niko09წელს დამაინტერესა განსაკუთრებულად ამ ბიზნესმა, დიდი ფულის შოვნა არის შესაძლებელი, კარგი პერსპექტივაც
ისე გარდა გადამყიდველებისა სად და როგორ არის შესაძლებელი თხილის ჩაბარება ?
ზოგადად სოფლის მეურნეობა მომწონს მაგრამ მე როგორც ვხვდები თუ სერიოზულად გინდა ამ საქმით დაკავდე მაშინ უნდა გადაიხვეწო სოფელში და ეგრე არ შემიძლია ...
beka333ანაკლიური - ფუთქურამი - PPUTKURAMI
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდ გავრცელებულია ზუგდიდსა და გალის რაიონებში, სადაც "ანაკლიური თხილის" სახელწოდებითაა ცნობილი.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, სქელი, ხშირად დატოტვილი ვარჯით; ინვითარებს საკმაო რაოდენობით ამონაყრებს.
ყვავილობას იწყებს დეკემბრის ბოლოდან ან იანვრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მარტის 10 რიცხვამდე. მამრობითი ყვავილები - მჭადა, ჩვეულებრივ, არ ვითარდება ან - მცირე რაოდენობითაა; საჭიროებს ჯვარედინ დამტვერიანებას.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება 15-20 ივლისიდან. საკმაოდ უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5 კგ-ია. ანაკლიური გარემო პირობებისადმი მეტად ამტან ჯიშადაა მიჩნეული და მავნებლების მიმართაც საკმაოდ გამძლეა.
ნაყოფი, შველისყურასთან შედარებით, მსხვილია, მრგვალი, ოდნავ შებრტყელებული, ყავისფერი. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. ერთ კგ-ში 280-360 ცალი ნაყოფია. ნაყოფის ზომაა 21X21X19 მმ. მრგვალი, ოდნავ მობრტყელო ფორმისაა, ფერით ყავისფერია, წვერთან შებუსულია. ჩენჩო ადვილად სცილდება ნაყოფს. ნაჭუჭის სისქე 0.15-სმ-ია, რის გამოც საშუალოზე მეტი სიმაგრისაა. გული გამოირჩევა კარგი გემოთი და მაღალი ცხიმიანობით - 68.2%. გულის გამოსავლიანობა 37%-დან 42%-მდე მერყეობს. დადებითი თვისებები: მძიმე და ხალასი, საღი ნაყოფი.
გავრცელება
ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებისათვის.
ათა- ბაბა (სინონიმი ნიდჟ-ფუნდუკ) - A T A -B A B A
წარმოშობა
აზარბაიჯანული ადგილობრივი ჯიშია, შერჩეულია ზაქათალის კაკლოვანი კულტურების საყრდენი პუნქტის მიერ. მიღებულია აზარაიჯანში ხალხური სელექციის შედეგად. საქართველოში ლაგოდეხის რაიონიდან გავრცელდა.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. საშუალო სიმაღლე 4,0-4,5 მ. ინვითარებს საშუალო რაოდენობით ამონაყრებს.
ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის მეორე ნახევრამდე, რაც გრძელდება 45-55 დღე. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრა საკმაოდ ხანგრძლივია 30-35 დღე.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, უხვმოსავლიანი ჯიშია. მოსავალი იკრიფება 15-25 აგვისტოდან. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 3,5-4,5 კგ-ია შეადგენს. გარემო პირობებისადმი ძლიერ მომთხოვნი არ არის. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ჩენჩო ნაყოფზე ერთნახევარჯერ-ორჯერ გრძელია, მთლიანი, ნაყოფს მთლიანად ეკვრის, კიდე დანაკვთულია, მომწიფებისას ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი გლუვია, ლამაზი, ღია ყავისფერი, დაჰყვება მუქი ზოლები, მომრგვალო, მაღალწვერიანი ფორმისაა, ფუძე გამოწეულია, ხშირად დაკუთხული, ნაყოფის სიდიდეა 20X19X18-მმ. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 2,3 გრ. ერთ კგ-ში 420 ცალია. ნაჭუჭი გლუვია, 1/3 ნაწილი შებუსულია, საშუალო სიმაგრისაა, სისქით 0,12_0,13 სმ, კარგი გემოსი, შეიცავს 65,5%- ზეთს.
გავრცელება
ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, მიზანშეწონილია მისი გაშენება როგორც დასავლეთ საქართველოს ნოტიო და მშრალი მეხილეობის ზონაში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში.
