lasha_LASHAკაზინოს+ტოტალიზატორს არაფერი აკავშირებს ფორექსთან. კაზინოში და ტოტალიზატორში უფრო მეტი გამჭირვალობა და სიცხადეა, ვინაიდან ცალსახად ორი მხარის ურთიერთობაა - კაზინოსი და კლიენტის. ამასთანავე კაზინოს მომსახურება გათვლილია ორი ტიპის მომხმარებელზე - ერთი რომელიც თამაშისგან მიღებულ სიამოვნებაში იხდის ფულს, ანუ არა-იგროკი სასტავი, რომელიც მიდის დროის გასატარებლად და არ ფიქრობს დიდი ფულის მოგებაზე, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდა რა თქმა უნდა გაუხარდება

და მეორე - ადამიანი რომელიც კაზინოში ფულის მოსაგებად დადის, ასეთებისგან თავს იცავენ რისკების ზუსტი გათვლებით და დაზღვევებით და გადაზღვევებით. საბოლოოდ კაზინო (წარმატებული) არის ძალიან ზუსტი მათემატიკური მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის მოგებული რჩება.
ფორექსის შემთხვევაში არ არის ასე ცხადად ჩამოყალიბებული ურთიერთობა, ვინაიდან თვითონ ფორექსი დაფუძნებულია 3 სუბიექტის ურთიერთობაზე. უხეშად რომ ვთქვათ ესენი არიან მყიდველი, გამყიდველი და შუამავალი. და თუკი მე როგორც ტრეიდერი ვარ გარკვეულ მომენტში მყიდველი, მე ვხედავ მხოლოდ შემდეგ რგოლს, ჩემს ბროკერს, რომელიც ჩემთვის თამაშობს შუამავლის როლს. თუმცა მის იქეთ მე არავითარი წარმოდგენა არ მაქვს შემდგომ რგოლებზე. რგოლებზე მრავლობითში იმიტომ, რომ რეალურად შუამავლები ბევრია, შეიძლება ჩემი ბროკერი ჩემს ორდერს ამისამართებდეს უფრო მსხვილ ბაზარზე, ან რამოდენიმეზე ერთად, რომლებსაც კიდევ თავისი წვრილი ბროკერები უერთდებოდნენ და იმათ უკან იყვნენ ჩემნაირი ტრეიდერები. ასევე შეიძლება ბროკერი საერთოდ არ ამისამართებდეს ჩემს ორდერს და კაზინოს ვარიანტში მეთამაშებოდეს, ვინაიდან ჰყავს დაქირავებული ანალიტიკოსები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, რომ ჩემს მიერ გახსნილი ორდერი წამგებიანია და აზრი არ აქვს მის გადაგზავნას და რეალურად ჩემი წაგებული ფული იქვე ბროკერთან რჩება. ან შეიძლება ბროკერი რეალურად იყენებდეს ჩემს დეპოზიტს როგორც თავის კაპიტალს და ისევ თავისი ტრეიდერები ჰყავდეს და ისინი ვაჭრობდნენ ამ მსხვილი კაპიტალით. ეს "შეიძლება" უამრავია და ყოველთვის გაურკვეველია კონკრეტული ბროკერი რა სქემით მუშაობს. როგორც წესი საიტზე და ქაღალდზე ყველა წმინდანია და პირნათლად ასრულებს შუამავლის როლს, მაგრამ ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ.
რაც შეეხება მსხვილ შემოსავალს, წარმოიდგინე რომ მე ვარ X საბროკერო, რომელმაც სწორი მარკეტინგით და MFX-ს ნაირი პროდუქტის შემოთავაზებით მოვიზიდე 100,000$ ინვესტიცია. ეს ნიშნავს რომ ჩემი ვალდებულება კლიენტების მიმართ არის 5,000$ ყოველთვიურად და 100,000$ 12 თვის შემდეგ. ჩემი ვარაუდით და რისკების შეფასებით 10,000$ შეიძლება ნებისმიერ დროს მომთხოვონ უკან, ხელშეკრულების დარღვევით და ა.შ. მაგრამ მე ვალდებული ვიქნები ეს ფული მომენტალურად დავუბრუნო. ამავე დროს ჩემი დანახარჯი ყოველთვიურად (ხელფასები, ოფისის ქირა, მარკეტინგი) შეადგენს დამატებით 400$-ს ყოველ მოზიდულ 100,000$-ზე, ანუ 0.4%-ს. ე.ი. ჩემი ვალდებულება ყოველთვიურად შეადგენს საწყისი კაპიტალის 5.4%. მაგრამ იმ 10,000$-ის გამოკლებით ჩემი საბრუნავი კაპიტალი შეადგენს მხოლოდ 90,000$-ს. ე.ი. ყოველთვე ამ 90,000$-ით მე მინიმუმ უნდა ვიშოვო 5,400$ ანუ 6%. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ამ ყველაფერს მე არ ვაკეთებ საქველმოქმედო მიზნით, ანუ საბრუნავი თანხის მინიმუმ 1% მოგება უნდა დავწერო, წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს ამ ჩემს საქმიანობას? ანუ მივიღეთ 7% ყოველთვიური მოგება.
