17 დეკემბერს დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ქართულ ჭიდაობაში 2009 წლის სეზონის დამაგვირგვინებელი ტურნირი – “ფალავნობა” გაიმართება. საქართველოს ფალავნის ტიტულისა და 5 ათასი ლარის მოსაპოვებლად ჩოხებს უძლიერესი ქართველი მოჭიდავეები მოირგებენ. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, საქართველოს ჩემპიონები ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, დავით ლორიაშვილი და 8-გზის ფალავანი ალექსი დავითაშვილი. აღსანიშნავია, რომ ფალავნობაზე მოეწყობა ახალი საჭიდაო ჩოხების პრეზენტაციაც.
“ფალავნობა 2009” სტარტს 12 საათზე აიღებს და სავარაუდოდ 18 საათამდე გაგრძელდება. ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, უშანგი ყურაშვილმა წინასატურნირო პრესკონფერენცია გამართა.
უშანგი ყურაშვილი: “2009 წელი ქართული ჭიდაობისთვის საკმაოდ პროგრესირებადი წელი იყო. სეზონის უმთავრესი ტურნირი კი ჯერ წინ გვაქვს და იმედია მასაც ლამაზად ჩავატარებთ. მოლაპარაკებებს ჯერაც ვაწარმოებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან და სავარაუდოდ “ფალავნობის” გადამწყვეტი შეხვედრები პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
შეჯიბრი ახალი, მკლავებიანი ჩოხებით ჩატარდება. სწორედ ასეთი ფორმით ჭიდაობდნენ ჩვენი წინაპრები, ჯერ კიდევ საუკუნის წინ.
უმკლავებო ჩოხას კი 75-წლიანი ისტორია აქვს. ამ სიახლეს გულდასმით დავაკვირდებით და თუ არ გაამართლებს, შესაძლოა სამომავლოდ გადაწყვეტილება ისევ შევცვალოთ. ცვლილებები ტურნირის ჩატარების სქემაშიც განვახორციელეთ. მომავალ შეჯიბრში რეპეშაჟის წესს ავამოქმედებთ, საწყის ეტაპზე დამარცხებულ ძლიერ მოჭიდავეებს მედლის მოპოვების შანსი რომ შერჩეთ.
“ფალავნობის” მთავარი მსაჯი თემურ ხუბულური იქნება. ქართული ჭიდაობა ყველა საჭიდაო სახეობას ეხმარება და მას კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენი გათვლებით, დაახლოებით მილიონნახევარი ლარია საჭირო, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო არენაზე გასატანად და ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. “ფალავნობა 2009”-ში 40-მდე მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას. თავისუფლად შეიძლებოდა, ეს რიცხვი გაცილებით მაღალი ყოფილიყო, მაგრამ აქცენტი არა რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მხარეზე გავაკეთეთ.
რაც შეეხება თარიღის 9 დეკემბრიდან 17-ისთვის გადაწევას, ამის მიზეზი ტოკიოს დიდი სლემი გახდა. ძიუდოისტთა ნაკრებში რამდენიმე ისეთი მოჭიდავეც იყო შეყვანილი, ქართულ ჭიდაობაშიც რომ ეთქმით სიტყვა”.
პრესკონფერენციის მიწურულს უშანგი ყურაშვილმა 2009 წლის სეზონის საქართველოს საუკეთესო მოჭიდავეები წონითი კატეგორიების მიხედვით და საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
60 კგ – მიხეილ ოსაძე
70 კგ – მიხეილ ხომიზური
80 კგ – უჩა ხუციშვილი
90 კგ – პაატა ღვინიაშვილი
100 კგ – ზურაბ ზვიადაური
+100 კგ – ალექსი დავითაშვილი
მწვრთნელი: ანზორ თენაძე
* * *
ნოზაძე ეროტიულ ფილმში გადაიღეს