ბარსელონა - B A R S E L O N A
წარმოშობა
ამერიკული წარმოშობის ჯიშია. 1885 წელს აღმოაჩინეს ორეგონის შტატში (აშშ). შტატის ძირითადი სამრეწველო ჯიშია. საქართველოში ინტროდუცირებულია 2002 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა. ახასიათებს ოვალური ფორმის ხშირი ვარჯი, ფესვის ამონაყარს ინვითარებს საშუალო რაოდენობით.
ყვავილობის პერიოდი საშუალოა, მდედრობითი ყვავილი იშლება იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე, მამრობითი ყვავილი კი დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის ბოლომდე. სიმწიფის პერიოდი აგვისტოს ბოლოს დგება.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე სრულმსხმოიარობის ასაკში საშუალო მოსავალი 6-7 კგ-ს შეადგენს. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაყოფი მსხვილი, მრგვალი ფორმისაა, ოდნავ გამოკვეთილი წვერით, ფუძე გამოწეულია. ერთი ნაყოფის საშუალო წონაა 3,2-3,4 გრ. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისაა, ადვილად მტვრევადია. ჩენჩო საშუალო სიგრძისაა, დანაკვთული. გული სრულად ავსებს ნაჭუჭის ღრუს. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 48-52%-ია.
გავრცელება
პერსპექტიული ჯიშია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოსთვის.
გულშიშველა - GULSHISHVELA
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, მრგვალი გაშლილი ფორმის, ფესვის ამონაყრები უხვად უნვითარდება. ბუჩქს ახასიათებს მაღალი, ხშირი დატოტვა, საშუალო სიმაღლეა 3.5-4 მ.
ყვავილობის პერიოდის მიხედვით საშუალოს მიეკუთვნება. ჯიში მოითხოვს ჯვარედინ დამტვერიანებას.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლიანია. თითოეული ბუჩქი საშუალოდ იძლევა 3.5-4 კგ მოსავალს. საადრეო ჯიშია, მოსავალი იკრიფება 15-20 აგვისტოდან. გულშიშველა გურიაში ფართოდაა გავრცელებული (ძირითადად ოზურგეთში). გამოირჩევა მავნებლებისადმი გამძლეობით და კარგად ეგუება გურიის კლიმატს.
ჩენჩო ნაყოფზე მოკლეა ან თანატოლი, ცალ მხარეზე უფრო მეტად გადახსნილია, ამიტომ ნაყოფის დიდი ნაწილი დაუფარავია; ამიტომაც ჰქვია გულშიშველა. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, გამოწეული წვერით და ბრტყელი ფუძით, საშუალო სიმსხოსია, ზომით 20X19X18 მმ, შებუსულია ძლიერად. ნაჭუჭის სისქე 0.1 სმ_ს უდრის. კგ-ში 320-338 ცალი ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 48%-ია. ცხიმიანობა 66.5%, ნაყოფის გემო კარგია.
გავრცელება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ჯიშია. სამეურნეო მაჩვენებლის გამო 1965 წლიდან დარაიონებულია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
განჯა (სინონიმი: კუტკაშენ-ნიდჟი 69, იგივე კტნ 69) - GANDJA
წარმოშობა
აზერბაიჯანის საცდელი სადგურის მიერ შერჩეული ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. საქართველოში შემოტანილია 1957 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, სწორად მზარდი. ვარჯი ხშირია, მომრგვალო ფორმის, სიმაღლე 3.5_5 მ-მდე. დიდი რაოდენობით უნვითარდება ფესვის ამონაყარი.
ყვავილობს იანვრის მეორე ნახევრიდან თებერვლის მეორე ნახევრამდე. მამრობითი ყვავილი ბევრია, საუკეთესო დამამტვერიანებლი ჯიშია თხილის სამრეწველო ბაღებისათვის. მათ ნაყოფედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობას იწყებს მესამე წელს. უხვმოსავლიანია. ერთი ბუჩქიდან საშუალოდ ღებულობენ 4.5_5 კგ. შედარებით გვალვაგამძლეა და ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ნაYოფი საშუალო სიდიდისაა, ზომით 18X21X19 მმ, წაგრძელებული ჩენჩო ნაყოფზე თითქმის ერთნახევარჯერ გრძელია, მთლიანია, ნაყოფს მთლიანად ეკვრის, მაგრამ მომწიფებისას ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა 2,6_3,0 გრამი. ღია მიხაკის ან ყავისფერი; ნაჭუჭი გლუვია, თხელი, ადვილად მტვრევადი. გული ნაჭუჭს ავსებს. ერთ კგ-ში საშუალოდ 260-375 ცალია. გულის გამოსავალი 52%_ია, ცხიმის შემცველობა 67.9%, ნაყოფის გემო კარგია.
