ამაზეა საუბარი?
2000 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიბეჭდა გაზეთ "ასპარეზში"
მაინც ახდა, ოღონდაც ცოტა დაგვიანებით?
'გლობალ სოკერი' 2015 წელს
ანუ მასონთა ვაზისუბნელი მზირის კვაზი-გულწრფელი ნაამბობი
რა შეიტყო ახალი სპორტული გაზეთის დაბადება, იმ წამს
შეგვეხმიანა 45 წლის ძირძველი ქალაქელი კაცი, ვაზისუბნელი
ჯანსუღ მუგუზალოვი და უსენსაციურეს მასალას შეგვპირდა.
მერე ერთი ხანობა ჯანსუღის ასავალ-დასავალი დავკარგეთ,
მაგრამ აგერ, გუშინ თავად გვეახლა, ნაწერი მოიტანა, გვთხოვა,
გამომიქვეყნეთო და თან დააყოლა, უბრალო ვინმე ნუ გეგონებით,
უშიშროების გამობრძმედილი მუშაკი ხომ ვარ და კიდევ მასონურ (?!)
მოძრაობასთან წილ ნაყარიცო.
გულდასმით შევისწავლეთ სტატია და მართლაც საგულისხმოდ
გვეჩვენა. მერე, მსოფლიო მედიაც ბოლო ხანს ბევრსა წერს ამ
თემაზე, ანუ ელიტარული ფეხბურთის შორეულ მომავალზე, და სტუმრის
მიერ მასონთა დამოწმებაც საეჭვოდ გვემცხეთა.
რაც უნდა იყოს, ფეხბურთის მატიანეში ამოგვიკითხავს, რომ
მსოფლიოში სადღეისოდ ყველაზე მეტად გავრცელებული თამაში სწორედ
რომ ლონდონის მავან მასონურ ლუდხანაში იშვა, და მას აქეთ
მაგიტომაა, რომ მართლმადიდებლები ფუტბოლს ცოდვად აღიქვამენ.
ერთი სიტყვით, რა დაგვიწერა მუგუზალოვმა? (აქ ცოტა
უკაცრავად კი ვიქნებით მისი სტატიის სრულად გამოქვეყნებაზე,
რადგან ნაწერი ჭარბად შეიცავს საჩოთირო პასაჟს. ისე კი, არსის
გადმოცემას წინ რა დაუდგებოდა და ქვემოთ იგი კონსპექტურად მოვიტანეთ)
მოკლედ, მუგუზალოვი აცხადებს, რომ გავა 15 წელი, ესე იგი
დადგება 2015, დღესდღეობით მრისხანე ფიფა ერთი ცვედანი
ფიზკულტურული გაერთიანებაღა იქნება, ზეპურ ფეხბურთს კი მთელს
მსოფლიოში კერძო მონოპოლია, სახელად 'გლობალ სოკერი' გაუძღვება.
ბატონი ჯანსული ამაში ისეა დაჯერებული, რომ ნებისმიერ
ურწმუნოს ამთავითვე სთავაზობს ნიძლავს. რაკი მუგუზალოვი
ნასწავლი კაცია, იგი ურთიერთობის ფორმათაგან უპირატეობას
ელექტრო ფოსტას ანიჭებს და გამაზვის ყველა მსურველს ეპატიჟება
საკუთარ ყუთში, რომლის ნომერიცაა viadfxwar@hotmail.com
მუგუზალოვი ამტკიცებს, რომ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ,
ყველაფერი სარწმუნო, თუმცკი საიდუმლო წყაროებიდან აქვს აღებული.
ერთი კია, ბატონ ჯანსუღს ჩვენთან საუბარში ერთი-ორჯერ
ლოს-ანჯელესი, სიეტლი, მილანი და სინგაპური ანაზდად წამოსცდა და
ჩვენც მაქედან დავასკვენით, რომ 'ასპარეზის' საპატიო სტუმარი
ჭეშმარიტი მასონია, თან მინიმუმ 24-ე რანგისა (სულ 33 ყოფილა!)
