honey-bunny
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1769
წევრი No.: 53679
რეგისტრ.: 17-February 08
|
#20287028 · 22 Jun 2010, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ფროიდზე ერთი სტატია მეზობელ ფეისბუკიდან:
გიორგი მაისურაძე ექიმი ფროიდი და “სექსუალური ფუნქციის ნაირსახეობა”
1939 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა ზიგმუნდ ფროიდი, - იმ დროისათვის მსოფლიოს ალბათ ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი, რომელმაც უკანასკნელი თვეები ლონდონში იძულებით ემიგრაციაში გაატარა და საკუთარი სიცოცხლე თავის ექიმს ევთანაზიის მეშვეობით დაასრულებინა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კი მისი სამშობლო – ავსტრია ჰიტლერის გერმანიამ შეიერთა. ფროიდი, როგორც ებრაელი და ნაციონალ-სოციალისტების მიერ აკრძალული მოძღვრების – ფსიქოანალიზის შემქმნელი, ავტომატურად გასანადგურებელ მტერთა პირველ რიგებში აღმოჩნდა და მხოლოდ მისი მოსწავლისა და ყოფილი პაციენტის – პრინცესა მარია ბონაპარტის აქტიური შუამდგომლობით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს. აღსანიშნავია, რომ ფროიდი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. შვიდი წლით ადრე კი - 1932 წელს ფროიდს ღია წერილით მიმართა ალბერტ აინშტაინმა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას ადამიანის ფსიქიკა იმგვარად მართვადი გაეხადა, რომ “სიძულვილისა და ძალადობის ფსიქოზებს” ადამიანებზე ზემოქმედების უნარი დაეკარგათ. ფროიდის პასუხი, ერთი მხრივ, “პესიმისტური” იყო: ფსიქოანალიზს არ შესწევს ძალა, რათა ადამიანის ფსიქიკაში ამგვარი კორექტივები შეიტანოს. მეორე მხრივ კი ყოველ ჩვენთაგანს აქვს იმისი უნარი, რომ იყოს პაციფისტი და ომისა და სიძულვილის იდეოლოგიებს დაუპირისპირდეს და მშვიდობისა და თანასწორუფლებიანობისათვის იბრძოლოს. უკვე ემიგრაციაში მყოფ ფროიდს დაუკავშირდა ერთი ბრიტანული ჟურნალი, რომელსაც მისგან, როგორც “ანტისემიტიზმის მსხვერპლისაგან”, ინტერვიუს აღება უნდოდა. ფროიდმა ინტერვიუზე უარი განაცხადა და თავისი ასეთი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის ბევრად უფრო ადვილია იმ ტიპის უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, რომელიც მას პირადად არ შეხებია. ხოლო, ვინაიდან ნაცისტებმა მთელი მისი “ცხოვრების საქმე” გაანადგურეს, მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს, ვენაში საკუთარი ბინიდან გამოაძევეს და მას 82 წლის ასაკში აიძულეს ემიგრანტი გამხდარიყო, - ყოველივე ამის შემდეგ იგი ამ თემაზე ობიექტურად ვერ ილაპარაკებდა. არადა ფროიდი სწორედ იმ მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ნააზრევი მთლიანად საკუთარი გამოცდილებას ეფუძნება. უფრო მეტიც, ფროიდისავე თქმით, მთელი მისი სულიერი ძალისხმევა, რამაც იგი ფსიქოანალიზის შექმნამდე მიიყვანა, თავისი მამის მიმართ ამბივალენტური გრძნობების ახსნით იყო მოტივირებული. საკუთარი სულიერი დისონანსებისა და ტკივილების შესწავლა კი ფროიდისათვის სხვა ადამიანების მდგომარეობაში შესვლის, მათი ტანჯვის გაგებისა და განცდის უნარადაც კი უნდა ექცია ფსიქოანალიზს. თავად ფროიდი საკუთარ თავს მხოლოდ ექიმად მიიჩნევდა, რომელსაც ადამიანებისათვის სულერი ტკივილების შეემსუბუქება სურდა. ამ მიზნით იგი იმდროინდელი მედიცინისათვის სრულიად უჩვეულო გზას დაადგა და ფსიქიკის ყველაზე მეტად უხილავ განზომილებაში – არაცნობიერში შესვლა და მისი ანალიზი სცადა. არაცნობიერი ფსიქიკის შესწავლა რევოლუციური მოვლენა იყო არა მხოლოდ ფსიქოლოგიისა და მედიცინის ისტორიაში, არამედ მისი მეშვეობით ადამიანის ხატება რადიკალურად შეიცვალა. ფროიდის აღმოჩენა კი ის იყო, რომ არაცნობიერი, რომელიც ფსიქიკური ხდომილების განმსაზღვრელია, განდევნილი და ჩახშობილი სურვილებისგან შედგება. ადამიანის სულში არსებობს ძლიერი ლტოლვა სიამოვნებისაკენ, მაგრამ რეალობა უმეტესწილად არ იძლევა მისი რეალიზების საშუალებას და პირვანდელ სურვილს სახეს უცვლის, ისე, რომ საბოლოო შედეგი ხშირად სრულიად განსხვავებულია პირველადი მიზნისაგან. ჩახშობილი ან სახეცვლილი სურვილები კი ადამიანს ნევროზებისა და სხვა ფსიქიკური მოშლილობების სახით უბრუნდება და დამანგრეველ ძალებად გარდაიქმნება, რომლებსაც ის როგორც საკუთარი თავის, ასევე გარე სამყაროს წინააღმდეგ მიმართავს. თუმცა კი, თუ ადამიანი მათ შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნას, ანუ სუბლიმაციას ახერხებს, ისინი პოეტური ფანტაზიის მამოძრავებელ ძალების როლს ასრულებენ. ჩახშობილი და დეფორმირებული სურვილები თუ ლტოლვები, რომლებზედაც ფროიდი ლაპარაკობს, სექსუალური შინაარსისაა. შესაბამისად, სიამოვნებაშიც, უპირველეს ყოვლისა, სექსუალური სიამოვნება იგულისხმება. ამით სექსუალობა ფროიდის მოძღვრებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს და მთელი ფსიქიკური აპარატის მამოძრავებელ მექანიზმად გვევლინება. ასეთი აზრი კი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგის ევროპაში სრულიად სკანდალური იყო, რის საფუძველზეც ფროიდის მიმართ უკვე მის სიცოცხლეშივე საკმაოდ გაორებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა: საზოგადოების ერთი ნაწილისათვის იგი ახალი სააზროვნო რევოლუციის ავტორად და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, რომლის აღმოჩენებიც აზროვნების ისტორიაში ისეთივე გადატრიალების ტოლფასია, როგორიც ერთ დროს ნიკოლაუს კოპერნიკისა, რომელმაც დაადგინა, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს; ზოგიერთებისათვის კი ფროიდი უხამსობასა და გარყვნილებასთან გაიგივდა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში უკვდავად მიიჩნეული ადამიანის სული ცხოველური ინსტინქტებისა და ბნელი, მორალურობისგან თავისუფალი ქცევების სათავედ გამოაცხადა. მსგავსი ბრალდებების საფუძველზე ფროიდის მიერ შექმნილი მოძღვრება – ფსიქოანალიზი უკვე 1935 წელს ერთდროულად იმდროინდელი მსოფლიოს ორ ყველაზე ტოტალიტარულ სახელმწიფოში - ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში აიკრძალა. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში კი ფსიქოანალიზი, მარქსიზმთან ერთად, XX საუკუნის ყველაზე გავლენიან და წარმატებულ სააზროვნო სისტემად და სამეცნიერო დისკურსად ჩამოყალიბდა. აქვე უკვე ფროიდის მოსწავლეთა თუ მიმდევართა რიგებში გაჩნდა მის კრიტიკოსთა სხვადასხვა კატეგორია, რომელთაგანაც თანდათანობით ფსიქოანალიტიკური მიმართულების მთელი რიგი მიმდინარეობები და სკოლები წარმოიშვა, რომლებიც განსხვავებული პოზიციიდან ფროიდის მოძღვრების რევიზიას შეუდგნენ. პირობითად ამ მიმდინარეობებს “მემარჯვენე” და “მემარცხენე” კრიტიკებს