ladoqartveli
FREEDOMLIBERTY FUCKgovernments

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4564
წევრი No.: 85438
რეგისტრ.: 25-February 09
|
#25320874 · 6 May 2011, 04:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები. ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს ("ბათუმი", "ფუნიკულორი" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე" - არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; "შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად" და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა") არის შთაგონებული. ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
დაახლოებით ერთ თვეში უნდა გავაკეთო პრეზენტაცია თავისუფალი თემის, თემად კი ფიროსმანი ავირჩიე. დიდი იმედი მქონდა აქ ფიროსმანის შესახებ დიდი თემა დამხვდებოდა, მაგრამ ვეძებე და ვერ ვნახე. ძალიან გთხოვთ ამ განყოფილების სტუმარ-მასპინძლებს დატოვოთ ყველანაირი ამბმავი, ლეგენდა და ა.შ. ფიროსმანის შესახებ.
--------------------
When Mamuka Gorgodze does push-ups, he isn't actually pushing himself up... He is pushing the earth down.
|