მინდა ეს არაჩვეულებრივად კარგი მხატვარი წარმოგიდგინოთ:
ვარლა
ფელიქს ვარლამიშვილი 1903 ქუთაისი – 1986 პარიზი
ქართველი მხატვარი, რომლის მხატვრული სახე საფრანგეთში ჩამოყალიბდა.
დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში (პედაგოგები : გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი), რომლის დამთავრების შემდეგ დააარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა.
1928 წელს ფელიქს ვარლამიშვილი გაემგზავრა საფრანგეთში - პარიზში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
1933 წლიდან ვარლა იწყებს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას, თანამშრომლობს პარიზის სამხატვრო გალერეებთან - GALERIE SPERANZA, GALERIE ROUX HENTCHEL, სადაც მისი არაერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
1934 წელს ქორწინდება დანიელ მხატვარ ზირე ბინდერზე.
1945 წელს გახდა სამხატვრო გაერთიანება - LE SALON D’AUTOMNE -ის წევრი, რაც სალონის გამოფენებზე ჟიურის ნებართვის გარეშე მონაწილეობის უფლებას იძლეოდა, მოგვიანებით კი იგი თავად შეჰყავთ ჟიურის შემადგენლობაში.
1940- იანი წლებიდან საფრანგეთის სახელმწიფო იძენს ვარლას ნამუშევრებს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისა და მუნიციპალური დაწესებულებებისათვის.
1948 წელს ვარლა მეუღლესთან ერთად მიემგზავრება არგენტინაში, სადაც ცხოვრობს და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა ოთხი წლის განმავლობაში, თანამშრომლობს ბუენოს - აირესში ცნობილ GALERIA VIAU -სთან.
1952 წელს ფელიქს ვარლა და ზირე ბინდერი ბრუნდებიან პარიზში. ვარლა იწყებს თანამშრომლობას არტდილერ პოლ სონენბერგთან. ამ პერიოდიდან სიცოცხლის ბოლომდე მისი გამოფენები იმართება როგორც საფრანგეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში - ირანში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში.
1986 წელს ვარლა გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე.
1987 წელს მხატვრის მეუღლემ საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს გადასცა მხატვრის მიერ ანდერძით დატოვებული 10 ნამუშევარი.
რამდენიმე მისი შედევრი:



