მინდორაშვილმა შარშანდელი ჩავარდნა დაივიწყა
ფინეთის ქალაქ ტამპერეში სტარტი აიღო ევროპის პირველობამ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილიც მიიღებს.
ტურნირის დაწყებამდე, ქართველმა ფალავანმა საკუთარ შანსებზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ისაუბრა.
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ მოჭიდავეს ფინალში შევხვდები თუ პირველსავე წრეში.
ორივე შემთხვევაში, ხალიჩაზე ერთნაირად მობილიზებული და მონდომებული გავალ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას ვეცდები. ასე რომ, კენჭისყრას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”.
ფინეთში ჩასულ მინდორაშვილს განსაკუთრებული მოტივაციაც გააჩნია. რევაზმა შარშანდელი ევროპირველობა შეგნებულად გამოტოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენა.
”ახლა რომ ვუფიქრდები, ევროპირველობა არ უნდა გამომეტოვებინა. მაშინ მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებაზე ვიყავი გადართული და სხვაგვარად გადავწყვიტე.
წლის უმთავრეს ტურნირს მართლაც საუკეთესო ფორმაში შევხვდი, მაგრამ იღბალმა ზურგი მაქცია, მსაჯებმაც ხელი შემიშალეს და სამეულს მიღმა დავრჩი.
სპორტში ასეთი რამ არც თუ იშვიათია. ის სეზონი უკვე დავიწყებული მაქვს და მხოლოდ მომავალ ტურნირზე ვფიქრობ”, - დასძინა მინდორაშვილმა.
* * *
otofon2http://www.tampere-ewc2008.fi/en/ ამ საიტზეა ლიცენზიების ცხრილი ...................................................