ერთნი ფიქრობენ, რომ მატყუარა საწოვარა მავნებელია, მეორენი კი მას უცვლელ დამხმარედ მიიჩნევენ. ვინ არის მართალი? მოდით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვცადოთ.
თითების ნაცვლადდღეს, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ბუნებრივ კვებას და გვირჩევს, პატარას ორ წლამდე ვაწოვოთ ძუძუ, ძველი აღზრდის სისტემების მრავალი პრინციპი მოძველებული გვეჩვენება. ავიღოთ თუნდაც სპოკის სისტემა, რომელიც გვირჩევს, ბავშვი დაბადებიდანვე გავწვრთნათ და ამით შეძლებისამებრ გავიადვილოთ ცხოვრება.
იშვიათად, რომ პედიატრმა გვირჩიოს, პატარას ძუძუ საათობრივად აწოვეთო. დღეს რეკომენდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე მივცეთ ჩვილს ძუძუ. ამ ვითარებაში საწოვარას ღირსებებზე საუბარი უხერხულიც კია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ბავშვს თავის ძირითად საქმიანობას - ძუძუს წოვას ავიწყებს. მიუხედავად ამისა, მატყუარა საწოვარას სარგებლობა ნამდვილად მოაქვს. მაგალითად, არის სიტუაციები, როცა შეუძლებელია, პატარას ძუძუ ვაწოვოთ. მატყუარა გვეხმარება ხანგრძლივი სეირნობისას, მაღაზიაში, ექიმთან ან სტუმრად ყოფნისას და მაშინ, როცა დედა სადმე მიდის. შესანიშნავი გამოსავალია მაშინაც, როცა პატარას უცხო საგნისა თუ მისთვის შეუფერებელი საკვების დეგუსტაციის სურვილი უჩნდება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მატყუარა საწოვარას არიან მიჩვეულნი, უფრო სწრაფად და იოლად ეჩვევიან გრაფიკით ჭამას და ნაკლებად შფოთავენ, როცა დროებით ბებიასთან ან ძიძასთან რჩებიან.
საწოვარას თითის წოვასთან შედარებით ნამდვილად აქვს უპირატესობა - ის ჰიგიენურია და არც კბილების მნიშვნელოვან დეფორმაციას იწვევს. თუ პატარა ღამით მეტისმეტად ხშირად, მაგალითად, 5-7-ჯერ იღვიძებს და ძუძუს ითხოვს, საწოვარამ შეიძლება მცირე ხნით მოატყუოს. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ საწოვარა ნაწლავების მუშაობის სტიმულატორია და აირებისგან გათავისუფლებასაც უწყობს ხელს.
რეზინი, ლატექსი, სილიკონიყველაზე ძველი საწოვარა, რომელიც კი კაცობრიობისთვის არის ცნობილი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინათ შეიქმნა. ის ჩინეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ის ძროხის ცურისგან არის დამზადებული. არქეოლოგების აზრით, ასეთი საწოვარა ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისათვის იყო ხელმისაწვდომი, რიგითი ოჯახები კი ნაჭრის საწოვარათი კმაყოფილდებოდნენ.
რა თქმა უნდა, მას შემდეგ კაცობრიობამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. საწოვარას ინდუსტრიაც განვითარდა და სრულყოფას დღესაც განიცდის.
ჩვენ რეზინის საწოვარას ვწოვდით. დღეს ეს არასრულყოფილი მასალა უფრო პრაქტიკულმა სილიკონმა და ლატექსმა შეცვალა. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? ლატექსის საწოვარა ყვითელია, გარეგნულად რეზინისას ჰგავს, სილიკონისა კი თეთრი, გამჭვირვალე, უფრო მყიფე და ”სიცოცხლისუნარიანია”. პედიატრები გვირჩევენ, სილიკონის საწოვარა კბილების ამოსვლამდე გამოვიყენოთ, შემდეგ კი უპირატესობა ლატექსს მივანიჭოთ. მართლაც, სიცოცხლის იმ პერიოდში, როცა წოვის რეფლექსი ყველაზე ძლიერია, ანუ პირველი ოთხი თვის განმავლობაში, უფრო მეტად მიზანშეწონილია, საწოვარა მაგარი იყოს, თუნდაც იმისთვის, რომ ხშირი გამოყენების გამო მისი კედლები ერთმანეთს არ შეეწებოს. კბილების ამოსვლისას კი რბილი საწოვარა უფრო მოხერხებულია - ის თანკბილვაზე ისეთ ძლიერ გავლენას არ ახდენს, თანაც საკმაოდ ძნელია მისთვის ნამცეცის მოკვნეტა, რომელიც შესაძლოა ბავშვს სასულეში გადასცდეს.
