100%
2012-ში გავაკეთე არხი. ჯერ კიდევ 3gp ფორმატის ვიდეოებს რომ იღებდა საქართველოში ტელეფონების უმეტესობა და ფოტოაპარატების ვიდეოების რეზოლუცია მაქსიმუმ 480p რომ იყო, აი მაგ დროს სამოყვარულო, მაგრამ პანასონიკის full HD ვიდეოკამერა დავითრიე. მინდოდა ისეთი ღონისძიებები გადამეღო და ამეტვირთა, რომლებიც მედიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. 2 მიზეზი მქონდა საამისოდ. 1. თუკი რამე კარგი და ღირებული იქმნება თბილისს გარეთ, შესაძლებლობების ფარგლებში ნორმალური ხარისხით რომ მომეწოდებინა და იქნებ ვინმესთვის სასარგებლოც ყოფილიყო. შეემჩნიათ, ხელი ჩაეჭიდათ. რაც მდარედ და ცუდადაა, გამოჩენილიყო არა დასაცინად და მასხრად ასაგდებად, არამედ დასკვნების გასაკეთებლად სად რა გვიჭირს და რეალურად რა მდგომარეობაა.
არხმა სწრაფად დაიწყო აუდიტორიის აკრეფა. მით უმეტეს მთის თემაზე ბუმი მაშინ იწყებოდა და ჩვენც ფშავთან ახლო ურთიერთობების წყალობით ფშავში ხშირად ავდიოდით და მასალაც უმეტესად ფშავიდან მოგვქონდა. 2013-ში უკვე მონეტიზებული არხი მქონდა.
მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ მხოლოდ კამერა და შტატივი ბევრს არაფერს მოიტანდა. კულისებში რომ შევიხედე, მუსიკალურ და საერთოდ ხელოვანთა სამყაროში გინდა დიდ ასპარეზზე და გინდა დამწყებ-მოყვარულების გარემოში ჯოჯოხეთი ტრიალებდა. არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა (არც ეხლა არსებობს) და ამ ხალხს მუქთად იყენებდნენ თითქმის ყველგან და ყოველთვის...
ნელნელა ვიყიდე მიკროფონები, აუდიო ინტერფეისი, მერე ფართი ვიქირავე, სტუდიური კაბინაც ავაწყვე ჩემი ხელით და მოკლედ... სრული სამუშაო გარემო შევქმენი აუდიო და ვიდეო პროდუქციისთვის სამოყვარულო დონეზე. აუდიო ვიდეო დისკების ბეჭდვა-ტირაჟირებისთის საჭირო აპარატურაც მივამატე დროთა განმავლობაში. ვებ გვერდიც გავაკეთე თავის დომეინიანად. დავარეგისტრირე ორგანიზაციაც ოფიციალურად რომ გვემუშავა. საბოლოოდ შევქმენი გარემო და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ აუდიო პროდუქცია ჩაწერიდან გამოცემის ჩათვლით - ყველაფერი შესაძლებელი ყოფილიყო ერთ სივრცეში. ბოლო ნაბიჯი იყო უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში მუსიკის გაყიდვის სერვისის დამატება.
სასაცილო ისაა, რომ 2012 წლიდან ადამიანებს ვეძებდი, რომლებიც ამ გარემოს გამოიყენებდნენ, იმუშავებდნენ და შექმნიდნენ საკუთარ სამუშაო ადგილს. მე დილიდან საღამომდე სამსახურში ვიყავი და ეხლაც ვმუშაობ. მთელი დღის განმავლობაში ეს სივრცე და აპარატურა მათ განკარგულებაში უნდა ყოფილიყო, ვინც იმუშავებდა. რა თქმა უნდა ყველას და ყველანაირს არ ვეძებდი... ვისაც ჰქონდა შანსები რამისთვის მიეღწია, ისეთებს ვეძებდი...
აღარ მახსოვს რამდენი ეგზემპლარი გასაღები დავამზადებინე და მივეცი რამდენს.

მოკლედ, 2012 წლიდან 2017 წლის მაისამდე ვერ მოვძებნე ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელიც იმუშავებდა და ამ ყველაფერს გამოიყენებდა სათავისოდ. აი ხომ წუწუნებს ყველა, რომ ფული არა აქვს, აპარატურა არა აქვს, სარეპეტიციო ფართი, სტუდიური სივრცე არა აქვს და ამიტომაც ვერაფერს ვერ აკეთებს, გაჩერებულია. ხოდა აგერ აპარატურა, სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ონლაინ მედია, ვიდეო არხი იუტუბზე, დახლი აიტუნსზე, ამაზონზე სპოტიფიზე და სხვა თითქმის ყველა მუსიკალური პროდუქციის ონლაინ მარკეტებზე. იმუშავე, შექმენი პროდუქცია, არაფერს არ ხარჯავ, არაფერს არ იხდი, მხოლოდ საბოლოო პროდუქტის გაყიდვებიდან ვიღებ მე ჩემს წილს. 30% მე, 70% შენ - შემქმნელს. იუტუბის მონეტიზაციიდან კი ერთი ჩანაწერის ყოველი გამომუშავებული 100 ევროდან 50 შენ 50 მე.
ხოდა, მოდიოდნენ, არაფერს არ აკეთებდნენ, მიდიოდნენ. მერე ახლები და ასე. მოკლედ, ასეთმა აბდაუბდობამ და უმოქმედობამ ყველაფერი მიიყვანა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.
ამ ქვეყანაში ვინც ქმედუნარიანია და რამე შეუძლია, ყველა მუშაობს. კარგი ხელფასებიც აქვს და ასეთი საქმისთვის არ სცალია. ვინც უმუშევარია, ვისაც უჭირს, რამდენი ლუკმაც არ უნდა მიაწოდო, თავისით დაღეჭვის სურვილიც კი არა აქვს. იმიტომაც არიან ასეთ დღეში და ქვეყანასაც ეტყობა.
ან ვის რა მოპარონ, ან ვის აგინონ ცუდად რომ არიან. მეტი არაფრის უნარი და სურვილი არა აქვთ.

არადა იმდენი შესაძლებლობები და პოტენციალი იყო...