
ძიუდო — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. სპორტის ოლიმპიური სახეობა. ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ 1957 წელს, როცა სსრკ და უნგრეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში სამბისტები შეიყვანეს, მათ შორის – ბიძინა მაზიაშვილი, გურამ სიმონიშვილი, შალვა დაუშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ორი წლის შემდეგ გდრ-ის გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანზორ კიკნაძე, დურმიშხან ბერუაშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ქართველმა სპორტსმენებმა ყველა ბრძოლა მოიგეს. სპეციალისტებმა პირველად სწორედ მაშინ მიაქციეს ყურადღება ქართული ჭიდაობისა და ძიუდოს ილეთების მსგავსებას. ქართველ მოჭიდავეთა ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 1962 წელს, როცა თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი. იმავე წელს საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ ანზორ ქიბროწაშვილი და ანზორ კიკნაძე. აქედან იღებს სათავეს ძიუდოს ქართული სკოლის მიღწევები ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში. იმ დროისთვის ძიუდო უკვე ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და მისი განვითარება პრიორიტეტულ საქმედ გამოცხადდა. საქართველოში ძიუდოში ვარჯიშის მრავალი მსურველი გამოჩნდა, ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს ეიოლებოდათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. მწვრთნელებმა სწრაფად აუღეს ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბეს. თბილისში წარმატებით მუშაობდნენ ქრისტეფორე ნინიაშვილი და ბიძინა მაზიაშვილი, ქართლში – გურამ პაპიტაშვილი და გივი ზაუტაშვილი. პაპიტაშვილმა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გახსნა ძიუდოს სექცია, რომელიც ქართული ძიუდოს ერთ-ერთ ცენტრად იქცა. გორში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის პირველი ჩემპიონები: ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი და თემურ ხუბულური. ძიუდომ ფეხი მოიკიდა ახმეტაში, კასპში, ქარელში, მესტიაში, ლენტეხში, ქუთაისში, საგარეჯოში, დუშეთსა და გარდაბანში. საქართველოს უძლიერეს ფალავნებს სისტემატურად იწვევდნენ სსრკ ნაკრებში, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობას ხშირად ქართველები შეადგენდნენ.
ძიუდოს ქართული სკოლა თავად იაპონელებმა აღიარეს. მათ ჯერ საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ჭიდაობა, შემდეგ კი ქართველი მწვრთნელები პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად იაპონიაში მიიწვიეს. ქართულმა ძიუდომ რამდენიმე თაობა გამოიცვალა. თითოეულს თავისი ლიდერები და ჩემპიონები ჰყავდა. პირველი თაობიდან გამოირჩეოდნენ ანზორ კიკნაძე, ანზორ ქიბროწაშვილი და ფარნაოზ ჩიკვილაძე. საერთაშორისო სარბიელზე მათ მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებები დანარჩენებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემი გამოდგა. 1970-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, თავად ეს ნაკრები კი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში. შოთა ჩოჩიშვილი, გივი ონაშვილი, გურამ გოგოლაური, შენგელი ფიცხელაური, რამაზ ხარშილაძე, თემურ ხუბულური, ჯიბილო ნიჟარაძე, ამირან მუზაევი, შოთა ხაბარელი, დავით ბოდაველი, ოლეგ ზურაბიანი – ამ ფალავნებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (ტარდება 1970 წლიდან), რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი კობა კურტანიძემ, ამირან ტოტიკაშვილმა, გიორგი თენაძემ, აკაკი კიბორძალიძემ და სხვა ცნობილმა ძიუდოისტებმა. მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1989 წელი, როცა კურტანიძე და ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი აიღო, თენაძემ კი – ბრინჯაოსი. გარდა ამისა, იმავე წელს კურტანიძემ და ტოტიკაშვილმა ევროპის ჩემპიონატშიც გაიმარჯვეს. შემდეგ დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ დავით ხახალეიშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი, სოსო ლიპარტელიანი, გიორგი რევაზიშვილი, ნესტორ ხერგიანი, ალექსი დავითაშვილი, ივერი ჯიქურაული, დავით მარგოშვილი, დავით ქევხიშვილი, ზურაბ ზვიადაური. ხახალეიშვილმა გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ბარსელონის ოლიმპიური თამაშები მოიგო და მისი ამ გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიადების ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა. ოთხი წლის შემდეგ ატლანტაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ლიპარტელიანმა, 2004 წელს კი ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2007 წელს საქართველოს სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ირაკლი ცირეკიძე, 2008 წელს კი მან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 2012 წელს ლონდონში -66კგ. წონით კატეგორიაში მესამე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ლაშა შავდათუაშვილი. 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს ავთანდილ ჭრიკიშვილი დაეუფლა. სწორედ ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიგო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ძიგარო კანოს სახელობის ტურნირი ტოკიოში 2015 წელს.
ქართული ძიუდოს ლეგენდები
ჩოჩიშვილი შოთა