გავრცელება
ჯიში დარაიონებულია 1966 წლიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
დედოფლის თითი (სინონიმი - აკაკი წერეთლის თხილი,) - DEDOPHLIS TITI
წარმოშობა
ლიტერატურული წყაროებით ჯიში დიდიხანია შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია აჭარაში, აფხაზეთში, გურიასა და სამეგრელოში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ზომიერი ზრდის ბუჩქია, სწორად მზარდი. შტამბი მორუხოა, უფრო თეთრი ფერისკენ იხრება. ამონაყრები ძალზე ცოტა აქვს, ყველა ჯიშზე უფრო მცირე, და, ძალზე ახლოსაა შტამბთან, როცა დედა მცენარე სცილდება, ამონაყარი ზიანდება. ალბათ ამით უნდა აიხსნას ჯიშის ნაკლები გავრცელება.
ყვავილობას იწყებს ადრე, იანვრის პირველი რიცხვებიდან და გრძელდება 50-65 დღე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების თანხვედრილი პერიოდი 15-20 დღეა.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. შედარებით საადრეო ჯიშია. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავალი ერთი ბუჩქიდან 7-9 კგ-ია.
ჩენჩო თითქმის ერთნახევარჯერ მეტია ნაყოფზე, მთლიანი მილისებრი, მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს. ნაყოფი ლამაზია, საშუალო სიდიდის - 25X18X15 მმ. თითქმის ცილინდრული ფორმის, რამდენადმე ბოლოსკენ ვიწროვდება, გვერდებით ოდნავ შებრტყელებული, ღია მონაცრისფროა; ფუძე მომრგვალოა, ოდნავ გამოზნექილი, ნაჭუჭი საკმაოდ თხელია 0,05-0,07 სმ. გული ყოველთვის არ ავსებს ნაჭუჭს, გული დაფარულია მოვარდისფრო-მოყვითალო გარსით; გულის გამოსავლიანობა 55-57%-ია, შეიცავს 68,0% ცხიმს. აქვს ძალიან კარგი, განსხვავებული გემო. ძალიან წააგავს ნუშის ნაყოფის გემოს.
გავრცელება
საუკეთესო, ძვირფასი სასუფრე ჯიშის თხილია, ნაყოფის განსაკუთრებული მაღალი ხარისხისა და იშვიათი გარეგნული შეხედულების გამო მიზანშეწონილია მისი ფართოდ გაშენება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
ვანის თეთრი - V ANIS TETRI -
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია. შეირჩა და გამოიყო ვანის რაიონის სოფ. ზედა ვანში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა 4,5 მეტრამდე. მკვრივი ვარჯით; ძირითად შტამბზე მოიისფრო ლაქები აქვს; მცირე რაოდენობით ივითარებს ფესვის ამონაყარს.
ყვავილობს იანვრის პირველი ნახევრიდან, მარტის პირველ ნახევრამდე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. საადრეო ჯიშია, სიმწიფის პერიოდია ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი ნახევრიდან. ერთი ბუჩქიდან საშუალოდ მიიღება 5,5-6,0 კგ. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს, მავნებელ-დაავადებებისგან ნაკლებად ზიანდება.
ჩენჩო ცოტათი გრძელია ნაყოფზე, მჭიდროდ ეკვრის ნაყოფს, მომწიფებისას კი ადვილად სცილდება; ნაყოფი საშუალო ზომისაა - 19X17X15 მმ; ნაყოფის გული თეთრი ფერისაა, საუკეთესო გემოსი, ნაჭუჭს გული ყოველთვის ავსებს. ნაყოფის საშუალო წონაა 2,1-2,2 გრ. გულის გამოსავლიანობა 52,0%-ია, შეიცავს 71,9% ცხიმს.
გავრცელება
მისი გაშენება სამრეწველო მნიშვნელობით პერსპექტიულია იმერეთის რაიონებისათვის.
ვანის წითელი - VANIS TSITELI
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია. შეირჩა და გამოვლინდა ვანის რაიონში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა, სიმაღლით 4,2 მ. ხშირი დატოტიანებით, საშუალო რაოდენობის ფესვის ამონაყრებით; ფოთლები საშუალო სიდიდის, მომრგვალო-ოვალური ფორმისაა, ფოთლის ფირფიტა ძლიერ შებუსულია, მოწითალო ფერისაა.
ყვავილობას იწყებს იანვრის შუა რიცხვებიდან, მარტის 10 რიცხვამდე. მამრობითი და მდედრობითი ყვავილების დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია, გრძელდება 10-15 დღე.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. საადრეო ჯიშია, ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე. ბუჩქის საშუალო მოსავალი 6,0 კგ.
ჩენჩო აჭარბებს ნაყოფის სიგრძეს, ნაპირები ღრმად დანაკვთულია, მჭიდროდ ეკვრის და მომწიფებულ ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მრგვალი ფორმის, წვერო ამოწეულია და შებუსული, ფუძე ბრტყელია, ოდნავ გამოწეული. ნაყოფის სიდიდე - 18X15X13 მმ. ნაყოფის საშუალო წონაა 2,0-2,5 გრ. ნაჭუჭის სისქე საშუალოზე თხელია 0,09-0,12 სმ. ნაჭუჭს გული მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 54,5%-ია. ნაყოფი ხასიათდება ცხიმის მაღალი შემცვლობით - 72,5%-ი.
გავრცელება
ძვირფასი სამრეწველო პერსპექტიული ჯიშია მაღალი ხარისხის სუფრის ხილის მისაღებად. მისი გაშენება სამრეწველი მნიშვნელობით მიზანშეწონილია იმერეთისა და გურიის რეგიონებისათვის.
იმერეთი #21 - IMERETI #21
წარმოშობა
შერჩეულია ზემო იმერეთში თხილის ადგილობრივი გენოფონდიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, კომპაქტური, პირამიდული ფორმის ვარჯით. მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი უნვითარდება.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე გრძელდება. თანაყვავილებში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია, საშუალოდ 6_7 კგ ერთი ბუჩქიდან. სიმწიფის პერიოდი - ივლისის ბოლოს, აგვისტოს პირველი რიცხვები. გამძლეა მავნებელ-დაავადებებისადმი და გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ.
ნაყიფი მსხვილი, მრგვალი ფორმის, სიდიდე 23X22X19 მმ. მომწიფებისას ნაყოფი საბურველიდან ადვილად ვარდება. ნაჭუჭი საშუალო სიმაგრისა. გულის გამოსავლიანობა 53-55%-ია, ცხიმის შემცველობა 59-63%.
გავრცელება
მისი გაშენება პერსპექტიულია იმერეთისა და კახეთის რაიონებისათვის.
ი მ ე რ ე თ ი #27 - IMERETI #27 -
წარმოშობა
შერჩეულია ზემო იმერეთში თხილის ადგილობრივი გენოფონდიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა, გადაშლილი, სფერული ფორმის ვარჯით. ფესვის ამონაყრები მცირე რაოდენობით უნვითარდება.
ყვავილობის პერიოდი იწყება დეკემბრის ბოლოდან და გრძელდება მარტის პირველ ნახევრამდე. თანაყვავილედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი ბუჩქიდან 5-6 კგ-ია. სიმწიფის ვადა აგვისტოს პირველ რიცხვებში. გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ნაყოფი მრგვალია, სიდიდე - 21X20X19 მმ. ნაჭუჭი თხელია და იოლად იმტვრევა, ჩენჩოდან ადვილად ვარდება. ნაჭუჭი გულით კარგადაა ამოვსებულია. გულის გამოსავლიანობაა 54-57%, ცხიმის შემცველობა - 55-57%.
გავრცელება
გაშენებულია იმერეთის რაიონებში, პერსპექტულია რაჭის რაიონებისთვის.
კუდრიავჩიკი-უჩათხილი (სინონიმი - კერასუნდის წვრილი, ტამბული.) KUDRYAVCHIK - UCHA TXILI
წარმოშობა
თურქეთში ადგილობრივი სელექციით მიღებული ჯიშია. თურქეთში ცნობილია ტამბულის სახელწოდებით
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა, ხშირი დატოტვით, გადაშლილი ფორმის ვარჯით, ახასიათებს ბევრი ამონაყარი.
საადრეო ჯიშია, მდედრობითი ყვავილი ყვავილობს დეკემბრის ბოლოდან და გრძელდება თებერვლის მეორე ნახევრამდე. მამრობითის ყვავილობა იწყება იანვრის დასაწყისიდან და გრძელდება თვის ბოლომდე. დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდია 18-20 დღე. უხვმოსავლიანი ჯიშია.
