BioIkahttp://georgianels.ge/2017/10/%E1%83%A6%E1...83%A5%E1%83%98/ტრიქინელოზი ღორის გავრცელებული და მეტად მძიმე დაავადებაა. ხშირად ავადდება ადამიანიც. ტრიქინელოზი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. საქართველოში ადამიანის დასნებოვნების ძირითადი წყაროა შინაური და გარეული ღორი, მურა დათვი.
ეტიოლოგია. დაავადების გამომწვევია მრგვალი პარაზიტული ჭია – Trichinella spiralis, სიგრძით 4 მმ-მდეა. სქესობრივად მომწიფებული ტრიქინელები ბინადრობენ ნაწლავებში, ხოლო ჩანასახოვანი ფორმები (ლარვები) განივზოლიან კუნთებში. მდედრი ტრიქინელები ცოცხლად მშობი არაიან. დაავადება ვრცელდება ალიმენტარული გზით. ამთვისებელი ცხოველები და ადამიანი ინვაზირდებიან თერმულად დაუმუშავებელი ტრიქინელოზიანი ხორცით. ტრიქინელას ცირკულაციის ძირითად რგოლს მტაცებლები წარმოადგენენ. ტრიქინელას ცოცხალი ჩანასახები ნაწლავებიდან ლიმფური სადინრებით და სისხლძარღვებით ვრცელდებიან მთელს ორგანიზმში და იბუდებენ განივზოლიან კუნთებში, განსაკუთრებით ნეკნთაშუა, საღეჭ კუნთებში, დიაფრაგმის კუნთებში, ენის, ხახისა და თვალების კუნთებში. აქ ტრიქინელები 2-3 კვირის შემდეგ იხვევიან სპირალად, ინკაფსულირდებიან, ზოგიერთები გაიკირება. ნაწლავის სტადიის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 თვეა. კუნთოვანი ტრიქინელები სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ 20 წლამდე და მეტი დროის განმავლობაში.
დაავადების სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 45 დღემდე. დაავადების ნიშნები ყოველთვის არაა გამოხატული. დაავადების დასაწყისისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, ფაღარათი, ცხელება. კუნთების ინვაზირება იწყება პირველი კვირის ბოლოს და დამახასიათებელია შეშუპება თვალების ირგვლივ, კონიუნქტივიტი სისხლჩაქცევებით, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, გულის კუნთის, ფილტვებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. დაავადების ხანგრძლივობაა 2-3 დღიდან 8 კვირამდე და მეტი.
დიაგნოზი. დაავადების დიაგნოზი ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ და დამახასიათებელ კლინიკურ მონაცემებს. გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები ანტიგენთან. დიაგნოზის დამადასტურებელია ტრიქინელების აღმოჩენა კუნთებში.
მკურნალობა. ცხოველებში მკურნალობა არ არის შემუშავებული.
პროფილაქტიკა. ტრიქინელოზის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პროფილაქტიკა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციით, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ტრიქინელოზის დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიისა და პროფილიკაქტიკის ყველა მომენტს. აუცილებელია ღორისა და დათვის ხორცის შემოწმება ტრიქინელოსკოპით. სასაკლაოებისა და სამზარეულოების ნარჩენები უნდა გაუვნებლდეს თერმული დამუშავებით და ამის შემდეგ მიეცეს ცხოველებს საკვებად.