საინტერესო ინტერვიუ სხირელთან, ფინალებში როგორც ჩანს ხინჩეგაშვილი და განსაკუთრებით ჩოჩიშვილი დაუჩაგრიათ
ნუგზარ სხირელი:” შემადგენლობა პერიოდულად უნდა იცვლებოდეს”
http://www.sport.gov.ge/index.php?lang_id=...49&info_id=2855ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრების რვიდან ხუთმა წევრმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლო. ახალგაზრდა ქართველი ფალავნები ორ-ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ შინ. ნაკრებს სულ ორიოდ კვირაში (20-21 ივლისს) მეორე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ელის მსოფლიოს ჩემპიონატის სახით. კონტინენტის პირველობის შესაფასებლად და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისის თაობაზე ვესაუბრეთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ნუგზარ სხირელს.
- ბატონო ნუგზარ რვიდან ხუთი მედალი ურიგო შედეგი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ დავით მარსაგიშვილის (84 კგ) კვარცხლბეკს მიღმა დარჩენას, ალბად უფრო მეტიც შეიძლებოდა...
რასაკვირველია შედეგი ნორმალურია და მესმის თქვენი მოლოდინიც მარსაგიშვილის შესახებ, რომელიც შინ თუ უცხოეთში მოპოვებული წარმატებებით ხშირად ახარებს ქომაგს, თუმცა სამოკოვოში მისი ხელისმოცარვა გარკვეულწილად არც გამიკვირდა. ახალგაზრდული ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეჭიდავა, ამ შეჯიბრების დაწყებამდე სულ ორიოდ კვირით ადრე გასამართ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა რბილად რომ ვთქვათ, არ ვურჩიე, ჩემს პირად შეგირდებს კი (მაგალითად ლადო ხინჩაგაშვილს) მათი დიდი სურვილის მიუხედავად უბრალოდ ავუკრძალე კონტინენტის პირველობის წინ ასეთი დატვირთვის მიღება.
სამწუხაროდ, მარსაგიშვილმა და მისმა პირადმა მწვრთნელმა დაიჟინეს და მართალია დათომ ბალავაძის სახელობის ტურნირზე მედლის მოპოვებაც შეძლო, მაგრამ სამოკოვოში უკვე საკუთარი თავის აჩრდილი იყო. ის სრულიად უცნობ უნგრელ შმიკთან დამარცხდა და ვინაიდან ამ უკანასკნელმა მოლოდინისამებრ მომდევნო შეხვედრა წააგო, ჩვენს ფალავანს სანუგეშოში გადართვის შანსიც არ მისცემია.
- მარსაგიშვილის დარი სტაბილური შედეგებით გამოირჩევიან დავით ხუციშვილი (74 კგ) და გიორგი საკანდელიძე (მძიმე), რომლებმაც საკუთარ მონაგარს ამჯერად ევროპის ჩემპიონობაც მიუმატეს...
- დავით ხუციშვილი დინჯი და შემართებული ჭიდაობის სტილით გამორჩეული ფალავანია, რომელიც შარშანდელი ევროპის მესამე პრიზიორობის შემდეგ, ახლა უკვე ჩემპიონიც დამაჯერებლად გახდა. დავითმა ოქროს მედლისკენ სავალ გზაზე ოთხი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და არცერთთან დასჭირებია დამატებითი მესამე პერიოდის გამართვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამარჯვება ნახევარფინალში ძალიან ძლიერ რუს ფალავან ზაურ მაკიევთან (3:0, 1:0), რომელსაც ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ. გასულ წელს დაწყებული წარმატებული სვლა სამოკოვოში უკეთ განაგრძო გიორგი საკანდელიძემაც.
კარგია, რომ მძიმე წონაში მასსა და ბერიანიძეს შორის მძაფრი კონკურენციაა და მათ შორის არჩევან ის გაკეთებაც გვიჭირს. ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატზე საკანდელიძე გამოვიდა გამარჯვებული, ამის შემდეგ თურქეთის ტურნირის ფინალშიც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად ბერიანიძემ იმარჯვა, მაგრამ საგულისხმოა, რომ ორივე შემთხვევაში "ბურთულით" მინიჭებული უპირატესობით მოიპოვეს გადამწყვეტი ქულა გამარჯვებულებმა.
ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის წინ რთული არჩევანის წინაშე ვიყავი და საბოლოოდ უპირატესობა საქართველოს ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს მივანიჭე. სასიხარულოა, რომ გიორგიმ არ გვიმტყუნა. შედარებით გაუჭირდა მას თურქ ტაჰა აკგულთან პირველივე ბრძოლაში, თუმცა ესეც ისევ როგორც სხვა დანარჩენი შეხვედრები და ბოლოს ფინალიც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასლან ძებისოვთან ბრწყინვალე სტილში მიიყვანა გამარჯვებამდე.
