სანამ თხრობას გავაგრძელებდე, მინდა ვთქვა, მოხარული ვარ იმით რომ დაგაინტერესათ ჩემმა მონათხრობმა.
მანქანა ვიყიდეთ და ტვირთს ხელით აღარ დავათრევდით. ეს უკვე შვება იყო. იცით, ხშირად ასეთი გრძნობა მქონდა ხოლმე. ფეხით მიმავალს ფერმისკენ ან სახლისკენ, მანქანა რომ გამიჩერებდა ბევრჯერ არ დავმჯდარვარ. თითქოს და ჩვენ საქონელს ვამრავლებდით, ყველს ვყიდდით და ამ დროს სხვისი წასაყვან-წამოსაყვანები ვიყავით. ეს ჩემი შინაგანი შეგრძნება იყო, თორემ იმას არ ვამბობ ხალხი ასე ფიქრობდა ჩვენზე.
საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია(თავისებურია). ამიტომ შეგრძნებებიც თავისი აქვს, რომელიც შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს თუ საიდან მომდინარეობს ეს გრძნობა.
ზევით დავწერე მეზობლად მყოფ მეველეზე, რომელმაც ყველის გაკეთება მასწავლა. არა მარტო ყველის, არამედ საქონელთან დაკავშირებით ბევრი რამ ვისწავლე მისგან.
ეს კაცი 65-67 წლის იქნებოდა იმ დროს. თავისი რამდენიმე ძროხა გრძელი, 20-30 მეტრიანი თოკებით ჰყავდა დაბმული მინდორში, ისეთ მანძილებზე რომ ძროხები ძოვებისას ერთმანეთზე არ გადახლართულიყვნენ. ერთხელაც ეს საქონელი დაბმულია ნაყანარში. ყანა გაილეწა და შიგ იყო დარჩენილი ძროხისთვის საჭმელი. გამოუვლია მანქანით კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. ადგილ-ადგილ ცეცხლი ჩაუგდია ნაყანარის გადასაწველად, რომ ხელახლა მოხნან. მერე დამჯდარა მანქანაში და წასულა. ცეცხლი უცებ მოედო მინდორს. მინდორში საქონელი თოკზეა დაბმული, ცეცხლი ყველა მხრიდან უახლოვდება საქონელს. გავიქეცი საქონლის მისახმარებლად. პატრონი მეორე მხრიდან მორბის, მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა? იმ ცეცხლს შვეულმფრენიდან თუ ჩააქრობდი მხოლოდ.
ეს ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ცეცხლმა თოკები გადაწვა, საქონელი განთავისუფლდა საბელისგან და თავსაც უშველა.
მინდვრის გადაწვის ასეთი წესი არსებობს. რომელი ნაკვეთიც უნდა გადასწვა, იმ ნაკვეთს უნდა ჰქონდეს გარშემო შემოხნული რომ ცეცხლი მეზობელ ნაკვეთში არ გადავიდეს. შემოხვნის გარეშე შეიძლება მთელი მინდვრები გადაიწვას.
ეს მაგალითი იმის, რომ კაცმა უნდა იაზროვნოს რას აკეთებს. და მეორეც, შენ რაც არ გეხება არ უნდა გააკეთო. რა ესაქმებოდა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მინდვრის გადაწვასთან. რა მემინდვრეები არ იყვნენ?
ასეთივე რამე მამაჩემსაც დაემართა. ქრონოლოგიურად დრო რომ მოვა, მოვყვები.
ხოდა, იქ ვიყავი მანქანა რომ ვიყიდეთ და ოჯახს საქმე გაუიოლდა და მე გამირთულდა.
საქმე იმაშია რომ მე მანქანას ვერ ვატარებდი. არც მართვის მოწმობა მქონდა. ჩემი ძმა ატარებდა და მანქანის ყიდვიდან თითქმის სულ სახლში იყო, მე ფერმაში. რამეს რომ მოიტანდა ფერმაში და უკან წაიღებდა წასაღებს, სახლში დარჩებოდა, ისევ ფერმაში ხომ არ წამოვიდოდა. და თუ მოვიდოდა ფერმაში და მე შემცვლიდა, რაც უკვე იშვიათად ხდებოდა, მანქანაც ფერმაში რჩებოდა და მე ისევ ფეხით მიწევდა სახლში წასვლა. აბა მე მანქანის ტარება არ ვიცოდი. მამაჩემსაც ბევრი საქმე ჰქონდა, მარტო ფერმა ხომ არ იყო, მამა-პაპისეული ვენახები და მიწები გვქონდა. იმასაც მოვლა ხომ უნდოდა.
ხოდა ასე, ეს ფერმა მოწოლილი იყო ჩემს მხრებზე 80% ით. თან ყველა საქმეს ერთი ორგანიზატორი და უფროსი უნდა ჰყავდეს. ეს უფროსი იყო ჩემი უმცროსი ძმა.კაცი უნიკალური და ყველაფერში ძალიან მაგარი. საქმის გაკეთებაში, დალაპარაკებაში, გაქცევაში და არ წაქცევაში. ერთი სიტყვით როლები თავისით გადანაწილდა. ჩემი ძმა უფროსი. მამაჩემი ვეტექიმი და ჩემი დამხმარე, მე მწყემსი, მწველავი, მხვეტავი, ხაბაზი, მზარეული და რა ვიცი კიდევ რა.