მსხმოიარობს დარგვიდან მესამე წელს. უხვმოსავლ;იანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია. ნაყოფი მწიფდება ივლისის მეორე ნახევრამდე. შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ნაყოფი ოვალური, ბორცვიანი ფუძით და ბლაგვი წვერით, სიდიდე 18X17X16 მმ. ჩენჩო თითქმის ერთნახევარ-ორნახევარჯერ მეტია ნაყოფზე. კიდეები დაკბილულია და მომწიფებისას ჭკნება და ხუჭუჭდება, ნაყოფები უმეტესად შეკრებილია 2 ან 3 ერთად, იშვიათად 4 ან 5 ცალი. გული მომრგვალოა, ნაჭუჭი თხელია, ადვილად მტვრევადი, ღია მიხაკისფერი გარსით. ერთ კილოგრამში საშუალოდ 400-430 ცალი თხილის ნაყოფია. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობაა 47.2%, ხოლო ცხიმიანობა 70.2%-ია.
გავრცელება
მიზანშეწონილია სამრეწველო ბაღების გასაშენებლად სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში.
კ ტ ნ - 30 - K T N - 30 -
წარმოშობა
ხალხური სელექციის ჯიშია. აღმოჩენილი და შერჩეულია მზა სახით ზაქათალის (აზერბაიჯანი) რაიონში. საქართველოში შემოტანილია 1961 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, საშუალო დატოტვით, სიმაღლით 4,5-5,0 მ. დიამეტრი 5,0-5,5 მ. შტამბის კანი მორუხო ნაცრისფერია, ფესვის ამონაყრის უნარი საშუალოა;
მდედრობითი ყვავილების ყვავილობა გრძელდება დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი მჭადა ყვავილებისა კი იანვრიდან თებერვლის ბოლომდე. დამტვერიანების პერიოდი თანხვედრილია.
მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. საშუალო საგვიანო ჯიშია, ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. უხვმოსავლიანი, ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ს შეადგენს. გარემო პირობებისადმი და მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა.
ჩენჩო მთლიანი ნაყოფის სიგრძეს 1,5_2,0-ჯერ აღემატება. თანაყვავილედში 3-4-ი ნაყოფია. ნაყოფი საშუალო ზომისაა = 18X20X17 მმ, მრგვალი, გვერდებზე ოდნავ შებრტყელებულია და ღარები ჩაუდის, ფუძე ფართო ოთხკუთხედის მსგავსია, ნაჭუჭი ყავისფერია, წვრილი ზოლებით. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს. გულის გამოსავლიანობა 47,0%-ია, ცხიმის საშუალო შემცველობა 66,5%.
გავრცელება
გასაშენებლად პერსპექტიული ჯიშია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატური პირობებისათვის.
კხ - 29 (სინონიმი იზიუმ შაქარი) K X -29
წარმოშობა
ჯიში შეირჩა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის რაიონში, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად კახის რაიონის სოფ. კატეხში. საქართველოში შემოტანილია 1957 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, შორს გაშლილი ტოტებით, სიმაღლით 3,5-4,0 მ. ფესვის ამონაყრის უნარი საშუალოა; ფოთოლი დიდი ზომისაა, სქელი, ფართო ოვალური, ორმაგად დაკბილული, ორივე მხარე შესამჩნევად შებუსულია.
ყვავილობა მდედრობით და მამრობით ყვავილებს შორის თანხვედრილია, საშუალოდ 35-39 დღე, ყვავილობა ხანგრძლივია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს, საგვიანო ჯიშია, ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში. საშუალო მოსავლიანი ჯიშია, ერთ ბუჩქზე საშუალო მოსავალი 2,5_3,5 კგ-ია. ნაყოფის წონა საშუალოდ 2,0 გრ-ია. კგ-ში 492-მდე ცალია.
ნაყოფი მოგრძო-შებრტყელებული, ფუძეში ამოწეული; ნაყოფის სიდიდე 20X18X16 მმ. ჩენჩო ნაყოფზე ცოტათი გრძელია, მთლიანად არ ფარავს, დაბოლოებაზე წვრილია და დანაკვთული, ცალ გვერდზე თითქმის ფუძეზე მეტად გაყოფილია; ნაყოფის სიდიდე -20X18X16 მმ; მოგრძო შებრტყელებული ფორმისაა. ნაჭუჭი საშუალოზე მეტი სისქისაა. გულის გამისავლიანობა 46%-ია; ხოლო ცხიმის შემცველობა 65,8%.
