GT.ge
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 11397
წევრი No.: 1088
რეგისტრ.: 10-July 02
|
#1653636 · 21 Jul 2005, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმპერატორის თასზე ვოცნებობ
ქართველი პროფესიონალი სუმოისტი ლევან ცაგურია მეტეორივით შეიჭრა იაპონელთა სპორტის ეროვნულ სახეობა სუმოს ელიტაში, 22 წლის კოკაის უძლიერესთა შორის დებიუტი 2004 წლის იანვრის ბაშოზე ჰქონდა, მან მაშინვე აალაპარაკა იაპონია, როცა დებიუტანტისთვის რეკორდული 8 მოგებით დაასრულა ტურნირი, მას შემდეგ ქართველს მასზე მაღალი რანგის ფალავნისთვის ბევრჯერ მოუგია, მათ შორის ოძეკებისთვისაც, მაგრამ იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი) მუდამ დაუძლეველი სიმაღლე იყო მისთვის. მონღოლ ასაშორიუს კოკაიმ მხოლოდ ერთხელ მოუგო, ამ გაზაფხულზე, მაგრამ ის საჩვენებელი ტურნირის ფინალში იყო... გუშინ კოკაიმ მეშვიდე ცდაზე სძლია დიდ ჩემპიონს.
ასაშორიუს იმდენად იშვიათად ამარცხებენ, რომ ეს ყოველთვის მოვლენაა ბაშოზე. წლეულს მონღოლმა, რომელიც თანამედროვე სუმოში ერთი თავით მაღლა დგას ყველა კონკურენტზე, 56 ბრძოლა გამართა, საიდანაც 53 მოიგო. მარტში მან ტოჩიაძუმასთან წააგო, ახლხან კი ბულგარელ კოტოოშუსთან დამარცხდა, კოკაი მესამე რიკიშია, რომელმაც იოკოძუნას მარცხის აღსანიშნავად გულშემატკივრებს დოჰიოზე ბალიშები ასროლინა (ეს ერთგვარი იაპონური ტრადიციაა). ნაგოიაში წლის მეოთხე ბაშო იმართება, პირველი სამი, რა თქმა უნდა, ასაშორიუმ მოიგო. ახლა ტურნირის მოგების შანსი ერთბაშად შვიდ ფალავანს აქვს, მათ შორის კოკაისაც.
გუშინ ქართველ სუმოისტს ნაგოიაში დავუკავშირდით, კოკაი ძალზე გახარებული ჩანდა. ბოლოსდაბოლოს მისმა ცდებმა შედეგი გამოიღო - იოკოძუნა დაამარცხა. უპირველესად, ქართველ ფალავანს ვთხოვეთ გუშინდელი ბრძოლის მიმდინარეობა გაეხსენებინა.
- დღევანდელი ორთაბრძოლის წინ არ მინერვიულია. ბაშოზე უკვე შვიდი მოგება მქონდა, დადებითი ბალანსით დასასრულებლად, რაც ჩემი უმთავრესი ამოცანა იყო, მხოლოდ ერთი მოგებაღა მჭირდებოდა. ალბათ, ესეც ძალიან დამეხმარა ასაშორიუს ძლევაში. დოჰიოზე სრულიად მშვიდად ავედი, ჩავიფიქრე, ჩემი სტილით მეჭიდავა და რაც მოხდებოდა, მოხდენილიყო. ამ ბოლო დროს იდაყვების ტკივილმა გამიარა, რაც ჩემი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მაძლევს. დაჯახება (ტაჩი-აი) აშკარად კარგი გამომივიდა, სახეში ხელების დარტყმით მეტოქე ლამის დოჰიოდან გავიყვანე, მაგრამ იოკოძუნა ხელიდან გამისხლტა, გვერდზე გახტა და აქეთ შემომიტია. უკან დავიხიე, კიდევ კარგი წონსაწორობა შენარჩუნებული მქონდა, თავზე ხელი ჩამოვარტყი და დოჰიოდან გადავვარდი, იმავდროულად ასაშორიუ დოჰიოზე დაეცა.
მთავარმა მსაჯმა თავიდან მოგება იოკოძუნას მიაკუთვნა. მაგრამ ქვევით მსხდომ ხუთ დამხმარე მსაჯთაგან ერთ-ერთმა ხელი აწია, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იგი მთავარი არბიტრის გადაწყეტილებას არ ეთანხმებოდა. შეკრიბა მცირე კონსილიუმი, მსაჯებმა რამდენჯერმე ნახეს ვიდეოჩანაწერი და გამარჯვება მე მომაკუთვნეს.