- სამწუხაროდ, იგივე შედეგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ლადო ხინჩეგაშვილს და თენგიზ ჩოჩიშვილს. როგორ შეაფასებდით მათ გამოსვლას?
- ხინჩეგაშვილისაგან ამ ევროპის ჩემპიონატზე შარშანდელი სეზონის ჩავარდნის მერე ერთგვარ რეაბილიტაციას ველოდით და ასეც მოხდა. მან ჩვეულ სტილში უშიშრად და ბოლომდე ბრძოლით დაამახსოვრა თავი სამოკოვოს დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს. ფინალამდე, ლადომ გზიდან ჩამოიცილა რუმინელი დობრე, სომეხი ფრანგულიანი, თურქი იოურმაზი და რუსეთის სახელით მოასპარეზე აფხაზი რუსტამ ამპარი. საჩემპიონო შეხვედრაში ხინჩეგაშვილს აზერბაიჯანელი ტოგულ ასკაროვის წინააღმდეგ მოუწია პაექრობა. პირველ პერიოდში აჯობა კიდეც მას, მაგრამ ნაწილობრივ თავისი შეცდომის და აგრეთვე მეტოქისთვის ერთობ სადაო ქულების მინიჭების შემდეგ დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
გაცილებით დრამატული ფინალი შეჯიბრების პირველ დღეს ჩოჩიშვილს ჰქონდა. ამ სპორტსმენმა, რომელიც ახალაგზრდული ნაკრების დებიუტანტია დამაჯერებელად სძლია ოთხ ფალავანს ვიდრე გადამწყვეტი ბრძოლა ექნებოდა ოქროსთვის რუს ანვარ გაზიმაგომედოვთან. თენგიზმა ფინალში, პირველი პერიოდის ბოლოს გაკეთებული გდებით სინამდვილეში 5:3 მოიგო, ვინაიდან სამივე მსაჯმა ზუსტად ასე დააფიქსირა, თუმცა საქმეში უმალ ჩაერია ფილას კოორდინატორი ქალბატონი, რომელსაც გასულ წლებში არაერთხელ მოუშლია ჩვენთვის ნერვები და მიუღია ქართველთა საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილება. ამ ქალმა ამჯერდაც გააუქმა სამივე მსაჯის შედეგი (!) და ყაიმი 3:3 გამოაცხადა, მეორე პერიოდში ჩოჩიშვილი 0:1 დამარცხდა და რომ არა ის არაობიექტურობა დამატებით დროში მიეცემოდა შანსი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მსვლელობისას ჩვენი პროტესტიც კი არ მიიღეს.
ცოტა ხანში ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ცენო ცენოვსაც შევჩივლეთ, რომელმაც ობიექტური პოზიცია დაიკავა და დღის ბოლოს იმ ქალბატონს პირადად ხელახლა აჩვენა ჩოჩიშვილის ფინალური პაექრობა. მეორე დღეს ბოდიში მოგვიხადეს იმ შეცდომის გამო თუმცა რაღა დროს?
- აღსანიშნავია კიდევ ერთი დებიუტანტის ხაშურელი ლაშა ტალახაძის ბრინჯაოს მედალი. ამით ხომ ჩვენი ქვეყნის ჭიდაობაში წარმატებამოხვეჭილ ქალაქთა რიცხვიც გაიზარდა...
- ამ ქალაქიდან ადრეც კი გვყოლია გაერთიანებულ შეკრებებზე მოჭიდავეები, მაგრამ ევროპის, ან მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოსვლა აქამდე არცერთს არ მოუწია. ტალახაძე ამ მხრივ პირველი იყო და სასიხარულოა, რომ მედალიც მოიპოვა. სხვათაშორის მისგან ამ ეტაპზე მეტს არც ველოდით. იმედი მაქვს მომავალში კიდევ უფრო მოუმატებს და ჩემპიონობასაც დავუგეგმავთ.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობის შეცვლას თუ აპირებთ?
- როდესაც ორ ასეთი უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას შორის დროის სულ რაღაც ერთთვიანი შუალედია, უპრიანი იქნებოდა შემადგენლობას მთლიანად ვცვლიდეთ (სხვა წამყვანი საჭიდაო ქვეყნები სისტემატიურად ასე იქცევიან), მიუხედავად კონტინენტის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისა. მაგრამ ორი, ან სამი წონითი კატეგორიის გარდა ჩვენ ამისი ფუფუნება უმეტეს შემთხვევაში არა გვაქვს ხოლმე. დროის სიმცირის გარდა ვალდებულნი ვართ აქედანვე ვიზრუნოთ იმ წონით კატეგორიებში სავარაუდო შემცვლელებისათვის შანსის მიცემაზე, სადაც პირველი ნომრები მიმდინარე სეზონში ასრულებენ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლას.