https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9D...8/32593132.htmlოსების ჯგუფი თრუსოს ხეობაში, რუსეთის ჩართულობა და თბილისის დუმილი
თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ცნობით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. „აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია“, - უთხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას. შეკითხვები უპასუხოდ დარჩა შს სამინისტროსა და რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საიდანაც საგარეო უწყებასთან გადაგვამისამართეს.
რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში წინაპრების საფლავების მოსანახულებლად შემოვიდნენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მოქალაქეები ვერ გადადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ თუნდაც აღდგომის დღესასწაულზე, მიცვალებულთა ხსენების დღეს ოჯახის წევრთა საფლავებზე სანთლები დაანთონ.
თრუსოს ხეობაში ოსების ჯგუფის შემოშვება, ერთი შეხედვით, წმინდა ჰუმანიტარული გადაწყვეტილება, უკავშირდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსაც.
ცალმხრივად და არა პირველად
„რატომ ვართ ჩვენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში?... რატომ ხდება, რომ რუსეთს ყველაფრის საშუალება აქვს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ჩვენს ქვეყანაში "საზღვრის" გადაკვეთის საშუალება არა გვაქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლია ჩლაჩიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დევნილი, რომელიც უკვე 15 წელია ამაოდ ცდილობს - აღდგომა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინაპართა საფლავები მოინახულოს. მისი მამა ოკუპირებული სოფლის, ვანათის სასაფლაოზეა დაკრძალული.
„მეტყველების უნარი დავკარგე, რაც წავიკითხე ეს ინფორმაცია... ძალიან მეწყინა. 15 წელია გამოდევნილი ვართ სამაჩაბლოდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან, ფრონეს ხეობიდან და ამდენი ხნის განმავლობაში, ერგნეთის შეხვედრებზე, ჟენევის შეხვედრებზე ვაყენებთ საკითხს, რომ წელიწადში ერთხელ, მათი ბადრაგის თანხლებით მაინც გადაგვიშვან, გამოგვყვნენ“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ოჯახის წევრთა და წინაპრების საფლავებისა და სალოცავების მონახულების პრობლემის მოგვარება ვერც ჟენევის მოლაპარაკებებზე მოხერხდა და ვერც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. არაერთხელ ითქვა, რომ ამ საკითხის გადაჭრის სანაცვლოდ, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დემარკაციასაც ითხოვდა.
სალოცავების მონახულება "ისტორიულ სამშობლოში" და "პირადი კონტაქტები კომპეტენტური ორგანოებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან"
რუსეთის მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით:
საქართველოში, თრუსოს ხეობაში, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოვიდა 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი [თარიღი არ არის დაკონკრეტებული];
ჯგუფში იყვნენ როგორც ხანში შესული ადამიანები, ასევე ახალგაზრდები;
მათ მოინახულეს წინაპართა საფლავები და უძველესი სალოცავები „ისტორიულ სამშობლოში“;
თრუსოს ხეობისკენ მიმავალ გზაზე, ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა;
მომლოცველებმა ღამე სოფელ კობში გაათიეს, მომდევნო დღეს კი თრუსოს ხეობისკენ დაიძრნენ;
შემდეგ ღამე სოფელ ტეფში, კარვებსა და ავტომობილებში გაათიეს და მომდევნო დღეს ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდნენ.
რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში მოყვანილია როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ასევე თრუსოს ხეობაში გადმოსულთა კომენტარები. ხაზგასმულია, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ ბევრი მსურველი გამოჩნდა.
რაც შეეხება ვიზიტის შეთანხმებას, რუსეთის მედია წერს:
ჯგუფის ვიზიტი 2 თვის განმავლობაში თანხმდებოდა და ჩართული იყვნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოში მოქმედი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია და ქართული მხარე;
ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გამოყენებულ იქნა პირადი კონტაქტები „საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და სამღვდელოების წარმომადგენლებთან“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოსებს „ისტორიული სამშობლოს“ მონახულებაში დაეხმარა.
საფლავი თრუსოს ხეობაში, 2021 წლის ზაფხული
ასევე ნახეთ
ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებმა თრუსოს ხეობაში წინაპართა საფლავები მოინახულეს
რა ნოტა მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ? რას ითხოვდა რუსული მხარე?
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
დასმული შეკითხვები რუსეთის ფედერაციიდან გადმოსულთა დახვედრის დროს მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ უპასუხოდ დატოვეს შს სამინისტროში.
რუსული პორტალი ОсНова წერს, რომ, ამ ბოლო ვიზიტისას, ჯგუფს გადაადგილებისას „ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები“ არ ახლდნენ.
რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თემა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხებაო და არ დააზუსტეს, საერთოდ იციან თუ არა თრუსოს ხეობაში რუსეთის მოქალაქეების ორგანიზებული გადმოსვლის შესახებ.
რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება საპატრიარქოსგან - იმის გასარკვევად, სასულიერო პირებიდან ვინ და რა ფორმით იყო ჩართული ვიზიტის დაგეგმვაში.
ОсНова-ს ცნობით, მომლოცველთა ჯგუფის პირველი ასეთი ვიზიტი 2021 წელს შედგა, რა დროსაც - მათ ქართული პოლიცია და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ახლდნენ.
ამავე წყაროს ცნობით, მეორე ვიზიტი, 2022 წელს, უამინდობის გამო, ნახევარ გზაზე შეწყდა.
ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელთა ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმაც ახსენა, 2022 წლის სექტემბერში, როცა საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ მიდგომას" იწონებდა.
„ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2021-2022 წლებში ერთობლივი ძალისხმევით ჩრდილოეთ ოსეთიდან მომლოცველთა ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა, გამგზავრებულიყო საქართველოს ყაზბეგის რაიონის თრუსოს ხეობაში მდებარე საგვარეულო სამარხების მოსანახულებლად. ეს ადასტურებს მოსკოვისა და თბილისის უნარს, კეთილი ნების სულისკვეთებით ურთიერთგაგებას მიაღწიონ ასეთ მგრძნობიარე საკითხებზეც კი“, - თქვა მაშინ გონჩარმა.