- ანუ, რომ არა დამხმარე მსაჯი, წაგებას ჩაგითვლიდნენ?
- სიმართლე გითხრათ, რომ ავდექი თავადაც არ ვიცოდი, მოვიგე თუ არა, სანამ კოლეგია გადაწყვეტდა, ჩემს დამხმარე ბიჭს (ცქიფიტოს) შევხედე, რომელსაც ვიდეოს ყურების საშუალება ჰქონდა და მივხვდი, რომ მოგებული ვიყავი. მან თვალით მანიშნა - მოგებული ხარო, ასე რომ სანამ მსაჯები გამარჯვებულად გამომაცხადებდნენ, ვიცოდი რომ მოვიგე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ფეხი ჯერ კიდევ დოჰიოზე მაქვს, როცა იოკოძუნა წაქცეულია.
- როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს მოგებას?
- როგორც კი დავეცით, მაყურებელთა ნაწილმა დაიწყო ბალიშების გადმოყრა, რაც მხოლოდ იოკოძუნას დამარცხების შემთხვევაში ხდება. გულშემატკივრებმა იგივე მსაჯთა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც გაიმეორეს. იაპონიის ტელევიზიას ინტერვიუ მაშინვე მივეცი, როგორც კი გამარჯვებულად გამომაცხადეს. ეს მეტოქისთვის ძალიან მნიშვენლოვანი ბრძოლა იყო, ახლა ბაშოზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, იოკოძუნა ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის. ბოლო ოთხი დღე ჩემპიონის გამოსავლენად ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლებში ჩაივლის.
- როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება უკვე უფრო დიდი მიზნისთვის, იმპერატორის თასის მოპოვებისთვის, ბრძოლა?
- რაც პროფესიონალებში ვარ მიზნად დიდი იმპერატორის თასის აღება მაქვს დასახული. მუდამ ამ თასის ხელში ჩაგდებაზე ვოცნებობ. ახლა მიზანთან შედარებით ახლოს ვარ, დიდებული იქნება თუ შევძლებ ჩემპიონობას.
- იგივე კითხვით იაპონელმა ჟურნალისტებმაც ხომ არ მოგმართეს?
- დიახ, ერთ-ერთი კანდიდატი ხარ ჩემპიონობისთვის და რას ფიქრობ, შეგწევს უნარიო. მე მათ განვუცხადე, რომ ჩემპიონობაზე კი ვფიიქრობ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ყოველ დღეს ერთი კონკრეტული ორთაბრძოლისთვის კარგად განვეწყო და საკუთარ სტილს არ ვუღალატო.
- მომავალი მეტოქეც ძალზე სერიოზული გყავთ, ბულგარელმა კოტოოშუმ ზედიზედ ექვსი ბრძოლა მოიგო, მან ასაშორიუც დაამარცხა...
- ბულგარელი კომუსუბი კოტოოშუ ძალინ რთული და მოუხელთებელი მოწინააღმდეგეა. წარმოიდგინეთ, 205 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ღონიერი, გრძელი ხელებით, ამასათანავე ძალიან მოქნილია და ქამარში ჭიდაობაშიც ძლიერია. ჩემი სტილის რიკიშისთვის ასეთებთან ბრძოლა ყოველთვის რთულია. დაჯახებისას, რამენაირად უნდა დავუბლკოკო ხელები, რომ ქამრით არ "დამიჭიროს".
- ელიტაში თქვენ ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიხართ, მანამდე თუ დაპირისპირებიხართ ერთმანეთს?
- არა, მანამდე არ გვიჭიდავია, ბაშოზე ორი ცდიდან ერთხელ მოვუგე, ვნახოთ რა იქნება ამჯერად. თქმა არ უნდა, რომ კოტოოშუ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეა.
- ივლისის ბაშოზე უჩვეულო ტრავმიანობაა, რამდენიმე მონაწილემ ტურნირი უკვე მიატოვა, რა ხდება, ერთმანეთს აღარ ზოგავთ?