უწოდებენ. “მემარჯვენეებისათვის” ფროიდი ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებდა სექსუალობას და სასიცოცხლო ენერგიას – ლიბიდოს, მთლიანად მასთან აიგივებდა. “მემარცხენე” კრიტიკოსები კი ფროიდს კომფორმიზმში დებდნენ ბრალს: მათი აზრით, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზოგიერთ პრინციპულ საკითხში არასაკმარისად რადიკალური იყო. განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ფროიდის დებულება, რომ “არსებობს არა გენიტალიათა, არამედ ფალოსის პრიმატი”. შესაბამისად, ლიბიდოს მამრობითი (ფალიკური) ბუნება აქვს, საიდანაც ქალური სექსუალობის სუვერენულობა გამოირიცხება. კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია გამოიწვია სქესთა შორის განსხვავების ფროიდისეულმა კონცეფციამ, რომელიც ფსიქოანალიზში “კასტრაციის კომპლექსის” იდეას უკავშირდება: როდესაც მცირეწლოვანი ბავშვი აფიქსირებს, რომ მდედრობით სქესს პენისი არა აქვს, მასში ჩნდება ფანტაზმა, რომ ქალი კასტრირებულია. ეს “აღმოჩენა” ბიჭში იწვევს “პენისის დაკარგვის შიშს”, ხოლო გოგონაში კი “პენისის ნაკლებობის” განცდას ან “პენისის შურს”. არაერთი კრიტიკოსისათვის სექსუალობის ასეთი ფალოცენტრისტული, ანუ მამრობითი სქესის პრიმატზე აგებული წარმოდგენა არა საყოველთაო, უნივერსალური სურათია, არამედ ფროიდის თანამედროვე რეალობის ამსახველი, რომელიც პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის დაქვემდებარებულ და დაკაბალებულ როლს აირეკლავს. აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ უკვე XX საუკუნის 20-30-იან წლებში გაჩენილი ფემინისტური კრიტიკა ფროიდის მიერ იყო ინსპირირებული და სწორედ ფსიქოანალიზის შემქმნელთან დაპირისპირებაში გაჩნდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ფროიდის ნაშრომების კითხვისას მისი ნააზრევის არასწორი გაგების უმთავრესი სათავეა. კერძოდ, საქმე ეხება ფროიდის ტერმინოლოგიას, რომელიც მან XIX საუკუნის პოზიტივისტური სამეცნიერო დისკურსებიდან გადმოიღო. ეს სამეცნიერო ენა კი მკაცრ გამიჯვნებზეა აგებული: არსებობს “სწორი” და “არასწორი”, “ნორმა” და “გადახრა” და ა.შ. ფროიდი არსობრივად ამგვარ სააზროვნო მოდელს ემიჯნება, მაგრამ, ამასთანავე, უმეტესწილად იგივე ცნებებითა და ტერმინებით ხელმძღვანელობს. ასეთი კონტროვერსები განსაკუთრებით მკაფიოდ ჰომოსექსუალობის ფროიდისეულ ინტერპრეტაციაში გამოიკვეთა: ფროიდი თუმცა არ მიაკუთვნებს ჰომოსექსუალობას პერვერსიებს, მაგრამ მასთან მიმართებაში ზოგჯერ ისევ ტერმინ “ინვერსიას” (“გადახრა”) ხმარობს, რის გამოც დღესაც კი ზოგიერთ კრიტიკოსს იგი ჰომოფობად წარმოუდგენია. ვითარებაში უკეთესად გარკვევისათვის საჭიროა იმ ისტორიული კონტექსტის გახსენება, რომელშიც ჰომოსექსუალობა სამეცნიერო სპეკულაციების საგნად იქცა. ტერმინი `ჰომოსექსუალობა~ XIX საუკუნეში ერთსქესიანი სექსუალური ურთიერთობების აღსანიშნავად იქნა შემოღებული. ჰომოსექსუალობის პირველი მეცნიერული ახსნის მცდელობები უკვე თავისთავად დაუპირისპირდა იმ რელიგიურ თუ მორალურ მნიშვნელობებს, რომელიც მას ცოდვად ან დანაშაულად აცხადებდა. ამით ჰომოსექსუალობა კრიმინალის ნაცვლად ავადმყოფობად უნდა შერაცხულიყო და, შესაბამისად, განკურნებადი გამხდარიყო. XIX საუკუნის ბოლოს სექსოლოგიის ფუძემდებელმა რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგმა