#17100129 · 24 Dec 2009, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო თემაა. ქალთან მიმართებაში მშვენიერი სექსუალურსაც მოიცავს თავის თავში, მეტიც მშვენიერის განცდა გაქრება თუ არ არსებობს ნატიფი ეროტიზმი, მაგრამ ეროტიული, მშვენიერი და ცალმხრივად სექსუალური ყველა კულტურაში იყო გამიჯნული ალბათ. სექსს აქვს სასრული წერტილი, ვნება სადღაც აღწევს პიკს და მერე განმეორებაა უბრალოდ. მშვენიერი კი არასდროს მთავრდება. გ. რჩეულიშვილს აქვს კარგი ნათქვამი: "ყველა ხევსური პოეტია ვერმიღწეულის ვნებით შეპყრობილი". ვერმიღწეულის თუ არ მიღწეულის ვნება უფრო ძლიერია, ვიდრე ვნება, რომელიც განმეორებაში გადავიდა, მაგრამ ქალის და კაცის ურთიერთობაში ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრდა, სიყვარული მაინც არსებობს, რადგან ადამიანი მარტო ვნების წყარო ან ობიექტი არ არის. ანიმა ანიმუსში ხედავს თავის თავს და პირიქით_ ეს ასაზრდოებს ალბათ სიყვარულს, თუმცა ერთი ძაფი მაინც გაწყდა, იდუმალს აეხადა საბურველი, კაცმა ქალი შეიცნო ხორცით. ქალი, რომლითაც ტკბები, გენანება ამ განმეორებისთვის, ის უნდა დარჩეს უცხოდ და ეს უცხოობა გხიბლავს. ეს არ არის აღზრდის ან დედის არქეტიპის ბრალი მხოლოდ. აქ უფრო კაცის ნების, მისი თავისუფლების რეალიზაციას ვხედავ. მცდელობას, ითამაშოს ზღურბლზე, ცისა და მიწის სამანთან. მაგრამ რას ესწრაფის ამ დროს ქალი? უნდა კი მას იყოს ზეციური არსება? ამ თამაშში ხომ მისი როლი პასიურია, ის მხოლოდ ობიექტია პროეცირების. შეუძლია კი ქალს უყვარდეს კაცი ასე? შეიძლება რომ კაცი თავის თავს ჭვრეტდეს ქალში? _რა თქმა უნდა შესაძლებელია. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნებოდა სწორფრობის წესი ხევსურეთში, ამიტომ იყო რომ სწორფრებს ქორწინების უფლება არ ჰქონდათ. სწორფრების ურთიერთობა მკაცრად განსაზღვრული იყო გარკვეული წესებით და ამ წესების დაცვა ევალებოდა როგორც ქალს, ასევე კაცსაც. დღევანდელი გადასახედიდან ეს არარეალური ჩანს და სხვა სიბრტყეში შეიძლება გადავიდეს მსჯელობა. ასეთი სიყვარული ერთეულთა ხვედრია. ისე კი ქართველი კაცისთვის ალბათ ქალის ორი ტიპი არსებობს: მომავალი ცოლი, "წესიერი ქალი", რომელიც დაცლილია ხორციელი, ეროტიული საწყისისგან და საყვარელი, რომელიც იმის ნაკლულობას ავსებს, რასაც ვერ იღებს ცოლისგან. კაცის მხრიდან თითქოს ქალის გაიდეალებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სინამდვილეში ქალი აქ დაცლილია იმ ნატიფი ეროტიზმისგან, ის მხოლოდ კაცის ფსევდოიდეალისტური პროექციის ობიექტია, თავისუფლება წართმეული, რომელსაც სთხოვენ რომ მსხვერპლი გაიღოს, სამაგიეროდ კი არაფერს აძლევენ. მაგრამ ეს სხვა თემაა, კულტურის და აღზრდის პრობლემაა, ხშირად კაცი გვიან აღმოაჩენს ნამდვილ ქალს, ხშირად კი საკუთარი წარმოდგენის ტყვეობაში რჩება ცხოვრების მანძილზე, ქალებიც ეგუებიან მიკერებულ დამღას და თამაშობენ ცოლის ან საყვარლის როლს, მაგრამ რაზეც თემის ავტორს ჰქონდა საუბარი, ის საკითხი სცილდება ამგვარი გადახრის ფარგლებს და არ არის ერთი ცალკეული კულტურის თუ ტრადიციის დილემა
|