პიტერ ზაიზენბახერი: ევროშემადგენლობას "ბ" გუნდიდან შევარჩევთ
ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატამდე ერთი თვეც აღარ რჩება. ევროპული ნაკრებები მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ, საქართველოს ნაკრებს კი ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად განსხვავებული სტრატეგია აქვს არჩეული. მსოფლიოსა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველ ძიუდოისტებს სპეციალური პროგრამით ავარჯიშებს და დღეებზე გაწერილი შრომის შედეგს აგვისტოს ბოლოსთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ელის. ზაიზენბახერი გუშინ იუბილარი იყო, 51 წლის შესრულდა. “მსოფლიო სპორტს” კი საღამოს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ესაუბრა.
- მესამე თვეა, საქართველოში მუშაობთ. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს?
- წინასწარ დაწერილი პროგრამით ვმუშაობთ და სავარჯიშო პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ. საქართველო ძიუდოში წარმატებული ქვეყანაა, არაერთი ტალანტი გყავთ. განწყობაც ოპტიმისტურია და ნელ-ნელა შედეგისკენ მივიწევთ.
- ქართველ ძიუდოისტებთან მუშაობის დაწყებისას, პირველყოვლისა რა ნაკლოვანებები შენიშნეთ?
- რამდენიმე პრობლემა იყო თვალშისაცემი, რომლებსაც მე კი არა, ძიუდოს ნებისმიერი მცოდნე შეამჩნევდა. პირველი - არასაკმარისი გამძლეობა. ქართველი ძიუდოისტები საჭიდაო ხუთი წუთიდან მხოლოდ პირველ-სამ წუთს ჭიდაობდნენ, შემდეგ კი იღლებოდნენ და ფაქტობრივად ვეღარაფერს აკეთებდნენ. გარდა ამისა, შეცდომებს უშვებდნენ პარტერში ჭიდაობისას. ასევე უჭირდათ მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, თავის დაცვა და რაც მთავარია, ძიუდოს წესების შეცვლამ მათზე საშინლად იმოქმედა. შეიძლება ვინმემ თქვას, წესები ხომ ყველასთვის შეიცვალაო, მაგრამ ქართველებს ძველი სტილიდან ახალზე გადასვლა განსაკუთრებით გაუჭირდათ. სიმართლე გითხრათ, თავიდან, როცა საქართველოში მოვდიოდი, ამ ჩამოთვლილ პრობლემებზე არაფერი ვიცოდი...
- გაცილებით ნაკლებ პრობლემას ელოდით თუ პირიქით, ვიდრე ფიქრობდით, იმაზე უკეთესი ვითარება დაგხვდათ?
- მოდი, ასე ვიტყვი, ბევრ სამუშაოს ველოდი და დამხვდა კიდეც.
- წლევანდელ საერთაშორისო ტურნირებზე ნაკრებმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. საქართველოში ძიუდოისტებისგან აშკარად მეტს ელიან...
- შარშან დეკემბერში, მუშაობის დაწყებისას ბევრი რამ შევცვალეთ. მათ შორის სავარჯიშო პროგრამა, რაც ძალიან რთული პროცესია და ამის გათვალისწინებით, ტურნირებზე ნაჩვენები შედეგები გეგმაზომიერიც იყო. გათვლა სულ სხვა შეჯიბრზე – მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ყველაფერი კეთდება, რომ ნაკრები სეზონის უმთავრეს ტურნირს უმაღლეს დონეზე მომზადებული შეხვდეს. ძალიან მძიმე დატვირთვებით დავიწყეთ, მაგრამ ბიჭები ნელ-ნელა ეჩვევიან.
- ახლახან, იაპონიაში, შეკრებაზე 7 ძიუდოისტი იახლეთ. ეს ის ბირთვია, რომელზეც სამომავლოდ ყველაზე დიდ იმედებს ამყარებთ?
- არა. ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი გყავთ და შანსი ყველას მიეცემა. დაკვირვების პროცესი მუდმივად გრძელდება. წინ არაერთი შეკრება და ტურნირი გვაქვს.
- თურქეთში წასაყვანად 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელეთ. ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელ გუნდს ამ განაცხადიდან შეარჩევთ?
- ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაზე საუბარი ჯერ ადრეა...
- ის მაინც გაგვიმხილეთ, საუკეთესო შემადგენლობით გეგმავთ ევროპირველობაზე გამოსვლას?
- სავარაუდოდ, არჩევანს "ბ" გუნდად მოაზრებული შემადგენლობის საუკეთესო წევრებზე გავაკეთებთ, თუმც არ გამოვრიცხავ, “ა გუნდის” რამდენიმე წევრიც დავამატო. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პროგრამის მიხედვით, ევროპაზე ბიჭები ფორმის პიკში ვერ იქნებიან და შესაბამისად, მედლებსაც არ ველოდებით, მაგრამ თუ მოვიპოვებთ, ამას რა აჯობებს.
- ევროპის ჩემპიონატზე ორ შემადგენლობას ჩაიყვანთ?
- ინდივიდუალურ პირველობაში, თითო წონაში მხოლოდ თითო ძიუდოისტს დავაყენებთ. მათ გარდა, გუნდურ ჩემპიონატზე გამოსასვლელად, განაცხადში რამდენიმე სპორტსმენსაც შევიყვანთ.
- ევროპირველობაზე წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტის გამოყვანის უფლება გაქვთ. გამოყოფილი ქვოტის ბოლომდე ასათვისებლად, ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი ხარჯით გამგზავრების მსურველები თუ გამოჩნდნენ, დართავთ ნებას?
- არავითარ შემთხვევაში. ინდივიდუალურ პირველობაში მხოლოდ შვიდ ძიუდოისტს გამოვიყვანთ და აქ ხარჯები არაფერ შუაშია. უბრალოდ ჩვენს გეგმაში ეს არ შედის.
- მართალია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული, დარჩებით თუ არა საქართველოს ნაკრებში ოლიმპიური ციკლის ბოლომდე?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე შედეგი უნდა მქონდეს. ამაზეა დამოკიდებული, მოვიპოვებ თუ ვერა ნდობას. ამ ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და თუ ასე გაგრძელდა, მართლაც უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი ნაკრები გვეყოლება.
- ორთვიანი მუშაობის შემდეგ, გამძლეობის პრობლემა ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრა?
- ფაქტი სახეზეა, ბიჭების უმეტესობა დატვირთვებს შეეგუა. ზოგს ძალიან გაუჭირდა, ზოგმა შედარებით ადვილად აუღო ალღო. ამ კომპონენტის დახვეწაზე ჯერაც აქტიურად ვმუშაობთ. ახლა ის პერიოდი დგება, როდესაც მძიმე დატვირთვების გამო, ცოტა ხნით დაღმასვლაცაა მოსალოდნელი, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ამბავია. სასურველი შედეგისკენ გეგმის მიხედვით მივიწევთ.
- დატვირთვებს ყველაზე ადვილად ვინ შეეგუა?
- ამ მხრივ ამირან პაპინაშვილს, ვარლამ ლიპარტელიანსა და ირაკლი ცირეკიძეს გამოვარჩევ. ეს უკანასკნელი, დიდი პაუზის მიუხედავად, მაინც კარგად გამოიყურება, მაგრამ სამომავლოდ ახალგაზრდა სპორტსმენებთან შედარებით მეტი ვარჯიში მოუწევს.
- ქართველ დამწყებ ძიუდოისტებს რას ურჩევთ. პირველყოვლისა, რაზე გაამახვილონ ყურადღება?
- მაქსიმალურად მონდომებულები და მიზანდასახულები იყვნენ. ქართველებს ძალიან ძლიერი საჭიდაო სტილი გაქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ უპირატესობის გამოყენება გიჭირთ. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა საერთაშორისო ტურნირებზე ხშირი ჭიდაობა და უცხოელ ძიუდოისტებთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარებაა. ამიტომაც ვრთავ გუნდს ერთობლივ წვრთნებში. შასურველია, რომ საქართველოშიც მოვიწვიოთ სხვა ქვეყნების ნაკრებები, რათა უცხოელ სპორტსმენებთან ვარჯიშის საშუალება რაც შეიძლება მეტ ქართველს მიეცეს.
ოთარ მაღლაკელიძე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=18231&lang=1