აქა ვარ ბატონებო

2 კვირის წინ ოჯახში მეზობელი შემოსულა, რომელსაც მეორე დღეს კორონა დაუდასტურდა. იმ მეზობლის ოჯახში 3 წევრს ჰქონდა ვირუსი, 3 წევრს - არა. ორმა მსუბუქად გადაიტანა, მესამეს ფილტვების ანთება დაემატა. მთელი იტალიური ეზო, 10 ოჯახით გადავიდა იზოლაციაში
მე, გარდა იმისა რომ ოჯახთან მქონდა კონტაქტი, სამსახურშიც შევხვდი ერთ თანამშრომელს, ვის მშობელსაც კოვიდი დაუდასტურდა. მოკლედ ორმაგ სროლაში მოვყევი და სამსახურმა გადაწყვიტა 9 დღით ,,დამესვენა".
როგორ დავისვენე: ერთი ბაღი ხომ უკვე შეღობილი და გასუფთავებული მქონდა; მოვახვნევინე კიდეც; ეხლა მეორე ბაღს მივადექი და თითქმის სულ შევღობე, ორი დღის საქმეღა დამრჩა, და ნახევარიც სულ გავასუფთავე. თვალს და გულს უხარია რომ ვუყურებ. ვაშლის ხეებიც გავსხელი, ძველი ბებერი ტოტები დავაჭერი, ახლები დავტოვე. ვფიქრობ 1 წელი კიდევ დავაცდი და მერე ნელ-ნელა ახალი ნერგებით ჩავანაცვლებ, როტაციის პრინციპით.
გადავრგე კომშის და ალუბლის ნერგები. ამათ წესით მყნობა არ უნდა დაჭირდეთ. უკვე შევარჩიე და მოვამზადე პანტა-მაჟალოები, რომლებსაც გაზაფხულზე დავამყნობ. და რაც აუცილებლად უნდა გავაკეტო, არის ნერგების გამოყვანა. ძირითადად ძველი ჯიშის ვაშლის, მსხლის და კომშის ნერგებზე ვფიქრობ.
ყურძნის ნერგების ნახევარიც გადავიტანე თავის ორმოებში. იმედი მაქვს ზამთრის სიცივეს გაუძლებენ. ჩემთან დღეს უკვე თოვდა.
თუ დეკემბერში ცოტას გამოიამინდებს, როგორც ეს შარშან იყო, მაშინ კიდევ მოვასწრებ ერთი-ორჯერ არბენას და დავასრულებ დარჩენილ წვრილმანებს.
დანარჩენი გაგრძელდება გაზაფხულზე.
ამ წლის სამუშაოების დამსრულებელი დღე კი გიორგობა იქნება. 23-ში მეზობლები და ახლო ნათესავები, ვიწრო წრეში ვაპირებთ საკლავით ხატში ასვლას.
მადლობას შევწირავთ წლევანდელი წლის წყალობისთვის და შევთხოვთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, მომავალი წლის ჯან-ღონეს და ბარაქას.
ახალი აღმოჩენები: ჩემი ნათესავის ბაღში, კაკლის ხეზე ასული ყურძენი ვიპოვე. ალბათ ნახევარ საუკუნეზე მეტის იქნება ასაკით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა ჩინური ჯიშის ყურძენი. რაც მთავარია კარგად შემოსული, მტევანიც უდეფექტო. სასწაული ღვინო გამოვა. შეწამვლაზე და მოვლაზე საუბარიც არ მაქვს. კაციშვილი არ უვლის. მიკვირს ასე როგორ გააქვს თავი წლიდან წლამდე. შეიძლება კაკალს ჰქონდეს რაიმე დამცავი ,,ფუნქცია" ?! თუმცა ჩემს ეზოში საფერავი კომშის ხეზეა და ისიც არ ფუჭდება. არ ვიცი, არ ვიცი... ჩემთვის ეს გამოცანაა.
უკვე დავიწყე აკაციის ბოძების შეგროვება მომავალი ვენახისთვის.
ახალი დევიზი: არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს აუთვისებელი!
* * *
tavadzeცელოფნით რომ გააკეთე პატარა სათბურივით, მწვანილი კი გაქაჩავდა, თუ ძალიან დიდი თოვლი არ იცის თქვენთან.
* * *
თუ 9 დღიან განმარტოებას გავითვალისწინებთ

ბევრი დრო მქონდა სოფლის მეურნეობაზე ფიქრისთვის.
მივეჩვიე მიწასთან და ხეებთან საუბარსაც
მოკლედ, ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა: არსებობს ორი სახის სოფლის მეურნეობა - საოჯახო და ინდუსტრიული. (ველოსიპეტი არ გამომიგონია, უკვე არსებობს ასეთი კლასიფიცირება).
ვინაიდან და რადგანაც, ჩემს ხელთ არსებული მიწის ნაკვეთი არ არის იმ მოცულობის რომ რაიმე ინდუსტრიულ წარმოებაზე ვიფიქრო, მრჩება ერთი ვარიანტი - ვიფიქრო საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე.
და რატომ?
წელს დავრწმუნდი რომ საჭიროა საარსებო გარემოს დივერსიფიცირება. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და დაგვხვდეს ,,შმოვიდ 76". არავინ არ იცის რა იქნება მომავალში. თუმცა დაზუსტებით ვიცით, რომ გვჭირდება თავშესაფარი და საკვები.
წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდი ქალაქიდან დისტანცირება, თუნდაც 1 კვირით, აუცილებელი ყოფილა. ასევე დავრწმუნდი, რომ საკუთარი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფასდაუდებელი შემოსავალია. რომლის ერთი ნაწილის რეალიზებას თუ მოახდენ, შეგიძლია იყიდო საარსებოდ აუცილებელი სხვა პროდუქტები და გადაარჩინო ოჯახი.
არ მაქვს საუბარი გამდიდრებაზე. საუბარია საარსებოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების მოყვანაზე.
მცირე ტერიტორიაზე საარსებოდ აუცილებელი პროდუქტის მოყვანის, ასევე დამატებითი, სარეალიზაციოდ გამიზნული პროდუქტის მოყვანის ეფექტურობა დამოკიდებულია ცოდნასა და შრომაზე.
ეს ჩემთვის უკვე აქსიომაა და ვერავინ ვერ დამარწმუნებს საწინააღმდეგო აზრში

თქვენ რას ფიქრობთ?