- ყველაფერი ჩემით დაიწყო, პირველივე დღეს ჩემმა მოწინააღმდეგე ტოჩინონადამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, მას ფეხის კუნთი გაუწყდა. იგი ბაშოს მაშინვე გამოაკლდა, ამის მერე დაიწყო... ყოველ მეორე დღეს ერთ-ერთი სპორტმენი სერიოზულ ტრავმას იღებს. რის გამო ხდება ასე ხშირად, ვერ გეტყვით. ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ ჰაკუჰო, ჩიოტაიკაი, ივაკიამა და ახლა როჰოც.
- რა სჭირს როჰოს?
- ბაშოს მეხუთე დღეს ჰაკუჰოს ეჭიდავებოდა, როცა ფეხის სისხლძარღვი გაუწყდა, მას მერე რამდენიმე დღე კიდევ გაძლო, მაგრამ როცა გუშინ ვესაუბრე მითხრა, ფეხს ძალას ვერ ვატან, ასეთ ჭიდაბას კი აზრი არა აქვსო.
- სხვათა შორის, იაპონიაში საუბრობენ, რომ როჰომ კოკაის არაკაცურად მოუგო, როცა დაჯახებისას გვერდზე გადახტაო...
- მოგება მოგებაა, როჰომ წინა დღეს ტრავმა მიიღო, მე ეს არ ვიცოდი, რომ გამოვიდა ფეხი შეხვეული ჰქონდა, სამწუხაროდ, ამას არ დავაკვირდი, თორემ სხვანაირად ვეჭიდავებოდი, ასეთი ძალით აღარ დავეჯახებოდი. დაჯახების დროს გამომეცალა, ალბათ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფეხის სტკიოდა, სხვანაირად როჰო ამას არ იკადრებდა. გული კი დამწყდა, მაგრამ რას იზამ...
- ნაგოიაში თუ არიან ქართველები, ხომ არ გგულშემატკივრობენ თანამემამულენი?
- დიახ არიან, საკმაოდ ბევრნიც. ახლა აქ მსოფლიოს ტექნოლოგიური მიღწევების გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე რამდენიმე ჩვენი თანამემამულეც არის, ისინი მხურვალედ მგულშემატკივრობენ, მირეკავენ და მილოცავენ.
- თავად ასაშორიუსთან ხომ არ გისაუბრიათ ბრძოლის წინ ან შემდეგ?
- ყოველდღიურად კი ვხვდებით ერთმანეთს, ვესალმებით და ამით ამოიწურება ჩვენი "ურთიერთობა", პირადად მასთან არც მისაუბრია. დღეს, როცა მსაჯთა გადაწყვეტილებას ველოდით, ჩვენმა თვალებმა წამიერად ერთმანეთი მონახეს.
- ასაშორიუს პროტესტი ხომ არ გამოუთქვამს მსაჯებმა პირვანდელი გადაწყვეტილება რომ შეცვალეს?
- მას პროტესტის გამოთქმის უფლებაც არ ჰქონდა, ჯერ ერთი "სუფთად" მოვიგე, ტელევიზიით ეს ეპიზოდი ძალიან ბევრჯერ "დაატრიალეს" და ყველამ კარგად დაინახა, რომ მე ალალად მოვიგე. საპრეტენზიო რა უნდა ჰქონოდა?
- თქვენი ძმა გიორგი რას საქმიანობს, გავიგეთ ტრავმამ მისი დებიუტი პროფესიულ სუმოში გადადო...
- ჩემმა ძმამ მუხლის ტრავმა მიიღო, ჩემი აზრით, არცთუ სერიოზული. გიორგი ინტენსიურად ვარჯიშობს, ასე რომ სექტემბრის ბაშოზე მეორე ქართველის დებიუტს ელოდეთ. მას დებიუტი ყველაზე დაბალ დივიზიონში ექნება.
- რა საბრძოლო სახელით (შიკონით) იასპარეზებს უმცროსი ცაგურია?
- შიკონის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, გიორგის სახელი ბაშოიმდე ერთი-ორი კვირით ადრე გაირკვევა. მის კლუბში უმეტესობის სახელი "ცუკასა"-თი ბოლოვდება, თუმცა ეს წესი არ არის, გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება. მაგალითად, ჩემს კლუბში ბევრს საბრძოლო სახელში სიტყვა ქარიშხალი ურევია, ქარიშხალი კლუბის სიმბოლოა, მაგრამ მე "შავი ზღვა" ავირჩიე.
|