ალექსანდრ კაბანელი. ოფელია.
როგორ ლამაზად გადმოსცემს სურათი უბედური ოფელიას სიკვდილს...
მშვენიერი ქალი, რომლის სიცოცხლე ჯერ მხოლოდ უნდა დაიწყოს და შევიდეს ყვავილობაში... მაგრამ ის იღუპება. უბედური შემთხვევა? თვითმკვლელობა? ზუსტად არავინ იცის. ამ ლამაზი და ხანმოკლე სიცოცხლის ბოლო ბურუსით მოცულია ისევე, როგორც მის სულში მომხდარი ამბები. ვინ იტყვის ზედმიწევინით ნათლად, რას განიცდიდა ახალგაზრდა ქალი, როდესაც შეიგრძნო ჰამლეტისადმი სიყვარულის ეკლები, როდესაც ჰამლეტსა და მას შორის დიდი კედელი აღიმართა? მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის დაიღუპებოდა. ოფელიას დასასრული მიზეზობრივად კავშირშია დრამაში მონაწილე პირებთან, მათ ქმედებებთან...
მის სახეზე ვერ შევამჩნევთ შიშს, ის არ არის თავზარდაცემული. ის გვიყურებს მშვიდად, თვალებით, რომლებიც ნელნელა ქრება, გვანიშნებს თავის უძირო სევდას. იქნებ ის სიკვდილამდე წარმოთქმული სტროფებით გრძნობდა, წინასწარ ჭვრეტდა მოახლოვებულ სიკვდილს:
„იგი მოკვდა და დამარხეს,
იგი მოკვდა, დამარხეს;
ფეხთით დიდი ლოდი დასდვეს,
და თავით მწვანე ხე დარგეს.
თოვლივით თეთრ სუდარაში
ჩვენ იგი გამოვახვიეთ;
ლამაზ ყვავილებით მოვრთეთ
და უხვად ცრემლი ვაფრქვიეთ."
ან იქნებ მან საკუთარი სულიერი ტკივილები გადმოსცა სიტყვებში:
„ხვალ ვალენტინას დღე არის,
მე ვალენტინა ვიქნები,
დილას ადრე შენთან მოვალ
და შენს სარკმელთან დავდგები.
ტანთ ჩაიცვავ, კარს გაუღებ,
მიიწვევ უმანკო ქალსა
და მანკიერს, გაისტუმრებ
საბრალოს, თვალცრემლიანსა“.
მოვიდა უბიწო ოფელია ამ ცხოვრებაში და იგემა ამ ცხოვრების მანკიერება და თვაცრემლიანი, გულმოკლული გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან...
"და სირინოზის მზგავსად იგი ძველსა სიმღერებს,
თვის ბედშაობის უგრძნობელი, ამბობდა თურმე;
იგი ჰგავდაო წყალში აღზრდილს მდინარის შვილსა."
სიკვდილშიც ლამაზია ოფელია, ყვავილებით პატარძალივით მორთული ჩაესვენება წყალში... წყალში, რომელიც სიცოცხლეს იძლევა და რომელმაც უკან მიიბარა მისი სიცოცხლე... მისი გამოხედვა გამომშვიდობებაა და ამქვეყნიური ყოფის სევდას გვამცნობს...
არ წავიდა მაინც მონასტერში. ვერ დათმო ჩვეული სასტიკი ცხოვრება, რომლისთვის იგი ჰამლეტს არ ემეტებოდა...
"ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია.
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია...
წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!"