ჩემს ყვავილზე რატომ არაფერი წერია?
მოგიკრიფე ბაღებში უცისფრესი კესანე,
გულით დაგაქვს მზეები,საოცრად რომ თბილია,
ახლა ცივი ქარები ზეცას ღრუბლით ლესავენ,
ხოდა ვარსკვლავები კი მთვარის აკენკილია.
გაზაფხული აფეთქდა შენი ტუჩის ბაქანზე,
ჩემი ფიქრის მერცხლები გეხვევიან კესანე,
დროის მატარებელი მიდის ქაქან-ქაქანით
და ლამაზი თვალები ჩემს გაჭრილ გულს კემსავენ.
წამწამებზე ჰკიდია ნამის წმინდა წვეთები,
ჩემი ლურჯი ოცნებაც შენს წამწამზე ჰკიდია,
გიხილე და გრძნობებად გულში შემომეფეთე,
გულში შემომეფეთქე,ქარები კი მიდიან
სადღაც გალაქტიკის და შენი თვალის სიღრმეში,
სადაც ყვავის მზეები და ცისფერი კესანე,
დედამიწამ დარდები-მთვარე ამოიხვნეშა,
შენ მზეების ამბორი,ხოლო შენი კვნესა მე.