ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი და ეს პროცესი უშუალოდ უკავშირდებოდა ნავსაყუდელის ბათუმის კონცხისკენ გადმონაცვლების პროცესს. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებისთვის ქალაქის საზღვრები ნური-გელის ტბის მიდამოებამდე აღწევდა. 1878 წლის ბათუმის რუკაზე ჩანს, რომ ამ დროსთვის ქალაქის დაგეგმარება არ ატარებდა მოწესრიგებულ, გეომეტრიულ ხასიათს. არ იყო ჩამოყალიბებული ქუჩების ქსელის, კვარტალებად დაყოფისა და სისტემური განაშენიანების პრინციპები, მაგრამ სახეზე იყო ქალაქის ზოგადი მონახაზი, ვიწრო ქუჩებისა და კვარტალების ორიენტირება ზღვისკენ, ბურუბ-თაბიეს ციხე-სიმაგრის მიმართულებით.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქალაქის სწრაფი განვითარება დაიწყო. ამ დროისთვის, ფაქტობრივად, განსაზღვრული იყო ქალაქის დაგეგმარება და ქალაქმშენებლობის ძირითადი პარამეტრები. ქალაქის ასეთ დაგეგმარებას, პირველ რიგში, ბათუმის კონცხის ბუნებრივი ადგილმდებარეობა და რელიეფის ხასიათი განაპირობებდა. ვაკეზე, სანაპირო ზოლის გაყოლებით, გაშლილი განაშენიანება ადგილის არაჩვეულებრივი შეგრძნებით გამოირჩევა.
წესრიგი, ორიენტირება ზღვისაკენ, მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, სწრაფვა უსასრულო სივრცისაკენ განსაზღვრავდა ბათუმის მიმზიდველობას.
ძველ ბათუმში არსად გვხვდება რთული რელიეფური ლანდშაფტებით გამოწვეული არქიტექტურული კონტრასტები, იშვიათია ჩაკეტილი სივრცული მონაკვეთებისა და მოულოდნელი ხედების დინამიკა. აქ ყველაფერი წესრიგისა და ზომიერების, ქუჩების გრძივი სივრცეების ჰარმონიული აღქმის პრინციპს ემორჩილება.
1890-იანი წლების მონაცემებით ადმინისტრაციულად ბათუმი ოთხ პოლიციურ უბნად იყო დაყოფილი. `აზიზიე~, რომელიც მოიცავდა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, მსხვილი ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა. აქ თავმოყრილი იყო ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დაწესებულებების უმეტესობა. `აზიზიეს~ აღმოსავლეთით მდებარეობდა `ახმედიე~, რომელიც ვიწრო და მრუდე შესახვევების მქონე განაშენიანებით ხასიათდებოდა. ამ უბანში მდებარეობდა სავაჭრო დაწესებულებები, თურქული ბაზარი, საწვრილმანო დუქნები, ყავახანები და სხვა.
მოსახლეობის ღარიბი ფენა ქალაქის ყველაზე დიდ უბანში, `მუფთიეში~ ცხოვრობდა, სადაც ნავთობის ქარხნები იყო განლაგებული. `აზიზიეს~ სამხრეთით მდებარე, ახალაღმოცენებული უბანი _ `ნურიე~ უფრო ევროპული სტილის დასახლება იყო. აქ დასახლებულები ძირითადად, ქალაქის არისტოკრატები იყვნენ. აქვე იყო ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები და მარინის ქალთა სასწავლებელი. ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილი, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა საზღვაო ნავსადგურსა და ბულვარს შორის არსებულ ერთიან ცენტრად. საპორტო ქალაქის სპეციფიკამ ხელი შეუწყო არქიტექტურული სივრცის ბუნებრივი დომინანტისკენ _ ზღვიდან და ზღვისკენ ორიენტირებას. სანაპირო ზოლში მდებარე შენობები ყველაზე მთავარი და კაზმული ფასადებით ორიენტირებული იყო ზღვისკენ.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზღვა იყო ძველი ბათუმის ბუნებრივი და მთავარი არქიტექტურული ორიენტირი, სადაც ყველაფერი იწყებოდა, მთავრდებოდა და თავს იყრიდა.