ასეთი გახლავთ ძირითადი რეკომენდაციები, მაგრამ მთავარი მაინც ბავშვის აზრია. ზოგიერთი პატარა უარს ამბობს რბილ ლატექსზე, ზოგს კი სილიკონი არ მოსწონს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნებისმიერ საწოვარაზე თანახმაა, ზოგიერთი კი არც ერთს არ ცნობს. მათთვის მხოლოდ დედის ძუძუა მისაღები.
მნიშვნელოვანია ზომამაშ ასე, გადაწყვიტეთ, რომ საწოვარას გარეშე პატარას მოვლა ძალიან გიჭირთ და აფთიაქისკენ გაემართეთ. თქვენს წინაშე აღიმართა ვეებერთელა ვიტრინა, რომელშიც ნაირ-ნაირი საწოვარა აწყვია: ფერადი, პეპლის ფორმის, თავსახურიანი, მთლიანი ლატექსისა... თანამედროვე საწოვარები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგვიძლია, ისინი ტანსაცმლისა და ამინდის მიხედვით ვცვალოთ, მაგრამ დიზაინმა არ დაგაბნიოთ, მას ყველაზე ბოლოს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მასალის შერჩევის შემდეგ ჯერი ზომის შერჩევაზე მიდგება. არსებობს სამი ძირითადი ზომა - ექვს თვემდე, ექვს თვეზე უფროსი და თვრამეტ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შესაძლოა, ექვსიდან ოცდაოთხ თვემდე ასაკის პატარებისთვის განკუთვნილი საწოვარებიც შეგხვდეთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსები. გამოცდილმა მშობლებმა და ნეონატოლოგებმა კარგად იციან, რომ ბავშვმა, რომელიც დაბადებისას 4 კილოგრამს ან უფრო მეტს იწონიდა, შესაძლოა კატეგორიული უარი თქვას პირველი ანუ ნული ზომის საწოვარაზე.
* * *
იტირე რამდენიც გინდა![B]
ყველა ბავშვი ტირის, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ცრემლების ღვრა მიღებული არ არის - ჩვენში ხომ პატივისცემას "ნამდვილი" მამაკაცები და "თავშეკავებული" ქალები იმსახურებენ...
პატარა ბავშვობიდანვე იგებს, რომ ტირილი ცუდია და თუ თავს უფლებას მისცემს, ყოველი წვრილმანის გამო ცრემლები აფრქვიოს, მალე დაიმსახურებს "მტირალას" ან "მჩხავანას" სამარცხვინო სახელს. არადა ტირილი უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლების ბუნებრივი გზაა, ის ამშვიდებს, ტკივილს უმსუბუქებს ადამიანს, ბავშვისთვის კი ის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მიანიშნებს, რომ პატარას მოსმენა, დახმარება სჭირდება.
[B]ჩვენი რეაქციარა მიზეზითაც უნდა ტიროდეს ბავშვი, ტირილს ყოველთვის ღრმა ფესვები აქვს. ტირილი მემკვიდრეობაა, რომელიც შორეული წინაპრებისგან გვერგო. ევოლუციის პროცესში ეს უნარი განმტკიცდა, ვინაიდან მას ადამიანთა მოდგმისათვის პირდაპირი სარგებლობა მოაქვს: პატარა, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ხმამაღალი ტირილით ამცნობდა ყველას, რომ ის ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანია. სხვაგვარად ის შესაძლოა სუსტ არსებად ჩაეთვალათ და ზედმეტი ტვირთივით მოეშორებინათ თავიდან.
სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტირილი ნორმალური ქცევიდან გადახრაა და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერზე თანახმანი არიან. "ოღონდ ნუ იტირებს!" - ასეთია მათი პრინციპი. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ტირილი ბავშვისათვის საზიანოა, ზოგს კი ეს, უბრალოდ, უწესო საქციელად მიაჩნია. ატირდება თუ არა პატარა, გაისმის დაპირებები და მუქარა: "არ იტირო და სასეირნოდ წაგიყვან..." "თუ იტირებ, ჩემი შვილი აღარ იქნები...", "ტირილი სირცხვილია..." როცა ასეთი ვერბალური საშუალებები მიზანს ვერ აღწევს, საქმეში ერთვება კანფეტები, მულტფილმები...
არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც ბავშვის ტირილს თითქოს არც კი აქცევენ ყურადღებას. "იტიროს, ფილტვებს გაივარჯიშებს", - ამბობენ მოჩვენებითი გულგრილობით, სინამდვილეში კი გულდამძიმებულნი უცქერენ შვილის ცრემლებს. ხოლო ზოგიერთს თავადაც მოიცავს პანიკა, როცა მათი შვილი ტირის. თავს დამნაშავედ მიიჩნევენ, რომ პატარას გულისწყრომა გამოიწვიეს. ერთი სიტყვით, ტირილი უმეტესად პრობლემად აღიქმება. ის თრგუნავს მშობლებს, უკარგავს მათ შვილთან ურთიერთობის ხალისს. მიზეზი კი ის არის, რომ მშობლებმა ყოველთვის როდი იციან, რატომ და რისთვის ტირის ბავშვი.
რეფლექსი თუ ემოცია?ყველას კარგად გვახსოვს ჟიულ ვერნის რომანი "კაპიტან გრანტის შვილები", სადაც კუნძულზე მცხოვრებ გაველურებულ ადამიანს ამ სიტყვებით მიმართავენ: "ტირი? ესე იგი ადამიანად იქცევი". მართლაც, ადამიანის გარდა არც ერთ ცოცხალ არსებას არ ძალუძს ტირილი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნიანგს - მისი ეგრეთ წოდებული ცრემლები საჭმლის მონელებას ემსახურება.
განასხვავებენ რეფლექსურ და ემოციურ ტირილს. პირველის დროს შეუძლებელია არ ვიტიროთ - ძლიერი ტკივილის გამო ცრემლი თავისთავად მოედინება. როგორც არ უნდა ანუგეშოთ პატარა, რომელიც წაიქცა და მუხლი გადაიტყავა, ვერ გააჩუმებთ, მაინც იტირებს და სწორედაც მოიქცევა - მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის ორგანიზმში იმუნურთან ერთად არსებობს მეორე დამცავი სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას, სისხლჩაქცევების გაწოვას. ტკივილის სიგნალი ნერვულ სისტემას აძლევს ბრძანებას, პასუხად თავდაცვითი სისტემა ამოქმედდება და დაზიანების ლიკვიდაციაც იწყება, საცრემლე ჯირკვლები კი იმ ბიოაქტიურ ნივთიერებათა გამომუშავებას იწყებენ, რომლებიც ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს.
ემოციურ ტირილს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. მაგალითად, ჩვილის ტირილი ან ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება, ან მოზრდილ ადამიანთან ურთიერთობის ერთგვარი საშუალებაა. პირველ შემთხვევაში ბავშვი ტირის ბიოლოგიური მიზეზების - შიმშილის, ფიზიკური დისკომფორტის, ტკივილის გამო და იმედოვნებს, რომ ამ გზით უფროსისგან მიიღებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ის თითქოს ამცნობს დედას: "მშია!", "ნუ მახვევ ასე!", "მეძინება!"
დაახლოებით ორი თვის ასაკიდან ტირილი კომუნიკაციის საშუალება ხდება. ასე გამოხატავს პატარა მოზრდილ ადამიანებთან ურთიერთობის, ადრე გამომუშავებული ჩვევების (რწევა, საწოვარას წოვა, ხელით ტარება) დაკმაყოფილების, სასიამოვნო მხედველობითი და სმენითი სტიმულების მიღების სურვილს. ბავშვი ტირილით ატყობინებს დედას თავის გასაჭირს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მშობლის ქმედების მიმართ.