გავრცელება
ნაკლებად არის გავრცელებული, გვხვდება საკოლექციო ნაკვეთებში.
ლომბარდიის თეთრი - AVELINE BLANCHE
წარმოშობა
ჯიში წარმოშობილია იტალიაში. საქართველოში პირველად შემოტანილია 1960 წელს.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი სუსტი ზრდისაა; ვარჯი მომრგვალოა, გადაშლილი ფორმის; მცირე რაოდენობით ინვითარებს ფესვის ამონაყარს. საშუალო სიმაღლეა 2,5-3,0 მ.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის პირველი ნახევრიდან, თებერვლის ბოლომდე. თანაყვავილედში 4_5 ნაყოფია. ნაყოფები შეკრებილია ჯგუფებად 3-8 ერთად, ზოგიერთი ჯიშისათვის კარგი დამამტვერიანებელია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. სიმწიფის ვადა ივლისის მეორე ნახევარია. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალია 3,9-4,5 კგ. ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებების მიერ.
ჩენჩო მთლიანია, მილისებრი, ნაყოფზე გრძელი, მჭიდროდა აქვს შემოხვეული თხილს და წვეროსაკენ ვიწროვდება. ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ოვალურ-მოგრძოა; თხილის ძირი დიდია, ამობურცული, მოთეთრო-მორუხო ფერის. ნაჭუჭი თხელია და ადვილად მტვრევადი, გული სასიამოვნო გემოსია, მთლიანად ავსებს ნაჭუჭს, ნაყოფი საშუალო ზომისაა - 26X16X14 მმ. ოვალური ფორმის, გვერდებზე ოდნავ შებრტყელებული, გამოწეული ფუძით. ჩენჩოდან ადვილად ვარდება. გულის გამოსავლიანობა 50%-ია, ცხიმის შემცველობა - 68.2%.
გავრცელება
სამრეწველო ჯიშია საქართველოს მეხილეობის ყველა ძირითადი რაიონისათვის.
ლომბარდიის წითელი - A VELINE ROUGE
წარმოშობა
იტალიის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. საქართველოში გვხვდება 1960 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა, ახასიათებს მომრგვალო გადაშლილი ფორმის და ხშირი დატოტვის ვარჯი, 3,5-4,0 მ-ის სიმაღლის, დიამეტრი 4,5-5,0 მ. ფესვის ამონაყარი ძალიან ცოტა ან სრულებით არ აქვს. ფოთოლი საშუალო ზომისაა, კიდე ორმაგად დაკბილული, მუქი მწვანე ფერისაა, ნაცრისფერად შებუსულია.
ყვავილობის პერიოდი დეკემბრის პირველი ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე. თანაყვავილედში ინვითარებს 4-5 ცალ ნაყოფს.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდა მესამე წელს. მოსავლიანი ჯიშია, საშუალო მოსავალი ერთ ბუჩქზე შეადგენს 3-5 კგ-ს. ნაკლებად ზიანდება მავნებლებისაგან.
ჩენჩო მთლიანია, ნაყოფზე 1,5-2 -ჯერ გრძელი, ნაყოფს მჭიდროდ ეკვრის, მომწიფებისას სკდება და ნაყოფს ადვილად სცილდება. ნაყოფი საშუალო ზომისაა - 27X16X15 მმ. ოვალურ-პირამიდული ფორმის, ორ მხრივ ოდნავ შებრტყელებულია და ოდნავ ღარი ჩაუდის, ფუძე ამოწეული აქვს; ნაჭუჭი მუქი ყავისფერია, თხელი 3/4 მმ სისქის, ადვილად მტვრევადია. ნაჭუჭი სავსეა გულით. გულის გამოსავლიანობა 49-50%-ია; ცხიმის შემცველობა - 66-67%.
გავრცელება
პერსპექტიულია საქართველოს მეხილეობის ყველა ძირითადი რაიონებისათვის.
ნემსა - NEMSA
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. უმთავრესად გავრცელებულია გურიის რეგიონში.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს პირამიდული ფორმის ვარჯი. საშუალო რაოდენობით უნვითარდება ფესვის ამონაყარი.
მამრობითი ყვავილები -მჭადები ყვავილობენ ხანგრძლივ პერიოდს: დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის 15-20 რიცხვამდე, ხოლო მდედრობითი ყვავილები იანვრის პირველი დეკადიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების დამტვერიანების თანხვედრილი პერიოდი 15_20 დღეს აღემატება. ჯიში კარგი დამამტვერიანებელია.
მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მესამე წელს. ნაყოფი მწიფდება და იკრიფება 10-15 აგვისტოდან. უხვმოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ-ია შეადგენს. შედარებით გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ. გარემო პირობებს დიდ მოთხოვნილებას არ უყენებს.
ჩენჩო მთლიანია, მომწიფებისას ნაყოფს კარგად სცილდება. ერთ ნაყოფედში 3-4 ცალი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო, კონუსური ფორმისაა, თავისაკენ თანდათან ვიწროვდება, ოდნავ გამოწეული "ნემსა" წვერით და ბრტყელი ფუძით, ზომით 24X18X14 მმ-ია, მოყვითალო ყავისფერი, ნაჭუჭი თხელია, საშუალოდ 0,06-0,08 სმ, ადვილად მტვრევადი, ერთი ნაყოფი 2,2-2,3 გრ-ს იწონის. გულის გამოსავლიანობაა 56%; ცხიმის შემცველობა 60-65%-ია.
გავრცელება
ძვირფასი სამრეწველო პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთი საქართველოსათვის.
ნოტინგემი - NOTINGEM
წარმოშობა
ძველი ინგლისური ჯიშია. საქართველოში ცნობილია 1960 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, სწორად მზარდი, ოვალური ფორმის, საშუალო დატოტვით, უნვითარდება მცირე რაოდენობით ფესვის ამონაყარი.
გვიან მოყვავილე ჯიშია. მდედრობითი ყვავილი ყვავილობს თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე, ხოლო მამრობითი ყვავილები - დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის დასაწყისამდე. ე.ი. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა ერთმანეთს არ ემთხვევა და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. კარგი მოსავლიანი საადრეო ჯიშია. ნაყოფი იკრიფება ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში. საშუალო მოსავალი 1 ბუჩქზე 3,5-5 კგ-ია.
ჩენჩო ბევრად აღემატება ნაყოფის სიგრძეს. ერთ ნაყოფედში 4-5 და მეტი ნაყოფია. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ფუძისკენ ვიწროვდება, ცალ მხარეზე ოდნავ შებრტყელებული, ფუძე კარგადაა გამოწეული. ნაყოფის საშუალო სიდიდე 25X15X12 მმ. ნაჭუჭი თხელია, ღია ყავისფერი, პრიალა ზედაპირით, გული მჭიდროა, ნაჭუჭს ყოველთვის ავსებს. ნაყოფის საშუალო წონა 1,4-გრ-ია, ერთ კილოგრამში 340-360 ნაყოფია. გულის გამოსავლიანობა 49,2%-ია; კარგი გემო აქვს. გულის გამოსავლიანობაა 49%, ცხიმის შემცველობა 69,5_70%-ია.
გავრცელება
დარაიონებული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
მიზანშეწონილია მისი გაშენება ფართო მასივებში და საკარმიდამო ნაკვეთებზე.
ტონდა ჯენტილე დელე ლანგე (სინონიმი: ტონდა ჯენტილე დელ პიემონტი) TONDA GENTILE DELLE LANGHE
წარმოშობა
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სამრეწველო ჯიშია. საქართველოში შემოტანილია 2004 წლიდან.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, ახასიათებს მომრგვალო ფორმის ვარჯი, საშუალო რაოდენობის ფესვის ამონაყარი.
მდედრობითი ყვავილი ყვავილობს იანვრის დასაწყისიდან თებერვლის ბოლომდე, მამრობითი კი - დეკემბრის პირველი ნახევრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე. საუკეთესო დამამტვერიანებელია "ტონდა ჯიფონი".
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს. მაღალმოსავლიანი ჯიშია. ერთ ბუჩქზე მოსავალი სრული მსხმოიარობის დროს 6-8 კგ-ია. საშუალო პერიოდის სიმწიფისაა. იკრიფება აგვისტოს შუა რიცხვებიდან.
ნაყოფი საშუალო ზომისაა - დაახლოებით 2,38 გრ, მომრგვალო ფორმის, გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებული, თხელნაჭუჭიანი. ნაჭუჭი ყავისფერია, გული მოყავისფრო-მოყვითალო, კარგი გემო აქვს. ნაჭუჭს მთლიანად ავსებს. გულის გამოსავლიანობა დაახლოებით 45-48%-ია. ნაყოფი ადვილად სცილდება ჩენჩოს.