ცუდი ამბავი: 7%-ი სტაბილურად ყოველთვე იშოვო შეუძლებელია.
კარგი ამბავი: რისკებისა და კაპიტალის სწორი მართვით და კარგი მარკეტინგით შეგიძლია დიდხანს გაქაჩო ბაზარზე. უბედურება ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს მუშაობ, მით უფრო მეტი ინვესტიცია შემოგდის. და რაც უფრო იზრდება პორტფელი, მით უფრო რთულია 7%-ის "შოვნა".
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ MFX-ის ნაირი კომპანიის საქმიანობის შესახებ ჩვეულებრივ მოკვდავებს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ. მაგალითად ნებისმიერი კომპანია, რომელიც ეწევა რეალურ საქმიანობას, თუნდაც საქართველოში, ყოველწლიურად აქვეყნებს წლიურ ანგარიშგებას (annual report) სადაც დეტალურადაა აღწერილი ფინანსური მონაცემები - რამდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამდენი ხარჯი ჰქონდა კომპანიას წლის განმავლობაში, აქედან რამდენი იყო ხელფასები, დივიდენდები, კაპიტალდაბანდებები. რამდენი იყო წმინდა მოგება და ა.შ. და ამ დოკუმენტში არის უტყუარი ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გადამოწმებულია სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს მიერ. მაგალითად საფინანსო ინსტიტუტების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ეროვნული ბანკი, ასევე საგადასახადო ან რომელიმე სხვა სპეციფიური ორგანიზაცია. MFX-ი მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, მაინც არის ვალდებული მსგავსი დოკუმენტების შევსებასა და წარდგენაზე მარეგულირებელ ორგანიზაციაში. უბედურება ისაა, რომ ამ დოკუმენტს საჯაროდ არასდროს არ გამოდებენ და შესაბამისად ვერ წარმოადგენენ იმის მტკიცებულებას, რომ რეალურად ფორექსზე ვაჭრობით რამხელა მოგებას წერენ ყოველწლიურად.
ასევე სხვა კომპანიები, რომლებიც რეალურ საქმიანობას ეწევიან, როგორც წესი აქვეყნებენ ყოველკვარტალურ მონაცემებს, შიგადაშიგ აქვეყნებენ სხვადასხვა აუდიტორულ ანგარიშგებებს, რაც რეალურად ადასტურებს მათ საქმიანობას. ყველა ეს რეპორტი მიმართულია კომპანიის მუშაობის გამჭვირვალეობისკენ, რომ ინვესტორებმა თავი მშვიდად იგრძნონ, რომ ჰქონდეთ საშუალება საკუთარი კაპიტალის გათვლები და პროგნოზირება მოახდინონ.
როდესაც ამ ინფორმაციაზე არანაირი წვდომა არ გაგაჩნია, და საერთოდ არანაირ ინფორმაციაზე არ გაგაჩნია ინფორმაცია, პირადად ჩემთვის ეს პროექტი არის უბრალო პირამიდა. პირამიდა ჩემთვის არაა სალანძღავი სიტყვა, უამრავი პირამიდა მინახია, რომელიც ძალიან კარგად იყო აგებული, წარმატებულიც იყო, გრძელვადიანიც და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ მაინც უამრავი ადამიანი დატოვა არამარტო მოგების, არამედ საკუთარი სახსრების გარეშეც და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ როგორც წესი ხეირობენ ისინი ვინც თავიდან სწორ გათვლას აკეთებს თუ სად ახდენს ინვესტირებას და ხელცარიელი ვინც დარჩა უმეტესობას არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა და ბოლომდე დარწმუნებული იყო რომ თანხას საიმედო ხელებში გადასცემდა, რომ არავითარი რისკი არ არსებობდა და უბრალოდ არ გაუმართლა იმიტომ, რომ... და აქ უკვე მიდის სხვადასხვა მიზეზის მოგონება თუ რატომ არ გაუმართლა.
მაპატიე, ძალიან ვრცელი პოსტი გამოვიდა, რომელიც არანაირად არ ისახავს მიზნად ვიღაცისთვის ჭკუისწავლებას, არამედ მსურს უფრო კარგად ჰქონდეს ყველას წარმოდგენა თუ რასთან აქვს საქმე და ზოგადი წარმოდგენა მსგავს პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მრავლდება.
მიუხედავად მოცულობისა ჩემი ეს პოსტი იმის მეათედსაც არ მოიცავს, რაც ამ თემაზე შეიძლება დაიწეროს და სამწუხაროდ ქართულად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ამ თემაზე.