გადავიღალე აღარ შემიძლია.
ვდგებოდი დილით ძალიან ადრე. ბაკიდან გამომყავდა საქონელი და ვაბამდი მოსაწველად. მოვწველიდი, ხბორებს ვაჭმევდი. საქონელს გავუშვებდი საბალახოდ, ამ საქმეს მიჰქონდა ორი საათი. მინდორი ფერმაზე იყო მიბმული და ბინიდან ვაქცევდი ყურადღებას საქონლის ძოვების პროცესს. ეხლა ეს მოწველილი რძე უნდა მომეყველებინა. დავდგავდი რძეს ცეცხლზე მოყველებისთვის საჭირო ტემპერატურამდე მისაყვანად. სანამ რძე შეთბებოდა, საქონლის სადგომს ვხვეტდი, თან რძის ტემპერატურას ვამოწმებდი რომ ზედმეტი არ მოსვლოდა, თორემ გაცივებასაც, დრო უნდოდა. მერე რძეს შევურევდი საყველებელს. 30-40 წუთი სჭირდებოდა რძის შედედებას. სანამ შედედდებოდა გავიქცეოდი საქონელთან რომ ძოვების პროცესი მომეწესრიგებინა. ახლოს ყანები და ვენახები იყო. იქ რომ არ გადასულიყვნენ საქონელს შუა მინდვრისკენ მოვყრიდი. მერე უკან ვბრუნდებოდი მოსაყველებლად. მოვაყველებდი და ამასობაში 12 საათი უკვე გადასული იყო. ჭურჭელს რომელსაც ვხმარობდი წველისას და მოყველებაში დავრეცხავდი, გავამზადებდი საღამოს წველისთვის.ხბორებიც საბალახოდ მყავდა გაყვანილი ძროხებისგან განსხვავებით სხვა მხარეს, რომ მინდორში ძროხები არ მოეწოვათ. ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავიდოდი საქონელთან, ისეთ ადგილზე მოვყრიდი საძოვრად, რომ მე დრო მქონოდა ბინაში წყლის მოსატანად. დასალევი წყალი ბინიდა ლამის კილომეტრ ნახევარში იყო. მეველის ბინიდან ერთი 500 მეტრში მაინც. ავიღებდი ორ ათ ლიტრიან ბალონს და წავიდოდი სულ სირბილით წყლის მოსატანად. ერთი სამ გზას მაინც მოვიტანდი, ყოველ მოტანაზე საქონელსაც ვაკონტროლებდი. გახდებოდა უკვე სამი-ოთხი საათი. მერე მოვზელავდი ცომს რომ პური გამომეცხო. მოზელილს დავდგავდი რომ გაფუებულიყო და დავიწყებდი საჭმელის კეთებას გავაკეთებდი საჭმელს და უკვე იყო შვიდი საათი. მოვიყვანდი საქონელს დავწველიდი. ხბორებიც რა თქმა უნდა ბინაში მყავდა მოყვანილი საქონელზე ადრე. საქონელს თივას გავუშლიდი ღამისთვის, თუ შემოდგომა ზამთარი იყო. ზაფხულში ღამე არ ვაჭმევდი.
საღამოს წველის შემდეგ, რძეს ისევ შევათბობდი, სანამ გათბებოდა, დავანთებდი ცეცხლს რომ პური გამომეცხო. ამას დრო უნდოდა რომ საჯი, ანუ რაზეც ვაცხობდი პურს, გაცხელებულიყო აი ისე როგორც თონე უნდა ამოთეთრდეს. ცომს ამოვაგუნდავებდი და გავამზადებდი გამოსაცხობად. ამასობაში რძესაც გავურევდი საყველებელს და 30-40 წუთი ველოდები მოყველებას და ამ დროს ვიწყებ პურის ცხობას. მერე რძეც მოყველდება და ყველს ამოვიყვანდი, ჩავდებდი ფორმაში. პურის ცხობასაც როგოგღაც მოვრჩებოდი. ეხლა ყველაფერს დარეცხვა უნდა. რძის ჭურჭელსაც და პურის ჭურჭელსაც. ამასაც რომ მოვრჩებოდი იცით რომელი საათი იყო? ღამის თორმეტ საათს გაცდენილი და ხშირად პირველი ან ორიც.
საჭმელის ჭამის დრო არ მრჩებოდა. დროს ჩემს თავზე ვზოგავდი რომ ყველაფერი მომესწრო.
მეორე დღიდან. დილით უთენიიდან იგივე იწყებოდა. იცით რამდენს ვიწონიდი? 55-57 კილოს. მაგრამ ეს სიგამხდრე ამ ტიტანური შრომის ბრალი არ იყო. იმ დროს ბუნებრივად ვიყავი მასეთი წონის.
* * *
ეხლა შევწყვეტ მოყოლას საქმეები მაქვს და მერე აუცილებლად სიღნაღში ვარ წასასვლელი. იქ პატარ სახლი გვაქვს და პატარა რემონტს ვაკეთებ და მასალა მაქვს ჩასატანი