ვთქვათ, ღმერთმა იცის, რომ მე მომავალში ავირჩევ X-ს.
ღმერთის ცოდნა ჭეშმარიტია. ჭეშმარიტება კი უცვლელია ის რაც ჭეშმარიტი იყო წარსულში, ჭეშმარიტი იქნება აწმყოში და მომავალშიც.
ახლა ვთქვათ, რომ მე მაქვს თავისუფალი ნება X-სა და Y-ს შორის არჩევანის.
მაგრამ თუ ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ მე ავირჩევდი X-ს, მაშინ შეუძლებელია, რომ საბოლოოდ ავირჩიო Y.
რადგან თუ მე ავირჩევ Y-ს, გამოდის, რომ ღმერთი შეცდა.
ხოლო ღმერთი შეცდომას ვერ უშვებს.
აქედან გამომდინარე
1. ღმერთმა იცის, რომ მე ავირჩევ X-ს.
2. რაც ღმერთმა იცის, აუცილებელია, რომ ასე მოხდეს.
3. ამიტომ, აუცილებელია, რომ მე ავირჩიო X და შეუძლებელია, რომ ავირჩიო Y.
თუ ჩემი არჩევანი აუცილებლობით განსაზღვრულია, მაშინ ნამდვილი თავისუფალი ნება არ მაქვს.
ნამდვილ თავისუფლებას უნდა შეეძლოს სხვა ალტერნატივის არჩევაც (Y-ის) მაგრამ ჩემი არჩევანი ლოგიკურად უკვე გადაწყვეტილია წინასწარ.
საინტერესოა, რომ მაშინაც კი, როცა ჯერ არ ვარსებობდი ანუ მაშინ, როცა ჯერ არც ნება მქონდა და არც მოქმედების უნარი ღმერთმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ავირჩევდი X-ს და არა Y-ს.
ეს ნიშნავს, რომ ჩემი ნება ჯერ კიდევ არსებობამდე იყო განსაზღვრული.
თუ ღმერთმა წინასწარ ჭეშმარიტად იცის, რას აირჩევს ადამიანი, მაშინ არჩევანი აუცილებლობითაა ფიქსირებული, და თავისუფალი ნება ასეთ კონტექსტში ილუზიაა.
ლოგიკურად რომ დავშალოთ გამოვა ასე
1) P ღმერთმა წინასწარ იცის, რომ მე ავირჩევ X-ს.
2) P ---> Q თუ ღმერთმა იცის, რომ მე ავირჩევ X-ს, მაშინ აუცილებელია, რომ საბოლოოდ ავირჩიო X (და არა Y).
ეს არის ჩვენი საფუძველი Modus ponens-ის წესით
(Modus ponens
https://en.m.wikipedia.org/wiki/Modus_ponens)რადგან P და "P ---> Q" მართალია, ახლა ვასკვნით რომ
3) Q აუცილებელია, რომ მე ავირჩიო X
ეს ნიშნავს, რომ არჩევანი ფიქსირებულია სხვა გზა აღარ მაქვს.
1) ღმერთმა წინასწარ იცის, რომ ავირჩევ X-ს. (P)
2) თუ ღმერთმა იცის, რომ ავირჩევ X-ს, მაშინ აუცილებელია, რომ ავირჩიო X. (P ---> Q)
3) ამიტომ აუცილებელია, რომ ავირჩიო X. (Q)
4) თავისუფალი ნება შეუძლებელია, თუ არჩევანი აუცილებლობითაა განსაზღვრული.
5) შესაბამისად, ნამდვილი თავისუფალი ნება არ არსებობს.
შევაჯამოთ ახლა
1) რაც ღმერთმა იცის, აუცილებელია, რომ ასე იყოს, რადგან ღმერთი შეცდომას ვერ უშვებს.
2) თუ ღმერთმა იცოდა, რომ მე ავირჩევდი X-ს, მაშინ შეუძლებელია, რომ მე ავირჩიო Y რადგან ეს ღმერთის ცოდნას გააბათილებდა.
3) ამიტომ, ჩემი არჩევანი ლოგიკურად აუცილებელია რომ უნდა ავირჩიო X და არა Y.
4) მაგრამ ნამდვილი თავისუფალი ნება ნიშნავს, რომ უნდა შემეძლოს როგორც X-ის, ასევე Y-ის არჩევა.
5) რადგან ეს შეუძლებელია (Y არჩევის შესაძლებლობა გამორიცხულია), ნამდვილი თავისუფალი ნებაც არ არსებობს.
P.S. თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ღმერთის ყოვლისმცოდნეობისა და ადამიანის თავისუფალი ნების თანაარსებობა?