ლევან მინდიაშვილის “დაკარგულები”
პროგრესისა და ტექნიკური წინსვლის XX საუკუნემ თავის დროზე დიდი კრიზისი განიცადა კულტურისა და ხელოვნების სფეროში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამერიკელმა მწერალმა გერტრუდა სტაინმა ახალგაზრდა ერნესტ ჰემინგუეისთან საუბრისას მას და მის თანამედროვეებს დაკარგული თაობა უწოდა. პარადოქსია მაგრამ სწორედ ამ დაკარგულმა თაობამ დაუტოვა მსოფლიოს უდიდესი ქმნილებები, რომლებიც საბოლოოდ მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხელობას უმღერიან. იქნებ ეს იყო პასუხი ამ ერთგვარ გამოწვევაზე? ან დასტური იმისა, რომ დაკარგულობა უმეტესწილად მხოლოდ სულიერი ან ფიზიკური მდგომარეობაა და არა საბოლოო განაჩენი?!…
ქართული კულტურისათვის დაკარგულობისა და დაკარგულების პრობლემა არ არის ახალი. ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვკარგავდით, რაც წამსვე აისახებოდა ხოლმე ჩვენსავე ყოფასა და ცხოვრებაზე. დრო კი გადიოდა და მასთან ერთად იცვლებოდა ის ღირებულებები, რომლებიც ასევე მუდმივად გვეცლებოდნენ ხელიდან. ერთ-ერთი პირველ და მნიშვნელოვან დანაკარგად ალბათ ოქროს საწმისი შეიძლება ჩაითვალოს. სიმღერა, “სულიკო” რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს პირველსავე სტროფში გვატყობინებს: “საყვარლის საფლავს ვეძებდი ვერ ვნახე დაკარგულიყო”… თავად ქართულმა სამხატვრო ხელოვნებამ დაკარგა ნიკო ფიროსმანი (თვითონ ფიროსმანი და არა მისი ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია, რომლის ცხოვრბის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, არავინ იცის, თუ სად არის მისი საფლავიც და ეს მაშინ, როდესაც ჯერ ასი წელიც კი არ გასულა მისი გარდაცვალებიდან… ჩვენი დიდი და სამწუხარო ტრადიცია მუდმივი კარგვისა და დანაკარგებისა დღემდე გრძელდება, თუმცა ბევრნი ამას არად დაგიდევენ და იწყება იგნორირება რწმენის, იმედის, მონატრების იმის მიმართ ვინც, ან რაც ოდესმე დაგიკარგავს…
http://burusi.wordpress.com/art/levan-mindiashvili/