ჰომოსექსუალობა დალტონიზმის მსგავს ანომალიად მიიჩნია. ამ მოსაზრებას მალე დაუპირისპირდა გერმანელი მეცნიერი მაგნუს ჰირშფელდი, რომლის აზრითაც, ასეთი მიდრეკილება ყველა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც ყოველ ინდივიდში განსხვავებული სახით ვლინდება. მისი თეორიიდან გამომდინარე, ჰომოსექსუალობა, როგორც ფაქტი, სექსუალური ფუნქციის პირველადი, არადიფერენცირებული სტადიის არსებობაზე მიუთითებს, რომელსაც ჰირშფელდი “მესამე სქესს” უწოდებს. ფროიდი ნაწილობრივ იზიარებს ჰირშფელდის მოსაზრებებს და საკუთარი ახსნის მოდელის შემუშავებას ცდილობს. 1903 წელს იგი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობას არაფერი საერთო ავადმყოფობასთან არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზში ჰომოსექსუალობის წარმოშობისა და ბუნების საკითხებზე ერთი გადაჭრით პასუხი არ არსებობს, ფროიდი ადამიანის სექსუალური წყობის პირველად ბისექსუალურ ხასიათს აღიარებს, ანუ არსებობს ლტოლვა როგორც განსხვავებული, ასევე საკუთარი სქესის მიმართ. 1905 წელს გამოქვეყნებულ “სექსუალობის თეორიის სამ ნარკვევში” ფსიქოანალიზის ფუძემდებელი წერდა, რომ გასარკვევია არა მხოლოდ ის, თუ რატომ უჩნდება ადამიანს სექსუალური მიდრეკილება საკუთარი სქესისადმი, არამედ ასევე პრობლემატურია და არა თავისთავად ცხადი ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთიერთლტოლვაც ანუ ჰეტეროსექსუალობა. აქვე იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზისათვის მიუღებელია ჰომოსექსუალთა არათუ ავადმყოფებად, არამედ რაიმე ცალკე განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყოფა. ფროიდთან და მისგან მომდინარე კლასიკურ ფსიქოანალიზში ჰომოსექსუალური მიდრეკილებების წარმოშობას ინდივიდის განვითარების ადრეულ ასაკში შექმნილი პირობები უწყობენ ხელს, რომელთა `გარდაქმნა~ ან `გადაკეთება~ შემდგომში შეუძლებელია. 1910 წელს გამოქვეყნებულ ლეონარდო და ვინჩიზე ნაშრომში ფროიდი საკმაოდ მოკრძალებულად აცხადებს თავის მოსაზრებებს ჰომოსექსუალობის წარმოშობის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, ადრეულ ასაკში ბავშვის დედისადმი ძლიერი ემოციური ფიქსაციის შედეგი უნდა იყოს. ამის პარალელურად კი განაგრძობს ბრძოლას ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისა და დეპათოლოგიზაციისათვის. 1930 წელს ფროიდი სხვა თანამოაზრეებთან ერთად პეტიციას უგზავნის ავსტრიის ნაციონალურ საბჭოს და მოითხოვს ჰომოსექსუალობის ამკრძალველი კანონის გაუქმებას. მისი მხრიდან ამგვარი საზოგადოებრივი აქტიობა სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემა, რომლისთვისაც ის იბრძვის, მას პირადად არ ეხება, მაგრამ მისი, როგორც ფსიქოანალიტიკოსისა და პიროვნების მრწამსი სწორედ ისაა, რომ სხვის, თავისგან განსხვავებულის ტკივილების გაგებისა და განცდის უნარი აქვს. 1933 წელს საბჭოთა კავშირში, ერთი წლის შემდეგ კი ნაცისტურ გერმანიაში ჰომოსექსუალთა მასიური რეპრესიები დაიწყო. არათავისუფლებისა და ძალადობის იდეოლოგიების ბატონობის პერიოდში უკვე მძიმედავადმყოფი ფროიდი აგრძელებს ფსიქოანალიტიკურ საქმიანობასა და უკეთეს სამყაროზე ოცნებას... მისი გახმაურებული წერილი ანონიმ ადრესატისადმი, რომელშიც მან ჰომოსექსუალობის შესახებ თავისი მოსაზრებები შეაჯამა, 1935 წელს ასეთი მოვლენების ფონზე დაიწერა.
ქალბატონ ------- ვენა IX, ბერგასსე 19, აპრილი 1935 წ. ძვირფასო ქალბატონო, თქვენი წერილიდან დავასკვენი, რომ თქვენი ვაჟი ჰომოსექსუალია. მე შეძრწუნებული ვარ იმ ფაქტით, რომ თქვენ თქვენს ვაჟიშვილზე საუბრისას არ მოიხსენიებთ ამ ტერმინს. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, თუ რატომ გაურბიხართ ამას? ჰომოსექსუალობა, რა თქმა უნდა, პრივილეგია არაა, მაგრამ ის არც სასირცხვილო მოვლენაა, არც მანკიერება და არც რაიმე დამამცირებელი. მისი არც ავადმყოფობად განხილვის უფლება გვაქვს. ჩვენ მას სექსუალური ფუნქციის ნაირსახეობად მივიჩნევთ, რომელიც სექსუალური განვითარების ცნობილი შეფერხებითაა გამოწვეული. ძველი თუ ახალი ეპოქების მრავალი პატივსაცემი პიროვნება ჰომოსექსუალი იყო. მათ შორის მთელი რიგი უდიდესი ადამიანებისა (პლატონი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი და ა.შ.). ჰომოსექსუალობის, როგორც დანაშაულის აკრძალვა არა თუ უსამართლობაა, არამედ სისასტიკეცაა. თუ თქვენ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ ჰაველოკ ელისის წიგნი. როდესაც მეკითხებით, შემიძლია თუ არა შველა, მგონია, რომ მხედველობაში გაქვთ, შემიძლია თუ არა ჰომოსექსუალობის აღმოფხვრა და მისი ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალობით შეცვლა. გიპასუხებთ, რომ ჩვენ ასეთი პირობის მოცემა არ შეგვიძლია. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვახერხებთ ჰეტეროსექსუალურ ლტოლვათა დასუსტებული ჩანასახების განვითარებას, რომელიც ყველა ჰომოსექსუალს აქვს. უმეტეს შემთხვევაში კი ეს უკვე შეუძლებელია. ესაა პაციენტის ასაკისა და თვისებათა საკითხი. მკურნალობის რეზულტატის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ცალკე საქმეა, თუ რა სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია ფსიქოანალიზს თქვენი შვილისათვის. თუ ის თავს უბედურად გრძნობს, ნევროტულ მდგომარეობაშია, მოცულია კონფლიქტებით, უჭირს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ფსიქოანალიზს მისთვის ჰარმონიის, სულიერი სიმშვიდის, სრული ეფექტურობის მიცემა შეუძლია. იმისგან დამოუკიდებლად დარჩება იგი ჰომოსექსუალად თუ შეიცვლება. თუ თქვენ გადაწყვეტეთ, რომ მან ჩემთან ფსიქოანალიზი ჩაიტაროს, თუმცა კი არა მგონია, რომ ეს ასე მოხდება, მას აქ, ვენაში ჩამოსვლა მოუწევს. მე აქედან წასვლას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში პასუხის მოწერაზე უარს ნუ მეტყვით. საუკეთესო სურვილებით, გულწრფელად თქვენი ფროიდი
|