სანაპირო ზოლში მდებარეობდა ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი _ პორტი. შემთხვევითი არ იყო, რომ ბათუმში ყველა ქუჩა იწყებოდა ზღვიდან. ასეთი განაშენიანება ხელს უწყობდა ბათუმის მხატვრული იერსახის წარმოჩენასა და ქალაქის თავისუფლად გახსნას ზღვის სივრციდან. სწრაფვა გრძივი, თითქოს უსასრულო სივრცეებისკენ ბათუმის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანია. სივრცის აღქმის ასეთი დამოკიდებულება, თავის მხრივ, ლანდშაფტითა და გეგმარებით არის განპირობებული.
რეგულირებული დაგეგმარების ხასიათთან ერთად ძველი ქალაქის არქიტექტურულ მთლიანობას განაპირობებს ურბანული ქსოვილის უწყვეტი განვითარება და რიტმი. უწყვეტი, კვარტალური განვითარების ხასიათი ბათუმის ქუჩების, არქიტექტურული სივრცის მთავარი ნიშან-თვისებაა. ასევე სახასიათო თავისებურებაა ფასადების ორიენტირება ქუჩების მიმართულებით.
მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით ბათუმში ისეთივე სურათია, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში. ბათუმის არქიტექტურას მხატვრულ სტილთა მრავალფეროვნება, სინთეზი და ეკლექტურობა შენობების ფასადებზე გამოხატულებას ჰპოვებს ხან მსუბუქად, ხან კი საკმაოდ მკაფიოდ გამოვლენილი ბაროკული, რენესანსული თუ გოთური მოტივები, რასაც მოგვიანებით ენაცვლება რომანტიზმით, ადრეული და გვიანი მოდერნითა და კონსტრუქტივიზმით შთაგონებული არქიტექტურული ნიმუშები. სანაპიროს მიმდებარე ძველი უბნის შედარებით მოკრძალებული ზომის, სისადავით გამორჩეული ნაგებობები ხელსაყრელ ფონს ქმნიდნენ ბათუმის ცენტრის უფრო მსხვილმასშტაბიანი შენობების `პომპეზურობის“ წარმოსაჩენად. ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო მ. აბაშიძის ქუჩა _ ყოფილი მარინის პროსპექტი, რომლის სახეს ქმნიდა ევროპული სტილით ნაშენი, უხვად მორთული ფასადების მქონე ისტორიული შენობები. ძველი ბათუმის ზოგიერთ უბანს, რიგი ჩარევების მიუხედავად, დღემდე შენარჩუნებული აქვს ავთენტიკური (თვითმყოფადი) სახე. შედარებით უკეთესად, ერთიანი ისტორიული კონტექსტის სახით, მოღწეულია სანაპიროს მოსაზღვრე განაშენიანება (ი. გოგებაშვილისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი, უმეტესად `აზიზიეს~ ისტორიული უბანი).
გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე ჩამოყალიბებული არქიტექტურული სახით ბათუმი დღემდე ინარჩუნებს ზემოქმედების ძალას. ურბანული განაშენიანების უწყვეტი დინამიკა, დაბალანსებული სივრცითი ნიშნულების არქიტექტურული რიტმი, მასშტაბების ზომიერება და სტილისტური მრავალფეროვნება დღემდე განაპირობებს ბათუმის გამომსახველობას. ნაგებობათა განთავსების რიტმი განსაზღვრავს ადამიანის მოძრაობის შედარებით მშვიდ და ზომიერ დინამიკას ძველი ქალაქის უბნებში. ეს თავისებურება კი იმის განცდას განაპირობებს, რომ ბათუმის ქუჩებში უსასრულოდ შეიძლება სეირნობა.
ეს ყველაფერი იყო, მაგრამ დღეს ძველი ბათუმი თანაბრად და უმოწყალოდ ნადგურდება უნიჭო, უგემოვნო არქიტექტორების, ვანდალი რესტავრატორების და ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიური მონაწილეობით.
ბათუმი – Xბათუმი - XIბათუმი - XIIბათუმი - XIII (13)წინა თემის აქტიური წევრები:
YOUR-EX-GIRLFRIENDshushanafaaqgiorgidriftLuchiatornike-404M-A-S-E-R-A-T-I This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 3 May 2012, 17:15