დაიბადა 10.07.1950, ღვლევი, ქარელი. ძიუდო (93 და 95 კგ). 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი. ჰოლანდიის (1974), იაპონიისა (1971, 74) და ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ხაბარელი შოთა

დაიბადა 26.12.1958, ძლევისჯვარი, ქარელი. ძიუდო (78 კგ). 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 83), ორგზის მეორე (1979, 82) და ორგზის მესამე (1981, 83) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 85), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1981). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1997-იდან). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
ხახალეიშვილი დავით

დაიბადა 28.02. 1971, ქუთაისი. ძიუდო (+95 კგ). 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1993) და სამგზის მესამე (1991, 93, 95) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993 – +95 და აბსოლუტური, 1996) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ (1991), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში აწონვაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი
ზვიადაური ზურაბ

დაიბადა 02.07.1981, ახმეტა. ძიუდო (90 კგ). პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით (2004, ათენი). მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002). ღირსების ორდენის კავალერი.
ირაკლი ცირეკიძე

ირაკლი ცირეკიძე (დ. 3 მაისი, 1982) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში 2007 წელს.
2007 წლის 15 სექტემბერს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე რიო-დე-ჟანეიროში ცირეკიძემ ოქროს მედალი მოიპოვა ბერძენი ილიას ილიადისის დამარცხებით. 2008 წლის 13 აგვისტოს ცირეკიძემ მეტოქეების დამარცხებით ქართულ ოლიმპიურ გუნდს მეორე ოქროს მედალი შეჰმატა.
ლაშა შავდათუაშვილი

დაბ. თარიღი 31 იანვარი, 1992 წელი. (-66კგ, -73კგ) ოლიმპიური ჩემპიონი (2012) და ბრინჯაოს მედალოსანი (2016). ევროპის ჩემპიონი (2013), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (2016) და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2012).
ავთანდილ ჭრიკიშვილი

დაიბადა 18 მარტს, 1991წ. მსოფლიო ჩემპიონი (2014), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013). ევროპის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2015). ტოკიოს გრანსლემის გამარჯვებული (2015). პარიზის გრანსლემის გამარჯვებული (2013, 2015). საქართველოს ორ გზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (2013, 2014).
კიკნაძე ანზორ

26.03.1934, ბადიაური. საგარეჯო – 06.09.1976, თბილისი. ძიუდო (93 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66) და ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
კიბორძალიძე აკაკი

17.08.1962, ქუთაისი – 16.07.2001, იქვე. ძიუდო (+ 95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1989), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის 5-გზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ქიბროწაშვილი ანზორ

დაიბადა 25.10. 1939, ახმეტა. ძიუდო (93 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1962, 65) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი
ონაშვილი გივი

