შოთა ხაბარელი: “გადაწყვეტილება ორ წონაში უნდა მივიღოთ”
3/3/2009 10:39:12
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, აპრილში, თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე, საერთაშორისო ტურნირები გასულ უქმეებზე ვარშავული მსოფლიოს თასით მოილია. ახლა ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით მოსამზადებელ შეკრებებზე გადაერთვება. წინასწარი ინფორმაციით, ქართველთა საევროპო შემადგენლობა სწორედ ვარშავის მსოფლიოს თასის შედეგებით უნდა გამოკვეთილიყო და მნიშვნელოვანი სიახლის შესატყობად “მსოფლიო სპორტი” ნაკრების მთავარ მწვრთნელ შოთა ხაბარელს პოლონეთში დაუკავშირდა.
- ნაკრების საევროპო შემადგენლობა დაახლოებით ოთხმოცი პროცენტითაა დაკომპლექტებული. საბოლოოდ კი, უახლოეს პერიოდში, მოსამზადებელ შეკრებაზე ჩამოვყალიბდებით.
- ამ ეტაპზე რამდენ წონით კატეგორიაშია გამოკვეთილი ლიდერი?
- ჯერ კიდევ ვარშავის მსოფლიოს თასამდე გამოჩნდა, რომ 66 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ევროპის ჩემპიონატისთვის შიდა კონკურენციაში ყველაფერი გარკვეული იყო. ამიტომ, ზაზა კედელაშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს პოლონურ ტურნირზე მონაწილეობა აღარ მიუღიათ. 60, 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში კი, სწორედ ვარშავამ გასცა ბევრ კითხვას პასუხი.
- მაშასადამე, ევროპის ჩემპიონატზე ნესტორ ხერგიანი, ლევან წიკლაური და ლევან ჟორჟოლიანი იჭიდავებენ?
- ხერგიანმა წლეულს თავის წონაში პირველად იჭიდავა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ წონის ლიდერია. მან მსოფლიოს თასზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. მისი ჭიდაობის ხარისხით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. წიკლაურმაც აშკარად აჯობა კონკურენტებს. რომ არ დაეჩაგრათ, გაჩემპიონებაც შეეძლო. ჟორჟოლიანიც საკმაოდ კარგად გამოვიდა და საევროპე შემადგენლობაში მოხვედრაც ფაქტობრივად გაინაღდა, ისევე როგორც ხერგიანმა და წიკლაურმა.
- 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი ვარშავაში უმედლოდ დარჩა და ევროშანსიც ხელიდან გაუშვა. არადა, სეზონი მშვენივრად დაიწყო. პოლონური წარუმატებლობის მიზეზი გადაღლა ხომ არ იყო?
- გადაღლა არაფერ შუაშია, რადგან მხოლოდ ორ ტურნირზე იჭიდავა. ახალგაზრდა სპორტსმენია და ასე იოლად არ გადაიღლება. მიზეზი უფრო ფსიქოლოგიურ მომზადებაში უნდა ვეძიოთ. შიდა კონკურენციის ბედი ბოლო ტურნირს უნდა გადაეწყვიტა და ალბათ, ამან დაძაბა, სტრესს ვერ გაუძლო. ამირან პაპინაშვილი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა და მისი სახით ნაკრებს ძლიერი კადრი ეზრდება.
- ირაკლი ცირეკიძის ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაც პოლონეთში გამოირიცხა?
- წელს, ცირეკიძემ 100 კილოგრამში ერთადერთი ტურნირი ჩაატარა და ნორმალურად იჭიდავა, მაგრამ იმთავითვე ერთად გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ გამოვიდოდა. სჯობს, ახალ წონას ნელ-ნელა შეეჩვიოს.
- ცირეკიძე ვარშავაში გუნდთან ერთად იყო, მაგრამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია...
- იგი ჭიდაობას აპირებდა, მაგრამ სიცხე ჰქონდა და ვერ შეძლო.
- 73 კილოგრამში ნაკრების ლიდერ დავით ქევხიშვილს ამ სეზონში არც ერთ ტურნირში არ უჭიდავია. უკვე მესამე თვეა კანადაში ვარჯიშობს. როდის შეუერთდება იგი ნაკრებს?
- სავარაუდოდ, მოსამზადებელ შეკრებაზე. სწორედ მაშინ გადაწყდება, იჭიდავებს თუ არა ქევხიშვილი ევროპის ჩემპიონატზე.
- საერთაშორისო ტურნირებში აღნიშნულ წონაში შედარებით დამაჯერებლად თენგიზ პაპოშვილი გამოვიდა. მისი ჭიდაობით კმაყოფილი ხართ?
- ერთად აღებული შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ცალ-ცალკე კი ჰქონდა მცირე ხარვეზები, მაგრამ ეს მისი ახალგაზრდული ასაკის ბრალია. იმედია, ნელ-ნელა დაიხვეწება.
- ახლახან მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი ბუდაპეშტში ჩემპიონი გახდა. პოლონეთში კი ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი იახლეთ. საევროპო არჩევანს ამ უკანასკნელ ორს შორის გააკეთებთ?
- მსოფლიოს თასზე რომ აშკარად გამოკვეთილიყო რომელიმეს უპირატესობა, ალბათ ნაკრებშიც ის დამკვიდრდებოდა, მაგრამ მძიმე წონაში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. საბოლოო არჩევანში სავარაუდოდ პირველ საბაზო შეკრებაზე ჩამოვყალიბდებით. არჩევანს კი სწორედ ამ სამს შორის გავაკეთებთ.
ოთარ მაღლაკელიძე
ბადრი კეთილაძის ფოტო
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18746