გავრცელება
მოიპოვება საკოლექციო ნაკვეთებზე. პერსპექტიული ჯიშია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებისთვის.
შველისყურა - SHVELISKURA
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია უმთავრესად გურიაში, აგრეთვე ზუგდიდის რაიონში - "სკვერის" (მეგრულად "შველი") სახელწოდებით.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ფორმის, ხშირი დატოტვით, ინვითარებს საკმაო რაოდენობის ამონაყრებს.
ადრეულად ყვავილობს, დეკემბრის მეორე ნახევრიდან, რაც გრძელდება 50-65 დღეს. მდედრობითი და მამრობითი ყვავილების ყვავილობა დაახლოებით 20-25 დღეს გრძელდება. თანაყვავილედში 3-4 ნაყოფია.
მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მესამე წელს. მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს - აგვისტოს მეორე ნახევარში.. ერთი ბუჩქიდან საშუალო მოსავალი 3.5-4 კგ-ია. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. გარემო პირობების მიმართ დიდად მგრძნობიარე არაა. მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა, ამიტომ საღი ნაყოფით ხასიათდება.
ჩენჩო სიგრძით ცოტათი ჩამორჩება ნაყოფს, რომელიც მომწიფებისას ადვილად სცილდება. ნაყოფი მოგრძო ფორმისაა, ყავისფრად შეფერილი, ძალიან სუსტად შებუსული, ხასიათდება ზოლიანობით. ნაყოფის ზომაა 24X18X14 მმ. ნაჭუჭის სისქე 0.9-1,0 მმ-ს არ სცილდება, ადვილად მტვრევადია, რის გამოც შველისყურა თხელნაჭუჭა ჯიშს განეკუთვნება. ცხიმიანობა 63.2%-ია, ხოლო გამოსავლიანობა 36%-დან 40%-მდე მერყეობს.
გავრცელება
დარაიონებული სამრეწველო ჯიშია იმერეთის, გურიის და კახეთის რეგიონებისთვის.
ჩხიკვისთავა - CHKHIKVISTAVA
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად.
ბიოლოგიური თავისებურებანი და მოსავლიანობა
ბუჩქი საშუალო ზრდისაა, გამოირჩევა დატოტვილი და გადაშლილი ვარჯით. ახასიათებს დიდი რაოდენობის ფესვის ამონაყარი. სიმაღლე 2,5-3,0 მეტრს არ აღემატება. ვარჯის გარშემოწერილობა 4-4,5 მ, ხშირი დატოტვილი, გადაშლილი ფორმის.
საადრეო მოყვავილე ჯიშია, მდედრობითი ყვავილები იანვრის 5-10-დან ყვავილობს 40-45 დღე, მამრობითი ყვავილები მცირე რაოდენობითაა ან უფრო ხშირად სრულებით არა აქვს. აუცილებლად საჭიროებს ჯვარედინ დამამტვერიანებელს.
მსხმოიარობას იწყებს მესამე წელს. სიმწიფის ვადა ივლისის მეორე ნახევარში დგება. კარგი მოსავლიანი ჯიშია. ერთი ბუჩქის მოსავალი საშუალოდ 4,5 კგ-ია. შედარებით მგრძნობიარეა კლიმატური პირობებისა და მავნებელ-დაავადებების მიმართ.
ჩენჩო აღემატება ნაყოფის სიგრძეს და ძნელად სცილდება, მომრგვალო-მოგრძო ფორმისაა, ოდნავ შებრტყელებული გვერდებით, გამოწეული წვერით. თხელნაჭუჭაა. მუდამ სავსეა გულით. ნაყოფი წვრილია 16X14X13 მმ. ერთი ცალი საშუალო წონაა 1,3-1,5 გრ. ერთ კილოგრამში 820-870 ცალია. გულის გამოსავალი 56%-ია. ცხიმის შემცველობა შეადგენს 69-71%-ს.
გავრცელება
გავრცელებულია გურიაში. პერსპექტიულია როგორც დამამტვერიანებელი ჯიში სამრეწველო ბაღებისათვის.
ცხენის ძუძუ (სინონიმი - ცხენისკბილა) - TSKHENISDZUDZU
წარმოშობა
ადგილობრივი ჯიშია, მიღებული
This post has been edited by GeoWarr1or on 10 Sep 2015, 19:25