გავაგრძელებ თხრობას.
ერთი სიტყვით, აპრილის დასაწყისში მოვიყვანეთ საქონელი.
მე გამოცდილება მესაქონლეობაში არ მქონდა. ჩემს ძმას ქონდა. ფერმაშიც იყო ერთი წელი ნამუშევარი. წველა იცოდა. მამა ვეტექიმია.
სანამ საქონელი მშრალია და არ იწველება იოლია. დილით ადრე საძოვარზე გავრეკავდით, საღამოს მოვიყვანდით, ბაკში შევრეკავდით და მეორე დილამდე საქმე ამით მთავრდებოდა.
საძოვარი პირდაპირ ფერმიდან იწყებოდა. ფერმა გვედგა წყლიანი არხის (კანაოს) პირზე. ფერმაზე მიბმული იჯარით აღებული 20ჰა. მიწაზე, ხორბალი გვეთესა. წინა წლის მოსავლის თესლი შევინახეთ და დავთესეთ. ყანასა და არხს შორის მანძილი იქნებოდა 10 მეტრამდე. ამ გზაზე გავატარებდით ხოლმე საქონელს ძოვებით და 1 კილომეტრში იყო ნაიონჯარი. ნაიონჯრის ბალახდგარში 10% იყო იონჯა, დანარჩენი 90% სხვა კარგი წმინდა ბალახი. იდეალური საძოვარი იყო.
ეს ნაზამთრალი და ბეწვაშლილი საქონელი, უცებ წამოვიდა წინ. გასუქდნენ, ძველი ბეწვი გაიყრევინეს და სულ ბზინვა დაიწყეს. ჩვენში იტყვიან ხოლმე, მათი ნაბანი წყალიც კი დაილეოდაო.
ეხლა საჭირო იყო მათი აკლიმატიზაცია. საქონელი მთაში დაბადებული იყო. 1700 მეტრ ზღვის დონიდან. ჩამოვიყვანეთ 200 მეტრზე. მთაში ნაბარევი არ იცის. ბარში იცის. ეს ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც ჩნდება ტკიპის კბენის შედეგად. დაავადების შემთხვევაში, თუ გამოგეპარა და მალევე ვერ შეატყვე, მერე ვეღარაფერს უშველი. ხორცადაც ვერ გაჰყიდი. ამიტომ თვეში ორჯერ ვცრიდით რამდენიმე თვის განმავლობაში. შემოდგომაზე თვეში ერთ აცრაზე გადავედით და ასა ნელ-ნელა შევაჩვიეთ საქონელი ჩვენს პირობებს.
მაისის ნახევარში ერთმა დეკეულმა ხბო მოიგო, მერე მეორემ და იმ ზაფხულს ექვსმა სულმა მოიგო.
ეხლა იწყება ნამდვილი ფერმერობა. აბა აქამდე მენახირეობა იყო. დილით გალალე საღამოს შალალე, აბა ამას რა უნდოდა?
ჩემმა ძმამ წველა იცოდა, მე არა. ხოდა ეხლა უნდა ვისწავლო. მივუჯექი მოსაწველად და ლამის ძუძუები დავაგლიჯე ძროხას. მე კიდევ თითები დამეგრიხ-დამეკვრანჩხა. თურმე თითები უნდა დაისველო რძით რომ ხელი სრიალებდეს და იოლად მოსწველი. ერთი სიტყვით იოლად ვისწავლე წველა. ეხლა რძე არის და რა უნდა ვქნათ. რძეს ვერ გავყიდით. უნდა მოვაყველოთ. მოყველება არ ვიცი.
მეზობლად 700-800 მეტრში იყო მინდვრების ყარაული, რომელსაც ჰქონდა ერთი პატარა ოთახი, კიდევ ვაგონიც. დღე და ღამე მინდორში ცხოვრობდა და ჰყავდა სამი-ოთხი ძროხა. ის აყველებდა რძეს. მივედი და ვუთხარი მასწავლე მოყველება მეთქი. მასწავლა და მომცა ერთი 100 გრამიანი ჭიქა საყველებელიც. თან მასწავლა პირველი მოყველების შემდეგ, შრატისგან როგორ უნდა დავაყენო საყველებელი.
დავიწყეთ ყველის კეთება. კასრში წაკი დავაყენეთ და ვაწყობთ ყველს მოსამწიფებლად. ბოლოს და ბოლოს ამა ყველს გაყიდვა უნდა. ეს ყველი ჩავაწყვეთ პარკებში მოვიკიდეთ ზურგზე და ავზიდეთ სახლში. სახლსა და ფერმას შორის მანძილი 9 კმ. იყო. კვირა დღეს გადავიტანეთ ბაზარში, დადგნენ დედა და მამა და დაიწყეს გაყიდვა. თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ მერე მიეჩვივნენ. მერე მე და ჩემი ძმაც ვყიდიდით ყველს.
