sasruli
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 36908
რეგისტრ.: 21-June 07
|
#11285166 · 24 Oct 2008, 05:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავები ჩემი წიგნიდან "პიკასო"
ტელემაქე
უკვე იხსნება ურდულები. მალე იხილავ სანახაობას, თვით მტერსაც რომ შეაძრწუნებდა. სოფოკლე “ოიდიპოს მეფე”
აღსრულდა მისტიური მსხვერპლშეწირვა. ძე დაეუფლა მამის სულის სათაყვანო ნაწილს. აილესა ლურსმნები და წამოვიდა პირქუში ციდან შურისძიების თავსხმა. დადგა მამა შეუბრალებელი ციონის ქვეშ. თვალები მიუშვირა პირმშოს მიერ ნასროლ ისრებს და წარბშეუხრელად ამოიშანთა. “ნიკაპზე წვიმად დასდიოდა სისხლის ნაკადი, სისხლს კი თვალებიც მოჰყვებოდა, მისგან დათხრილი, და შავი სითხეც უპეებით გამოდენილი”. აწ უკვე ბრმაა და წყვდიადშია დანთქმული. ხელოვნების ციცაბო გზას ვეღარ გააგნებს. კარსმომდგარი სიბერეც ხახადაფჩენილი უფსკრულივით უღრიალებს. გზიდან შეცდომით გადახვევა და - სამარცხვინოდ დაენარცხება სასიკვდილოდ წაწვეტებულ ქიმზე. დათმობა არჩია. ხელოვნების სახიფათო ბილიკებს გვერდი აუქცია და საბოლოოდ უარი თქვა შემოქმედებითი გოლგოთის ეკლიან გზებზე. წამიერად მოხდა სულიერი აფეთქება. გამარჯვებულ-დამარცხებულზე თითქმის არც უფიქრია, შეუბრალებლად გადაულოცა თავის ყრმას დემონისეულ გზაზე სიარული. მამამ სახელოსნოს თაროებიდან ჩამოიღო საკუთარი საღებავები და ფუნჯები. უკანასკნელად გადაუსვა აკანკალებული ხელები, გადასცა შვილს და მას შემდეგ არასოდეს არ დაუხატავს.
შუშის ცრემლები
თითქოს მოისვენა. უკვე აღარ სტანჯავს ხელოვნების თვალბედითი დემონი. დროც თავზე საყრელად აქვს. მუყაოს, ქაღალდისა და წებოსაგან პაბლოსათვის სხვადასხვაგვარ ყუთებს, სრულიად გამოუსადეგარ საგნებს ამზადებს. მოსწონს კიდევაც ასე. ერთხელ ქალის თაბაშირის ქანდაკება აიღო, წვეტიანი კუთხეები წახერხა, თავი შეაფერადა, სამოსით მობურა. “სასაცილოა, ამას ხომ ერთი უბრალო, უნიჭო ხელოსანიც გააკეთებს” – გაიფიქრა მან და თვალებიდან ცრელები წასკდა. უშნოდ გადაკეთებულ პატარა ქანდაკებას შუშის ცრემლები მიაკრა ლოყაზე.
უნებლიე ხატი
დაკარგული სიცოცხლე, უხალისო, გულგრილი თვალები, თითქოს ყველაფრისადმი გულაცრუებული გამოხედვა. ცივი, გაყინული მზერა უცხო სიშორეში. ასეთი იყო პაბლოს მიერ იმდროინდელ ნახატებში აღქმული მამა. ,,როცა ვხატავ, ჩემდაუნებურად მამაზე ვფიქრობ. რაც დამიხატავს, ცოტად თუ ბევრად მისი სახე ამოიცნობა.”