დაიბადა 27.07.1947, პატარძეული, საგარეჯო. ძიუდო (+95 კგ). მიუნხენის ოლიმპიური თამაშების (1972) და მსოფლიოს ჩემპიონატის (1969) მესამე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად (1974, 75) და გუნდურ (1970) პირველობაში, სამგზის მეორე (1969, 72, 76) და მესამე (1971) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1973) და ბრინჯაოს პრიზიორი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1970, 72). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი
ხუბულური თემურ

დაიბადა 24.04.1955, სკრა, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81), 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1976, 77) და მეორე პრიზიორი (1981), ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 82), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
კურტანიძე კობა

დაიბადა 13.10.1963, რიეთი, გორი. ძიუდო (95 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 89) და მესამე პრიზიორი (1990), სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 91), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 86, 87, 88, 89, 90, 91). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
ჩიკვილაძე ფარნაოზ
14.04.1941, ჩაბინაანი, ახმეტა – 14.06.1966, მოსკოვი. ძიუდო (80 კგ). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1965) და ორგზის მეორე პრიზიორი (1964, 66) პირად შეჯიბრებაში, ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1964). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ხარშილაძე რამაზ
დაიბადა 16.01.1951, ნაცარგორა, ხაშური. ძიუდო (95 კგ). 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
თენაძე გიორგი

დაიბადა 24.05.1962, გორი. ძიუდო (71 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1989), ევროპის თასის მფლობელი (1986), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1986, 89, 90). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ტოტიკაშვილი ამირან

დაიბადა 21.06. 1969, მარტყოფი, გარდაბანი. ძიუდო (60 კგ). 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89) და მესამე პრიზიორი (1990), “კეთილი ნების თამაშების” ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
ნიჟარაძე ჯიბილო
1946, ლენტეხი – 1993, თბილისი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონი (1975), ორგზის მეორე (1977, 78) და ორგზის მესამე (1973, 76) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი (1975), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1974, 75), ბულგარეთის (1974), გერმანიისა (1975) და ჰოლანდიის (1977) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ფიცხელაური შენგელი
დაიბადა 02.08. 1946, ახშანი, ახმეტა. ძიუდო (63 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 74, 75), ევროპის ჩემპიონატების სამგზის მეორე (1971, 73, 75) და მესამე (1974) პრიზიორი პირად პირველობაში. სსრკ პირველი ჩემპიონი ძიუდოსა (1973) და სამბოში (1970). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი.
გოგოლაური გურამ

დაიბადა 28.04.1944, მანავი, საგარეჯო. ძიუდო (80 კგ). ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73, 74), ორგზის მეორე (1971, 72) და მესამე (1973) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1974) და მესამე (1973) პრიზიორი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ნათელაშვილი ჯემალ
დაიბადა 29.05. 1944, დუშეთი. ძიუდო, სამბო (70 კგ). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ძიუდოში (1968) და სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი სამბოში (1966). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
ზურაბიანი ოლეგ

დაიბადა 15.05.1957, ჩოლური, ლენტეხი. ძიუდო (63 კგ). ევროპის ჩემპიონი (გუნდური, 1977) და მეორე პრიზიორი (1976), სსრკ ჩემპიონი (1976) და თასის მფლობელი (1978), 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (პირველი წრე). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
მარტყოფლიშვილი ანზორ

დაიბადა 14.10. 1940, ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყარო. ძიუდო (63 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.
რევაზიშვილი გიორგი

დაიბადა 16.11. 1974, საგარეჯო. ძიუდო (66 და 73 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1997) და მესამე (1999) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1996), ორგზის მეორე (1995, 97) და სამგზის მესამე (1994, 98, 2000) პრიზიორი. ღირსების ორდენის კავალერი
ვაზაგაშვილი გიორგი

დაიბადა 19.04.1974, ფლავი, გორი. ძიუდო (66 და 71 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1996, 97), მეორე (1995) და ორგზის მესამე (1999, 2000) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და ორგზის მესამე (1993, 97) პრიზიორი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი, ატლანტისა (1996, VII ადგილი) და ათენის (2004, დამარცხდა პირველ წრეში) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. დსთ-ის ჩემპიონი (1992), მსოფლიოსა (1994) და ევროპის (1993) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1995). 2004 წლიდან გამოდის საბერძნეთის სახელით. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი.
დგებუაძე ვლადიმერ