საქმე თანდათანობით გართულდა. ბაზარში ერთი ძროხა ვიყიდეთ, შავჭრელი ჯიშის საქონელი ისიც ჯიშიანი იყო, მაგრამ ორი ძუძუ ჰქონდა გაფუჭებული და საღი ორი ძუძუდან 10 ლიტრას იწველებოდა. პირველ წელს გვყავდა 9 მეწველი ძროხა. ექვსი მოყვანილი და სამი აქაური. დეკეულები გადგნენ საუკეთესო მეწველები. არც ერთს 10ლიტრაზე ნაკლები არ მოუწველია და დანარჩენები რომლებიც ჩვენთან დამაკდნენ და მეორე წელს მოიგეს, ტანათაც ორჯერ დიდები გაიზარდნენ და წველითაც პირველ მოგებაზე 15-20 ლიტრ რძეს იწველიდნენ.
ხო და იმას ვამბობდი საქმე გართულდა. დღე და ღამე ფერმაში ვიყავით. ყოველდღე სოფელში ვერ ავიდოდით საჭმელის წამოსაღებად. ამიტომ კვირაში ერთხელ კვირაობით ყველს რომ გავყიდიდით, ვიყიდდით ფქვილს, კარტოფილს, ხახვს, მაკარონს, ზეთს და ასე შემდეგ და ფერმაში ვაცხობდით პურსაც და ვაკეთებდით საჭმელსაც.
ივლისის თვეში ავიღეთ ხორბლის მოსავალი. დავყარეთ ბეღელში. ნამჯა დავპრესეთ და დავდგით ნამჯის ზვინი. ამასაც ცოდნა უნდა. უნდა დასდგა პირამიდის სახით, ისე რომ წვიმამ მინიმალურად გააფუჭოს.
ხორბალი შემოდგომაზე დავფქვით, ქატო საქონელს, ფქვილი კი დავაფასოეთ ტომრებში 50კგ-ებად. წავიღეთ ლაგოდეხის რაიონში კაბლის ბაზარზე გასაყიდათ 5 ტონა ფქვილი ნაქირავები კამაზით. იქ იყო ფქვილის დიდი გასავალი. ერთი 40 მანქანა მაინც იდგა ფქვილის გამიდველი, ჟიგულიდან დაწყებული და კამაზებით დამთავრებული. 90% გადამყიდველი იყო.
ვუყურებთ მე, ჩემი ძმა და მამაჩემი, მოდის ექვსი-შვიდი ბიჭი. მიდიან ყველა ფქვილის გამყიდველთან თურმე ფულს სთხოვენ. ყველა ზომის მანქანას თავისი გადასახდელი ჰქონია, ეს უკვე ჩამოყალიბებული წესი ყოფილა. ჩვენთან რომ მოვიდნენ დადგნენ და გვიყურებენ. ეხლა როდემდე უნდა გიყუროთო. მე მანქანის ძარაზე ვიდექი ფქვილიანი ტომრების მისაწოდებლად გაყიდვისას. მამაჩემი და ძმა დაბლა იდგნენ და ფულს იღებდნენ. ხოდა ჩემი ძმა ეუბნება, მერე რას მიყურებთ გაიარეთო.
როგორ თუ რას გიყურებთ, ფული უნდა გადაიხადოთო.
რის ფულიო, შეეკითხა ძმა.
რომ დგეხართ და ფქვილს ყიდითო.
ეხლა იმ კამათს არ მოვყვები. ჩემი სოფლელებიც ჰყიდნენ იქ ფქვილს. რომ ნახეს რომ სერიოზული გაწევ-გამოწევა გვაქვს მოვიდნენ და გვეუბნებიან. საქმეს რაზე ირთულებთ, აქ ეგეთი წესია და მიეცით ფულიო.
ფული რა თქმა უნდა არ გადავიხადეთ. ბოლოს გვეუბნებიან, თქვენ მეორეთ აქ ფქვილს ვერ გაჰყიდითო.
ჩვენ ვუთხარით, მეორე კვირასვე მოვალთ ფქვილის გასაყიდათო. მეორე კვირას ვერა მაგრამ, მეორედ როცა მივედით ვხედავთ, ისევ მოდიან და ფულს ყველას ართმევდნენ. ჩვენთან რომ მოვიდნენ, მე ისევ მანქანაზე ვიდექი, ჩემს ძმასთან მივიდნენ და აი როგორც კარგ ნაცნობს ისე მიესალმნენ ხელის ჩამორთმევით და მოკითხვით და ჩვენს შემდეგ გააგრძელეს ფულის დაწერება.
იმ ფქვილის ფულით ჟიგული ვიყიდეთ და გაგვიჩნდა ტრანსპორტი. ხელით აღარ დავათრევდით ყველს და საგზალს.
This post has been edited by kaxaberski66 on 18 Jun 2017, 14:33