ქრისტე, სატანის მომნანიე
პაბლო მოლბერტთან იდგა. რამდენიმე დღეა, უცნაურმა სიუჟეტმა გაიტაცა. სათაურიც უნებლიედ აეკვიატა, _ ,,ქრისტე, სატანის მომნანიე”. ანაზდად მამა წაადგა თავს. თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, მღელვარებამ შეიპყრო. სურდა შემოეხედა, მაგრამ მამა უკან იდგა და მობრუნებას ვერ ბედავდა. იგრძნო მისი მომნუსხველი მზერა. თავს ძალა დაატანა, ცდილობდა, არაფერი შეემჩნია და თითქოს არაფერი მომხდარაო, გულდამშვიდებით განაგრძო ხატვა. გაიწელა დუმილი. არცერთს სურდა ხმის ამოღება და დასაბამიერ კითხვებზე პასუხის გაცემა. ,,მამაღმერთის სიყვარული უსაზღვროა, თვით ეშმაკსაც მოუნანიებს მეორედ მოსვლამდე”, _ გაიფიქრა მან და ქრისტეს მამის სახე და თვალები მისცა ნახატზე.
წითელი მამალი
ცივ ოფლს დაეცვარა შუბლი. პაბლომ სისხლიანი დანა მიწაზე მოისროლა და კისერგამოღადრულ მამალს დაუწყო ცქერა. თავაწყვეტილი დაფორთხავდა მამალი. წითლად შეეღება მიწა, მწვანე ბალახი. სისხლის მწკლარტე სუნით გაიჟღინთა ჰაერი. ონკანი მოუშვა და შეეცადა, წყლით ჩამოერეცხა ხელებზე შეშხეფებული სისხლის წვეთები. ,,ამ ხელებს თავის დღეში სიწმინდე აღარ მოეკიდებათ”, - გაიფიქრა პაბლომ და ცხვირთან ახლოს მიიტანა. ,,მაინც სისხლის სუნი მომდის; მთელი არაბეთის სურნელოვანი ბალახები ამ პატარა ხელს ვერ გასწმენდენ”.
ბრმები უკეთესად ხატავენ
ილეოდა ღამე. პატარა სახელოსნო სიგარეტის ბოლში იყო გახვეული. ნამწვი საფერფლეზე დაბერტყა და სავარძლისაკენ გაემართა. უძილობისაგან თვალები ეწვოდა. საშინელ დაღლილობას გრძნობდა. საწოლზე სოფოკლეს ტრაგედიების ძველი გამოცემა იდო. ყდაგაცრეცილი წიგნი ხელში აიღო და ჩანიშნულ ადგილას გადაფურცლა. ოიდიპოსის ბრმა თვალებს მისწვდა მისი აზრი და ბოლოდროინდელ ტილოებზე გამოსახულ უსინათლო მოხუცებზე დაფიქრდა. მიხვდა, თუ რად იტაცებდა ბრმათა სულიერი უღონობისა და სასოწარკვეთილი სახეების ხატვა: მანაც ხომ შემოქმედებითად დააბრმავა საკუთარი მამა! ,,ბრმები უკეთესად ხატავენ”, _ გაიფიქრა მან და ისევ მოლბერტზე დაკიდებულ ცისფერ სურათზე გადაიტანა მზერა.
ცისფერი
ცა შეიღება ლურჯად. თალხი დაისი ჩამოწვა ჰორიზონტზე. სანუკველ სიღამესთან შეხვედრის მოლოდინით შეპყრობილი დაემშვიდობა დღის სინათლეს. ცისფერმა ჩრდილებმა ჩაჰკიდეს ხელები და გაიტაცეს მრუმე ფერებით მიმქრალ უშორეს სიღრმეებში. განშორდა ჩვეულებრივ, აწეწილ სამყაროს. თვალმიუწვდენი, უკიდეგანო ოკეანე გამოჩნდა წინ. იწყებოდა გონების სიკვდილი. ალესილი ცელით გადაიკვეთა ცნობიერთან უკანსავალი გზები. ჩრდილების საუფლოში დაიდო ბინა. თითქოს მიაგნო, რასაც მთელი სიცოცხლე დაეძებდა. რამეთუ აქ, გონებისა და განსჯის მეუფებისაგან შორსაა სულის ხსნა. მხოლოდ აქაა მისეული სამყარო. დროებით ჩამოიშორა ცნობიერების სულთამხუთავი ჯაჭვები. უკანმოუხედავად გაექცა მზის მსუსხავ სინათლეს და ჩავიდა ცისფერ ჰადესში. აწ ცნობიერს ქვევითაა, უშფოთველად დაცურავს უსაზღვრო ოკეანის სილურჯეში. ცისფერი ღამის მორჩილი ტყვეა. ქვეცნობიერიც ცისფერ ანგელოზად ევლინება. იგია დამცავი ფილტრი მასა და საძულველ სამყაროს შორის. სხეული კვდება, სულს აღარ აქვს ხორცითა და ჩონჩხით შემბოჭავი მყრალი გალია. სიკვდილის ცისფერ მერანზეა ამხედრებული შიშველი სული და აწყვეტილივით მიაქანებს უჩინარს მიღმა.
ბედის ირონია
ნახატზე ბრმა მოხუცს ფეხები ავადმყოფურად მოეხარა. ჭაღარით მოსილი თავი მხრებზე ჩამოეგდო. გიტარაზე უკრავდა დაუძლურებული ბებერი ხელოვანი. სიბრალული უმწეო და ავადმყოფ სიბერეზე. შიში დროის წარმავლობის ულმობელ და სასტიკ დამანგრეველ ძალასთან. “ამ წაწვეტებული, ელ გრეკოსეული სახეების არაფერი მესმის” _ უთხრა მამამ. მისთვის ველასკესი უფრო მისაღები იყო, ვიდრე ხელოვნურად დაგრძელებული სახეები. ცდილობდა, ჩაწვდომოდა შვილის ჯიუტ გატაცებას ხელოვნების იმ უჩვეულო ფორმებისადმი, რომელიც ყოველთვის ზიზღს ჰგვრიდა. პაბლო ფანჯარასთან იდგა და სახელოსნოს პირდაპირ აღმართულ ასწლოვან ხეს გასცქეროდა. ფიქრებში გართულს აღარ უპასუხნია. იწურებოდა ცივი ზამთარი. ფოთლებისაგან განძარცვული შიშველი ხეები თვალებამოგლეჯილ უმწეო არსებებს ჰგვანდნენ. ,,საოცარია, ასე რატომ შეიძულა ელ გრეკო. ჩემი ნახატებიც დამიწუნა. მისთვის ისევ რენესანსის დროა. ვერაფრით შეგუებია გამოსახვის ახალ ფორმებს”, _ გაიფიქრა მან. ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ მამისათვის საძულველი მხატვრის ხელწერით შესრულებულ მოხუც მუსიკოსს მამის სახე მისცა.
შინაგანი თვალი
კარები გაიღო და უსინათლო მოხუცი შემოვიდა პერე რომეს კაფეში. ხელჯოხით მიიკვლევდა გზას. ახალგაზრდა ოფიციანტი შემოეგება და ცარიელ მაგიდასთან დასვა. კაფეში თოჯინების წარმოდგენა გაემართათ. ტევა არ იყო დარბაზში. უსინათლომ ხელი გააცოცა მაგიდაზე და წყლით სავსე დოქს მიაგნო შეხებით. ბებერი ხის გაცოცხლებულ ტოტს მიაგავდა სუსტი, წვრილი ხელები. პაბლო მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა ხაიტე საბარტესთან ერთად და ბრმა მოხუცის ხელების მოძრაობას მიშტერებოდა. _ საოცარია, _ თქვა მან, _ სულ ვერ ხედავს. _ ფანჯრებდაგმანულ ოთახს არ ჰგავს? _ უპასუხა საბარტესმა. _ გარე სამყაროს დარაბები დახურულია. _ საოცარი განცდაა. შინაგანი ხედვა უფრო ძლიერდება. მოხუცმა დოქი აიღო და ხელის ცეცებით ჭიქა გაივსო. ოფიციანტმა ლუდით სავსე ტოლჩა დაუდგა მაგიდაზე. _ გმადლობთ, _ უთხრა უსინათლომ. ოფიციანტმა გაუღიმა და ისევ უკან გაბრუნდა. _ როგორ გგონია, _ თქვა პაბლომ, _ მართლაც მშვენიერია ბრმა მხატვარი. მხოლოდ წარმოსახვაა. ფიზიკური ხედვის გარეშეც შეიძლება, ნახო. _ რა მნიშვნელობა აქვს? _ უპასუხა საბარტესმა. _ ამ სამყაროს მართალ სახეს მაინც ვერასოდეს ხედავ. ,,სიბრმავის მრუმე ლაბირინთებში დანახული სიმართლე, _ გაიფიქრა მან, _ მხატვრობაც ხომ დაფარული შინაგანი სამყაროს ხილული სახეა”.
LA VIE
კიდია იგი ჯვარზე, მშობელ დედასა და საყვარელ ქალს შორის. ორივენი ლურსმნებია, ხელისგულზე სასჯელივით შერჭობილი. თბილ საშოში ნირვანასავით სულთქმა. შეუბრალებლად გამოაგდეს ჯოჯოხეთის უკუნეთ სიბნელეში. სუსხიან სივრცეს ისევ მხოლოდ დედის თბილი მკერდი ავიწყებს. ლორწოვანი გარსი აღარ აკრავს თავზე. სადღა არის სახურავი, ზევით მხოლოდ თვალშეუდგამი წვიმიანი ცაა. დაკარგული სითბოსა და სახურავის საძებნელად გაბუნდოვნებულ ბურუსში უსასოო ხეტიალი. მიამსგავსა თითქოს. უთვალავ სულიერთაგან გამოარჩია მისი ლორწოს სუნი. გაფოთებით დაეწაფა რძესავით ტკბილ ბაგეებს. დედისაგან საბოლოოდ მოწყდა, მაგრამ ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს, რადგან საყვარელი ქალია დედის თბილი მკერდი. შური და ფარული მტრობა. ორი ქალის ერთი შეუცვლელი კერპი. კავკასიური ცარცის წრე. ჩასჭიდებიან ორმხრივ და ექაჩებიან თავთავისკენ. ...და კიდია იგი ჯვარზე, მშობელ დედასა და საყვარელ ქალს შორის.
ეშმაკეულის შემლოცველი
დღეს “ველურებსაც” ეწაფებიან: ქვისაგან თუ ხისაგან გამოჭრილ აფრიკის კერპებს გაოცებაში მოჰყავთ ამდროული ხელოვანნი. გრიგოლ რობაქიძე
საბედისწერო აღმოჩნდა ტროკადეროს ეთნოგრაფიის მუზეუმში დანახული აფრიკული ნიღბები. ასეთ ნიღბებს აკეთებდნენ დასავლეთაფრიკელი, ფანგთა, დოგონთა, სენუფთა და ბამბართა ველური ტომები. მაგიურად მოქმედებდა სპილოს ძვლის კუნძულიდან გადმოყოლილი ეშმათა ხატება. შემაძრწუნებელ ზიზღს აფრქვევდნენ ირგვლივ ყოველთა მიმართ მტრულად განწყობილი ნიღბები. თითქოს ისიც გაეხვია დამთრგუნველ ბურუსში, არსებულის მოცემულობისადმი სიძულვილი გადაედო. მაგიური გავლენით დატყვევებულს გაქცევა სურდა, მაგრამ რაღაც ეწეოდა უკან, ადგილიდან არ განძრეულა. თვალგაშტერებით მისჩერებოდა. საროსკიპოში შეყრილი ათაშანგი სატანის ქმედებად მიაჩნდა. გონებაში გაუელვა აფრიკელთა რწმენა; ნიღაბს თვლიდნენ ეშმაკეულისაგან თავდახსნის იარაღად. თუ მის სახეს მიიღებ და რაღაც ნაწილს დაუთმობ, დემონის მეუფებას გადასცემ თუნდაც გაურკვეველ ფორმას, მით მცირედ იქნები დამოკიდებული მასზე. პირველყოფილი წინაპრები ხორციელი ვნებებისაგან თავდასაღწევად ეშმის სახეს აძლევდნენ ქალის სახეს. მისი სურათებიც იგივე ნიღბებია, შუამავალი მასა და ეშმაკეულს შორის, სულში მოფარფატე უფორმო სატანის მოჯადოების უებარი წამალი. იგრძნო, რომ ამ პრიმიტიული ნიღბით უფრო უკეთესად დაინახავდა ამ სამყაროს და თანაც, დაინახავდა ისე, როგორც სურდა. შეიძლება უფრო მეტიც ეხილა, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. აიფარებს თუ არა, ტირანი ველასკესიც ერთ პატარა, სასაცილო ჯუჯად მოეჩვენება. მის მიმართ მონური მორჩილების შიში ამ ნიღაბზე გადავა, თავისუფლდები თითქოს. დაკოდვილობისგან თავდახსნის მაგიური იარაღია ეს აფრიკული ნიღაბი. მით უფრო მცირდება მკოდავი ტირანის მეუფება. მთავარია არა პიროვნება, პერსონა, არამედ ნიღაბი – არსება, რომელიც გამოსახავს არა თავის თავს, არამედ რაღაც პირობით მრავალსახეობას. არა პიროვნება, არამედ მყარი კუბები, მათემატიკური ფორმულები, როგორც სამყაროს ტიპიური უნივერსალური სახე. არა შინაარსი, გადმოცემული ცირკის მსახიობებში თუ ხეიბრებში, არა ადამიანი კონკრეტული სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა მახასიათებლებით, არამედ აბსტრაქტული, სტატიური სახეები, ფიგურების უხეირო, მოუხერხებელი კონტურები, ასიმეტრია, გაწყვეტილი ხაზები, გაფართოებული, უხეშად დაშტრიხული დეტალები, უტრირებული თავისუფალი დამოკიდებულება სივრცესთან და პროპორციებთან, სხეულის არქიტექტურული დანაწევრება, ისე, როგორც ეს აფრიკულ, პრიმიტიულ ნიღბებშია, სადაც თავი ტანისგან დამოუკიდებლად არსებობს. თავი წრეა, ხელები – მართკუთხედი, ზურგი – სამკუთხედი. ფეხები? ფეხები თითქოს სხეულს არც ეკუთვნიან. აიფარე თვალზე ნიღაბი შავი.
სიკვდილის შიში
სანტა კრეუს მორგისაკენ გაემართა. ნაცნობი როსკიპის გვამი ეგულებოდა. ბარსელონელი მეგობრის, ექიმ-გინეკოლოგის წყალობით, ხშირად დადიოდა სანტა-კრეუს საავადმყოფოში, სადაც როსკიპებს მკურნალობდნენ. ჩააცვამდნენ თეთრ ხალათს და უფლებას აძლევდნენ ავადმყოფ როსკიპთა გასინჯვებს დასწრებოდა. პაციენტები ექიმის ასისტენტად თვლიდნენ. ,,სიამოვნება სიცოცხლეზე მეტია, ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს”, – ფიქრობდა იგი გზაში. სახე აელეწა და იგრძნო, თუ როგორ დასრიალებდა საკუთარ სისხლში ათაშანგი. ამ წუთში არაფერი იყო მისთვის უფრო სანატრელი, ვიდრე ამ უბოროტეს მტერთან გათამაშება. თავი იმით დაიმშვიდა, რომ გოიაც ვენერიული სნეულებით იყო დაავადებული. ყველგან დაეძებდა სიკვდილის აჩრდილს. სურდა, მოეშინაურებინა. დაუძლეველი შიშისაგან გასანთავისუფებლად საროსკიპოს ათაშანგიან ქალებს სურათზე თავისი თვალები მიახატა. უნებურად შეყრილი საშინელი სენის შიში ისე ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ მარტო ეშმაკეული სახის დახატვა არ იყო მისთვის საკმარისი. ვერც სენ-ლაზარეს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ვერც სანტა კრაუს მორგში ათაშანგიანი ქალის გვამის მონახულება უშველიდა. თვითონ უნდა შეექმნა საკუთარი მაგია და ამ მაგიური ენით გაებრუებინა გასვრილ სულში მყარად დავანებული ეშმაკეული ლტოლვა. მოუცილებელი წუხილისაგან გასაქცევად დემონებს თავისი შავი თვალებიც კი მისცა. საკუთარი ხორციდან ამოიგლიჯა სნეული ნაწილი და მაგიურ ძალებს გაატანა ცოდვათა განსაქარვებლად.
ფილოსიფიური ბორდელი
საროსკიპოდან დაბრუნებულმა კარები ჩაიკეტა და რამდენიმე დღის განმავლობაში არავისთვის გაუღია. აფრიკული შავი ნიღბები აეკვიატა. თითქოს მათი მაგიური ძალა გადმოვიდა და სულიან-ხორციანად დაიმონა, ეშმაშეპყრობილივით ხატავდა. ყოველგვარი შინაარსისაგან განთავისუფლება სურდა. ექიმი-სტუდენტი და მეზღვაურიც გააქრო სურათიდან. ,,შიშველ მეძავებთან ჩაცმული მამაკაცები ისხდნენ. შემდეგ კაცები წავიდნენ. განა ჩვეულებრივ ასე არ ხდება საროსკიპოებში?” _ გაიფიქრა მან და ისევ განაგრძო ხატვა. გონებიდან ვერაფრით ამოიშალა კალე ავინიონის ბორდელში აკიდებულ სენზე ფიქრი. ათაშანგი გახდა მისი ჯოჯოხეთური წყევლა. სურდა სურათზე გადმოტანა სამეძაო სახლის ათაშანგიანი ჯოჯოხეთი. დამანგრეველი დეფორმაცია, დანაწევრებული სხეული, აფრიკული შავი ნიღბებივით უსქესონი, დაშტრიხული სახეები, პინოქიოს უსიცოცხლო, სამკუთხა ცხვირი, თითქოს ქვისაა, დიდი, გადმოკარკლული თვალებით, სპილოს ძვლის სანაპიროს ჯადოქმნილი კერპები. ორმოცი დღეა და ორმოცი ღამე, გადაუღებლივ წვიმს წარღვნის ცოდვა. ,,ავინიონელი ქალების” მაგიური ხელოვნებით თითქოს მოიშორა გახრწნილი სული. უკვე ამოიცნო და გაითავისა მაგიური ბნელთმეტყველება. ამიერიდან თვითონაა დემონიურის შემლოცველი შავი მაგია. ერთი ხელის მოსმით წაიშალა რაფაელის ნატიფი ხაზები და ველასკესი, მამა. სამუდამოდ დაასამარა დაკარგული უცოდველობის აღმდგენი ინგლისელი პრერაფაელისტების ხელოვნება. დანაშაულის შეგრძნებისაგან სულაც არ შეწუხებულა. ზღვარსგადასული ტკივილი ისევ ნარკოტიკივით მოქმედებდა. თვითონაც უკვირდა, თუ რა ადვილად დაილეწა მამის მოჯადოებული გალია. ახლა უკვე გარეთაა. მისი ზედამხედველური თვალთვალიც გაქრა და თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ დაამარცხებს ქენჯნის ტკივილს და არც არასოდეს დაუბრუნდება.
კუბები, ბურუსი
გზას გადაუხვია და ველზე გავიდა. ცივი ბურუსი გადაჰკვროდა მიწის ზედაპირს. რაც უფრო შორდებოდა გზას, მით უფრო ეხვეოდა თეთრად ჩამოფენილ ნისლში. ისე იყო გართული ფიქრებში, რომ ვერც შეამჩნია, როგორ მოიტაცა დახშულმა სივრცემ. განურჩეველი ბურუსი ერტყა გარს. უკვე ვერაფერს ხედავდა. თვალწინ წარმოუდგა კუბისტური ნახატები და უჩვეულო ფორმებში დაფარული აზრი ირგვლივ ჩამოწოლილ ბურუსს შეადარა უნებლიედ. დაწყვეტილი ხაზები. კუბები, ცილინდრები. დაშლილი ცენტრი. დემონური სიმახინჯე. შიზოფრენია. ინტელექტუალურ-ირონიული ანარქიზმი. გროტესკული ნიღბები. სიფილიზმი. ჭლექიანთა სიზმარეული ჩვენებები. ფრაგმენტული დანაწევრება. კუბისტური იდუმალთწერა, სახლების, ტელეფონების გაშიფრული ნომრები, შეყვარებულთა სახელების, ქუჩების დუქნების ამოგლეჯილი ნაწყვეტები. სამყაროს ახალი კონსტრუქტორი სჭირდება. თავიდანაა გადასაკეთებელი. თავადაა შეუბრალებელი და სასტიკი ღმერთი, რომელსაც სურს, თავიდან გამოჭედოს უცენტროდ განფენილი სამყარო.
|