა, რომ ამ საოცარ ცხოველთან შეხვედრა ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ტყებუჩი კავკასიაში აღარავის უნახავს.
რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რამხელა სიხარულს აღძრავს საუკუნეების წინ გადაშენებული სახეობის ხელახალი აღმოჩენა. ჩვენ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გვეძლევა, მეცნიერულ დონეზე შევისწავლოთ ეს ფრიად საინტერესო ძუძუმწოვარი და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მისი კონსერვაციისა და ბუნებაში დაბრუნების საშვილიშვილო საქმეში. ტყებუჩის დაბრუნება უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვისაც, ვინაიდან ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას და ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გააცნობს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, სამკაულების დასამზადებლად სხვა მასალებს გამოვიყენებთ და ჩვენს შთამომავლობას ამ უნიკალურ ცხოველს, საქართველოს ფაუნის მშვენებას, ცოცხალს შევუნარჩუნებთ