დაიბადა 02.10.1970, სოხუმი. ძიუდო (71 კგ). ევროპის ჩემპიონი (1993), ევროპის თასის მფლობელი (1989), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), კეთილი ნების თამაშების მესამე პრიზიორი (1990). სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1989, 91), 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (X ადგილი). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ჯიქურაული ივერი
დაიბადა 22.03.1976, დუშეთი. ძიუდო (100 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1995, 2000) და ორგზის მესამე (1994, 2001) პრიზიორი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მეორე (1994) და მესამე (1996) პრიზიორი. 2000 წლის სიდნეისა (VII ადგილი) და 2004 წლის ათენის (IX-X ადგილი) ოლიმპიური თამაშების მონაწილე
ლიპარტელიანი სოსო
დაიბადა 03.02. 1971, ხოფური, ლენტეხი. ძიუდო (78 კგ). 1996 წლის ატლანტის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1993). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში
ჩოჩიშვილი რამაზ
დაიბადა 14.11.1975, გორი. ძიუდო (+95 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1996, 2001). ავსტრიის, მოსკოვისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. 1994-96 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით.
მარგოშვილი დავით
დაიბადა 11.08.1980, ახმეტა. ძიუდო (60 და 66 კგ). ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ჩემპიონი (2003) და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002) გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1998), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (დამარცხდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში).
ქევხიშვილი დავით
05.01.1983, ახალსოფელი, ყვარელი. ძიუდო (73 კგ). ევროპის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (2002), ევროპის ჩემპიონატების მეორე (2002) და ორგზის მესამე (2004, 05) პრიზიორი პირად ჩათვლაში, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში (2002), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2002), 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (VII ადგილი). ღირსების მედლის კავალერი,2012 წლიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი(დღემდე და მისი პრეზიდენტობის ვადა 2020 წელს იწურება).
ხერგიანი ნესტორ
დაიბადა 20.07.1975, მესტია. ძიუდო (60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 2003) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1999-2002). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი და 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე (დამარცხდა სანუგეშო წრეში), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1992), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში (1994). ღირსების ორდენის კავალერი.
ვარლამ ლიპარტელიანი
დაბ. თარიღი 27 თებერვალი 1989 წელი. ევროპის სამ გზის ჩემპიონი (2012, 2014,2016). ევროპის ოთხ გზის ვერცხლის პრიზიორი (2009, 2010, 2013, 2015). ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2011). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013, 2017), მსოფლიო ჩემპიონატის ორ გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2014,2015). პარიზის გრანსლემის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი (2013, 2015),ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (2016)
ამირან პაპინაშვილი
დაბ. თარიღი17 ივნისი 1988 წელი. (60კგ.). ევროპის ჩემპიონი (2013), ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2014), ევროპის ბრინჯაოს ბრიზიორი (2015). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2014). ოქროს მედალი მოსკოვის გრანსლემზე (2013), ოქროს მედალი აბუდაბის გრანსლემზე (2015).
ადამ ოქრუაშვილი
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1989წ. (მძიმე წონა, აბსოლუტური). ევროპის ჩემპიონი (2015), ევროპის ორ გზის ვერცხლის პრიზიორი (2013, 2014). ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2006). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2015). ოქროს მედალი მასტერსზე (2013). რიოს გრანსლემის გამარჯვებული (2012).
გურამ თუშიშვილი - დაბადების თარიღი 1995 წლის 5 თებერვალი (მძიმე წონა, აბსოლუტური). ევროპის ჩემპიონი (2017 ვარშავა), ევროპული თამაშების გამარჯვებული (2019, მინსკი) და მსოფლიო (2018 ბაქო) ჩემპიონი
http://www.gjf.gehttp://www.ijf.org/http://www.ippon.orghttp://www.ippon.tvhttp://www.eju.net/http://www.intjudo.eu/http://www.judovision.org/http://www.judobase.org/#/dashboardრიოს ოლიმპიური თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი აიღეს;
ვარლამ ლიპარტელიანი 90 კგ-ვერცხლი
ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-ბრინჯაო.


საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი;
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ მეტრეველი
ასისტენტენტ-მწვრთნელები: ამირან ტოტიკაშვილი, გურამ მოდებაძე,მინდია ბოდაველი,გიორგი ბაინდუროვი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები: ლაშა გუჯეჯიანი
ჭაბუკთა ნაკრები - გიორგი ყიზილაშვილი
ქალთა ეროვნული ნაკრები: გია თენაძე, კახაბერ მოცრაძე.
ძიუდოს ახალი წესები
ძიუდოს წესებში რევოლუციური ცვლილებები:
• იუკო გაქრება და შეუერთდება ვაზარს. ამ ცვლილებას საფუძვლად უდევს ის, რომ ფართო პუბლიკისათვის უფრო გასაგები გახდეს ძიუდო (გაუთვიცნობიერებელი გულშემატკივრისათვის იუკო და ვაზარი ძნელი გასარჩევია);
• ორი ვაზარი ძველებურად საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის
• 10 წამიანი შებოჭვა შეფასდება ვაზარით;
• მხოლოდ შიდოებით გამარჯვება შეუძლებელი გახდება. საჭირო იქნება ვაზარების იდენტური რაოდენობა, რომ შიდოებმა გამოავლინოს გამარჯვებული. შიდოებით გამარჯვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამი შიდოს მიცემის შემთხვევაში;
• ოთხი შიდოს მაგივრად, შეხვედრიდან მოხსნა სამი შიდოს შემდეგ მოხდება;
• პირველ ფეხში შესვლაზე, მხოლოდ შიდო იქნება. ჰანსუკო-მაკე (ანუ დისკვალიფიკაცია) გაიცემა მხოლოდ მეორე შესვლის შემდეგ;
• ასევე განიხილება კაცების შეხვედრის დროის 5 წუთიდან 4-მდე შემცირების ვარიანტი.
წესებში ყველა ცვლილება ოფიციალურად მალე გამოცხადდება და ძალაში შევა პირველივე კონტინენტალურ ღია პირველობაზე, რომელიც ტუნისში გაიმართება 14-15 იანვარს.
IJF - International Judo Federation-მა წესებში ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურა. ახალი წესებით ძიუდო 2017 წლის იანვარს, აფრიკის ღია პირველობის დროს აიღებს სტარტს. გთავაზობთ წესებში ცვლილებების ქართულ თარგმანს.
შეხვედრის ხანგრძლივობა
ქალთა და მამაკაცთა შეხვედრები გაგრძელდება 4 წუთის განმავლობაში. რათა პატივის სცენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ადრინდელ რეკომენდაციებს თანასწორობასთან დაკავშრებით და მოხდეს შეხვედრის ერთიანი დროის განსაზღვრა ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდური შეჯიბრებისთვის. შეხვედრის ბედი გადაწყდება მხოლოდ ტექნიკური ქულებით.
ოქროს ქულა (დამატებითი დრო)
იმ შემთხვევაში თუ არ არის მოპოვებული ქულა (არ შესრულებულა გდება, შიდეოები ქულად არ ფასდება) ან მოპოვებულია თანაბარი ქულები, შეხვედრა გაგრძელდება დამატებით დროში - ოქროს ქულამდე. დამატებით დროში გადასვლისას მონაწილეებს შეუნარჩუნდებათ ძირითად დროში მოპოვებული ნებისმიერი ქულა და გაფრთხილება.
