
Sandro Botticelli "The Cestello Annunciation" (1489)
ხარება (რაინერ მარია რილკე)
შენ ჩვენზე ახლოს უფალთან არ ხარ,
იგი შორს არის, უფლის ნებას ვერვინ წავუვალთ,
მაგრამ შენს ხელის მტევნებს რომ ვნახავ -
კურთხეული ხარ, ვგრძნობ, სასწაულად.
მწიფე სხივებით და სინარნარით
ნათელს მოაფენ, ისე გაივლი,
მე დღე ვარ ვრცელი, მე ვარ ცვარ-ნამი,
ხოლო შენ ხე ხარ - გითრთის ყვავილი.
გადავიღალე, შენს სახლამდე გზა შორეული
გამოვიარე, დამავიწყდა, ვეღარ გაჩუქე
მისი ნათქვამი, ცის ოქროში ვინც შერეულა,
ვინც მზეშია და მზესვე აშუქებს.
რაც დამაბარეს დამავიწყდა, ვერას გავბედავ,
ოთახის სივრცემ დამაბნია, გონი შენისლა,
ო, ფიქრიანო, აქ უცხო ვარ და ახალბედა,
ხოლო შენ ხე ხარ, ხე - ცხოვრებისა.
ფრთები გავშალე, რადგან შენკენ უნდა მეფრინა,
გავცდი სივრცეებს, მოველ შენს კართან -
და შენს სახლაკში მიმოეფინა
ჩემი დიადი სამოსის კალთა.
როგორც არასდროს შენ ხარ მარტოკა,
მეც ძლივს შემნიშნე, ჩემს ქროლვას რომ თვალი შეავლე,
მე ის ქროლვა ვარ, ჭალაკები რომ შეატოკა,
ხოლო შენ ხე ხარ ტანმოშრიალე.
ცად აღელვებულ ანგელოზთა დასი მოფრინავს,
ყველა ცალ-ცალკე თავის სივრცეს დაუბრუნდება,
ო, მონატრება ასე მძაფრი როდის ყოფილა?!
ვგრძნობთ, მონატრებას უდიადესს, მაგრამ ბუნდოვანს.
რაღაც მოხდება, უჩვეულოს თითქოს მოველით,
ის რაც მოხდება, შენ იხილე უკვე ზმანებად,
სალამი შენდა, ნათელია ჩემთვის ყოველი,
ისევ მწიფდები, განვასრულებ შენს მომზადებას.
შენ ხარ ჭიშკარი, სისპეტაკით სული აგევსო
და მალე თვალწინ შენ განიხვნები,
ჩემი გალობის მოყურადევ, უსაყვარლესო,
ახლა ვიგრძენი: ჩემი სიტყვები
იკარგებიან შენში, როგორც ტყეთა წიაღში.
ათასმეერთე ეგ სიზმარი ჩემით მორჩება,
მე დაგანახე, თუკი რამე გულში გაივლე,
ბრწყინავდა ღმერთი ჩემ წინაშე თვალისმომჭრელად...
ხოლო შენ ხე ხარ, რტომოყვავილე.
This post has been edited by 蓝天-天蓝 on 19 Aug 2021, 18:08