მეცნიერებმა ჩვილის ტირილის 29 ნაირსახეობა აღწერეს, მათ შორის - ტირილი-საჩივარი, ტირილი-მოთხოვნა, ტირილი-უკმაყოფილება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია დედის დაუყოვნებელი რეაგირება. მშობელმა ბავშვის დისკომფორტის მიზეზი დროულად უნდა დაადგინოს. თუ დედა ყურადღებას მიაქცევს ბავშვის მიმიკას, პატარას დღის რეჟიმთან ტირილის კავშირს, ტირილის მიზეზი ამოუცნობად აღარ მოეჩვენება. მაგალითად, თუ პაწია ხელს წოვს, ესე იგი შია, თუ ფეხებს აფართხალებს და მუცლისკენ მიაქვს, აირები აწუხებს.
ტირილი ბავშვისთვის კომუნიკაციის საშუალებად მას შემდეგაც რჩება, რაც ის ენას ამოიდგამს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური განტვირთვის ეს გზა პატარას დაძაბულობისა და აგზნებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
* * *
რასაც დათესავ, იმას მოიმკი” - ეს ანდაზა ბავშვის აღზრდაზეც ვრცელდება. როგორ აღვზარდოთ ბავშვი, რომ ის არა მარტო განვითარებული, ჭკვიანი, ყოველგვარი ნიჭით შემკული, არამედ მოწესრიგებული, თავაზიანი და კულტურული ადამიანიც იყოს?
მართალია, დღეს მრავალგვარი სკოლა ფუნქციონირებს, მაგრამ ცხოვრების მორალურ საფუძველს ბავშვი მაინც ოჯახში იღებს. როგორ მოვახერხოთ, რომ სადავეები არც მეტისმეტად მივუშვათ და არც ტირანად გამოვიყურებოდეთ საკუთარი შვილის თვალში?
მთავარი კანონიპატარა გარესამყაროს ახალშობილობის პერიოდიდანვე ეცნობა. დამოკიდებულებაც ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ძალიან ადრე უყალიბდება. ამ ასაკში მიღებული გამოცდილება დროთა განმავლობაში ბავშვის ქცევაზე, მანერებზე, ჩვევებზე აისახება. ამიტომ ოჯახური აღზრდის ერთ-ერთი პრინციპი ასეთია: როგორი ადამიანიც გინდათ იყოს თქვენი შვილი, ისეთივე უნდა ბრძანდებოდეთ თქვენ. დაიმახსოვრეთ: ბავშვი თქვენსავით იქცევა.
საექსპერიმენტო ტესტიამ ტესტის მეშვეობით შეგიძლიათ გამოავლინოთ აღზრდის დეფექტები და განსაზღვროთ პრიორიტეტები. ქაღალდი სამ ნაწილად გაყავით. პირველ ნაწილში ის თვისებები ჩამოწერეთ, რომლებიც გსურთ გამოუმუშაოთ შვილს. მეორე ნაწილში აღნიშნეთ, თავად გაქვთ თუ არა ეს თვისებები.
მესამე ნაწილში ყოველი თვისების გასწვრივ მიუთითეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია მათი გამომუშავებისთვის. მაგალითისთვის განვიხილოთ მიზანსწრაფულობის გამომუშავების მარტივი მეთოდი. პატარას სათამაშოს შეძენა სურს (ე.ი. მას აქვს მიზანი), მაგრამ თქვენს გეგმებში ეს სულაც არ შედის. შესთავაზეთ ბავშვს, ფული ყულაბაში შეაგროვოს, კვირის ბოლოს კი გახსენით ყულაბა და დანაზოგით მაღაზიაში წაბრძანდით. ბავშვის მიზანი მიღწეულია, რითაც თქვენ კიდევ ერთი აგური დადეთ მისი მიზანსწრაფულობის ჩამოყალიბების გზაზე.
არ დაგავიწყდეთ, რომ პატარას სიკეთე და ზრდილობაც უნდა ასწავლოთ. სწორედ მათ დეფიციტს განიცდის თანამედროვე მსოფლიო. ვიდრე ბავშვი პატარაა, მშობლები მისთვის ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებები არიან. ის ჯერ აკვირდება დედ-მამას, შემდეგ მათ მიბაძვას იწყებს. ყოველივე ახალს ბავშვი მშობლებისა და ამა თუ იმ მოვლენის მიმართ მათი რეაქციის მეშვეობით შეიცნობს.
ჩვენ და ბავშვები 1. იყავით ბავშვის მეგობარი, მისი მეგზური ამ უკიდეგანო სამყაროში. თავიდანვე ისე მოექეცით, როგორც თანატოლს. დიდ, უცნობ სამყაროში პატარა ადამიანს უჭირს საკუთარი ემოციების, სურვილებისა და გრძნობების მართვა. ამ უნარის გამომუშავებაში შვილს თანამშრომლობით უნდა შეუწყოთ ხელი და არა ძალადობით. ზოგჯერ მისი ყურადღება სხვა საგანზე უნდა გადაიტანოთ, ზოგჯერ კარნახი დაგეხმარებათ, ზოგჯერ კი მისი ჭირვეულობის უარყოფა. შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც შეიძლება თქვენ და თქვენი შვილი აღმოჩნდეთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ. ცემა პატარას არაფერს მოუტანს, გარდა ფიზიკური და მორალური ზიანისა.
2. პატივი ეცით ბავშვის შინასამყაროს, მის ინტერესებსა და სურვილებს. შვილს მოექეცით როგორც პატარას, მაგრამ პიროვნებას. ბავშვები ზოგჯერ თავიანთი უგვანო საქციელით მშობლების მოთმინებას ცდიან. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს სწორ რეაქციას. ემოციებმა არ უნდა სძლიონ გონებას.
3. ამის გამო შემდეგი წესია მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. მაგალითად, სამსახურიდან დაღლილი მობრძანდით და არავითარი სურვილი არ გაქვთ, ბავშვს ეთამაშოთ. პროტესტის ნიშნად პატარა მაგიდიდან ყველაფერს იატაკზე გადმოუძახებს, თან გამომცდელად გიყურებთ. მოიკრიბეთ მოთმინება, არ იყვიროთ, პატარას მშვიდად აუხსენით, რომ დედა სამსახურიდან დაღლილი და მშიერი მოვიდა და შესთავაზეთ, ითამაშოთ... ვახშმობანა. ოღონდ ერთი პირობით - ყველა საგანი თავის ადგილს უნდა დაუბრუნოს.
4. იყავით ბავშვთან გულწრფელი, თუნდაც ის მეტისმეტად პატარა იყოს და ყველა სიტყვის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდეს - მას თქვენი საუბრის კილო, ინტონაცია და მიმიკა არ გამოეპარება.
5. ეთამაშეთ ბავშვს. დაიმახსოვრეთ: თუ შვილს ბავშვობაში ხელს ჰკრავთ, ზრდასრულ ასაკში ის ასევე მოგექცევათ. ხატეთ, ძერწეთ, ითამაშეთ, იკითხეთ, ისეირნეთ, იეშმაკეთ - ყველაფერი ერთად აკეთეთ.
6. არასოდეს ჰკრათ ბავშვს ხელი, როცა საოჯახო საქმეებით ხართ დაკავებული. ეცადეთ, ის თანამონაწილედ აქციოთ, მარტივი დავალებები მისცეთ.
7. საჭიროა მეტი კონტაქტი ბავშვთან. თქვენი დიალოგი მეგობრულ საუბარს უნდა ჰგავდეს. არასოდეს გატეხოთ სიტყვა, შვილს დანაპირები აუცილებლად შეუსრულეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ჩათვლის, რომ შეიძლება, ერთი თქვა და მეორე აკეთო.
8. ხშირად შეაქეთ შვილი. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ ბავშვს გამუდმებით უყვირით, როცა გაიზრდება, თვითონაც ასევე მოგექცევათ.
9. ენდეთ პატარას. პასუხი გაეცით საკუთარ თავს ერთ შეკითხვაზე: გჯერათ თუ არა შვილის? თუ პასუხია ”დიახ”, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ ”არა”, კიდევ დაფიქრდით: ბავშვის რომელი თვისება იწვევს ეჭვს? განსაზღვრეთ, რისი ათვისება სჭირდება მას და დაეხმარეთ.
10. ყური უგდეთ საკუთარ თავს. ზოგჯერ მშობლის ინტუიცია უკეთ გიკარნახებთ, როგორი საქციელია უფრო მისაღები.
იცოდეთ, აღზრდა ხელოვნებაა, მისი შედეგი კი მხოლოდ წლების შემდეგ გამოვლინდება.
This post has been edited by EXTRAORDINARY on 27 Nov 2008, 16:56
მიმაგრებული სურათი