მემგონი ძიუდოში ჩატარდა საქართველო და არა სამბოში, აერიათ ამათ
http://worldsport.ge/Read.aspx?news=25607&...s=show#commentsსამბისტებმა საქართველოს 2011 წლის ჩემპიონ-პრიზიორები ქუთაისის სპორტის სასახლეში გამოავლინეს. 24 სექტემბერს, იმერეთში, ცხრავე წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები. არადა, წინასწარი გეგმით, ტურნირი ორ დღეზე უნდა გადანაწილებულიყო. მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობის – 172 კაცის გათვალისწინებით, ორ ტატამზე ერთ დღეში საქმის მომთავრება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი არც თუ უმნიშვნელო სიახლე – ბრინჯაოს მედლებს ნახევარფინალში წაგებული სამბისტები პირდაპირ დაეუფლნენ, დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები კი, ამჯერად არ ჩატარებულა. ალბათ, ისევ და ისევ, დროის დასაზოგად.
სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს პირველობაზე მონაწილეობის მსურველთ ადრიანადვე გამოუცხადა, რომ 10-14 ნოემბერს, ვილნიუსში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა ქუთაისში გაჩემპიონებული სპორტსმენებით დაკომპლექტდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუშვეს, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ უშანგი კუზანაშვილს გარანტირებული აქვს მოხვედრა და ფედერაციის თავკაცებმა მას საქართველოს პირველობაზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 62 კილოგრამში ჭიდაობის ნება დართეს. ის და ამ წონის ლიდერი დავით სვიმონიშვილი ბადის საპირისპირო მხარეს განთესეს და ორივე ფინალამდე მივიდა, მაგრამ უფრო დამაჯერებლად კუზანაშვილი გამოიყურებოდა. სვიმონიშვილს განსაკუთრებით ნახევარფინალში გაუჭირდა, ძიუდოისტ პაატა მერებაშვილთან. ამ ბიჭმა ქუთაისში მართლა ბრწყინვალედ იჭიდავა და თუ საწადელს ვერ მიაღწია, ნაწილობრივ სამბოში გამოუცდელობის, ნაწილობრივ კი, მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო. ფინალს მიღმა, ტატამს მიღმა ფეხის გადგმისთვის დარჩა. ამ დარღვევის გამო, სამჯერ დაკარგა ქულა. არადა, როგორც მისი გულშემატკივრები და ნეიტრალური მაყურებლებიც ამტკიცებდნენ, დარღვევა დინამიკაში, ორმხრივი აქტიურობის დროს მოხდა და მერებაშვილი ასე მკაცრად არ უნდა დასჯილიყო.
ამ კომპონენტზე ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში სპეციალურად გავამახვილეთ ყურადღება. ანალოგიური “დარღვევები” უამრავჯერ დაფიქსირდა, მაგრამ ყოველთვის დაუსჯელი დარჩა. უფრო ზუსტად კი, ერთადერთხელ, 100 კილოგრამის ფინალში გაახსენდათ, ლევან ჟორჟოლიანისა და დავით ლორიაშვილის შეხვედრისას. თანაბარ და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში ლორიაშვილი დაისაჯა და სწორედ იმ ქულით წააგო.
საკამათო ეპიზოდებზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან ბევრიც არაფერია სასაუბრო. თითოოროლა შემთხვევის გარდა, ტურნირმა საკმაოდ კორექტულად და წყნარად ჩაიარა.
უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 52 კილოგრამში, სამეული მთლიანად ფოთელმა და ხაშურელმა სამბისტებმა შეავსეს. ჩემპიონი ფოთელი ლაშა ლატარია გახდა. 57 კილოგრამში კუზანაშვილის არყოფნაში ფინალში ორი პერსპექტიული სპორტსმენი გავიდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის პრიზიორმა, თელაველმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი, ქუთაისელი ილია ტყეშელაშვილი დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
68 კილოგრამში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატმა, ბექა იმერლიშვილმა ტრავმის გამო ჭიდაობა ვერ შეძლო. მისმა ძირითადმა კონკურენტმა, მცხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ნახუცრიშვილმა კი ფავორიტობა გაამართლა და ქუთაისი ოქროს მედლით მოიარა, თუმცა, კინაღამ პირველსავე წრეში ჩარჩა. მასპინძელ ლაშა სილაგაძესთან მისი ჭიდაობისას მსაჯების ერთმა შეფასებამ დიდი სჯაბაასი გამოიწვია. ფინალში კი ნახუცრიშვილმა კიდევ ერთ ქუთაისელს, გელა სანიკიძეს მოუგო.
ლოგიკური შედეგით დაგვირგვინდა 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ჭიდაობებიც. ევროპის პრიზიორმა კახა მამულაშვილმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.
82 კილოგრამში, მაყურებელთა უმრავლესობა ფინალში ფოთელი ნიკო კუციასა და დედოფლისწყაროს სახელით მოჭიდავე ლევან წიკლაურის დაჭიდებას ელოდა, მაგრამ წიკლაურს ნახევარფინალში, ბოლო წამებზე შესრულებული გდებით ხვიჩა ხუციშვილმა (ჭიათურა) მოუგო. ფინალში კი კუციას ძლევა ვეღარ შეძლო.
90 კილოგრამში, მთავარი მოულოდნელობა მინდია ბოდაველის მედლის გარეშე დარჩენა იყო – ერთ-ერთი უტიტულოვანესი ქართველი სამბისტი მეოთხედფინალში, მცხეთის სახელით მოჭიდავე ფრიდონ ზურაბიანთან დამარცხდა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვანწილად ბოდაველის ტრავმის დამსახურებაა. როგორც შევიტყვეთ, ხელის ტკივილის გამო, მან ერთხანს საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში აზრი შეიცვალა. ერთი შეხვედრის მოგებაც მოასწრო, მაგრამ ტკივილმა აღარ გაუშვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქუთაისელი ლაშა გურული ავიდა. ამ ბიჭმა მართლა ბრწყინვალედ იჭიდავა, თუმც ნახევარფინალში, მცხეთელ გიორგი ცოციაშვილს ისეთი ილეთით გასცდა, რომელსაც დიდი კამათი და ვიდეო-გარჩევები მოჰყვა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გურულმა ხაშურელ გიორგი ნოზაძეს სძლია.
მძიმე წონაში, ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა. ფინალში მან სამბისტთა ნაკრების წევრს, აჭარელ ვახტანგ ზოიძეს მოუგო.
საქართველოს ჩემპიონებითა და პრიზიორთა ერთი ნაწილით ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შეიკვრება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე სავარაუდოდ ორ შეკრებას გაივლის.
სამბო
საქართველოს ჩემპიონატი
ქუთაისი
24 სექტემბერი
52 კგ
1 ლაშა ლატარია (ფოთი)
2 თამაზ ნოზაძე (ხაშური)
3 გივი ნადარეიშვილი (ფოთი)
3 გიგა ხვედელიძე (ხაშური)
57 კგ
1 ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი)
2 ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი)
3 ავთანდილ ცინცაძე (თბილისი)
3 გენადი ჩირგაძე (ქუთაისი)
62 კგ
1 დავით სვიმონიშვილი (საგარეჯო)
2 უშანგი კუზანაშვილი (საგარეჯო)
3 ლევან ქოჩიევი (თბილისი)
3 პაატა მერებაშვილი (გორი)
68 კგ
1 ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა)
2 გელა სანიკიძე (ქუთაისი)
3 ლევან ჩუბინიძე (ზესტაფონი)
3 მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)
74 კგ
1 კახა მამულაშვილი (კასპი)
2 ბექა ბერულავა (ზუგდიდი)
3 ზვიად კაპანაძე (გორი)
3 გიორგი გასიტაშვილი (გორი)
82 კგ
1 ნიკო კუცია (ფოთი)
2 ხვიჩა ხუციშვილი (ჭიათურა)
3 ვახტანგ სარაჯიშვილი (ახმეტა)
3 ლევან წიკლაური (დედოფლისწყარო)
90 კგ
1 ლაშა გურული (ქუთაისი)
2 გიორგი ნოზაძე (ხაშური)
3 გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა)
3 ფრიდონ ზურაბიანი (მცხეთა)
100 კგ
1 ლევან ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი)
2 დავით ლორიაშვილი (მარტყოფი)
3 მიხეილ ნარიმანიძე (დედოფლისწყარო)
3 თევდორე აბელაშვილი (თბილისი)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (თბილისი)
2 ვახტანგ ზოიძე (აჭარა)
3 დავით ბოჭორიშვილი (ქუთაისი)
3 ილია მაჭავარიანი (გორი)