ოქროს დროში (დამატებით დროიში) შეხვედრის გამარჯვებული გამოვლინდება ქულებსა და შიდოებს (გაფრთხილებებს) შორის სხვაობის მიხედვით.
ქულების შეფასება
შენარჩუნდება მხოლოდ „იპონი“ და „ვაზარი“.
„ვაზარი“ შეფასდება იგივე ღირებულებით, როგორც ადრე ფასდებოდა იუკო.
ორი ვაზარი იქნება „იპონის“ ექვივალენტი.
შებოჭვის (ოსაი კომი) დაფიქსირების შემთხვევაში 10 წამის განმავლობაში შებოჭვა ფასდება ვაზარით, ხოლო 20 წამის განმავლობაში „იპონით“
გაფრთხილებები
4 „შიდოს“ ნაცვლად იარსებებს მხოლოდ სამი „შიდო“.
მესამე „შიდოს“ მიღება უდრის „ჰანსოკუმაკეს (შეხვედრიდან მოხსნა).
იმისათვის რათა გამარტივდეს მსაჯობა და მსაჯის მოქმედებების აღქმა, ნებისმიერი მოქმედება, რაც დაკავშირებული იყო კიმონოს (ჯუდოგი) არასწორად ჩავლებასთან აღარ დაისჯება გაფრთხილებებით. მათ შორის , მაჯების არასწორი ჩავლება, ორივე ხელი იგივე მხარეს, სახელურში თითების შეყოფა.
„კუმი კატა“ არ დაისჯება გაფრთხილებით თუ ამზადებს შეტევას, თუმცა ჩამშლელის პოზიციაში ყოფნა იქნება დასჯადი.
სასურველი ჩავლების აღებისა და შეტევის განსახორციელებლად მაქსიმუმ განკუთვნილია 45 წამი.
დაცვითი ტაქტიკა ისჯება „შიდოთი“.
ფეხზე ან შარვალზე მოჭიდება, პირველ ჯერზე დაისჯება მხოლოდ „შიდოთი“, ხოლო მეორე ჯერზე „ჰანსოკუმაკეთი“.
უსაფრთხოება
კომიტეტმა გადახედა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ წესებს, რათა ძიუდოში იყოს მაქსიმალურად მცირე ტრავმიანობა. თუ მებრძოლი შეეცდება აირიდოს ზურგზე დაცემა, ისეთი მოძრაობით რაც საფრთხეს უქმნის მის თავს, ყელს (კისერს) და ხერხემალს, ის დაისჯება „ჰანსოკუმაკეთი“. მებრძოლს წაგებად ეთვლება, მიმდინარე შეხვედრა, თუმცა, უფლებამოსილია სთანადო პირობების არსებობის გააგრძელოს შეჯიბრებაში მონაწილეობა (რეპეშაჟი)
რათა არ დაწესდეს ცუდი მაგალითი ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის, ცრუ ჩავარდნები არ იქნება დაშვებული. ორ იდაყვზე დავარდნის შემთხვევაში ქმედება ითვლება განხორციელებულად, ხოლო ერთ იდაყვზე დავარდნისას არა.
ანტი ძუდო დასჯადია.
კიმონო (ჯუდოგი)
იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოჭიდების(ჩავლების) აღების უკეთესი შესაძლებლობა, აუცილებელია, რომ ზედა მოსაცმელი მჭიდროდ იყოს შეკრული ქამრით. ამ წესის შესრულებისთვის ძიუდოისტი ვალდებულია, მატესა და ჰაჯიმეს შორის შუალედში მოიწესრიგოს კიმანო.
მსოფლიო რეიტინგი
შეიცვლება ქულების დათვლის სისტემა. წინადადებები მცირე ხანში გახდება ცნობილი.
ახალგაზრდულ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს დაერიცხებათ შესაბამისი ქულები უფროსთა რეიტინგში ,მხოლოდ ამ ტურნირზე ნაჩვნები შედეგისთვის.
წინა თემის ლინკი
ქართული ძიუდო - VOL 37 This post has been edited by tavadze on 21 Jul 2019, 00:19