vaxushtii
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9779
წევრი No.: 65205
რეგისტრ.: 21-June 08
|
#40562612 · 13 Apr 2014, 07:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dennis Bergkamp
უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ზანთარაიამ (66) დაადასტურა ღრმა კულუარებში მოარული ჭორი - საქართველოს ნაკრებში გადმოსვლა სურს.
ვეჭვობთ, ეს არ იქნება იოლი საქმე და უკრაინელები თავიანთ უპირველეს ლიდერს ასე უბრალოდ არ შეელევიან - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრებში ხომ ყველაზე ტიტულოვანია და კაცმა არ იცის, მსგავსი წარმატებების ფალავანი კიდევ როდის ეყოლებათ. თან ზანთარაია უკრაინულ ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონია, მაგრამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებით მისი გადმობირება არც აუხდენელი ოცნება გვგონია.
ბეთქილ შუკვანზე ხომ ხშირად გვეუბნებოდნენ, წასვლა თუ სურს, ვერ დავაკავებთო. ჰოდა, ზანთარაიასაც სურს გადმოსვლა და გადმოიყვანონ. ოღონდ ამ დონის ვარსკვლავს მხოლოდ ძიუდოს ფედერაცია ვერ გაწვდება, ამაში სპორტის მმართველი ყველა სტრუქტურა უნდა ჩაებას. ეს საკადრო შევსება ხომ ჰაერივით სჭირდება ჩვენს ნაკრებს, რადგან ლაშა შავდათუაშვილის ზევით ანაცვლების შემდეგ აქ ჯეროვანი ლიდერის პრობლემა გაგვიჩნდა.
დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი ერთი ლექსის ("მაგრამ დედად მოგეგება ძმადმოყვარე უკრაინა") პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, მიეგებება დედასამშობლო ძმადმოყვარე ქვეყნიდან დაბრუნებულ შვილს?
თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი მჩატეწონოსნის - ზანთარაიას შესახებ საქართველოში ბევრი არ ვიცით. უკრაინულ მედიაში სხვადასხვა წლებში ამოკითხულით არც კი მეგონა, საქართველოსთან კავშირი თუ ჰქონდა, ქართულად თუ ლაპარაკობდა...
კარგად მახსოვს, წლების წინ, როცა მისი პირველი წარმატების შესახებ ვწერდი, როგორ გამიჭირდა მასზე ინფორმაციის მოძიება - ვინ იყო, საიდან და როგორ მოხვდა უკრაინაში. მოგვიანებით მხოლოდ ის დავადგინე, რომ აფხაზეთიდანაა ლტოლვილი. არადა, თურმე კიდეც ქართველობს, აქაურობას სამშობლოდაც მიიჩნევს და ხშირადაც ჩამოდის.
თვითონ კი ამბობს, მეგრული უფრო მეხერხებაო, მაგრამ ქართულადაც თავისუფლად ლაპარაკობს. მასთან ინტერვიუც პირად თემებზე, ოჯახზე საუბრით დავიწყეთ.
- სპორტული ტიტულების გარდა, თქვენს შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთიდან ლტოლვილი ხართ და ჭიდაობა უკრაინაში დაიწყეთ. - კი, აფხაზეთიდან ვარ, გალიდან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წავედით და კიევში დავსახლდით. მაშინ 5 წლისა ვიყავი. ცხადია, ძნელი იყო ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ეს მაინც შევძელით და ვცხოვრობთ დღემდე. ძიუდოზეც იქ მივედი პირველად სავარჯიშოდ - ჩემსავე სკოლაში, სადაც მხოლოდ ეს სექცია იყო.
- როგორც ვიცი, ძმა და მეუღლეც ძიუდოისტები იყვნენ, ოლიმპიადის წინ კი შვილიც შეგეძინათ. თქვენი ოჯახიც გაგვაცანით. - ძმა მართლაც ვარჯიშობდა ძიუდოში, მაგრამ მერე სწავლამ გადაძალა - ექიმია და თავისი პროფესიით მუშაობს. ძიუდო ძალიან უყვარს, მაგრამ ვერ გაჰყვა. მეუღლეც ძიუდოისტია - ოლია სტარუბინსკაია. ის ახალგაზრდებში 2005 წლის ევროპის ჩემპიონია, მაგრამ მერე პარიზის ტურნირზე ტრავმა მიიღო და ჭიდაობას დაანება თავი. დღეს ბავშვებს ავარჯიშებს. ერთი შვილი გვყავს - წლინახევრის ბიჭი. მშობლებიც იქ ცხოვრობენ. დედა ექიმია, მამა - ინჟინერი.
- ოჯახი რა როლს ასრულებს კარიერაში, როგორია თქვენი სავარჯიშო გრაფიკი? ერთხელ ბრძანეთ, 22 საათზე უკვე მძინავს, რადგან მეორე დღეს ადრე უნდა წავიდე სავარჯიშოდო. - დიახ, მართლაც ასეა. ახლაც ასე ვარ, საქართველოში. 3-4 წლის წინ იქნებ ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, მაგრამ ახლა განსხვავებული მიდგომაა. სპორტში 1 ოლიმპიური ციკლი დამრჩა და ყველაფერს გავაკეთებ ოლიმპიური მედლის მოსაპოვებლად. ძიუდო ჩემი საქმეა - თუ არ ვივარჯიშებ, სხვა ჩემზე მეტს იშრომებს და მომიგებს.
დღეში ორჯერ ვვარჯიშობ - დილით გავდივარ 9-ზე და 12-მდე ვემზადები. მერე მოვდივარ სახლში, ვსადილობ, ვისვენებ, ვიძინებ, 17 საათზე ისევ დარბაზში მივდივარ და 20-ზე ვბრუნდები სახლში. თუმცა არის პერიოდები, როცა ვარჯიშს დასვენებას ვუნაცვლებ, მაგრამ სპორტში 3-4 წელიწადი დამრჩა და ყველაფერს გავაკეთებ ოლიმპიადაზე წარმატების მოსაპოვებლად.
ოჯახი დიდ როლს ასრულებს ჩემს კარიერაში. ძალიან მეხმარება ისიც, რომ ცოლიც ძიუდოისტია - იცის, რა მჭირდება და კარგად მიგებს, ყველანაირად ხელს მიწყობს. შეჯიბრებებზეც დამყვება ხოლმე და ახლაც ჩამომყვა თბილისში. ბავშვი ძალაუნებურად სულ ძიუდოს ატმოსფეროშია. დილით ისიც ადრე იღვიძებს და ზოგჯერ დამყავს ვარჯიშზე, ხან - მეუღლეს მიჰყავს, რადგან იქ სულ ბავშვები არიან. ვნახოთ, გამოვა თუ არა ძიუდოისტი, თუმცა ეს ძალიან მძიმე შრომაა.
Sportall.Ge
- უკრაინულ მედიასთან ერთ ადრინდელ ინტერვიუში განაცხადეთ, ბუნდოვნად მახსოვს გალი და საქართველოო. არ გაქვთ კავშირი აქაურობასთან? - არ ვიცი, ეს ვინ დაწერა, რადგან ყოველ წელს დავდიოდი გალში. ბაბუაც იქ ცხოვრობდა და ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი მასთან, სამი თვე იქ ვიყავი. სამწუხაროდ, ბაბუა 2010 წელს გარდაიცვალა. ბოლოს მაშინ ვიყავი ჩასული, მერე კი აღარ ვყოფილვარ. წასვლა ახლაც ძალიან მინდა, მაგრამ როგორც ვიცი, საშიშია. იმედია, ისევ ჩავალ იქ.
- ანუ საქართველოსთან ურთიერთობა არ გაგიწყვეტიათ... - ჩემები ყველანი აქ ცხოვრობენ, მთელი სანათესაო - მამიდა, მამიდაშვილები, ბიძა. იქ მხოლოდ მშობლები, მე და ჩემი ძმა ვართ. ხშირად ვრეკავ ნათესავებთან, მამაჩემი ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში და ახლაც აქაა. თბილისში ბინაც გვაქვს. კიევში ჩემს უბანშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს, ჩემს სადარბაზოში კი სამი ოჯახია. სახლშიც ქართული ატმოსფეროა, თავის ღომით და ლობიოთი. ქართულადაც ვსაუბრობთ, თუმცა მეგრული უფრო მეხერხება.
- თავიდან ქართველი მწვრთნელი გყოლიათ, თუმცა აქ არასოდეს გიჭიდავიათ, მაგრამ ტექნიკური ქართული სტილი მაინც გეტყობათ. ალბათ, ეს გენეტიკის დამსახურებაა. - უკრაინაში თავიდან მალხაზ კირაკოზაშვილი მავარჯიშებდა, 2001 წლიდან კი ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი სერგეი დუბროვი მავარჯიშებს. ძიუდო მიყვარს და ვჭიდაობ, სტილსა და გენეტიკაზე კი რა გითხრათ - ოჯახში არავინ ჭიდაობდა, სპორტსმენიც კი არავინ ყოფილა.
- ქართველებთან ხშირად გიწევთ შეხვედრა ტატამზეც და მის მიღმა. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან, მეგობრობთ ვინმესთან? - ქართველები ტურნირებზე გავიცანი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - რეხვიაშვილი, ჭრიკიშვილი, თითქმის ყველა... ტატამზეც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ სპორტი სპორტია, ტატამზე კი ყველა მოწინააღმდეგეა. ყველასთან მეგობრულად ვარ, ჩხუბი და უსიამოვნება არავისთან მომსვლია. ქართული ძიუდო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რეხვიაშვილი და ჭრიკიშვილი კი - მსოფლიოში საუკეთესოები. ღმერთო, როგორ ჭიდაობენ ორივე მხარეს, სხვა ასეთი ძლიერი არ მეგულება.
- ლონდონის ოლიმპიადაზე წაგების მიზეზად რას მიიჩნევთ? იქ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონად ჩახვედით, წინა დღეებში შვილის დაბადება კი განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებდათ. - ეს ჩემთვის პირველი ოლიმპიადა იყო. ყველა ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მიზნად ისახავს. თუმცა იმ მომენტში ჩემს ირგვლივ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მე უკვე მოპოვებული მაქვს მედალი, საჭიროა, უბრალოდ გავიდე და ავიღო ეს ჯილდო.
ამან ჩემზე ცუდად იმოქმედა, ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. ოლიმპიადაზე გადაღლილი მივდიოდი. პირველად ხდებოდა, როცა ჭიდაობა არ მინდოდა. მომავალი ოლიმპიადისთვის ეს ადამიანები ირგვლივ უკვე აღარ იქნებიან და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
ლონდონში გამოცდილება მივიღე და ვიცი, როგორ მოვემზადო. ეტყობა, იქ წაგება ღმერთის ნებაც იყო - იმ წელიწადს შვილი შემეძინა, რაც ერთი მიღწევა იყო. ალბათ, ერთ სეზონში ორი გამარჯვება არ შეიძლებოდა.
- საკმაოდ ბევრი იწერებოდა თქვენი სოციალური პრობლემების შესახებ - მშობლებთან, ძმასთან და ცოლ-შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდით. არადა, უკრაინული ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ხართ. როგორ დაგიფასათ ეს ქვეყანამ? - კი, დამიფასა და ის პრობლემებიც მოგვარდა. ბევრი ფული არ მოუციათ, მაგრამ ბინა კი გადმომცეს. საცხოვრებელია თუ კვება, ახლა ადრინდელთან შედარებაც არაა, ყველაფერი ნორმალურადაა. თავიდან მართლაც გვიჭირდა და ერთოთახიანში ვცხოვრობდით. პირველად მშობლები მუშაობასაც ვერ ახერხებდნენ საპასპორტო პრობლემების გამო, მაგრამ მერე ნელ-ნელა საქმეც აეწყო და ღვთის მადლით, ახლა ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, უკრაინა დიდია და ბევრი არ გიცნობს. მხოლოდ ისინი, ვინც ძიუდოსთანაა დაკავშირებული.
- ადრე იქაურ პირობებს საქართველოდან სპორტის სხვა სახეობებში გადასული სპორტსმენები დიდად არ ემადლიერებოდნენ. თქვენ კმაყოფილი ხართ სავარჯიშო პირობებით? - რაკი ასეთ შედეგებს მივაღწიე, ესე იგი, პირობები ნორმალურია. კარგი წარმატების გარანტია კარგი კოლექტივია, რაც ჩვენთან არის... შედეგს თუ მიაღწევ, დაგიფასდება კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ძიუდოში ასეა. ახალი პრეზიდენტი არკალაევი რასაც დამპირდა, მომცა. ქართველი მოჭიდავეებიდან ზოგი კარგად ცხოვრობს, მაგრამ გია ჩიხლაძე შარშან ევროპის პრიზიორი გახდა, თუმცა ბევრი არ მიუღია.
- სამომავლოდ რას აპირებთ - დაბრუნდებით თუ უკრაინაში დარჩებით? - უკრაინა ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი გვარი რატომ უნდა დარჩეს უკრაინაში? ან - ვგავარ უკრაინელს? მინდა აქ ჩამოსვლა. მეუღლესაც მოსწონს აქაურობა. ქართველები თბილი ხალხიაო, ამბობს.
- სპორტსმენის რანგშიც? რამდენად შესაძლებელია ეს? - საქართველოში დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს. უკრაინაში ახლა ისეთი ვითარებაა, არც კი ვიცით, სპორტი იქნება თუ არა, ან საერთოდ რა მოხდება, მაგრამ დღესდღეობით რაც მაქვს, უკრაინამ მომცა. იქაურობა ძალიან მიყვარს და ეს ქვეყანა არასოდეს დამავიწყდება. ის ჩემი სახლია, მაგრამ მე ქართველი ვარ და რატომ უნდა დავრჩე სხვაგან! ხშირად ვამბობ, მეორე სიცოცხლე რომ მომცა, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში-მეთქი.
- როგორ ფიქრობთ, განხორციელდება ეს სურვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამდე? - შანსი ყოველთვის არსებობს. დრო გვიჩვენებს. შევხედოთ, როგორ იქნება ვითარება.
- ფედერაციას თუ ელაპარაკეთ ამაზე? გამოგიშვებენ ასე იოლად? - აქ გადმოსვლის შესახებ ჩემს მწვრთნელს - დუბროვს კი ვუთხარი, მაგრამ ფედერაციასთან არ მისაუბრია. დაბრუნების შესახებ დიდი ხანია, ვლაპარაკობ. ახლახან იყო შემოთავაზება უცხოეთიდანაც - არაბული საამიროებიდან, მაგრამ მე ვუთხარი, უკრაინიდან სადმე თუ წავალ, მხოლოდ საქართველოში, მეორე ქვეყანა გამორიცხულია-მეთქი.
|