#62699542 · 21 Aug 2026, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
მაინტერესებს იურისტების აზრი და რჩევა ადმინისტრაციულ უმოქმედობასთან დაკავშირებით. ვითარება: ვფლობ მიწის ნაკვეთს მცხეთაში (მუხათგვერდი). ტერიტორია ხვდება იუნესკოს დამცავ ზონაში (არ არის მორატორიუმის ზონა).
პირველ ეტაპზე ავიღე მშენებლობის ნებართვის I სტადია — GAP-ი (განაშენიანების რეგულირების პირობები), რასაც იუნესკოსთან შეთანხმების გამო წელიწადზე მეტი დასჭირდა. ამის შემდეგ შევიტანე უშუალოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი. უკვე 4 წელზე მეტია (ჯამში 5 წელი) ველოდები საბოლოო შეთანხმებას/მშენებლობის ნებართვას. ადგილობრივ უწყებებში (მერია / კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო) ზეპირად მეუბნებიან, რომ პროექტი გაგზავნილია იუნესკოში და პასუხს ელოდებიან. ამ ხნის განმავლობაში არანაირი ოფიციალური წერილობითი პასუხი, წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტყობინება ან შუალედური აქტი არ მიმიღია. ოჯახური პირობების გამო (ვცხოვრობთ ძალიან მცირე ფართობში მცირეწლოვან შვილებთან ერთად) საცხოვრებელი პირობები უკვე კრიტიკულად მძიმეა.
ჩემი კითხვები იურისტებს: ადმინისტრაციული უმოქმედობა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების ფონზე, რამდენად კანონიერია უწყების მხრიდან ასეთი ხანგრძლივი დუმილი იმ მოტივით, რომ „საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხს ელოდებიან“?
სამართლებრივი ბერკეტები: ვინაიდან GAP-ი უკვე შეთანხმებული და გაცემულია, მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის უკანონოდ ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრით ან სასამართლო სარჩელით) და დავავალდებულო უწყება, გამოსცეს საბოლოო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი?
ზიანის ანაზღაურება / გამართლება: ხომ არ არსებობს პრაქტიკაში პრეცედენტი, როცა ასეთი ხანგრძლივი უმოქმედობის გამო მოქალაქეს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ან ხომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი მშენებლობის დაწყების დასაშვებობაზე მსგავს სიტუაციაში?
რა იქნება ყველაზე სწორი და ეფექტური პირველი ნაბიჯი ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად? წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის!
--------------------
Человеческие возможности не имеют предела
Above & Beyond
Coderolog
|