მუგუზალოვმა კიდევ ის გაგვიმხილა, რომ ძლიერთა ამა
ქვეყნისათა 15 წლით ადრე უკვე ყველაფერი გადაუწყვეტიათ და
თავიანთი მუხთალი გეგმის ხარცშეხსმას სულ მალე დაიწყებენ.
ისინი თურმე უახლოეს მზებუდობას უცდიან, რადგან ამით
დუნიაზე სატანის აღზევება დასრულდება და კაცობრიობა აღმავლობის
სპირალს შეუყვება.
ბატონმა ჯანსუღმა 'გლობალ სოკერის' იდეის ავტორთა მავან
დამქაშთან თავისი ბოლო საუბრის დასტურად ქაღალდის მცირედი
ნახევი (იხილე ილუსტაცია) გვიჩვენა და დასძინა, მთელი ჩემი
სტატია ამ მაგიური ჩანაწერის გაშიფრვაა და სხვა არაფერიო.
--- ---
სუპერ გლობალ 30
--- ---
და რა იკითხება ამ კოდირებულ გეგმაში? რა და ის, რომ
'გლობალ სოკერი' 30-გუნდა მსოფლიო სუპერ-ლიგა იქნება. მისი
წევრი კლუბები ეროვნულ პირველობებს არ ითამაშებენ, მოთამაშეებს
კი ეროვნული ნაკრებები ვეღარ გამოიძახებენ, რადგან 'გლობალ
სოკერი' ფიფას არ დაემორჩილება.
მუგუზალოვის ცნობით, 30-ეული 99 პროცენტით შერჩეულია.
გასაყოფი ერთადერთი ადგილია და ისიც იმის გამო, რომ გლობალურმა
დათბობამ (ე.წ. სათბურის ეფექტი) შეიძლება ევროპის ნაწილი
მსოფლიო ოკეანეში ჩანთქას.
ეს 30 სუპერ-კლუბი 30 მეგაპოლისში თითო-თითოდ დაფუძნდება.
ეს ქალაქებია:
ლოს ანჯელესი, ნიუ იორკი, დალასი და მეხიკო სიტი (ჩრდილო ამერიკაში);
რიო, სან პაულუ და ბუენოს აირესი (სამხრეთში);
იოჰანესბურგი და კაირო (აფრიკაში);
მულბურნი, ტოკიო, სეული და შანხაი (გადიდებულ აზიაში);
მოსკოვი, კიევი და სტამბოლი (ნაბიზანტიარ ევროპაში);
რომი, მილანი, ტურინი, ბარსელონა, მადრიდი, პარიზი და მარსელი (ლათინურ ევროპაში);
მიუნხენი, დორტმუნდი, როტერდამი, ლონდონი, ლივერპული, მანჩესტერი და გლაზგო (ანგლო-საქსურ ევროპაში).
მუგუზალოვს ამ სიის შემადგენლობაზე ჩვენი სკეპსისი რომ მოვახსენეთ, უმალ მოკლედ მოგვიჭრა, ტრადიცია და დარბები არ მიხსენოთო.
მისი თქმით, 'გლობალ სოკერი' უდიდესი ბიზნესია და მისთვის
მთავარი გასაღების ბაზარი უნდა იყოს. ამის გამო მადრიდს,
ლივერპულს, გლაზგოს, იტალიისა და ბრაზილიის ქალაქებს თუ თითო
ადგილი მისცეს, მადლობა თქვან და იყუჩონო.
კეთილი და პატიოსანი! ჯანსუღის მტკიცებით, 30 გუნდი ორ
კონფერენციად და ექვს დივიზიონად დაიყოფა და მარტიდან
ნოემბრამდე უწყვეტად ითამაშებს. მატჩები დაიწყება ხუთშაბათს
საღამოს და შაბათამდე გასტანს, თან დროში ისე განაწილდება, რომ
ერთმანეთს არ დაემთხვეს და ყველას ცქერა ლაივში შეიძლებოდეს.
რეგულარულ სეზონს მოყვება რთული პლეი-ოფი და გლობალ-ფინალი,
ზუსტად ისე, როგორ ამერიკულ სპორტშია. კლუბებსაც იანკურ ყაიდაზე
ერქმევათ სახელი.
ჯანსუღის ინფორმაციით, ლონდონს ეყოლება 'ტაუერი', რომს
'ლაციო' (ვაშაა!), მანჩესტერს 'იუნაიტედი' (მეორე ვაშაა!),
გლაზგოს კი 'ტაინკასლი'. ერთი სიტყვით, საუკუნოვანი ტრადიცია
ნაწილობრივ თუ იქნება დაცული.
და როგორი იქნება თავად თამაში, რომელიც, როგორც ზემოთა
ვთქვით, ფიფასა და მის კანონებს აღარ დაექვემდებარება?
--- ---
უოფსაიდო
--- ---
11-კაცა ფეხბურთიდან მივიღებთ 9-კაცა სოკერს. ამით მოხდება
ციფრების ეკონომია: ძირითადი შემადგენლობა ერთნიშნა რიცხვებით
დაინომრება. სათადარიგო იქნება ექვსი და ამათ მაისურზე ეწერებათ
ლათინური ასოები, A-დან F-მდე.
შეცვლები ჰოკეისავით თავისუფალი იქნება, მატჩი კი ოთხი
15-წუთა ტაიმი, ოღონდ სუფთა დრო. ბალახის მაგივრად მოედანზე
სინთეტიკა ეგება. გაუქმდება საჯარიმო მოედანი, მეკარის სადგური
კი გადიდდება და რკალით მოიზღუდება.
თუ მოედანი მწვანე დარჩა, მეკარის სადგური ნარინჯისფრად
შეიღებება, მოედანზე კი სამგან ეხატება 'გლობალ სოკერის' ვეება ლოგო.
მობურთალებს კალათბურთელის კვართი და შემოტკეცილი ნიფხავი
ეცმებათ, რათა კუნთები დაეტყოთ და ქალი მაყურებელიც ამძუნდეს.
თამაში ჰარდ-როკის, რეპის, სოულისა და ტექნოს გრიალში ჩაივლის.
გამოიყენებენ შუქ-ეფექტებსაც და თითო ტაიმში გუნდს ორ-ორი
ტაიმ-აუტის აღება შეეძლება.
კარის, ბურთისა და მოედნის ზომები არ შეიცვლება, მაგრამ
მოთამაშეთა რიცხვის შემცირებით მათ გასაქანი გაეზრდებათ. ამას
კიდევ ის განაპირობებს, რომ საერთოდ გაუქმდება ფიფას ფეხბურთის
დრომოჭმული წესი, ე.წ. თამაშგარე.
აუტიდან ბურთს ფეხით შემოიტანენ. კვართები და ნიფხვები რომ
სლიპინა იქნება, მაისურში მსაჯის უჩუმრად ჩაბღუჯვას ყავლი
გაუვა. და თან ერთი რეფერის ნაცვლად რომ სამი ირბენს მოედანზე,
მაგათ ძველებურად გამოაპარებ რამეს თუ რა!
თუ რა ტექნიკური საშუალებით გადაიცემა 'გლობალ სოკერის'
მატჩები, ამაზე დღეს მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. ერთი ეგაა, რომ
სადაო შემთხვევების გასარჩევად ფართოდ დაინერგება კომპიუტერული
სიმულაცია და განაჩენს მეოთხე, მოედანთან მჯდომი მსაჯი გამოიტანს.
--- ---
მუგუზალოვმა პირველ მოსვლაზე სულ ეს დაგვიფქვა, მაგრამ
შევატყვეთ, რომ კაცს კიდევ ბლომად ჰქონდა სათქმელი და თუ
ყველაფერი არ გაგვიმხილა, ისევ და ისევ მასონებთან თავისი უდაო კავშირის გამო.
:::
მიმაგრებული სურათი