http://www.icmm.ge/ka/site/news/7819/%E1%8...AA%E1%83%90.htmსაქართველოს მთავრობამ N714 დადგენილებით თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს თაფლის მიმართ, თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ, თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ, თაფლის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს. დადგენილება 2015 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
რეგლამენტით რეგულირების ობიექტია საქართველოში ბაზარზე განთავსებული თაფლი, მათ შორის: ყვავილის ანუ ნექტრის თაფლი; ცვარტკბილის თაფლი; შერეული თაფლი.
დოკუმენტი განსაზღვრავს ბაზარზე თაფლის განთავსების პირობებსაც. ბაზარზე განთავსებული თაფლი მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელი ფუტკრისგან და გამოდიოდეს ფუტკრის ინფექციური დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო მეურნეობიდან (რეგიონიდან). უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს; ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; თაფლის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი; ეტიკეტზე დასახელება „თაფლი“ გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროდუქტთან დაკავშირებით; ცვარტკბილის და ყვავილის (ნექტრის) თაფლის შერეული პროდუქტის ეტიკეტზე დაშვებულია, გამოყენებული იქნეს ტერმინი - „ცვარტკბილის თაფლისა და ყვავილის (ნექტრის) თაფლის ნარევი“. დაშვებულია თაფლის ეტიკეტზე, გარდა გაფილტრული თაფლის და საკონდიტრო თაფლისა, აღნიშნულ იქნეს: რეგიონალური, ტერიტორიული ან ტოპოგრაფიული რაიონი, თუ ის უშუალოდ აღნიშნულ არეალშია მიღებული; მცენარის ან მცენარეების დასახელება, თუ თაფლი სრულად ან ძირითადად მიღებულია ამ მცენარის ან მცენარეების ყვავილის ნექტრისაგან და ახასიათებს ფიზიკურ-ქიმიური, ორგანოლეპტიკური და მორფოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც მხოლოდ ამ მცენარის ან მცენარეების ყვავილის ნექტრისაგან მიღებული თაფლისთვის არის დამახასიათებელი. ამ შემთხვევაში, მცენარის ბოტანიკური დასახელება მითითებული უნდა იქნეს უშუალოდ სიტყვა „თაფლთან“ (მაგ. „თაფლი აკაციის“, „თაფლი წაბლის“) ერთად; სპეციფიკური ხარისხობრივი მახასიათებლები.
საკონდიტრო თაფლის ეტიკეტზე, პროდუქტის დასახელებასთან ახლოს, უნდა მიეთითოს სიტყვები: „განკუთვნილია მხოლოდ საკონდიტრო წარმოებისათვის“. თუ საკონდიტრო თაფლი ინგრედიენტის სახით გამოიყენება სურსათის წარმოებაში, ტერმინი „თაფლი“ შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერმინ „საკონდიტრო თაფლის“ ნაცვლად. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული იქნეს ტერმინი - „საკონდიტრო თაფლი“.
თაფლის სატრანსპორტო ტარაზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საცალო ვაჭრობისათვის, მარკირებაში მითითებული უნდა იქნეს პროდუქტის დასახელება, პარტიის ნომერი და იმ ბეზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, რომელიც ახორციელებს თაფლის შეფუთვასა და დისტრიბუციას.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, დაუშვებელია ბაზარზე განთავსებულ თაფლში საკვებდანამატების და სხვა საკვები ინგრედიენტების დამატება. თაფლში მინიმალურამდე უნდა იყოს დაყვანილი უცხო სუნი და გემო, რომელიც წარმოიქმნება შენახვის და გადამუშავების დროს; თაფლიდან ყვავილის მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტვრის ან სხვა შემადგენელი კომპონენტის მოცილება განპირობეულია მასში მოხვედრილი უცხო არაორგანული და ორგანული ნივთიერებების მოცილების აუცილებლობით; თაფლის გაცხელება და გადამუშავება ისე, რომ შეცვლილი იქნეს მისი ძირითადი მაჩვენებლები; თაფლის მჟავიანობის ხელოვნურად შეცვლა; გამოკრისტალებული თაფლის ქიმიური და ბიოქიმიური მეთოდებით დამუშავება.
თაფლი არ უნდა დაექვემდებაროს ფერმენტაციასა და დუღილს. თაფლში არსებულ ბუნებრივ ფერმენტებს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ფერმენტული აქტივობა.
თაფლი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში.
ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართაც: ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ნატურალური თაფლი აწარმოოს და ბაზარზე განათავსოს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თაფლი აწარმოოს იმ დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად, რომლის დეკლარირებასაც განახორციელებს იგი; აკმაყოფილებდეს სპეციალური წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ ტექნიკურ რეგლამენტთან თაფლის შესაბამისობის კონტროლი ხორციელდება: სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს; ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის დროს.